ინციდენტი, რომელიც ლევან ვასაძის მიერ დაარსებულ სკოლაში მოხდა, 5 წლის ნიკოლოზს უკავშირდება. ნიკოლოზის მამა ლადო კანდელაკი ,,ნიუპოსტს“ თავად დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. ბავშვზე მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, ოჯახი "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელის" ადმინისტაციისა და პედაგოგების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს, რასაც, ნიკოლოზის მამის თქმით, ლევან ვასაძის მეუღლის ცინიკური დამოკიდებულება ემატება.
ლადო კანდელაკი გადახდილი სკოლის საფასურის უკან დაბურნებას ითხოვს. ,,ეს არის საქართველოში კარგად შეფუთული მეცენატ ლევან ვასაძის ბიზნესი“ - ამბობს ნიკოლოზის მამა. რა მოხდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაარსებულ სკოლაში და რას პასუხობს სკოლის დირექტორი მარინა კაჭარავა კანდელაკების ოჯახს. ,,ნიუპოსტი“ დეტალების გარკვევას ორივე მხარესთან შეეცადა.
ლადო კანდელაკი:
,,2014 წელს დიდი სიხარულით მივიყვანეთ 5 წლის ნიკოლოზი "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში" (ლევან ვასაძის სკოლაში) მოსამზადებელ ჯგუფში. გაოცებული დავრჩით ამ სასწავლებლის გახსნითი ცერემონიით. გადასარევი მიღება, ადმინისტრაციის და ბატონი ლევანის სიტყვით არაჩვეულებრივი გამოსვლა, ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილები დავრჩით.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი ძალიან უპასუხისმგებლოდ და სკოლის დაბალი ხარისხის მაჩვენებლებით დასრულდა. თუმცა არც დასრულებულა, ამ საქმეს ადვოკატი გაუმკლავდება სასამართლოში.
რაც შეეხება დეტალებს:
პირველი ინციდენტი სკოლაში მიყვანიდან რამოდენიმე თვეში მოხდა. როდესაც ბავშვი ჩამოიყვანეს თვალის მიდამოებში სერიოზული ნაკაწრით. როდესაც მასწავლებელს მოვკითხეთ თუ რა მოხდა, გვიპასუხა რომ იგი არ იმყოფებოდა საკლასო ოთახში და ბავშვები იმყოფებოდნენ პირველი კლასის მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ და ერთ-ერთმა კლასელმა მიაყენა თვალთან დაზიანება.
ასევე გვითხრა რომ ამ კლასში ახალი ბავშვი ყავთ, რომელიც ყველას ერჩის და სამწუხაროდ ესე მოხდა. თუმცა ძალიან გვთხოვა, რომ არ მოგვეყოლა დირექციისთვის. სამწუხაროდ გავჩერდით და მასწავლებელს თხოვნა შეუსრულეთ. დაგვპირდა, რომ მეორეჯერ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტი. თუმცა სამ დღეში იგივე განმეორდა სხვა ბაშვზე...
მეორედ, ისევ იგივე ბავშვმა ჩაარტყა ნიკოლოზს. ბავშვი ისევ სერიოზული სტრესით ჩამოიყვანეს. მასწავლებელმა ისევ გაამართლა ის ბავშვი და განგვიმარტა, რომ სკოლის წესებიდან გამომდინარე ვერაფერს იზამენ.
მესამე შემთხვევა უკვე კულმინაცია იყო რამაც ამ სკოლის და ადმინისტრაციის რეალური სახე გამოაჩინა.
ოჯახში გვყავს 4 ბავშვი. ნიკოლოზი არ არის აგრესიული ბავშვი, მღერის "7 კაცაში" და საკმაოდ კეთილი ადამიანია. ვზრდით ნორმალურ გარემოში, ვასწავლით სიკეთეს და გვინდა, რომ კარგი თაობა დავტოვოთ.
ერთ დღეს, შუა დღის 4 საათზე სკოლის მასწავლებელი ურეკავს ჩემს მეუღლეს და ეუბნება, რომ პატარა ინციდენტი მოხდა სკოლაში (მოგეხსენებათ სკოლა არის კიკეთში). როდესაც ვკითხეთ თუ რა მოხდა, მასწავლებელი ვერ გვეუბნება ზუსტად რა მოხდა, თუმცა გვითხრა რომ ტუჩი გაუსკდა და შეშუპება დაეწყო.
