Aleko Shugladze
19 მარტი, 20:44-ზე ·
უშრეტია წყარო სამედიცინო სიტუტუცეებისა. სასოწარკვეთილ ავადმყოფებს რაღა დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მხარი აუბან მედიცინის მუშაკებს სიბრიყვეში. ურთიერთობის ისედაც აუხსნელი ფორმები, ექიმებსა და პაციენტებს შორის, ახლა მთლად აბსურდული გახდა. პარადოქსია, მაგრამ მედიცინის განვითარებასთან ერთად, სირეგვნის დონემაც აიწია.
ექიმები და პაციენტები ორ დაპირისპირებულ კლასად ჩამოყალიბდნენ და არ უშვებენ შანსს, ერთმანეთს ტვინი რომ არ მოუტნან („მოტნა“ - ზემოქმედება, ბურღვა). 50 ბრიყვ პაციენტზე მედიცინის 1 ტუტუცი მუშაკი მოდის. რადგან ცოტანი არიან, ექიმებმა ახალ ხერხს მიმართეს: თავდასხმა ისწავლეს. პაციენტი შედის კაბინეტში, რათა ექიმს ტვინი მოუტნას, ანუ ცოტათი გული გადააყოლოს და ეს უნამუსო ექიმი ჩასაფრებულია და ეგრევე შეტევაზე გადადის. იარაღები და ტექნოლოგია თეთრხალათიანების მხარეზე იყო ყოველთვის. პლუს ახლა ულტრა რაღაცეებით აღიჭურვნენ. ტომოგრაფიას სადაც უნდათ იქ გაგიკეთებენ, მაგალითად - ტრაკზე. შენ არ გინდა ტომოგრაფია ტრაკზე, მაგრამ გიკეთებს. თან ვერც მოდუნდები, იმიტომ რომ, ფულს ამაში არავინ გიხდის, პირიქით - იქით ტყავდები. არ მინდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგ მიდამოში. უმჯობესია, თავზე გამიკეთოთ, თავი უფრო მტკივა - ჩურჩულებ, ცდილობ წინააღმდეგობა გაუწიო, მაგრამ უკვე გვიანია.
უფრო მეტიც, ექიმი თან მაგიის ელემენტებსაც ფლობს და ანალიზებს გაკეთებინებს: შარდის, სისხლის, ფურთხის, ცრემლის, ჟღვინტლის... ყველაფრის ანალიზს აკეთებ, ყველაფერზე თავს უკრავ, ართმევ რეცეპტების დიდ შეკვრას და ყვირილით, გამიხსენით ზღარბი ბარათი, გარბიხარ აფთიაქისკენ, რომელიც ყველა საცხოვრებელი კორპუსის ძირშია. იქ ფასდაკლება აქვთ ყოველთვის. აფთიაქში მუდამ ახალი წელია. იქ საოცრად უყვარხარ ყველას.
ადრე მეგონა, ამოვწურე ეს თემა ჩემს ნაწერებში და აღარ მივუბრუნდები-მეთქი, მაგრამ მიღალატა ინტუიციამ. მეორე სეზონი დამეწყო - პოლიკლინიკაში.
სწორედ იქ გავიცანი „ოჯახის ექიმი“.
ვინ არის „ოჯახის ექიმი“? რატომ არის „ოჯახის“? ჩემს ოჯახს იცნობს? იქნებ მთელ ოჯახს საერთო დიაგნოზს უსვამს? თუ ოჯახი არ მყავს, მაშინ ვისი ექიმი გამოდის?
ოჯახის ექიმები ალბათ ორ ნაწილად იყოფიან: სახლიკაც ექიმებად და მოგულავე თერაპევტეპად.
ძალიან არ უნდა დაიახლოვო ოჯახის ექიმი: გარდაცვალების მერე შენი ქონება რომ არ დარჩეს.
რატომ აქვს ოჯახის ექიმს ულვაში? ვის აქვს ამ საუკუნეში დიდი ულვაში? მარტო ინდოელებს და ისიც ფილმებში. სხვას ვის? კიდევ - აგენტებს და შპიკებს. დიახ, ოჯახის ექიმი საეჭვო წარსულს ულვაშის ქვეშ მალავს.
- გეშინია? - მკითხა ოჯახის ექიმმა.
- არა, არ მეშინია.
- როგორ არა! გეშინია!
- არ მეშინია...
- მშიშარა ჩანხარ.
- ცოტა ყველას გვეშინია...
- აი, ხომ ხედავ, შეგატყვე, გაკანკალებს რაღაცნაირად.
რატომ მოხდა ეს, რა მინდოდა ოჯახის ექიმთან?!
ოთხშაბათს, ღამის თერთმეტზე, რუმინულ დრამას, „ბატონ ლაზარესკუს სიკვდილს“ ვუყურებდი, როცა დამამთქნარა. შევშინდი. მეორეჯერ დამამთქნარა, ძალიან ავფორიაქდი. ოთახში სხვებიც იყვნენ და იმათმა არ დაამთქნარეს. არადა, მთქნარება ხომ გადამდებია? ესე იგი, ეს არ იყო ჩვეულებრივი, ბუნებრივი, გადამდები მთქნარება. აშკარად გულიდან მოდიოდა. ავადმყოფური მთქნარება მქონდა. მაქსიმალურად ავნერვიულდი, სპაზმი მეტაკა ყელში და დავახველე. ცუდად იყო საქმე. თავი უნდა ამეყვანა ხელში, მეტჯერ დახველების უფლება აღარ მქონდა... ისევ დამახველა და ბოლოში კინაღამ ნერწყვი გადამცდა. ხომ ხვდებით, ყველაფერი ისე განვითარდა, რომ არ შეიძლებოდა არ დამესვა კითხვა ჩემი თავისთვის:
- ალექს, რამდენი ხანია, რაც პოლიკლინიკაში არ ყოფილხარ?
