M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#45154955 · 13 Jul 2015, 16:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | 1. ქართული ოცნება [ 66 ] [13.50%] 2. ნაციონალური მოძრაობა [ 241 ] [49.28%] |
ასეთი შედეგი ამის გამოც არის:
"ინფო 9"-ისა და "მეცხრე არხის" "გადაგდებული" ჟურნალისტები
"დღეს იმ ადამიანებს რომ ვხედავ, ვინც ჩვენ გვდევნიდა, სიმწრით მეცინება"
თაკო მათეშვილი (13.07.2015)
ორი წლის წინ დახურული "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის ბევრი ჟურნალისტი სამსახურს დღემდე ეძებს. ამბობენ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე დევნის, დამცირების, რისკისა და შეურაცხყოფის ფასად მუშაობდნენ, თუმცა ეს არ დაუფასდათ - გამოიყენეს, არჩევნების მოგების შემდგომ კი აღარავის სჭირდებოდათ და უბრალოდ - მოისროლეს. ის ადამიანები კი, ვინც მათ სდევნიდა და ავიწროებდა, დღემდე თანამდებობებზე რჩებიან. ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეც.
მოგეხსენებათ, 2012 წლის არჩევნებამდე "ინფო 9"-ისა და "მე-9 არხის" ჟურნალისტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამუდმებით უკან დაჰყვებოდნენ ადამიანები, რომლებიც თავს "მედია ჯგუფის" წარმომადგენლებს უწოდებდნენ და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. უსვამდნენ პროვოკაციული შინაარსის კითხვებს (მაგალითად, "რამდენს გიხდით ბიძინა ქვეყნის ღალატისათვის" და ა.შ.), აყენებდნენ შეურაცხყოფას და ზოგჯერ სახლებშიც კი უცვივდებოდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით მათი ხელძღვანელი ალისტრახო როხვაძე გამოირჩეოდა.
მალე "ალისტრახო" კრებით სახელად იქცა და ამ სახელით მოიხსენიებდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროვოკაციული საქმიანობით იყო დაკავებული.
ერთ-ერთი ასეთი "ალისტრახო" მალხაზ ბასილაია იყო, რომელიც სამეგრელოში მოღვაწეობდა. იგი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ის სამეგრელოში "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია.
მეტიც, 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბასილაია საჯარო უწყებაში დასაქმდა. კერძოდ - აფხაზეთის მთავრობაში პიარმენეჯერად. ამავდროულად, პიარმენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა "ენგურჰესშიც".
"მეცხრე არხის" ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც სამსახურს დღემდე ეძებს, ეკატერინე დუგლაძეა. იგი "მეცხრე არხის" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. არის მრავალი ვიდეომასალა, რაც მთელმა საქართველომ ნახა, სადაც ჩანს თუ როგორ დაჰყვება დუგლაძეს მუდმივად რამდენიმე ადამიანი და როგორ უშლის ხელს მუშაობაში.
"მთელ კვირასთან" საუბრისას ჟურნალისტი 2012 წლის არჩევნებამდე არსებულ ვითარებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მუშაობა უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. იმერეთში საცხოვრებლად თბილისიდან სპეციალურად ამ საქმის გამო გადავიდა, რადგან ფიქრობდა, რომ ზესტაფონსა და ზოგადად კუთხეს სჭირდებოდა.
ეკატერინე დუგლაძე: "ყველამ იცის თუ რა პირობებში მიწევდა მუშაობა 2012 წელს. ყველას ახსოვს როგორც ექცეოდნენ "ინფო 9"-სა და "მე-9 არხის" ჟურნალისტებს. რაიონის დონეზე საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები, "ნაცმოძრაობის" პარტიული მუშაკები რას აღარ გვეძახდნენ - მოღალატეებს, რუსეთის აგენტებს. ამ ყველაფრის ჩანაწერები ახლაც მაქვს. მე პირადად მთელი უშიშროება დამყვებოდა. ძალიან მძიმე პირობებში ვმუშაობდი და დიდ რისკზეც მივდიოდი.
"ამას ისიც ემატებოდა, რომ რაიონში ოფისითა და ინტერნეტით სარგებლობის უფლებაც არ გვეძლეოდა. პროვაიდერები ჩვენთვის ინტერნეტის მოწოდებაზე უარს ამბობდნენ, ვერ რისკავდნენ. "ქართული ოცნების" შტაბიც ჩემს სახლში იყო და ჩვენი ოფისიც. რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. მთელი იმერეთის რეგიონი ფაქტიურად ჩემი ინტერნეტით სარგებლობდა, რადგან სხვაგან ამის საშუალება არ გვეძლეოდა.
