აქ გაიხადეთ, მამაო, ნაკლები ხალხია. – უთხრა მილიციელმა ახალგაზრდა მღვდელს, ქვიშაზე დაეშვა და სალოკი თითით შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა. მღვდელმა აქეთ-იქით გაიხედა, იასამნისფერი ჩაჩი მოიხადა, ქვიშაზე დააგდო, ყელიდან ვერცხლის უზარმაზარი ჯვარი მოიხსნა, ჩაჩის გვერდით დადო და ზედ თეთრი ანაფორა გადააფარა.
– ბარემ სინოპის პლაჟზე გვებანავა, ამაზე მეტი ხალხი არც იქ ყოფილა. – ნახევრად წყენითა და ნახევრად ირონიით თქვა მღვდელმა.
– უხალხო ზღვას ახლა ვერსად ვერ ვნახავთ, მამაო, – წყენითვე უპასუხა მილიციელმა და მანაც დაიწყო ტანთ გახდა, თან გულში თავის უფროსს შეუკურთხა, რაღა მე გამომიშვი ამ უპატრონოს მწყემსადო. ზღვაში პირველი მილიციელი შევიდა.
– თბილია? – ჰკითხა მღვდელმა.
– ჩამოდით, მამაო, მდუღარეა. – უპასუხა მილიციელმა და დასაყვინთად გაემზადა.
– ამოდი, თუ ძმა ხარ, ესენი მოაცილე ამ ჯვარსა და ანაფორას, რაღაც ულამაზოა მაგათი ასე გვერდიგვერდ ყოფნა. – უთხრა მღვდელმა
და თავისი ტანსაცმლის გვერდით დაგდებულ მილიციელის ქუდსა და რევოლვერს ირიბად გადახედა.
მილიციელი უხალისოდ ამოძვრა ზღვიდან და ქუდს შარვალი გადააფარა, ხოლო რევოლვერს – ხაკის ხალათი.
– ასე ივარგებს? – ჰკითხა მღვდელს.
– რად გინდოდა, რომ მოგქონდა? – კითხვაზე კითხვით უპასუხა მღვდელმა და ცალი ფეხი ჩაყო ზღვაში.
– რა ვქნა, მამაო, ჩემი ჯვარი ეგ არის. – გაუცინა მილიციელმა და ხელით მოსინჯა ხალათის ქვეშ რევოლვერი.
– სატანის ჯვარია ეგ! – გადაისახა ახალგაზრდა მღვდელმა პირჯვარი და წყალში დაყვინთა. თავი რომ ამოყო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სიამოვნებისაგან სახე უცინოდა.
– სიცოცხლეა! – თქვა მან. მკერდზე ოქროსჯვარდაკიდებული, შავწვერმოშვებული და მხრებზე სველთმადაფენილი ახლა იგი შინიდან გაქცეულ ჰიპს ჰგავდა, მილიციელი კი მეტისმეტად ზრდილ, ზომაზე გაკრეჭილ და სუფთად გაპარსულ, წესიერი ოჯახის შვილს.
– შეხედეთ, მამაო, ის გოგონები როგორ გიყურებენ! – გაახედა მილიციელმა. მღვდელმა თვალი გაახილა. მათგან მოშორებით გახდილი, გათქვირული გოგონები იდგნენ და ახალგაზრდა მღვდელს თვალებს უჟუჟუნებდნენ.
– ამათ მე ბერი ხომ არ ვგონივარ? – ჰკითხა მღვდელმა მილიციელს. მილიციელს გაეცინა.– მწყერივით გოგოებია, ასეთ მწყერს გაუპუტავადაც მიირთმევდა კაცი, რას იტყვი, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა.
– ცოდვა გამხელილი ჯობია. – თქვა მღვდელმა, მერე თვითონაც გაიცინა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მილიციელად რომ წავიდა. – გაიფიქრა მღვდელმა და ზღვაში შეცურა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მღვდლად რომ წავიდა. – გაიფიქრა თავის მხრივ მილიციელმა და ზღვაში შეცურა.
– ცოლ-შვილი გყავს, მამაო? – ჰკითხა, ახლოს რომ მიცურდა.
– არა! – იცრუა მღვდელმა და დაყვინთა.
– სულიწმიდა ხარ? – გაეხმაურა მილიციელი მღვდელს, თავი რომ ამოყო წყლიდან.
– სულიწმიდა ერთია ქვეყანაზე. – უპასუხა მღვდელმა და გულაღმა დაწვა ზღვაზე.
– აკი სამიაო?! – ნიშნისმოგებით უთხრა მილიციელმა.
– ვინ სამი? – ჰკითხა მღვდელმა და გადმობრუნდა.
– მამა, ძე და სულიწმიდა! – თქვა მცოდნე კაცის სიამაყით მილიციელმა.