გამოდის, ხვალ მაინც მომიწევს ოჯახის ექიმის გაცნობა. სამედიცინო გაურკვევლობამ ეგრევე დამთრგუნა - შიშისგან ოდნავ ფისები მომინდა.
შარდი აშკარად მუქი მეჩვენა და სარკეში ჩავიხედე. ენა გამოვყავი და დავაკვირდი. გაგებაში არ ვარ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ავადმყოფის ენა - ისე ვაკვირდები ხოლმე, მექანიკურად. ცხვირი მოვიხოცე ნაზად, კაპილარი არ გამისკდეს-მეთქი. ლოგინში შევწექი უნაზესად, წნევას რომ არ აეწია. დამავიწყდა, რომელ მხარეზე ვწევარ ხოლმე: მარჯვენაზე დავწექი და მერე მარცხენაზე გადავტრიალდი. უცბად, გამახსენდა, რომ კიმ-კი-დუკის ფილმში, ერთ კორეელ ბუდისტს გულაღმა სძინავს და მეც ზურგზე დავწექი.
ღმერთო, ჩავილაპარაკე, მალე გათენდეს რა, რომ პოლიკლინიკამდე მივაღწიო როგორმე.
პოლიკლინიკა ცხრაზე იღება. მე დილის შვიდის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და რიგი მეჭირა. ძალიან მსიამოვნებს, როცა სხვები ჩემს მერე მოდიან. მივდი-მოვდიოდი და ორი საათის განმავლობაში, სიცარიელს კვეთდა ჩემი წამოძახილი: მე ვარ პირველი... მე ვარ პირველი. ქართული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუ პირველი ხარ, ექიმთან მესამე მაინც შეხვალ.
დავიღალე და ჩამოვჯექი. ერთი წამით ვერ მოდუნდები კაცი - ქალი შემოხტა მოსაცდელში და საეჭვოდ დაიწყო მოძრაობა, დაბნეული ავადმყოფის როლს თამაშობდა და ვითომ რაღაცას ეძებდა. შორისდებულებს და ნაცვალსახელებს ისროდა: ოი, ეს, ის, ვაი, ეჰ...
ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ: თუ მოსული არ სვამს კითხვას - „ვინ არის ბოლო?“ - ის პოტენციური მტერია.
გამოვიცანი: სალაროსთან მივიდა და რაფაზე მკლავი ჩამოსდო... გვერდულად გამომხედა, მერე მკლავს თავი დაადო. თვალს არ ვაშორებდი, ჩემთვის ნაცნობია ეს ხრიკები. წელში გასწორდა, რაფას ახლა ორივე იდაყვითა და ზურგით დაეყრდნო და ჩემსკენ მკერდი გამობურცა. ერთმანეთს ვბურღავდით... თვალსაც არ ვახამხამებდი... ვეღარ გავუძელი და ერთხელ დავახამხამე, მხოლოდ ერთხელ. ქალი უცბად შეხტა და სარკმლის წინ, გამოწეულ რაფაზე წამოწვა.
სწრაფად უნდა მემოქმედა... იქვე რაფაზე ძგაფან, გატრუპვიზაცია და მერე კვალის წაშლა...
სწორედ იმ წამს კარი გაიღო და კიდევ ერთი მტერი შემოვიდა. მოსული იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც შემოსვლისთანავე სვამს კითხვას, „ბოლო ვინ არის?“, მაგრამ პასუხი ჰკიდია უკვე დიდი ხანია. რაფაზე წამოწოლილმა კი თავი ჩემსკენ გამოაქნია და წამოაყრანტალა: ეს არის ბოლოო. სულ რაღაც წამებში, მესამე აღმოვჩნდი, კატასტროფის წინაშე დავდექი.
გარეგნულად ბუნჩულას იერი მაქვს, მაგრამ შიგნიდან ალიგატორი ვარ. პირი გავაღე და მწოლიარისკენ დავიძარი. ჩამოდი-მეთქი, დავიხავლე, დავაი მალე, ჩამოძვერი. ნიანგის მიხვრა-მოხვრა მქონდა: წინა პატარა ხელებსაც შესაბამისად ვამოძრავებდი. წამოწოლილმა დაზეპირებული ტექსტი რამდენჯერმე შეცვალა: ჯერ დედა გახადა ავად, მერე მამა მოკლა, შემდეგ დაიყვირა: სიფილისი მაქვს არ მომეკაროო. ბოლოსკენ დაერორდა სერიოზულად: გაიგე პრეზიდენტმა რა თქვა: სექსში სერიოზული გამოცდილება მაქვსო. მაგას ვჭამდი? ე, ქალო, შევუძახე, აქეთ შემომხედე! ორჯერ დამამთქნარა გუშინ და თუ გონზე არ მოხვალ, სერიოზულად დაგჩქმიტავ-მეთქი. ქალებს ჩქმეტების ეშინიათ, ვიღაცამ მითხრა ადრე.
ამ დროს კარმა გაიჯახუნა, ყველამ იქითკენ გავიხედეთ: მეოთხე ავადმყოფიც შემოვიდა და პირდაპირ ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა. უთანასწორო ბრძოლაში ჩავები, შემოსულ ნაბიჭვარს დავუძახე: ჰეი!