"ამ დროს დედა მყავდა მძიმედ ავად. სახლის პირველ სართულზე ის იწვა და მეორე სართულზე შტაბი გვქონდა გახსნილი. ამას ჩემი სურვილით, ცვლილებების მოლოდინით ვაკეთებდი. ეს ცვლილებები იმიტომ კი არ მინდოდა, რომ მანამდე ოჯახის რომელიმე წევრი უმუშევარი მყავდა და არჩევნებს დასასაქმებლად ველოდებოდით. მეუღლეც სულ მუშაობდა და მეც რამდენიმე ადგილას. ასე რომ, იმას, რასაც ვაკეთებდი, პირადი სარგებლის მოლოდინით არ ვაკეთებდი. გვინდოდა ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლილიყო. თუმცა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უმუშევარი დავრჩებოდი. სამსახურის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ და ახლა ვარ," - ამბობს დუგლაძე.
არჩევნების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაბრუნება უნდოდა, უთხრეს, რომ კადრები არ ჰყავდათ და ზესტაფონის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობა შესთავაზეს. ერთი წელი იმუშავა და ამბობს, რომ ის, რაც იქ ნახა, გააოცა - სიტუაციას ახლაც ისინი აკონტროლებდნენ, ვინც არჩევნებამდე აკეთებდა ამას.
"მიუხედავად იმისა, რომ შიდა სამზარეულოში ბოლომდე არ ვიყავი ჩახედული, რასაც ვხედავდი ყველა საზღვარს სცდებოდა. იმ პერიოდში 4-5 გამგებელი გამოვიცვალეთ. ნებისმიერი მიმართულებით წარმოუდგენელი რამ ხდებოდა - მუნიციპალიტეტს მთლიანად უშიშროების სამსახური მართავდა. სწორედ ის ადამიანები მართავდნენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე გვდევნიდნენ, გვიჭერდნენ, ძალადობდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. იგივე ხალხი წყვეტდა ყველაფერს. არც ვიცოდი, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონოდა. თავად კი მერიდებოდნენ, რადგან იცოდნენ, მათზე უამრავი კადრი მქონდა. 2012 წელს ყველგან კამერით დავდევდი.
"აღმოჩნდა, რომ ისევ უშიშროების სამსახური და იგივე ხალხი ალაგებდა რაიონში სიტუაციას. ნიშნავდნენ და ათავსუფლებდა კადრებს, მოჰყავდათ თავისიანები. გამგეობაში ყოველი მეორე თანამშრომელი მათი ინფორმატორი იყო. ასე აღმოჩნდნენ გამგეობაში ის ხალხი, ვინც არჩევნებამდე უშიშროების მანქანებიდან ჩუმად გვიღებდა. პროტესტი მქონდა, მაგრამ ისიც არ ვიცოდი როგორ გამომეხატა. მეგონა ამ საკითხით ვინმე დაინტერესდებოდა, თუმცა ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არაფერი შეიცვალა.
"ახლა იმასაც ვხედავ, რომ 2012-ში ჩვენ გვერდით თურმე უამრავი ჩანერგილი იყო, რომელიც გვეგონა ჩვენთან ერთად იბრძოდა. ყველა სფეროში დღემდე ძველი კადრები მუშაობენ. გამგებელი არაფერს არ წყვეტს და სულ მაინტერესებს, რა შევცვალეთ? ისინი რომ უვარგისები იყვნენ და ცუდად მართავდნენ, იმიტომ გვინდოდა მათი შეცვლა. თუმცა ახლა იგივე ხალხი, ისევ "ნაციონალები" მართავენ და რა შეიცვალა? თუკი კარგები და პროფესიონალები იყვნენ, მაშინ თავს რაზე ვიკლავდით?" - ამბობს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამის დათმობა და უამრავ რამეზე თვალის დახუჭვა უხდებოდა, სამსახურიდან ნებით წარმოსვლას მაინც არ აპირებდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ კი უშიშროების სამსახურმა მისი "მოშორების გზა მონახა" - წინამორბედის განთავისუფლების განცხადებაში ხარვეზი იპოვა და ის კადრი სასამართლოს გზით აღადგინეს. მას შემდეგ უმუშევარია.
შესაბამისად, დუგლაძის თქმით აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, ვინც 2012 წელს რისკის, შეურაცხყოფისა და დამცირების ფასად მუშაობდა, აღარავის სჭირდება, ხოლო ისინი, ვინც "ნაცმოძრაობის" ზონდერებად მოიხსენიებოდნენ, კვლავ თანამდებობებზე რჩებიან.
"მხოლოდ ჩემს თავზე არ ვწუხვარ. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ჩემზე მეტ რისკზე მიდიოდნენ, დღეს უმუშევრები არიან. მაგალითად ჩემი მაშინდელი მძღოლი დღე და ღამე მუშაობდა - ვანო მერაბიშვილის ესკორტს დასდევდა. ჩვენზე არანაკლებ რისკზე მიდიოდა და მაშინდელ უშიშროებაში უკვირდათ - ასეთი ერთგული ხალხი სად ნახეს, რომ მძღოლებსაც კი ვერაფერს დააცდენინებო. ახლა კი უმუშევარია, მძღოლის ადგილიც კი არ გამოიძებნა. არადა მუნიციპალიტეტში მძღოლებად გაფორმებულები არიან ადამიანები, რომელთაც მანქანებიც კი არ ჰყავთ. უბრალოდ ხელფასს იღებენ.