– ეგ სამივე ერთია, ბიჭო! – უთხრა მღვდელმა.
– როგორ შეიძლება სამივე ერთი იყოს, მამაო? – აგდებულად ჰკითხა მილიციელმა.
– მზეს ხომ ხედავ, მზეც სამებაა – დისკო, შარავანდედი და ნათელი. აი, როგორც ესენია განუყოფელი და წარმოუდგენელია მათი ცალ-ცალკე ყოფნა, ისე წარმოუდგენელია ცალ-ცალკე სამებაც, გაიგე?
– ჰკითხა მღვდელმა.
– კი, შენ თუ თქვი და მე თუ დაგიჯერე, – თქვა მილიციელმა.
მღვდელმა ხმა არ გასცა, ზღვიდან ამოვიდა და ცხელ ქვიშაზე დაჯდა.
– რა გქვია, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა უცებ.
– ნოდარი. – მღვდელმა კენჭი აიღო და ზღვაში ისროლა. მილიციელს სიცილი აუვარდა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა გაოცებულმა მღვდელმა.
– მე ვთქვი, ან ონოფრე, ან იობი, ან ლუკა, ან კალისტრატე ერქმევა-მეთქი, ამას კი ნოდარი ჰქვიებია. – სულ ჩაბჟირდა მილიციელი. მღვდელსაც გაეცინა, მერე ადგა და მილიციელს მხარზე ხელი დაჰკრა.
– ეგ ჩემი საერო სახელია, გეყოფა, ჩაიცვი!
– ცოტაც ვიყოთ, მამაო! – შეეხვეწა მილიციელი.
– კონფერენცია დაიწყება, თორემ ახლა აქ ყოფნას რა ჯობია! – თქვა მღვდელმა და ჩაცმა დაიწყო. მოსახვევში შავი „ვოლგა“ გამოჩნდა და მათკენ დაიძრა. – აჰა, აკი გითხარი, მანქანაც მოვიდა.
– ცოტაც, მამაო!
– ვინ ოხერი, სიტყვა რომ არ მქონდეს სათქმელი! – სინანულით გაშალა მხრები მღვდელმა და ანაფორაზე ის უზარმაზარი ვერცხლის ჯვარი ჩამოიკიდა. ახლა იგი კვლავ მღვდელი იყო, მაგრამ მილიციელმაც რომ ჩაიცვა და გვერდით ამოუდგა, რატომღაც პატიმარს დაემსგავსა.
– არ დაგვწვა ამ უპატრონომ? – თქვა მილიციელმა და მზეს გახედა.
– მზეზე ამბობ მაგას? – ჰკითხა მღვდელმა.
– აბა, მთვარეზე? – თქვა დასიცხულმა მილიციელმა.
– ახლავე პირჯვარი გადაისახე და თქვი, ღმერთო შეგცოდეო! – უთხრა მღვდელმა მკაცრად.
მილიციელმა გაკვირვებით შეხედა მღვდელს, ვინმეში ხომ არ ვეშლებიო და ვარსკვლავიანი ქუდი ორივე ხელით შუბლზე მაგრად ჩამოიჩაჩა. მღვდელი მიხვდა თავის შეცდომას და ახლა დაყვავებით აუხსნა:
– მზეს არ ეკადრება ეგ, მზე ხატია მზიანი ღამისა, – თან სასოებით ახედა მზეს.
– მზიანი ღამე რაღა ოხრობაა? – ჰკითხა თავის მხრივ მილიციელმა.
მღვდელი გაშრა.
– ღმერთო, შეუნდე ცოდვილს, რამეთუ ბრიყვია, უმეცარი და არ ესმის, რას ლაპარაკობს, – შეავედრა უფალს მილიციელი მღვდელმა.
– მაინც რა არის მზიანი ღამე? – ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე! – აუხსნა მღვდელმა.
მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს! – უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს.
მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა.
– გაუსწორე თვალი! – ისევ უბრძანა მღვდელმა.
– ვერ ვუსწორებ, მამაო!
– უყურე, უყურე დიდხანს.
მილიციელმა თავს ძალა დაატანა. როგორც მჭრელი დანა, ისე სჭრიდა შუქი თვალის გუგებს, მაგრამ შერცხვა და გაუძლო.
– რა ფერია? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ მღვდელმა.
– სპილენძისფერი!
– კიდევ უყურე.
მილიციელს ისე მოეჩვენა, თითქოს მზე ჩამოეღვენთა თვალებში და უნებურად ხელი აიფარა თვალებზე. აიფარა და განცვიფრდა.
– გაშავდა, მამაო, – თქვა მან ათრთოლებული ხმით. – მზე გაშავდა!
მღვდელი შებრუნდა და მანქანისაკენ წავიდა.
http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=15423