შემომხედა. ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და სტეპლერი ვიპოვე. სტეპლერი ყოველთვის თან მაქვს. სტეპლერის გარეშე, სადაც რიგებია იქ არც უნდა მიხვიდე. სტეპლერი ორჯერ გავატკაცუნე და იარაღის გადატენის ხმა გამოსცა, ნაცადი ხერხია. „იარაღის“ ჩხაკუნზე თავხედი შედგა. ეგრევე, ქურთუკის ჯიბე შიგნიდან „პისტოლეტის ლულით“ გამოვბურცე.
- უკან დაიხიე! - ვუთხარი ჩარლზ ბრონსონის ხმით - თორე დაგადუღე ადგილზე!
ისევ პირველისკენ მივტრიალდი, მოვქაჩე და რაფიდან გადმოვასკუპე. მთლად სკუპი არ გამოუვიდა... დაცემისას: „ვაიმე დედაო“.
კვლავ გაიღო კარი და როგორც „მატრიცაში“ შემორბიან ვირუსი მისტერ სმიტები ნეოს მოსაკლავად, ისე დაიწყეს პაციენტებმა შემორბენა.
- აქეთ! - დავიყვირე, - ანკეტები თავდება! ანკეტის გარეშე, არავის შეუშვებენ!
რუსებისგან განსხვავებით, ქართველებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რა თავდება და რა - არა. მოსკოვში ცხოვრებისას, მეც გადმომედო გათავების პანიკური შიში და ვიდექი ხოლმე რიგში, მათთან ერთად... ხრენ ივო ზნაეტ, რას ყიდდნენ. ერთხელ ისე გათავდა ის რაღაც, რომ ვერც გავიგე, რის ყიდვას ვაპირებდი. ძალიან ავღშფოთდი მაშინ, ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ ის „რაღაც“ ძალიან მჭირდებოდა.
მაგრამ ამ შემთხვევაში გაამართლა: რუსიან, სომხიან, ქართველიანად, ყველა მიმღებს მოაწყდა - ექიმებთან ხუმრობა არ ღირს - ვაი და მართლა გათავდა ანკეტა - განწირული ხარ, აღარავინ მიგიღებს.
ამ დროს სარკმელიც გაიღო და თავი შევყავი, დამაჯერებლობისთვის მარჯვენა ბეჭიც შევატიე და გოგონას ჯეიმს ფრანკოს ღიმილით გავუღიმე: ცუნცულ, ოჯახის ექიმი მინდა.
ქალი თუ კაციო.
ჩამჭრელი კითხვა იყო, ასეთი კითხვებით დროს იგებენ და გაკვირდებიან. რამდენიმე წელია, რაც მედიცინამ შეცვალა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმები. პირველივე წამიდან შემოაქვს შენში დესტრუქციულობა, მერე რომ გმართოს და წამლებით გჭყიპოს.
ქალი თუ კაცი? ეს ხომ ისეთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი ვერასოდეს გაეცემა. კატასტროფული ორმაგობაა, ამონახსნი არა აქვს. ერთადერთი ამონახსნი ასეთია: ხან ქალი, ხან კაცი. მაგრამ ასე ვერ უპასუხებ. ეგრევე იარლიყს მოგარტყამენ და უმცირესობაში აღმოჩნდები, სადღაც ყვითელ ავტობუსში, სერიოზული ნჯღრევის ქვეშ. ამოცანის ამოსახსნელად სულ რამდენიმე წამი მქონდა და საუკეთესო პასუხი ვიპოვე:
- ქალიც და კაციც.
ხვდებით ხომ, ქალიც და კაციც უფრო დამაჯერებელი პასუხია, ვიდრე: ხან ქალი, ხან კაცი. ანუ, ჩამოყალიბებული ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებდი.
- მაშინ კაცი, - თქვა ექთანმა.
- რატომ კაცი? - ჩავეძიე.
- რატომაც არა?
- იქნებ ქალი?
- ჩამოყალიბდით.
- ერთი წამით, ვფიქრობ...
- მალე იფიქრეთ, რიგია თქვენს უკან! ქალი თუ კაცი?
- ქალი...
- კაცი, არა?!
- დიახ, კაცი.
- მე-8 ოთახი: ოჯახის ექიმი - კაცი.
- კარგი ექიმია?
- საუკეთესო.
კითხვა: „როგორია?“ - გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი დააბოლებინო. სადმე, რომელიმე გამყიდველს, ექთანს, ვინმეს უპასუხია: არა, არ ვარგა? „ეს 15 ლარიანი ჩინური კედები, დიდხანს ძლებს?“ „აუჰ, ძალიან“.
უბედურ პაციენტებს ამაყად ჩავუარე და მერვე ოთახში შევედი.
- აქ არ დაჯდე! - დამიყვირა ოჯახის ექიმმა, - აქ დაჯექი!
- სად დავჯდე?
- დაჯექი, დაჯექი.
დავჯექი.
- გაიხადე ეგ ბუშლატა, არავინ მოგპარავს.
გავიხადე, ჩამოვკიდე და ისევ დავჯექი.
თვალებში ჩამაცქერდა და მკითხა:
- რამდენი წლის ხარ?
- ორმოცდაათის.
ჩაეცინა. არადა, ჩემხელა იყო, ჩემზე ბებერიც. მეც ჩამეცინა და სწორედ აქედან დაიწყო დიალოგი:
- გეშინია?
- არა-მეთქი. ხომ გითხარი: არ მეშინია!
- გაკანკალებს და...
- წნევა მაქვს.
- რისგან გაქვს წნევა?
- ემოციური სამსახური მაქვს და ბევრ ხალხს ვნახულობ და წნევა მიწევს...