მასწავლებელს ვთხოვე, რომ ბავშვი როგორმე სასწრაფოდ ჩამოეყვანათ კიკეთიდან რაზეც გვიპასუხა რომ ავტობუსი ტრადიციულად 6 საათზე ჩამოვიდოდა. გაოცებულმა გაუარე ჩემს მეუღლეს და ავვარდით კიკეთში. ავტობუსიც უკვე გამოსული იყო და გზაში შევხვდით ნიკოლოზს. შეშუპებული ტუჩით მასწავლებელმა გადმოგვაბარა ბავშვი. ნიკოლოზმა ვერაფერი ვერ გვითხრა, რადგან ბავშვი ძლიერი ტრამვით და სტრესის ქვეშ იყო. მასწავლებელს ვკითხე ამ ინციდენტის დეტალები, რადგან ნიუანსები აუცილებელია ექიმისთვის და საავადმყოფოში აუცილებლად გვკითხავდნენ. მასწავლებელმა გვითხრა, რომ არაფერი არ იცის თუ რა და როგორ მოხდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ წაიქცა ფისკულტურის დარბაზშიო. ცოტა გაოგნებული სმგავსი პასუხისგან გავარდით კლინიკა "მედიქლაბ"–ში სადაც გვირჩიეს წავსულიყავით "იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში". წავედით იაშვილის კლინიკაში, საიდანაც გაგვიშვეს "ბავშვთა ყბა–სახის კლინიკაში". სამწუხაროდ ექიმს ვერაფერი ვერ უთხარით, რადგან დეტალები არ ვიცოდით. ნიკოლოზიც ნელ-ნელა ალაპარაკდა და მოყვა დეტალები:
როგორც აღმოჩნდა დამრიგებელმა 5 წლის ბავშვები ზედა სართულიდან მარტო ჩაუშვა ფიზკულტურის დარბაზში, სადაც იმყოფებოდა დამატებით კიდე 2 კლასი. ბავშვები ფიზკულტურის დარბაზში მარტო იყვნენ და ბუნებრივია დარბოდნენ და ცელქობდნენ. ნიკოლოზს ვიღაც ბავშვები უკნიდან დაეჯახნენ და მერე არაფერი მახსოვსო (მერე ისევ გაიხსენა რომ გოჩა მასწავლებელს დაუძახეს ბავშვებმაო). წამიყვანეს სამზარეულოში და კარაქი წამისვეს ტუჩზეო (არა და ნიკოლოზს ღრძილი ქონდა გახეთქილი). როგორც ვიცი სკოლას ჰყავს ექიმი.... კარაქის დადება ეს მოძველებული მეთოდია და ჩალურჯების დაფარვის მიზნით უსვამენ, თუმცა შეშუპება, რომ წავიდა სკოლის ადმინისტრაცია, შეშინდა ვეღარ დამალეს და დაგვირეკეს ინციდენტთან დაკავშირებით. ამ საქციელიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობთ. საავადმყოფოშიც ექიმები გაოცებულები იყვნენ, რომ ბავშვს ყინული არავინ დაადო. გადაუღეთ რენდგენი, ბავშვი ექიმმაც გასინჯა და გამოგვიშვეს სახლში აქტიური დაკვირვების ქვეშ.
იმ დღეს მასწავლებელმაც ორჯერ დაგვირეკა და მოგვიკითხა თან დააყოლა, რომ ალბათ ბავშვი "დრამატიზირებას" აკეთებსო ("დრამატიზირებულად" საკადრისი პასუხიც მიიღო), რაზეც ვუპასუხეთ, რომ საავადმყოფოში ვიყავით და არ ვიცოდით საბოლოო პასუხი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ბუნებრივია, მეორე დღეს ბავშვი არ გაუშვით სკოლაში. დილით არავის დაურეკია ბავშვის ამბის მოსაკითხად. მე და ჩემი მეუღლე შუა დღისკენ ავედით სკოლაში, რათა გაგვეგო დეტალები. შევხვდით დირექტორს და სკოლის მენეჯერს (თინათინ ხორბალაძეს) მოვთხოვეთ კამერების ნახვა. რაზეც დირექტორმა განგვიმარტა, რომ ეხლა მიმდინარეობს ახალი კამერების მონტაჟი და ამიტომ ჩანაწერი არ გვაქვსო, შემდეგ მოვთხოვეთ, რომ დაერეკათ ფიზკულტურის მასწავლებელთან და იმას მოეყოლა, რაც მოხდა. ტელეფონი "სპიკეტის რეჟიმზე" გადაიყვანეს და გოჩა მასწავლებელმა განაცხადა რომ 3 კლასი ერთად იყო მარტო ფიზკულტურის დარბაზში, ხოლო თვითონ სრულიად შემთხვევით იმყოფებოდა გარეთ და ბავშვებმა დაუძახეს, რომ ნიკოლოზი წაიქცაო და სისხლი მოსდისო. თვითონ სკოლის დირექტორიც და მენეჯერიც გაოცებული სახეებით ისხდნენ, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ. შეკითხვაზე თუ რატომ არ ჩამოიყვანეს ბავშვი სკოლის მანქანით, ამაზეც ვერ გამცეს პასუხი... მხოლოდ შეწუხდნენ....და ამდენი უპასუხისმგებლო ფაქტით გაოცებულები დარჩნენ. ჩვენი ვიზიტის შემდეგ კლასის დამრიგებელმა და მასწავლებელმა დაიწყო ჩვენთან აქტიურად რეკვა და შეცვლილი ჩვენებებით ჩვენი დაწყნარება, რის შემდეგაც აუკრძალეთ დარეკვა და აუხსენით, რომ სირცხვილია ესეთი საქციელი მათი მხრიდან.
