არა ჩემი არაა,პოლიტბიუროს მწერალმა დაწერა.
საღამოს, როდესაც მზის ჩასვლას სამი თითის დადებაღა აკლდა, მზემ კვლავ მოხედა ნაპირს, მაგრამ უკვე იმდენად დაბლა იყო, რომ მისი ჩაბრძანების მომლოდინე ადამიანებში ქალსა და კაცს ვეღარ არჩევდა. ყველა ერთნაირად, ოქროცურვილ შანდალივით იწვოდა ნაპირზე და ზღვის ნისლში გახვეული ყველა ერთნაირად ბოლავდა. მაშინ მზემ ოქროს მკლავი გადმოზიდა დასავლეთიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე, ნაპირზე დაგდებულ შავ კუნძს შეახო და ზღვას ჰკითხა:
– ეს კუნძი ახლა გამორიყე, თუ მანდ იყო და მე არ შემიმჩნევია? ზღვა ისე შეჩვეული იყო ამ კუნძის ნაპირზე ყოფნას, რომ ეს უკანასკნელი ხუთი წელია, ყურადღებას აღარ აქცევდა. მზემ რომ გაახსენა, შეხედა და გაეცინა:
– ეს კუნძი არ არის, მზეო, ადამიანია.
– ჰკითხე რა უნდა, რას აკეთებს აქ?
– რა უნდა ვკითხო? – რამდენჯერაც ვკითხე, იმდენჯერ რაღაც მთხოვა. არ იქნა მაგის სურვილის საწყაულის ამოვსება. შენ თვითონ ჰკითხე. – თავი აარიდა ზღვამ.
– მაინც რას გთხოვს?
– ჯერ იყო და, ამინდს მთხოვდა, მერე – შეშას, მერე – თევზს, მერე – ქვიშას, ნიჟარას, მარილს, მიწას მთხოვდა. ეს უკანასკნელი 33 წელია, შვილს მთხოვს, მეტს არაფერს. დამიბრუნეო ჩემი შვილი. მე საიდან დავუბრუნო შვილი? – ამოიოხრა ზღვამ.
– თუ წაართვი, დაუბრუნე! – უთხრა მზემ.
– მე არ წამირთმევია, სხვამ წაართვა, მერე იმ სხვამ მე გადამაბრალა. – იმართლა თავი ზღვამ.
– უთხარი, მზეს უნდა შენთან ლაპარაკი-თქო. – დაავალა მზემ.
– ადამიანო, მზეს უნდა შენთან ლაპარაკი. – შეახო ზღვამ შიშველ ფეხზე სველი ხელი. ადამიანი არ განძრეულა.
– ადამიანო, შენ გესმის ჩემი თუ არა? მე მზე ვარ და შენთან ლაპარაკი მინდა.
– ბრძანე! – უპასუხა ადამიანმა და მზეს ირიბად ახედა.
– შენ იცი ჩემი ენა, რომ მელაპარაკო?
– ვიცი, შენიც და ზღვისაც.
– მაშ, რატომ არ სცემ ხმას? – ჰკითხა მზემ.
– მე რაც მქონდა სათქმელი ზღვისთვის, ახალგაზრდობაში ვუთხარი.
ახლა არაფერი საქმე არა მაქვს მასთან, შვილის გარდა.
– შეუძლებელს მთხოვ.
– ჩემსას ვთხოვ და არა მოწყალებას. უნდა დამიბრუნოს. – თქვა ჯიუტად ადამიანმა.
– ამაყი ხარ შენ, ადამიანო! – უთხრა მზემ.
– ვარ! – უპასუხა ადამიანმა. – ძლიერიც ვარ! – დაუმატა.
– მაინც რა შეგიძლია? – ჰკითხა მზემ.
– შენ რა შეგიძლია? – ჰკითხა ადამიანმა.
– მე ყველაფერი: ზღვის დაშრობა, ტრამალის გადაწვა, ტყის უდაბნოდ ქცევა, სიცოცხლის ჩაქრობა. – ჩამოთვალა მზემ.
– კიდევ? – ჰკითხა ადამიანმა ღიმილით.
– კიდევ აი, რა!.. – წამოიძახა მზემ და უცებ წითელ, გამომწვარ ქოთანს დაემსგავსა, მერე – დამხობილ ჭურს, სოკოს, ნემსის ყუნწს, მერე თავის თავში გაძვრა და კურდღლად იქცა, მერე – მგლად და ის კურდღელი გადასანსლა, მერე სპილოდ გადაიქცა, მერე – ლომად, მერე – ვეფხვად, მერე – კატად, მერე – თასად, მერე – ჩაიდნად, მერე – ფიალად, მერე – საყურედ, მერე – ყელსაბამად, მერე – სამეფო გვირგვინად და ბოლოს კვლავ მზედ იქცა. – ახლა მე მალე ჩავალ და ქვეყნად წყვდიადს დავტოვებ, ის წყვდიადიც მე ვარ, მე ვარ ყველაფერი!