აქ თავი გაყიდა ნაბიჭვარმა:
- შენ გგონია, მე ცოტა ხალხს ვნახულობ. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამდენი ადამიანი მოდის. მოდიან და მოდიან და თავის ამბებს მიყვებიან, თავის გაჭირვებას. მაგრამ მე არ მეშინია! გესმის, არ მეშინია!
სახით ძალიან ახლოს იყო მოსული ჩემთან და თავი გვერდით გავწიე. საკუთარ სისუსტეებს მტენიდა უეჭველი.
- „მკვდარი მკვდარს აეკიდას“ პონტია, პატივცემულო, - გახუმრება ვცადე.
- ხუმარა ჩანხარ. იმერელი იქნები.
- დიახ.
- საიდან?
არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ანუ ხონიდან ვარ, მაგრამ მერე მეკითხებიან: საიდან ხონიდან და ვეღარ ვიხსენებ: წითელი ვარსკვლავიდან ვარ, დიდი ჯიხაიშიდან, თუ მათხოჯიდან.
- ცოტათი აფერისტიც ხომ არ ხარ? ჰა-ჰა, გეხუმრები ბიჭო...
- ცოტაცი ყველანი აფერისტები ვართ.
- აიწიე სახელო და იმ ფოტოს უყურე.
- რომელ ფოტოს?
- ჩემს უკან რომ არის.
ოჯახის ექიმის უკან პატარა ბავშვი ქოთანში ფსამდა. ნაქარგი იყო, თუ რა იყო ვერ მივხვდი. ბავშვს სახე ცუდად ჰქონდა ამოქარგული და დიდს ჰგავდა. აქეთ იყურებოდა და აღფრთოვანებული ფსამდა.
- რამხელა წნევა გქონია! - წამოიყვირა ოჯახის ექიმმა და თავიდან გაზომა.
- რამდენი მაქვს?
- ბევრი გაქვს ძმაო... წნევას ვინ გიზომავს?
ვინ მიზომავს და ის, ბებიაჩემი - ნინა ზახარევნა. ვინ უნდა მიზომავდეს?
- ცუდი პაციენტი ხარ. ასეთ დღეში როგორ ჩაიგდე თავი!
- რა ვიცი, წამლებს ვსვამ...
- წამლებს იმიტომ სვამ, რომ გეშინია.
იქ სხვების ანკეტები ელაგა და ვიფიქრე, ერთ-ერთს დავწვდები და თავზე დავიხევ-მეთქი. აი, მერე ნახავდა შიშს. ერთ-ორ ფურცელს ზაპროსტა შევჭამდი, ისე ვიყავი უკვე. წამოხტომა მინდოდა და მეთქი მელანს გადავაყირავებ და მთელ მაგიდას დავუსვრი. მელანი არ იდგა და ხელი გავაპარე, კომპიუტერის შნური უნდა გამომეძრო როგორმე.
- სვი და იყავი, მაინც არ გვშველის, ხომ ხედავ... - ჩაიდუდღუნა ულვაშებში, - დღეს დალეული გაქვს?
- კონკორი, ენაფ-აში, ანაპრილინი და... - დავფიქრდი, კიდევ რაღაც მქონდა დალეული და ვერ ვიხსენებდი.
- სარბენ ბილიკზე უნდა გავიდეთ, - თქვა მოულოდნელად ოჯახის ექიმმა.
- რატომ?
- იქ ვნახავთ, რისი ტრაკი გაქვს, - ჩაიცინა ექიმმა, - ნუ გეშინია ბიჭო, შენს გვერდით ვარ.
- ისე შენ შეგეცი, - არ მითქვამს, გავიფიქრე.
- რამე მითხარი?
- არა, არაფერი.
- წამოდი, წამომყევი.
გავედით და დერეფნის ბოლოსკენ წავედით. გადაჭედილი იყო პოლიკლინიკა. კართან გავჩერდით. ულვაშამ თავი შეჰყო და იკითხა: „ცარიელია ბილიკი?“ სანამ უპასუხებდნენ, ვიღაც მომიახლოვდა. მივუტრიალდი, მამაჩემი იყო, 10 წლის წინ გარდაიცვალა. ექიმებმა მოკლეს წამებით. მამამ ჩუმად მითხრა:
- გაიქეცი! მანდ არ შეხვიდე, გაიქეცი!
- რატომ გავიქცე, მამა? ვერ ვხვდები, რას მეუბნები.
- გააკეთე, რასაც გეუბნები. მერე გაიგებ.
- აქამდე ძლივს მოვსულვარ და სად უნდა გავიქცე!
- წადი შენი!
შეტრიალდა და წავიდა.
- მამა! - დავუძახე.
- რა გინდა?
- არა, არაფერი.
აქ მთავრდება პირველი ნაწილი.
Coming soon... >
ნაწილი მეორე: „ალეკოს გარდმოხსნა სარბენი ბილიკიდან.“
* * *
ვაიმე ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლია........ ბოლომდე წაიკითხეთ
წინა სერიებში:სამყარო შეიცვალა. ადამიანები ორ ნაწილად დაიყვნენ: ექიმებად და პაციენტებად. მაგრამ ბეჭდები მარტო ექიმებს ჰქონდათ.
- გეშინია? - მკითხა ოჯახის ექიმმა.
- არა, არ მეშინია.
- როგორ არა! გეშინია!
ვინ არის ოჯახის ექიმი? ვინ არის ოჯახის ექიმი!
გონება მებინდება: იქნებ, მე თვითონ ვარ მონსტრი და არ ვიცი.
ისე მოხდა, რომ 2106-ის მარტში, პოლიკლინიკაში აღმოვჩნდი.
