მემგონი თქვენ არასწორად მსჯელობთ. იმ ლინკზე (ესკოს საიტზე) რომელზედა თქვენ მიუთითებთ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა გაურკვევლად წერია და შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეს, რომ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის რესუსრსზეა საუბარი, როდესაც საბალანსო ელექტროენერგიაზე საუბრობენ, მანდაც თუ გრაფიკულ გამოსახულებას (ყველის ნაჭერს) თუ შეხედავთ მიხვდებით, რომ ეგ საბალანსო ელექტროენერგია არის საქართველოს ელექროენერგიის მთლიანი რესურსის (ლოკალური გენერაცია + იმპორტი) მხოლოდ 11%, ხოლო დანარჩენი 89% არის ესკოს გარეშე, პირდაპირი ორმხრივი კონტრაქტებით (გენერატორსა და დისტრიბუტორს შორის) შეძენილი.
ამაში მარტივად დარწმუნდებით თუ ნახავ იგივე ესკოს საიტზე სხვა გვერდს, სადაც თავმოყრილია ციფრები თვეების მიხედვით ბალანსის შესახებ და მთლიან სურათს იძლევა.
http://esco.ge/index.php?article_id=111&clang=0სხვათა შორის აქვე შეიძლება შეხედო სურათს, თუ წლების და თვეების განმავლობაში როგორ ვითარდება ბალანსის ამბავი, წინ მიდის თუ უკან.
თუ ჩემს წაკითხვაში ეჭვი გეპარებათ და ისევ ისე ფიქრობთ, მაშინ აი ამ სტატიას გადახედეთ, სადაც ესკო თვითონ ამბობს იგივეს რსაც მე ვხსნიდი და სურათი უფრო ნათელი გახდება:
“ჩვენ უნდა მოვახერხოთ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება”
მთავარი → ეკონომიკა 02.04.2015
“ჩვენ უნდა მოვახერხოთ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება”სააქციო საზოგადოება “ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2006 წლის 1 სექტემბერს ჩამოყალიბდა. ესკოს ფუნქციები და მოვალეობები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ კანონმდებლობით განისაზღვრა. ენერგეტიკის სამინისტროსა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით დაწყებულია ესკოს მეშვეობით ვაჭრობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის საგარეო ვაჭრობის პერტფელში ენერგოსექტორზე, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით. ორგანიზაციის მიმდინარე პროცესებთან და პროექტებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” ესკოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე ესაუბრა.
- ესკოს ძირითადი ფუნქცია ელექტროენერგიით ვაჭრობაა. რომელია ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი და ვინ არიან ძირითადი მომწოდებლები საქართველოსთვის?
- ესკო არის ბაზრის ოპერატორი. ჩვენი ბაზრის მოდელი ორმხრივ ხელშეკრულებებზეა დაფუძნებული და ჩვენ ვვაჭრობთ მხოლოდ საბალანსო ელექტროენერგიით. საბალანსო ელექტროენერგია არის ორმხრივ კონტრაქტებს შორის სხვაობა, რაც არ გაიყიდა კონტრაქტის საფუძველზე და დაფიქსირდა ფაქტიური მოხმარება. ელექტროენერგეტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე რთულია ზუსტად განსაზღვრო, თუ რა მოცულობის ენერგია დასჭირდება მაგალითად თელასს ან რომელიმე სხვა პირდაპირ მომხმარებელს. ესკო ძირითადად ყიდულობს და ყიდის იმ ენერგიას, რაც საჭიროა სხვაობის დასაბალანსებლად, თუმცა ეს ყიდვა - გაყიდვის ოპერაცია ესკო-სთვის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შესყიდვას ვახდენთ იმ ფასით, რაც იმ მომენტში არის ბაზარზე და ზუსტად იმავე ფასად ვახდენთ მიწოდებას. ამიტომ იმის თქმა, რომ ესკოს ძირითადი ფუნქცია ელექტროენერგიით ვაჭრობაა სწორი არ არის. უფრო მართებულია იმის თქმა, რომ ესკო არის ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესის ორგანიზატორი და მომწესრიგებელი.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, საქართველოს ენერგოსისტემას ელექტრული კავშირი ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან აქვს, მათ შორის: რუსეთთან 400, აზერბაიჯანთან 330, ხოლო სომხეთთან და თურქეთთან 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზებით. საბაზრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებთან იმპორტის და ექსპორტის განხორციელება სახელშეკრულებო ტარიფის მიხედვით ხდება. ყველაზე საინტერესო მომხმარებელი საქართველოსთვის არის თურქეთის ბაზარი, როგორც ფასის, ისე გახსნილობის კუთხით. რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს, იქ ენერგეტიკული ბაზარი თითქმის საერთოდ არ არსებობს, მათ აქვთ ელექტროენერგიის სიჭარბე და თითქმის საერთოდ არ ყიდულობენ ენერგიას. რაც შეეხება იმპორტს, ძირითადად იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ყველაზე მისაღები ფასი აქვთ და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც ყველაზე მძლავრი გადამცემი ხაზები სწორედ რუსეთის მიმართულებით არის.
