Free_World
გაუნათლებელი ჯიხვი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16101
წევრი No.: 194120
რეგისტრ.: 20-November 14
|
#44980608 · 24 Jun 2015, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სომხეთში მიმდინარე პროცესების მიზეზებსა და იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები მეზობელ სომხეთში, "ინტერპრესნიუსი" გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
- ბატონო სტეპან, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ერევანში 23 ივნისს მომხდარი არეულობის შემდეგ 200 ადამიანი გაათავისუფლა, აქცია მაინც გრძელდება. მეტიც, სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აქციამ ახლა უფრო მასშტაბური ხასიათიც მიიღო. თქვენ როგორ შეფასებდით უკანასკნელ დღეებში ერევანში განვითარებულ პროცესებს? - ჩვენმა ცენტრმა ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას შეეცადა; აქციების ტალღა მხოლოდ დასაწყისია. პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდა, ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში იმყოფება და ხელისუფლებას ვითარების შეცვლის არანაირი სტრატეგია არ აქვს. ვიმეორებ, ხელისუფლებას შეცდომა რომ 23 ივნისს არ დაეშვა, 24 ივნისს 10 ათას კაციანი მიტინგი ერევანში არ გაგრძელდებოდა. სხვათა შორის, ანალოგიური მიტინგი დაიწყო ქალქ გიუმრისა და მონაძორშიც. ახლა, რაც ჩვენთან ხდება, ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა უკრაინის დედაქალ კიევში მაიდნის დაწყებამდე, ანუ, 2013 წლის ნოემბერში, რასაც ხელისუფლების ცვლა მოჰყვა. მაშინ ქუჩაში თავისი გულწრფელი უკმაყოფილება დააფიქსირეს სტუდენტებმა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა, ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ასეთივე გულწრფელობით გამოხატეს ახალგაზრდებმა თავისი პროტესტი ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე. სხვათა შორის, 23-ში აქცია რომ დაიწყო, იგი სულაც არ იყო პოლიტიზებული, მასში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობდნენ. სომხეთის ხელისუფლებამ ზუსტად ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც იანუკოვიჩმა, სტუდენტების წინააღმდეგაც გამოყენებულ იქნა ძალა. - ძნელი წარმოსადგენია, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების გაძვირების გამო დაწყებულიყო ასეთი მასშტაბური აქცია. თქვენი აზრით, კიდევ რა მიზეზებმა განაპირობეს ერევანში ხელისუფლების წინააღმდეგ ახალგაზრდების ინიციატივით დაწყებული აქციები? - მომხდარზე ჩემს ინტერპრეტაციას მოგახსენებთ. საუბარი უნდა დავიწყო იმით, თუ რატომ გამოიყენა ხელისუფლებამ ძალა სტუდენტების წინააღმდეგ და რატომაა წელიწადნახევარზე მეტი, რაც ხელისუფლებამ აშკარად გააძლიერა ზეწოლა მედიაზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე. მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ჩვენმა სამართალდამცავებმა ეს ასე გაიგეს - თუ რუსეთსა და ბელორუსში პოლიცია მოქალაქეებს სცემს, ჩვენ იგივეს გაკეთება რატომ არ შეგვიძლია? ამაზე ჩვენთან ღიად საუბრობენ და ამგვარ სურვილებს არავინ არ მალავს. ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ ავტომატურად გამოიწვია სომხეთში ძალადობის გაძლიერება. გარდა ამისა, სომხეთი უკვე 5 თვეა, ევრაზიული კავშირის წევრია და სწორედ ამ პერიოდში ორჯერ შემცირდა ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა. ამას კი არ ვამტკიცებ, ამაზე თავად ხელისუფლება საუბრობს. მეტიც, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 15-20%-ით შემცირებულია არა მარტო წარმოება, არამედ ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და სხვა მონაცემები. რუსეთის კორუმპირებულ ეკონომიკასთან სომხეთის კიდევ უფრო დაახლოებამ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. ცხადი იყო, რომ ამაზე საზოგადოებას რეაქცია ექნებოდა. ახალგაზრდობა ყველა სოციუმში ყველაზე მგძნობიარე ჯგუფია, იგი პირველი მიხვდა, რომ ასეთ ვითარებაში მათ და ქვეყანასაც პერსპექტივა არ აქვთ. ჩემი აზრით, საქართველო სწორად მოიქცა, როცა ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ევროკავშირში რაღაც პერსპექტივა, ღიაობა და პოლიტიკური პროცესების გამჭირვალეობა მაინც ხომაა. პროგრამებზე, რომელიც სომხეთში ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება, ჩვენ შეგვიძლია მასზე მონიტორინგი ვაწარმოოთ, ანუ, ყველაფერი გამჭირვალედ ხდება. ჩვენთან გეგმავენ ელექტროენერგიაზე 20%-დან 40%-მდე ტარიფის გაზრდას და არავინ არანაირ განმარტებასაც არ აკეთებს. ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი საქართველოსთან შედარებით 2-ჯერ თუ სამჯერ არა, ძვირია და მისი კიდევ გაზრდა კატასტროფაა. ჩვენთან მთელ ენერგეტიკულ სისტემას რუსები მართავენ. პრაქტიკულად ისინი ამბობენ - რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და აკეთებენ კიდეც. ისინი ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ ამ რუსულ კომპანიებს აქვთ ჩვენი გამანაწილებელი ქსელები და ასე შემდეგ. ამას წინათ სკანდალი მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას, რომ სომხეთის ენერგოსისტემების რუს ჩინოვნიკ-ხელმძღავლენს თურმე 60 ათასი აშშ დოლარის ხელფასი ჰქონია. სისტემის უტიფარმა მმართველობამ განაპირობა ის, რომ ახლა ახალგზარდები ქუჩაში არიან გამოსული. ეს მოუტანა სომხეთს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ. ვსარგებლობ შემთხვევით და მათ, ვინც თქვენთან ხმამაღლა გამოთქვამს აზრს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს, ვეუბნები - ეს დამღუპველი გზაა. რუსული ეკონომიკა თავისი არსით ხომ დახურული და კორუფციულია. ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, არანაირი უფლებები არ გვაქვს. მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც თავის ხელისუფლებებს ახლაც აკრიტიკებენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, უნდა იცოდნენ, საქართველოს რომ ეს არ გაეკეთებინა, ისეთივე პროცესები იქნებოდა თქვენთან დაწყებული ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთან. შესაძლოა, მომიტინგეები ამ დეტალებს ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ეს რომ ასეა, ფაქტია. ასე რომ, ვისაც ევრაზიული კავშირი უნდა, ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს. - თქვენი აზრით, როგორ აისახება ერევანში ახალგაზრდების ქუჩაში დაწყებული აქტიურობა სომხეთის შიდა პოლიტიკაზე და სავარაუდოდ, რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? - თამამად შემიძლია გითხრათ - თუ ხელისუფლებამ ახალგაზრდობასთან ძალისმიერი მეთოდებით საუბარი გააგრძელა, დიდია ალბათობა, რომ ეს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლას გამოიწვევს. ვითარების თავისებურება იმაშია, რომ ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია იბრძვის, არამედ სტუდენტი ახალგაზრდობა, ეს კი მისთვის საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. აქციებში არ არიან ჩართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი აქციაზე 23-ში გამოჩდნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა ისინი არ გაიკარეს. ამ მოძრაობის ძალა იმაშია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში, გაახმოვანა ინიციატივები, რომელიც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას უკავშირდება. - ანუ, აქციის მონაწილეებს არ დაუყენებიათ პოლიტიკური მოთხოვნები? - ჯერ მათ პოლიტიკური ლოზუნგები და მოთხოვნები არ წამოუყენებიათ. - მათი მთავარი მოთხოვნა მხოლოდ ტარიფების დაწევაა? - დიახ, ისინი თვლიან, რომ ტარიფები ხელოვნურად არის გაზრდილი და ხელისუფლებამ უნდა აიძულოს რუსული კომპანია, უარი თქვას ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდაზე, თავად თქვას უარი კორუფციულ სქემებზე. მათი განცხადებით, ისინი არავისთან არ აპირებენ ამ თემის განხილვას. პრეზიდენტი სარგსიანი საკმაოდ მოხერხებული პოლიტიკოსია, მან გამოთქვა მზადყოფნა, ჰქონდეს ახალგაზრდობასთან დიალოგი. მათი პასუხი ასეთია - ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენ ხელისუფლებასთან მოსვლას არ ვაპირებთ და ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაიზარდოს. ამ ტიპის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებთან ბრძოლა ხელისუფლებას უჭირს. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდები ახლა საზოგადოებაში ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ. ახალგაზრდები აქციებზე პოლიტიკურ ელიტებს არ იკარებენ მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მათი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ისევე როგორც პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევში იყენებდა ე.წ. ტიტუშკებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, აქაც ასე მოხდა. სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცავები აკავებდნენ, სცემდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. - რამდენად დიდია ალბათობა, რომ სოცალურ საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული აქცია გადაიზარდოს უმართავ აქციაში და საბოლოოდ ერევანში კიევის მსგავსი მაიდანი აღმოჩნდეს ხელისუფლებისათვის გადაულახავ ბარიერად? - თუ ხელისუფლებამ თავის სტილში გააგრძელა მოქმედება, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარებას არ გამოვრიცხავ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესებში უფრო მეტი ხალხი და პოლიტიკური ოპოზიცია ჩაერთვება. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მოვლენები სწორედ ასე შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, მან არა მარტო გაათავისუფლა დაკავებულები, არამედ აღარ ცდილობს ძალით აქციის დაშლას. დარწმუნებული ვარ, პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო მოთამაშეებიც. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გააკეთეს განცხადებები. ოფიციალურ ერევანს არ შეუძლია, მათ ანგარიში არ გაუწიოს. ჩვენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი არა ვართ, რომელსაც ნავთობი და გაზი აქვს და, რის გამოც ოფიციალურ ბაქოს დასავლეთი ბევრს პატიობს. ხელისუფლების მიერ გაკეთებულ დასკვნებს მივესალმები, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ახალგაზრდების მოთხოვნები ხელისუფლებამ არ შეასრულა, უკმაყოფილების ტალღა კიდევ უფრო მასშტაბული გახდება. - ვთქვათ, ასე არ მოხდა, შეიძლება ეს დასრულდეს ვადამდელ საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებით? - პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძალიან ძნელია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. კარგია, რომ თქვენთან, საქართველოში ეს მოახერხეთ. ფაქტი ის არის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ხელისუფლება არ იცვლება, თუ სერიოზული ძვრები არ მოხდა. ვიმეორებ, თუ ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობებში შეცდომები დაუშვა, ერევანში ეკრაინული მაიდნის მსგავს სომხურ მაიდანს არ გამოვრიცხავ. - როცა პრეზიდენტმა სარგსიანმა სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ერევანში საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. თქვენი დაკვირვებით, ახლა დაახლოებით როგორია იმ საზოგადოებებს შორის პროცენტული თანაფარდობა, ვინც ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასა და სომხეთის ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს? - უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში განწყობები სწრაფად იცვლება. მაგალითად, როცა სარგსიანმა 2013 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ სომხეთი ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამას კარგად შეხვდა. მეტიც, როცა ამ საკითხს პარლამენტში კენჭი ეყარა, თითქმის მთელმა ოპოზიციამ ხმა მისცა სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. თავიდან პარლამენტში ამას მხარს უჭერდა დეპუტატთა 70%, 30% წინააღმდეგი იყო. მაგრამ ეს 70% მყარი ნამდვილად არ არის. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთთან ურთიერთობით ელოდება უფასო გაზს. ასე ფიქრობს მოსახლეობაც. სულ იმის მცდელობაში ვარ, ყველას გავაგებინო, რომ რუსეთს ამგვარი ვადებულებები არა მარტო სომხეთის, არამედ ევრაზიული კავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნებს წინაშე აღებული არ აქვს. სსრკ-ში ძალიან ცუდი პოლიტიკური სისტემა იყო, მაგრამ მაშინ მოსკოვს რესპუბლიკების მიმართ ვალდებულებები ჰქონდა. გარწმუნებთ, სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა მხოლოდ დასაწყისია, ფასი გაიზრდება გაზზეც, ვინაიდან ჩვენთან გაზგამანაწილებლები ქსელის მფლობელიც რუსული კომპანიები არიან. განვითარებული მოვლენების ფონზე სომხეთში ახლა რომ ჩატარდეს გამოკითხვა ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი აზრი დაახლოებით 50-50-ზე იქნება. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან დაახლოების მომხრეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. და იცით რატომ? ჩვენი საზოგადოებები ხომ სსრკ-ში არიან გაზრდილები, შესაბამისად ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ უფასო გაზს მიიღებდა. პუტინს ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს საკითხებში, მაგრამ ახლა ვეუბნები - ყოჩაღ! სომხებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. თუ საზოგადოება გულუბრყვილო, მომწიფებული და ჩამოყალიბებული არაა, როგორც ჩანს, ამგვარი გაკვეთილების მიცემა აუცილებელიც კია. სომხებმა სულელებივით დავუჯერეთ მოსკოვს და ევრაზიულ კავშირში გავწევრიანდით. ამას მე გულისტკივილით ვამბობ. უკანასკნელმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ სომხეთის ძველი პოლიტიკური ელიტა ახლით უნდა შეიცვალოს. მოდის ახალი თაობა, რომელიც მას აუცილებლად შეცვლის. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ დარაზმული ახალგაზრდობა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით უპრეცედენტო პრინციპულობას იჩენს. მესამე დღეა ისინი უკან არ იხევენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ხელისუფლებას მოუწევს მათი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება. მე მათში სომხეთის ახალი პოლიტიკური ელიტა უკვე დავინახე და დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენს ძველ პოლიტიკურ ელიტას. - რამდენად მზად არის სომხეთის პოლიტიკური ელიტა, რომ ბევრ თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში სერიოზული კორექტივები შეიტანოს? - ძნელია ამის თქმა. ვნახოთ, ძველი პოლიტიკური ელიტის ოპოზიცია როგორ იმოქმედებენ. მე ხშირად ვეუბნები მათ - აღიარეთ, რომ პარლამენტში სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ხმის მიცემისას შეცდით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. სხვათა შორის, ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრაინებას ხმა მისცა, სცემეს. ისე ჩანდა, თითქოს სხვა რამესთვის სცემეს, მაგრამ მერე როგორც გაირკვა, სწორედ ამ საკითხში მისი პოზიციის გამო გალახეს. მან ყვირილი ატეხა, სომხეთში ადამიანის უფლებები ირღვევაო. მე მას ვუთხარი - საცემი იყავი, ვინაიდან რუსეთში და ბელორუსში ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო სცემენ. რა თქმა უნდა, მე მხარს ვერ დავუჭერ დეპუტატის ცემას, პირიქით ასეთ ქმედებას ვგმობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიყავი კმაყოფილი, რომ 4 ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ერთმა ფრაქციამ არ დაუჭირა მხარი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვინც ამგვარ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, მალე მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბარს ხმამაღლა დაიწყებენ. უნდა ითქვას, იმის გამო, რომ სომხეთს ყარაბაღის გამო პრობლემები აქვს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ანკარა არა სწორად იქცევა, რომ საზღვარს სომხეთთან არ ხსნის, პრიმიტიული ანტირუსული განწყობები და გამოსვლები არ იქნება. სომხურ საზოგადოებას კარგად ესმის, ამ მეზობლებისგან არაფერს არ უნდა ველოდოთ და სომხეთს რუსეთთან ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ჩვენთან, მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განწყობები არ იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები გამოითქვას, ვინაიდან ჩვენი კორუფციონერი ჩინოვნიკები თავის რუს კოლეგებთან ერთად გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებენ სომხეთის მოსახლეობას. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს რუსეთის ალტერნატივა არ ჰყავს, არ მგონია, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები საზოგადოებრივ აზრში დომინანტური აღმოჩნდეს. - ბრძანეთ, თურქები არასწორად იქცევიან, სომხეთთან საზღავრს არ ხსნიანო. არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ნაბიჯი ანკარამ გადადგას კიდეც, მოსკოვი ერევანს ამის უფლებას არ მისცემს? თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და სულაც არაა გამორიცხული, რომ სომხეთი ეკონომიკურად მასზე აღმოჩნდეს დამოკიდებული და არა რუსეთზე. . . - სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ერევანს ამის უფლება არ მისცეს. მეტსაც გეტყვით, ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა იაკუნინმა განაცხადა - სომხეთს არ სჭირდება ირანთან დამაკავშირებელი რკინიგზა. რა თქმა უნდა, მოსკოვს უნდა, რომ სომხეთი მაქსიმალურად იყოს იზოლირებული და მასზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ნაწილი ასე პრიმიტიულად უდგება რუსეთთან ურთიერთობის ამგვარ პერსპექტივას. შეიძლება ითქვას, რომ რუს ჩინოვნიკებთან კორუფციული გარიგებებისა და სქემებში მონაწილეობის გამო თავისი ნებით ამბობენ უარს სომხეთის სუვირენიტეტის დონეზე. - უკანასკნელ პერიოდში ერევნიდან ხშირად ისმის აფხაზეთის გამავალი სარკინიგზო გზის აღდგენის საკითხი. ხშირად ისე ხდება, ვერც კი გაიგებ, ამ გზის აღდგენას მოსკოვი ითხოვს, თუ ერევანი. თქვენი აზრი ამ საკითხზე როგორია? - რა თქმა უნდა, სომხეთს აწყობს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ამიტომაც გასაგებია ჩვენი ჩინოვნიკების განცხადებები - კარგი იქნებოდა, თუ ეს გზა გაიხსნებოდა. მაგრამ, მე ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ამ საკითხზე საუბარი რეკლამისთვის უფრო ხდება, ვიდრე რეალურად იყოს ამ გზის აღდგენის სურვილი. სინამდვილეში, სარკინიგზო გზის გახსნის წინააღმდეგი აფხაზეთია და არა საქართველო. რუსეთი ამ თემის აქტუალიზაციას ხანგამოშვებით თავად ახდენს, აქაოდა წინააღმდეგი ქართველები არიანო. ჩემი აზრით, ეს განცხადები სწორედ იმისათვის კეთდება, რომ ჩვენს შორის დაძაბულობა მუდმივად იყოს. ცხადია, რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის გარეშე აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა ვერ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ძნელად თუ წარმომიდგენია. - ამას წინათ, ქართულ საზოგადოებაში სომხეთთან მიმართებაში უკმაყოფილება მოჰყვა გაერო-ს ასამბლეაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციაზე სომხეთის უარყოფით პოზიციას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხში ოფიციალური სომხეთის პოზიციას? - ეს ძალიან გავს იმას, რაც ახლა ყირიმთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ ჩვენს ხელისუფლებას ამის გამო ვაკრიტიკებთ. ჩვენი აზრით, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მაგრამ თუ ჩვენი ხელისუფლებას რუსეთის ზეწოლის გამო ეშინია ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯის გაკეთება, ჩვენ ვეუბნებით - თავი მაინც შეიკავეთ. კარგად მესმის, რომ უკრაინულ და ქართულ საზოგადობებში ამ საკითხებში არსებობს კითხვები. მე ხშირად მიწევს კიევში ყოფნა და ჩემს უკრაინელ კოლეგებს ვეუბნები - სომხეთის საზოგადოებაში არის საკმაოდ ბევრი ხალხი, ვინც ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს და სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენს ხელისუფლებას თუ ანტირუსული პოზიციის დაფიქსირება არ უნდა, შეეძლო, ისევე შეეკავებინა თავი როგორც თურქმენეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. ვთვლი, რომ ამ საკითხში სომხეთის ხელისუფლებას არასწორი პოზიცია აქვს და შეცდომა აქვს დაშვებული.
--------------------
მხოლოდ მთებშია თავისუფლება^^
სვანეთის მთები ჩემი სახლია^^
მაზოხისტ მოდერს, სადისტი იუზერი მოუღებს ბოლოს ^^
|