- მანდ არ დაჯდე! - დამიყვირა ექიმმა, - გაიხადე ბუშლატა!
მტერმა იმატა: შემორბოდნენ და შემორბოდნენ.
- ურიგოდ ვერ წახვალ! - დავიყვირე, - ურიგოდ ვერ წახვალ!
როგორმე თავი უნდა დამეღწია ამ ლაბირინთისთვის.
- ჯეკი!
- მე დაგაზღვევ! - დაიყვირა ჯეკიმ.
- შავ ჩანთას ბილიკთან იპოვი, - მითხრა მეკავშირემ.
- უცბად აარჩიე! - დამიყვირა ექთანმა - დრო აღარ გაქვს.
- შენ გგონია, მე ცოტა ხალხს ვნახულობ. მოდიან და მოდიან და თავის ამბებს მიყვებიან, თავის გაჭირვებას. მაგრამ მე არ მეშინია! გესმის, მე არ მეშინია!
- რატომ უნდა წამოგყვე ბილიკზე? არ წამოგყვები! - შევყვირე შეშინებულმა.
- გაიქეცი! მანდ არ შეხვიდე, გაიქეცი! - მითხრა მამამ.
- რატომ გავიქცე, მამა? ვერ ვხვდები, რას მეუბნები.
- გააკეთე, რასაც გეუბნები - მერე გაიგებ.
(აქ მუსიკა შედის:
https://www.youtube.com/watch?v=nmy113gMds0)Metro-Goldwyn-Mayer და New-Line-Cinema
წარმოგიდგენთ:
„გულადი ალეკოს გარდმოხსნა“
თემქა, მე-11 მიკრორაიონი, სადღაც ზღვასთან, პოლიკლინიკაში, ტრაკების ტრაკში. 12:30 ტყუილად
(აქ მუსიკა გამორთეთ)
- მამა!
- ნუ გეშინია, ალეკო?
- არ მიმატოვო, მამა...
- უნდა წავიდე, ალეკო...
კარი გაიღო და „დატვირთვის ოთახიდან“ სანიტრებმა მამაკაცი გამოასვენეს. იღლიებიდან ეჭირათ და პაციენტი ფეხებს მოათრევდა. როცა გაგვისწორდნენ, მამაკაცმა თვალებში ჩამხედა და ამოილუღლუღა:
- არაფერი მითქვამს... გესმის, ვერაფერი მათქმევინეს.
შემდეგ, წონასწორობა დაკარგა, ჩემსკენ გადმოქანდა და ჩამომეკიდა. სანამ წაათრევდნენ, ყურში ჩამჩურჩულა:
- შავ ჩანთას იქ იპოვი, ბილიკთან.
- კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, - თქვა ოჯახის ექიმმა და თვალი გააყოლა პაციენტს, - 15 წუთი გაუძლო დატვირთვას და არაფერი გვითხრა.
- რა უნდა ეთქვა? - დავინტერესდი.
- ძირითადად გვაინტერესებდა, რამე ოპერაციაში თუ იღებდა მონაწილეობას. ვცდილობდით გაგვერკვია, შეხება თუ ჰქონდა რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და ატომურ სადგურებთან. რამე კავშირები ხომ არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ანუ დაზღვევაზე ვკითხეთ. მარტო ვმუშაობ, არავინ მაზღვევს და არც მეკავშირე მყავსო. მოკლედ, მაგრად დავტვირთეთ და ვერაფერი დავაცდენინეთ. ბოლოში ყვიროდა: ადვოკატის გარეშე, ვერაფერს მათქმევინებთო.
ოთახში კარდიოლოგი დაგხვდა, ორმოც წელზე მეტს არ მისცემდი, მაგრამ მასაც ულვაში ჰქონდა და შეიძლება ოთხმოცისაც ყოფილიყო. ერთმანეთი გადაკოცნეს და კარდიოლოგმა ოჯახის ექიმს უთხრა: ოთო, როგორ ხარო. ჩემი ეჭვი მართლდებოდა, როგორც იქნა მივაგენი: ეს ტიპი „ოთო“ არ იყო, ოტო იყო - ოტტო სკორცენი, ობერშტურბანფიურერი, მესამე რეიხის მებრძოლო - თითქოს 1975-ში დაიბრიდა, ცოცხალი ყოფილა. ჰო მაინც მოგაგენი, შე ნაბიჭვარო, ეხლა ნახე, რა გიქნა. მაგრამ ის ვინ იყო, კარდიოლოგი?
პასუხმა, არ დააყოვნა და ოტტომ იმას: სოსო, როგორ ხარო, შე ლოთოვო. სოსო? ვინ სოსო? სტალინი? არა, რა სტალინი... სოსო - ესი იგი - იოზეფ... იოზეფ! ეგ არის: იოზეფ რუდოლფ მენგელე - „ოსვენციმის“ ექიმი - მეტსახელად „სიკვდილის ანგელოზი“. ხედავ სად იმალებიან: თემქაზე. მთელი ჰააგა ამათ დასდევს, ჰააგა და ის - ნიურბერგი, და ესენი კიდევ აქ მოკალათებულან თბილად, მე-11 მიკრორაიონში, ნანულას მაღაზიის გვერდით.
იოზეფმა ოტტოს ჰკითხა; ხელფასები თუ იყოვო. არაო, ამან. რაღაც შიფრია... ამათი დედას ის ვუქენიო. იმან: მეცო, ამან: ეს რას გვიშვრებიანო. უეჭველი, შიფრია. ნეტავ, რაზე ბაზრობენ. როგორმე უნდა გამერკვია.