- იგეგმება თუ არა ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა ახალი საექსპორტო ბაზრების მოსაძიებლად და რა სიტუაციაა ევროპის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით?
- ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვითარებული იქნება ინფრასტრუქტურა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ტრანზიტი და ექსპორტი ხორციელდება. რაც შეეხება ევროპაში ექსპორტს, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მოხდება თურქეთისა და საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო ტექნიკური ოპერატორების ასოციაციაში, რაც ერთიორად გააადვილებს სატრანზიტო და საექსპორტო პროცედურებს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვეძლება თურქეთის მეშვეობით ევროპაში ელექტროენერგიის გატანას. აქვე მინდა განვმარტო, რომ ევროპის ბაზარი ფასის კუთხით, ისეთი მიმზიდველი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. იქ ფასი დაახლოებით 3–4 ევროცენტია და ამას ემეტება ისიც, რომ მათ ელექტროენერგიის სიჭარბე აქვთ. ამიტომ ჩვენთვის ბევრად უფრო მომგებიანია ისევ თურქეთის ბაზრის ათვისება ვიდრე, მაგალითად, გერმანიის ბაზარზე ექსპორტი.
- ცნობილია, რომ საქართველოს უარყოფითი ენერგობალანსი აქვს. თუ გაქვთ დინამიკა წლების მიხედვით, როგორ იცვლებოდა აღნიშნული ბალანსი და რა კეთდება ამის შესაცვლელად?
- ელექტროენერგიის ბალანსის ანალიზის გაკეთება წლიურ ჭრილში არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ენერგოსისტემა საკმაოდ სპეციფიკურია. ზაფხულში, როცა ჰიდრორესურსები მომრავლებულია, გამომუშავებაც საკმაოდ ჭარბია, ხოლო ზამთარში პირიქით, გვაქვს დეფიციტი. ამიტომ ბალანსის გაანგარიშების დროს ზაფხულისა და ზამთრის პერიოდები ცალ–ცალკე უნდა განვიხილოთ. როცა ბალანსზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით, ზრდის ტენდენცია გვაქვს, შესაბამისად, იმპორტიც იმატებს, თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ჯერჯერობით არცერთი მძლავრი ჰესი ექსპლუატაციაში არ შესულა ფარავანის გარდა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, როცა ახალი სადგურების მშენებლობა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა საბალანსო მაჩვენებლები მთლიანად შეიცვლება და სრულიად სხვა სურათი გვექნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. აქვე მინდა ვთქვა, რომ რაიმე საგანგაშო სიტუაცია ამ მხრივ არ არსებობს, სულ რაღაც 10–დან 15 პროცენტამდეა იმპორტირებული ენერგია, ხოლო დანარჩენ მოთხოვნას შიდა გენერაციით ვაკმაყოფილებთ.
- კვალიფიციური საწარმოების მიერ 1კვტ/სთ–ზე გადახდილი საფასური თვეების მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. როგორია ფასწარმოქმნის სპეციფიკა?
- რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ეს ბაზრის წესების მიხედვით რეგულირდება. კვტ/საათების ღირებულება წლის სხვადასხვა მონაკვეთებში საკმაოდ განსხვავებულია. ზაფხულში ენერგიის ფასი ძალიან დაბალია და ზამთარში პირიქით, ფასი მაღლა იწევს, რაც განპირობებულია მოთხოვნა - მიწოდებით. ზაფხულში, როცა გამომუშავება ჭარბია და მოხმარება კლებულობს, ხოლო ზამთარში პირიქით, რესურსები საკმარისი არაა და მოხმარებაც უფრო ჭარბად არის. ანგარიშსწორება კი ხდება შემდეგნაირად, ზამთარში ესკო სადგურებს უმაღლეს ტარიფს უხდის, რომელიც სემეკის მიერ არის რეგულირებული, ხოლო ზაფხულში ანაზღაურდება უმდაბლესი ტარიფით ხდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარია მხოლოდ საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაზე.