კვირაზე მეტი გავიდა, ნიკოლოზი ცოტა რომ გამოჯანმრთელდა ისევ მივაკითხეთ სკოლას და ვთხოვეთ წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (სულ 900 ლარზეა საუბარი), რადგან როგორც ავღნიშნე ოჯახში 4 ბავშვი გვყავს და არ გვაქვს ისე საქმე, რომ სკოლის ადმინისტრაციისთვის ყინულის საყიდლად დაგვეტოვებინა. ნიკოლოზსაც ასეთი სტრესის შემდეგ არც უნდოდა სკოლისკენ გახედვა.
ამის შემდეგ მოვითხოვეთ ლევან ვასაძესთან შეხვედრა, საინტერესო იყო რა ვერსიები იცოდა ლევანმა (ან საერთოდ იცოდა თუ არა). ასევე გვითხრეს, რომ დამფუძნებელი არ არის ვალდებული შეხვდეს ყველა მშობელს, ვისი ბავშვიც დაზიანდება.
ბუნებრივია ლევანი არ შეგვხვდა და მისი მეუღლე გამოაგზავნა ჩვენთან შესახვედრად.
აქაც საუბარი ჩემთვის უცნაური თავის მართლებისკენ წავიდა და აგვიხსენეს, რომ მსგავსი რაღაცეები ყველგან შეიძლება მოხდეს. ეს ჩვენთვისაც გასაგებია, მაგრამ აქ საუბარი უპასუხისმგებლობაზე, უყურადღებობაზე და ტყუილის თქმაზეა, თან არც ერთი მასწავლებელი ამ საქციელისთვის არ დაუსჯიათ (მხოლოდ გაფრთხილება მისცეს, როგორც განმარტეს). რადგან სკოლის საფასური წინასწარ გვქონდა გადახდილი და ბავშვმა მიიღო ფიზიკური ტრამვის გარდა, ფსიქოლოგიური სტრესი, ნიკოლოზი სკოლიდან გამოვიყვანეთ. ქ–ნ ნინომ ხაზგასმით გვითხრა რომ სკოლა არ აბრუნებს თანხას, თუმცა გამონაკლისის სახით ყოველთვიურად მასწავლებლებს ჩამოაჭრიან 30–30 ლარს და მხოლოდ ამ მეთოდით აგვინაზღაურებენ თანხას, ისიც თუ მასწავლებლები იქნებიან თანახმა. ასევე ბატონი ვასაძის მეუღლემ ცინიკურად დაგვარიგა ჭკუა, რომ თუ გვინდა რომ ჩვენი შვილი დაცული იყვნენ, უნდა შევიყვანოთ ძვირადღირებულ სკოლაში. ასევე ქ–ნ ნინომ მოითხოვა ფოტოების ნახვა, მაინც რომ დარწმუნებულიყო ბავშვს ესეთი დიდი ტუჩი ხომ არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ვასაძის სკოლა წელიწადში 8000 ლარამდე ჯდება სკოლის ფორმის და სახელძღვანელოების გარეშე.
ქალატონ ნინოს და ბატონ ლევანს დიდი მადლობა რჩევა-დარიგებისთვის!!!