– თქვა არაქათგამოცლილმა მზემ და ცის კიდურზე მიესვენა.
ადამიანს ისევ გაეცინა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა მზემ.
– ყველაფერი ვარ მე, ადამიანი, – თქვა მან.
– მაჩვენე, რა შეგიძლია! – გამოიწვია მზემ.
– მე შემიძლია, სულ გაგაქრო შენ, რადგან შენ ხარ ჩემში. მე შემიძლია ისე გავაკეთო, რომ შენ აღარ იარსებო ჩემთვის. თან ისე უბრალოდ, რომ გაგეცინება. – უთხრა ადამიანმა და თვალზე ხელი აიფარა. – მორჩა, აღარა ხარ!
– თავხედი ყოფილხარ. – უთხრა განცვიფრებულმა მზემ.
– ვარ! – არ უარუყვია ადამიანს. – მე შემიძლია უარესი გიყო, დაგშალო, დაგაწიწილაქო, გაგაპატარაო. – უთხრა ადამიანმა და ქუთუთოები საფეთქლებისაკენ გაზიდა საჩვენებელი თითებით.
მზემ იგრძნო, როგორ დაიშალა იგი უცებ ადამიანის თვალის გუგებში, როგორ დაპატარავდა, გაათდა, გაასდა და დაწვრილმანდა. იგრძნო და სული შეეხუთა.
– ადამიანო, გამიშვი ხელი! – სთხოვა მან. ადამიანმა ხელი გაუშვა თვალთა ქუთუთოებს.
მზემ შვებით ამოისუნთქა.
– აკი გითხარი, ჩემში ხარ-მეთქი! მე ვარ სამყარო და შენ მე მემსახურები. აი, ახლაც იმიტომ ჩადიხარ, რომ ჩემს იმიერ ძმას ეახლო, ხვალ კი კვლავ მე მეახლები, რათა მთელი დღე მემსახურო.
– რომ არ გეახლო? – თქვა მზემ, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, საკუთარი თავის აღარ სჯეროდა.
– დილის ექვს საათზე, ისე რომ წუთი არ დააკლდება, მეახლები და მემსახურები! – გაუმეორა ადამიანმა.
– გესმის? – ჰკითხა ზღვას შეურაცხყოფილმა მზემ.
– მესმის! – უპასუხა ზღვის მაგივრად ადამიანმა. ზღვა უკვე თვლემდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი ესმოდა, ოღონდ ლაპარაკი ეზარებოდა, ამიტომ დუმილი არჩია და თავი მოიმძინარა.
მზე გადაირია. იგი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან ადამიანის ჯიბრით, მაგრამ დრო, ყველაფრის უფალი დრო, თავისას აკეთებდა.
მზე უკვე ნახევრად ჩასულიყო ზღვაში.
– ადამიანო! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს სამყაროში. ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს. ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს… რა გახდა შენთვის, ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი, სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში… ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა, ადამიანო? – აღმოხდა მზეს.
მისი ბოლო სიტყვები ადამიანს აღარ გაუგონია, რადგან მზე თითქმის ჩასული იყო და რაც თქვა, ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფმა კაცობრიობის მხოლოდ მეორე ნახევარმა გაიგონა. ისიც ბუნდოვნად. მზემ უკანასკნელად გაიბრძოლა და თვალის კუნჭული შეავლო დაცარიელებულ ნაპირს. იმ ადამიანის გვერდით ახლა მეორე პატარა ადამიანი იდგა.
– ვის ელაპარაკები, ბაბუ? – ჰკითხა პატარა ადამიანმა დიდს.
– არავის, ჩემს თავს ველაპარაკები! – გაუღიმა დიდმა.
– შეხედე, მზის ადგილზე მწვანე შუქი აინთო, – გაახედა პატარამ.
– ვინც ჩამავალი მზის მწვანე ნათელს დაინახავს, ბედნიერი იქნებაო, ასე ამბობენ. – უთხრა დიდმა ადამიანმა პატარა ადამიანს და თავზე ხელი დაადო.
იმ დღეს, იმ ბავშვის გარდა, მზის მწვანე შუქი თითქმის არავის დაუნახავს.