- როგორი მდგომარეობაა კონკურენციის კუთხით, მხედველობაში მაქვს გენერირებული ელექტროენერგიის რეალიზაცია?
- კონკურენციის შეზღუდვა ჩვენთან არ არის, პირიქით, ვაჭრობის უფრო გასამარტივებლად შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, სადაც გენერაციის ობიექტებსა და შემსყიდველებს შორის ურთიერთობა უფრო გამარტივდა და ტელეფონის ზარებით ურთიერთობა ონლაინსერვისებმა ჩაანაცვლა, რაც საკმაოდ ეფექტურია. აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე სამუშაოები ევროპულ ქვეყნებთან ერთად ვაწარმოეთ, გავიზიარეთ მათი გამოცდილება და ა.შ.
როცა კონკურენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გენერაციის ობიექტების უმრავლესობას რეგულირებადი ტარიფები აქვს, რაც თავისთავად გავლენას ახდენს კონკურენციაზე. სრულად ტარიფების დერეგულირების შემთხვევაში პოტენციურად შეიძლება საკმაოდ უარყოფითი შედეგები მივიღოთ სამომხმარებლო ტარიფებზე.
მაგალითად მოვიყვან ენგურჰესს. დღეს ენგურს რეგულირებადი ტარიფი აქვს და ეს დაახლოებით 1.18 თეთრია. ჩვენ რომ გავხადოთ ეს სფერო დერეგულირებადი, მოთხოვნა მიწოდების მრუდის მიხედვით, ეს ტარიფი შესაძლოა 10 და მეტ თეთრამდეც კი ავიდეს, რაც სოციალური თვალსაზრისით საკმაოდ ცუდად აისახება ტარიფებზე. ამ კუთხით, მუშაობა მიდის ბაზრის გარკვეულწილად დივერსიფიკაციაზე და, ვფიქრობთ, ნაწილობრივ რეგულირებადი ბაზრის შექმნაზე. როგორებიცაა მაგალითად: ხორვატიაში, პოლონეთში და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში. აღნიშნული მოდელი გულისხმობს გარკვეული ჰესების დავალდებულებას სოციალური პასუხისმგებლობით - ელექტროენერგია გაყიდოს დაბალ ფასად იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მოსახლეობაში ახდენენ დისტრიბუციას. ასეთი რეგულაციები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს ტარიფების მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება.
- საინტერესოა თქვენი აზრი სიმძლავრის სარეზერვო სისტემასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2010 წელს მოხდა აღნიშნული სარეზერვო სისტემის გაუქმება. რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი გაუქმება, რა მივიღეთ ამ ნაბიჯით და გაქვთ თუ არა რაიმე კვლევა ჩატარებული, თუ როგორია ევროპული გამოცდილება?
- სიმძლავრის სასისტემო რეზერვი არ გაუქმებულა საქართველოში, აქ უბრალოდ მოხდა გარკვეულწილად გარდაქმნა, მოხდა ამ მოდელის დახვეწა და დაერქვა გარანტირებული სიმძლავრის წყაროები. გარანტირებული წყაროები არიან ძირითადად თბოსადგურები და მთავარი იდეა არის ის, რომ ისინი მუდმივად იყვნენ მზადყოფნაში და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ელექტროენერგიის გამოშვება. ეს, ერთის მხრივ, ინვესტორებისთვის არის სტიმული, რომ მათ შექმნან გარანტირებული სიმძლავრე, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი გარანტირებული სიმძლავრის არსებობის შემთხვევაში “სემეკის” მიერ განსაზღვრული ტარიფების მიხედვით ყოველდღიურად ხდება ანაზღაურება ესკო-ს მხრიდან, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა სიმძლავრის მოხმარება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სადგურების შემოწმება, რომლებსაც გარანტირებულ სიმძლავრეებზე ვალდებულება აქვთ აღებული, დისპეჩერის მხრიდან ხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ ეს სიმძლავრე არ არის მზადყოფნაში, შესაბამისად ანაზღაურებაც არ ხდება. აღნიშნული სიმძლავრეების გამოყენება ძირითადად ხდება მაშინ, როცა არის რაიმე ავარია ან სხვადასხვა მიზეზების გამო მიწოდებაზე არის რაიმე შეფერხება.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ასეთი სახით გარანტირებულ სიმძლავრეებზე წვდომა თავიდან ბოლომდე ქართველების დანერგილია და რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი თავიანთ ენერგოსექტორში ასეთი ტიპის რეზერვების შექმნასთან დაკავშირებით.
ანდრია გვიდიანი