ოტტო გავიდა და იოზეფთან პირისპირ დავრჩი. აბა, რა გაწუხებსო, დაინტერესდა. წნევები მაქვს-მეთქი და სადო. ჰა-ჰა, გაგვეცინა ორივეს. შენ თვითონ როგორ ფიქრობ, რისი ბრალიაო. ანუ, ჩვეულებრივი ექიმის საუბრის მანერა ჰქონდა დამუღამებული, ტექნიკურად რომ გაფქვევინებს ყველაფერს.
მე ვუთხარი, ლიპიდური ცვლა მაქვს დარღვეული, რის გამოც სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობამ მოიმატა და ამან არტერიული ჰიპერტენზია წარმოშვა-მეთქი. იოზეფმა გაკვირვებულმა შემოხედა: ვერ მივხვდი, რისი „პრეტენზიაო“. ძალიან მაგრა თამაშობდა. ანუ მთლიანობაში გულის იშემიურ დაავადებასთან გვაქვს საქმე-მეთქი. თავი გააქნია და ჩაიცინა. რა გაცინებს-მეთქი. და იმან მითხრა: შენ ისე მოგდის, ქართველები ყველაფერში რომ ვერკვევით ვითომო. აბა, შენი ვერსია დადე-მეთქი. მე ვფიქრობ, ლიპიდური ცვლა გაქვს დარღვეული, რის გამოც სისხლში ტრიგლიცერიდებმა მოიმატა, წარმოქმნა არტერიული ჰიპერტენზია და ეს არის იშემიური დაავადებაო.
ეგრევე ვერ შემოვარტყამდი, ფრთხილად უნდა მემოქმედა, უფრო დიდი მისია მქონდა. ამბიციები არც მაქვს, მერე რა, რომ ჩემი ვერსია მიითვისა. ორმაგად ამოვადენდი ყველაფერს სტრასბურგში.
დატვირთვაზე როგორ ხართო, - ეშმაკურად გამიღიმა. დატვირთვა და ტრაკის ჟიმჟიმი მაშინ უნდა გენახა, 90-იანებში თეთრ ღვინოს წითლად რომ გარდავქმნიდით, ერთ საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიაში. ცისტერნიდან ცისტერნაზე დავხტოდი: წითელს რამდენიმე ფერის კომბინაციით ვიღებდით. ერთხელ, ვერა და ვერ დავაჯინე ფერი და მეორე დღეს, მყიდველი რომ მოვიდა და გემო გაუსინჯა, უნდა გენახა ტუჩები რა ფერი გაუხდა. თავის ტუჩებს ვერ ხედავდა და იფ-იფო იძახდა.
დავაი, დამტვირთე-მეთქი. ზემოდან გაიხადეო. ზემოდან კიდევ არა უშავს - გავიფიქრე. იქ მიდიო. მივიხედე და ის დავინახე: „მორბენალი ბილიკი“. გული შემეკუმშა.
ფეხები რომ მიკანკალებს - მშიშარა არ გეგონოთ. მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მივედი გილიოტინასთან. აქეთ მოტრიალდიო და რაღაც შნურების მიმაგრება დამიწყო მკერდზე. ბოლო წუთამდე უნდა მომეთმინა, ისე ვერაფერს დავუმტკიცებდი. მერე კი წამებისას, ფაქტზე დავიჭერდით. რა სუფთად გაქვს მკერდი გაპარსულიო. წავუყრუე, ხომ არ ვეტყოდი, 2011-იდან რომ მაწამებენ და მაპუტავენ თმას მკერდზე. ახალ ხერხს მივმართე და მე თვითონ ვიპარსავ უკვე: ეჰ...
ბილიკზე ადიო. ფეხზე გავიხადო, ვკითხე. როგორც გინდაო. არ გავიხდი-მეთქი. დროის წელვას აზრი არ ჰქონდა და ბილიკზე ავედი. მაღალზე იყო, ეგრე ადვილად ვერ გადმოხტებოდი კაცი.
ძრავამ დაიგრუხუნა და ბილიკი სწრაფად ამოძრავდა.
- გავიქცე? - ვკითხე ექიმს.
- არ გაიქცე, დიდი ნაბიჯებით იარე.
მეტრა-ოცი ვარ სიმაღლეში, დიდი ნაბიჯებით როგორ უნდა მევლო, რა სირობას მეუბნებოდა. მეტრაოციანი კაცი, მეტრიანი ნაბიჯებით როცა მიდის, ეგ არის სწორედ მაგარი პრიკოლი. სხვა გზა არ მქონდა და შევუბერე. ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდიოდი და ალბათ პირველი, სწორედ მენჯის ძვალი ამომვარდებოდა. ხელებს ბურატინოსავით ვიქნევდი.
- ხელებს ეგრე ნუ იქნევთ! - დამიყვირა იოზეფმა, - სახელურს მოეჭიდეთ.
წინა სახელურს მოვეჭიდე და ეგრევე მტვირთავს დავემსგავსე, მძიმე ურიკას რომ მიაგორებს აღმართში. წინ ფანჯარა მქონდა და ზემოდან კარგად ჩანდა პოლიკლინიკის ეზო. ვიღაც ხანშიშესული ხელებს იქნევდა, ხმა არ მესმოდა, ცოლივით ქალი აწყნარებდა. მერე ექთანი გამოვარდა და მამაკაცი უკან შეათრიეს.
- ეხლა სიჩქარეს მოვუმატებ! - დაიყვირა იოზეფმა.
კომპიუტერის მონიტორს ვხედავდი: სიჩქარე 5 კმ/სთ. წნევა: 170. ნაბიჯებს ვადგამდი - იმის დე! ყელში მომაწვა რაღაც, გული ამიჩქარდა.
