"გალფმა" და "ვისოლმა" ავტოგაზი გააძვირეს
UP Down
"გალფმა" და "ვისოლმა" ავტოგაზი გააძვირეს
19 მაისი / 2015
ავტოგაზის საფასური საცალო ავტოგასამართ სადგურებზეც გაიზარდა.
ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, საწვავზე, მათ შორის ავტოგაზზეც, საფასური გაიზარდა. მსხვილმა კომპანიებმა ავტოგაზი რამდენიმე თეთრით გააძვირეს, მათ შორის "გალფმა" – 10 თეთრით, ხოლო "ვისოლმა" - 5 თეთრით. bpn.ge-ს ავტოგაზზე ფასების ზრდა ორივე კომპანიაში დაუდასტურეს. რაც შეეხება წვრილ გაზგასამართ სადგურებს, გაზი აქაც 10 თეთრით გაძვირდა.
როგორც "ვისოლში" განაცხადეს, კომპანიამ გაზის საფასური 10 მაისიდან გააძვირა. "10 მაისამდე გაზის საფასური 1,20 ლარი იყო. ამჟამად, 1, 25 ლარია. გაიზრდება თუ არა გაზის საფასური მომავალში, ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით," - განმარტავენ კომპანიაში. რაც შეეხება "გალფს", კომპანიის საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, 6 მაისის მდგომარეობით გაზის საფასური 1, 15 ლარს შეადგენდა, ხოლო 17 მაისიდან კომპანიამ გაზი 10 თეთრით - 1,25 ლარამდე გააძვირა.
10 თეთრით გაძვირდა ავტოგაზი წვრილ გაზგასამართ სადგურებზე, რომლებიც მონოპოლისტებისგან განსხვავებით, მომხმარებელს საწვავს მეტ-ნაკლებად დაბალ ფასში სთავაზობენ. საფასურის გაზრდას გაზგასამართი სადგურები დოლარის კურსის აწევას უკავშირებენ. "ზოგიერთი კომპანია გაზის იმპორტიორი თავადაა, ზოგი კი დისტრიბუტორისგან ყიდულობს. დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ, შესაბამისად, გადასახადი ჩვენც გაგვიძვირდა. იძულებული გავხდით, რომ გაზზე ფასი გაგვეზარდა. წინასწარ იმის თქმა, კიდევ გავაძვირებთ თუ არა, ძნელია. თუ ასე გაგრძელდა და სიტუაცია არ დასტაბილურდა, მომავალშიც მოგვიწევს გაძვირება," - გვითხრეს ერთ-ერთ კომპანიაში.
http://www.bpn.ge/finansebi/11734-qgalfmaq...html?lang=ka-GE