"ყველა ის ადამიანი, რომლებიც 2012 წელს გვდევნიდა, არჩევნების შემდეგ დაწინაურდა. ახლა რომ მხვდებიან, თავად რცხვენიათ და დისკომფორტს გრძნობენ. ბევრ მათგანზე კადრები ახლაც მაქვს. ის პოლიციელები, რომლებიც სახლებთან გვდარაჯობდნენ და მათი შიშით გარეთ ვერ გავდიოდით, ახლა უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან. დღეს ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაიონში ამინდს ქმნიან. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა," - ამბობს დუგლაძე.
ეკატერინე დუგლაძის მსგავსად უმუშევარია "ინფო 9"-ის სამეგრელოს კორესპონდენტი ვალერი მურღულიაც. მძიმე სამუშაო პირობებზე ისიც საუბრობს და ამბობს, რომ მაქსიმუმს აკეთებდნენ, რათა მოსახლეობას ის უსამართლობა დაენახა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.
"ჩვენს რეგიონში ადამიანის უფლებები ყოველ დღე ირღვეოდა. მოგეხსენებათ, სამეგრელოს ახალაიების კლანი მართავდა და ადვილი მისახვედრია თუ რა სიტუაცია იყო იქ. სახლში ასვლაც კი არ იყო უსაფრთხო, რადგან გვეშინოდა, სადარბაზოებში არ დაგვხვედროდნენ.
"დახურვის შემდეგ კი უმუშევარი დავრჩი და პირადად მე უზომოდ მიჭირს. ჩემ მდგომარეობაში ბევრი ჟურნალისტია. ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე ვართ," - აღნიშნავს მურღულია.
სამაგიეროდ, მისი თქმით, უმუშევრობას არ უჩივიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მათთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ და ამისათვის არც შანტაჟს ერიდებოდნენ.
"დღეს იმ ადამიანებს რომ ვხედავ, ვინც ჩვენ გვდევნიდა, სიმწრით მეცინება. მაგალითად სენაკში მათ, ვინც "ნაცმოძრაობის" სულისჩამდგმელები იყვნენ, ყველა ქმედებას "აპრავებდნენ", იმ საშინელებებს და თითოეულ არაადამიანურ საქციელს ამართლებდნენ, მოსახლეობას დაკავებით ემუქრებოდნენ, დღეს მაღალანაზღაურებადი სამსახურები აქვთ. მაშინ როცა ჩვენ, ადამიანები, რომლებიც საქმეს სულითა და გულით ვაკეთებდით, საფრთხეში ვიგდებდით არა მხოლოდ თავს, არამედ ოჯახებს, სანათესაოს, სამეგობროს და სამართლიანობის აღდგენისათვის ვიბრძოდით, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით. მიტოვების შეგრძნება გვიჩნდება, მიგვყარეს და ჩვენს უკან რომ ოჯახები დგას, ამაზე არ უფიქრიათ. ასეთ ადამიანს და ასეთ საქციელს რა ჰქვია?" - ამბობს ჟურნალისტი.
კოლეგებთან შედარებით "ინფო 9"-ის ყოფილ ჟურნალისტს, კახეთის კორესპონდენტ ნინო ხუციშვილს გაუმართლა. სააგენტოს დახურვის შემდეგ მუშაობა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაიწყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ჟურნალისტების გამოყენება და შემდგომ მათი მივიწყება უსამართლობა იყო.
"მე რომ დასაქმებული ვარ, ეს კმაყოფილების საფუძველს არ მაძლევს, რადგან ჩემი კოლეგების უმეტესობა უმუშევარია. ასე რომ, დიდ უსამართლობას ვხედავ. ჩემთვის სამართლიანობა ვერ აღდგა.
"ღრმად ვიყავით დარწმუნებულები, რომ ის დამიანები, ვინც ჩვენ გვდევნიდნენ, თავიანთი საქციელის გამო მინიმუმ პასუხს აგებდნენ. მათი ქმედება უბრალოდ პარტიული ნიშნით დაყოფა კი არა, ჩვეულებრივი დანაშაული იყო. ჩვენ მიმართ დიდ აგრესიას გამოხატავდნენ. ხშირ შემთხვევაში თავსაც გვესხმოდნენ, გვისაფრდებოდნენ. დღესდღეობით კი ზოგიერთი იმავე თანამდებობაზეა, ზოგიც - დაწინაურდა. "ინფო 9"-სა და "მეცხრე არხის" ჟურნალისტების უმეტესობა კი - უმუშევარი," - აცხადებს ხუციშვილი.
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|