- აბა, სიჩქარეს ვუმატებ! - ისევ დაიყვირა იოზეფმა.
120 დარტყმა წუთში, სიჩქარე 7 კმ/სთ. უნდა გავიქცე, გავიფიქრე.
- გაიქეცით, გაიქეცით... - კარდიოლოგის ხმა მომესმა.
სირბილზე გადავედი, თავი ზემოთკენ ავწიე და ჰაერს ხარბად დავეწაფე. უკვე თევზს ვგავდი, ოკეანიდან გამორიყულს.
- თქვენს ანკეტაში წერია, რომ ადრე ძრავების ქარხანაში მუშაობდით, - თქვა იოზეფმა. აჰა, დაიწყო, მთელი ბიოგრაფია ზეპირად იციან. ასეთ მდგომარეობაში რაც შეიძლება თავშეკავებულად უნდა მეპასუხა და შევძახე:
- 80-იანებში სად ვმუშაობდი, რა თქვენი ტრაკის საქმეა!
არ შეიმჩნია და ეჭვი უფრო გამიძლიერდა. მაგრამ უცბად მიპასუხა:
- არაფერი... უბრალოდ, ადრე მეც იქ ვმუშაობდი.
ანუ იოზეფი ექიმიც კი არ აღმოჩნდა, ინჟინერ-ტექნოლოგია ჩვეულებრივი. უარესი: ყველა საიდუმლო ობიექტზეა ნამუშევარი - უშპიკესი შპიკია.
- კარგად მოეჭიდეთ, ვუმატებ!
წინა სახელურს ჩამოვეკონწიალე, თვალები გამიელმდა: წნევა - 180, გულისცემა - 130, სიჩქარე 10 კმ/სთ-ში. ჩემი სახლი 2 კოლომეტრით არის დაშორებული. ანუ აქედან რომ გავიქცე, სახლში 12 წუთში ვიქნები. ბევრია, დამიჭერენ გზაში... უნდა მოვიცადო... სწორედ აქედან დამეწყო აზრების არევა.
- 10 კილომეტრს თუ გაირბენთ, ესე იგი, საოპერაციო არ ხართ. - იოზეფის ხმა მომესმა
გავირბენ, მა რას ვიზამ. ოპერაციას, 50 კილომეტრის გარბენა სჯობს.
- უფრო მოუმატეთ! - ახლა მე დავიყვირე, - რას მივზოზინობთ... 50 კილომეტრს საღამომდე ვერ დავფარავ.
- მაშინ ვუმატებ! - დაიძახა გახარებულმა.
20 კილომეტრი საათში. ახლა რომ გავიქცე, მე-3 მიკროში 6 წუთში ვიქნები. ბედელაძეებთან კარგ ლობიანს დავითრევ და ეგრევე სარდაფში დავიმალები, მურაბებში და ტყემლებში.
- როგორ ხართ?
- ერთხელ ჩემთან უნდა დაგპატიჟოთ სარდაფში, - დავიყვირე ეიფორიაში მყოფმა, ადრენალინი თავისას შვრებოდა. - იქ ტომატებში და მწნილებში...
- ანუ, ვუმატებ!
- დიახ, მეგობარო, 30-მდე ასწიე. სადღაც იქ ბადრიჯნებში და კომპოტებში ჩაგმარხავ... (ბილო სიტყვა „მორბენალი ბილიკის“ ზუილმა გადაფარა.)
30 კმ/სთ-ში ზღვარი იყო. მეტს ვერავინ უძლებდა, გაგარინმაც ვერ გაუძლო. ხელებით ვეღარაფერს ვეჭიდებოდი, სტაიერივით გავრბოდი, ოფლი თვალებში ჩამდიოდა: ისუნთქე...ისუნთქე... ვუყვიროდი საკუთარ თავს.
სპიდომეტრის ისარმა 40 კილომეტრს მიაღწია, სარბენმა ბილიკმა გრუხუნი და ჭრაჭუნი დაიწყო, აქა-იქ ბოლტები და ვინტები დაძვრა, წნევა 200, გულისცემა 150- ტახიკარდია.
- ვერ დავჯდებით, - დავიყვირე, - უკანა ძრავა გამორთეთ, შლუზები დახურეთ და მერე გახსენით. 500 მეტრი მიწამდე... იოზეფ! იოზეფ!
- აქ ვარ კამანდირ!
- მე-4 ატსეკი მოხსენი, ვაკუუმში გადადი, სიჩქარე 50 კმ-მდე გაზარდე!
- დიახ, სერ!
- 50-ზე ჰალუცინაცია დამეწყება და შენ თავზე აიღე მართვა. იოზეფ, შენი იმედი მაქვს!
- დიახ, სერ!
მეზობლები გამომიყლევდებიან, ასეთი სისწრაფით რომ შევარდე კორპუსში.
- რამდენია იოზეფ?
- 60 კმ/სთ, კამანდირ, საჭეს ვეღარ ვიმორჩილებ...
ჰალუცინაციები დამეწყო. ზმანებები და ხილვები წამოწოლილზე და მოწეულზე იცის, მაგრამ მე სირბილისას დამეწყო.
„მოსკვიჩ-412“ ვიჯექი და ტრასაზე ვუბერავდი. გვერდით ბებო მეჯდა - ნინა ზახარევნა. ბებო, - ვკითხე მე, - რომელში გარდაიცვალე? 1979-ში,- მიპასუხა ბებომ. არა, რა 79-ში... - შევეპასუხე, - 78-ში გარდაიცვალე, კარგად მახსოვს. არა, ალეკო, მე უფრო კარგად მახსოვს - 79 იყო. ბებო! - დავუღრიალე, - ხომ ხედავ რა დღეში ვარ, ეხლა მაინც დამითმე ცოტათი! დაგითმობდი, მაგრამ 79-ში გარდავიცვალე და... ბებო, - დავუყვირე, - ძალიან მიყვარხარ, მაგრამ წადი შენი!