ეს არის საქართველოში კარგად შეფუთული მეცენატ ლევან ვასაძის ბიზნესი, ანალიზიც თქვენ თავად გააკეთეთ დამფუძნებლების და სკოლის ადმინისტრაციის მიდგომაზე“ - ჰყვება ლადო კანდელაკი.
“ნიუპოსტი“ მომხდართან დაკავშირებით "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელის” პოზიციით დაინტერესდა.
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ კომენტარი სკოლის დირექტორმა მარინა კაჭარავამ გააკეთა.
სკოლის დირექტორმა დაადასტურა, რომ ნამდვილად მოხდა სკოლაში ინციდენტი, რა დროსაც მოსამზადებელი ჯგუფის ერთერთმა მოსწავლემ დაზიანება მიიღო. მისივე თქმით სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვს დროულად აღმოუჩინა ყველა საჭირო სახის დახმარება.
„ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ბავშვები შედიოდენ ფიზკულტურის გაკვეთილზე ალბათ ბავშვები დაეჯახენ ერთმანეთს და ეს ბავშვი წაიქცა, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ფიზკულტურის მსაწავლებელმა აიყვანა ექიმთან, ექიმმა წაუსვა არმიკა და დაადო ყინული. ექიმმა თქვა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, დაურეკეს მშობლებს და ბავშვი ავტობუსით ჩაიყვანეს თბილისში.
შემდეგ მშობლებმა ბავშვი წაიყვანეს რამდენიმე საავადმყოფოში, მათთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი სკოლის აღმზრდელი რუსიკო ჭანტურიაც. საავადმყოფოში ქირურგმა მათ უთხრა, რომ ბავშვს ჰქონდა ზედაპირული დაზიანება და ტუჩი იყო გახეთქილი. ძალიან ვწუხვართ, რომ ბავშვმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ვინ არ წაქცეულა, შეიძლება მეც წავიქცე და სხვაც, ჩვენ ბავშვისთვის ნამდვილად არაფერი დაგვიკლია.
ბატონი ლადო აქ არ იყო და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბავშვს ტუჩზე კარაქი წაუსვეს. ეს ასე არ ყოფილა. ბავშვს წაუსვეს არნიკას მალამო და დაადეს ყინული ნახევარი საათის განმავლობაში. ალბათ ბავშვმა მოყვა, რომ კარაქი დაადეს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი მედიკამენტი, რაც საჭიროა პირველადი და შემდგომი დახმარებისთვის. ასევე ჩვენთან არიან ძალიან კვალიფიციური ექიმები.
ჩვენ მოვიკითხეთ ბავშვის მდგომარეობა და მუდმივად ვურეკავდით მათ, როდესაც მითხრეს, რომ ბავშვი კარგად იყო, მაგრამ მას ჩვენთან მოსვლა არ უნდოდა რაღა მექნა, ყოველ დღე ხომ არ დავურეკავდი. ყველას შვილები და შვილიშვილები გვყავს სკოლაში, როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვს დაზიანება მიეღო და მისი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულიყო.
ბატონი ლადო თანხის დაბურნებას ითხოვს, მაგრამ ჩვენ ეს თანხა უკვე გახარჯული გვაქვს. არცერთი სკოლა გადახდილ თანხას უკან არ აბრუნებს, მაგრამ ჩვენ მას შევთავაზეთ სქემა, რომ ყოველთვიურად პედაგოგებს ჩამოეჭრებოდათ ხელფასის ნაწილი და მივცემდით ხელზე, რადგან გადარიცხვის რაიმე მექანიზმი არ არსებობს. ალბათ მას ეს სქემა არ მოეწონა“ -აცხადებს მარინა კაჭარავა.
დირექტორმა ასევე უარყო ლადო კანდელაკის მიე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომ ლევან ვასაძის მეუღლემ უკეთესი პირობებისთვის მშობლებს ბავშვის უფრო ძვირადღირებულს სკოლაში გადაყვანა ურჩიათ.
„მე ვესწრებოდი ამ საუბარს და ქალბატონ ნინოს მსგავსი არაფერი არ უთქვამს. არანაირი ცინიზმი არ გამოგვიმჟღავნებია, პირიქით ძალიან ვწუხვართ, რომ ბავშვი წაიქცა. ხდება ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, მაგრამ ასეთი საგანგაშო რა დაინახეს არ მესმის, არავის არაფერი არ უკადრებია მათთვის და არანაირი ცინიზმი არ ყოფილა.“-განაცხადა მარინა კაჭარავამ.
http://newposts.ge/?l=G&id=76905-%E1%83%9A...%83%9A%E1%83%90