ჰალუცინაციიდან გამოვედი და ისევ გავრბოდი. ფაქტობრივად, მცხეთა გავირბინე უკვე და გორისკენ მივგაზაობდი.
ფანჯრიდან ყმაწვილი გოგო დავინახე, ალბათ აკლდა მოშნად, ისე პოლიკლინიკაში რა მოიყვანდა. ეგ დამეხმარებოდა უეჭველი, ჩემსკენ იყურებოდა ზემოთ. ხელების ქნევა დავიწყე და თან გავყვიროდი რაღაც სიტყვებს... დამეხმარე-მეთქი. ძალიან გაკვირვებული იყო. წარმოიდგინე, ზემოთ იყურები და ფანჯრიდან, საშინლად გაწითლებული მამაკაცი, ოფლიანი, წელზემოთ შიშველი, თმა რომ მქონოდა - აბურძგნული, მკერდზე მიმაგრებული სადენებით, გაელმებული, მძიმე სუნთქვით... ხელებს გიქნევს. რას იზამ? იასნია, გაიქცევი. ჰოდა, იმანაც, ვაიმეო და მოკურცხლა.
უცბად, კარი გაიღო და ოტტომ შემოჰყო თავი, ხმაზე მივხვდი.
- ხელფასები იყო, სოსო.
- ვიცი, ესემესი მომივიდა.
ესეც შიფრი: ჩემზე ჰკითხა: ალაპარაკდაო? ამან, არაო.
ზღვარზე ვიყავი, ბოლო ვარიანტი დარჩა - შეხტომა, სახლში ვივარჯიშე, სანამ აქ მოვიდოდი. ბილიკზე შევხტი და შევეცადე სიგანეზე გავწოლილიყავი, ბილიკის მოაჯირებზე. პირველ ჯერზე უშნოდ შევხტი და ისევ იქ დავხტი, სადაც ავხტი და კინაღამ გავზომე. მეორეზე, თითქმის გამომივიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხით ვეკიდე და მეორეთი მაინც გავრბოდი. ისევ გაიღო კარი და მთავარი ექიმი შემოვიდა და პრაქტიკანტები შემოიყვანა. ამათმა ხომ გამიტრაკეს საქმე. ისე სადმე ვერ მივედი, პრაქტიკანტები რომ არ მომყვნენ კუდში.
ასე ხომ არ დავხვდებოდი, აწეული ფეხი უკან ჩამოვდე და ისევ ორივე ფეხით გავიქეცი. თავი, როგორც სენიორ რობინზონმა, ისე მოვატრიალე, სადღაც ღრმად კისერში და შეშენებულმა გავხედე მოსულებს.
- აი ბავშვებო, ეს არის „ტესტი დატვირთვაზე“. თქვენ ხედავთ მამაკაცს, რომელიც გარბის... ნუ, როგორც ფორესტ გამპი... ხომ ხვდებით? მას ჰგონია, რომ გარბის, მაგრამ... - აქ ექიმმა მხრები აიჩეჩა. ბავშვებმა სიცილი დაიწყეს.
შავი ჩანთის დრო მოვიდა. უკვე თითქმის ბოლომდე გონებადაკარგულმა, მე შევეცადე, სარბენ ბილიკთან, მეკავშირის მიერ, წინასწარ დაგდებულ შავ ჩანთას მივწვდომოდი. ზემოდან გადახრას აზრი არ ჰქონდა, ქვემოთ ეგდო და მეც ჩავიცუცქე და ისე განვაგრძე სირბილი. თან ჩანთას წავეპოტინე და მესამე ცდაზე დავითრიე. გავსწორდი და კიდევ ერთხელ გავხედე მოსულებს. შიში დავინახე მათ თვალებში: ახლა ყველას ეშინია უკვე შავი ჩანთის, თუნდაც შიგნით წიგნები გელაგოს, ორჰან ფამუქი ან კუტზეე და რამე...
ჩანთა თავზემოთ დავატრიალე და იოზეფისკენ ვისროლე. თან დავიყვირე... უკვე ყველამ იცის, რასაც ჰყვირიან ამ დროს.
ვინც ოთახში იყო, ყველა გარეთ გავარდა... სარბენი ბილიკი არავის გამოურთავს, ისე, რომ, როცა გამნაღმველები შემოლაგდნენ, კომბინიზონებში და სკაფანდრებში, ისევ გავრბოდი - ხონს ვუახლოვდებოდი, ჩემ სოფელს.
* * *
ამიტაცეს და ზურგზე დაწოლილი როკ-მუსიკოსივით გამომასვენეს. თავი გვერდზე მქონდა გადაგდებული... თვალი მოვკარი ორ მამაკაცს, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ: არა ჩემი რიგია, არა ჩემიო.
ტახტზე დამასვენეს...
შემდეგ ქალის ხმა მომესმა: დაანებეთ თავი!
თვალებში ვეღარ ვიყურებოდი. მივუჩოჩდი და ქალს თავი კალთაში ჩავუდე... მომეფერა.
- მაწვალებდნენ ესენი, - შევჩივლე ქალს, - შენ ვინ ხარ?
- წიგნების ქალი ვარ, - მიპასუხა, - შენ სანახავად მოვედი...
This post has been edited by marimarita on 1 Apr 2016, 13:05