ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რაც რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ კვანტრიშვილების მკვლელობის საქმეში მას პასუხს არ მოსთხოვდნენ“, – ამ განცხადებას სკანდალურად ცნობილი პუბლიცისტი გიგა ლიპარტელიანი აკეთებს, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში მოღვაწეობდა და რუსული მაფიის შესახებ არაერთი წერილი აქვს გამოქვეყნებული. ლიპარტელიანმა ბიძინა ივანიშვილზე გამოსცა წიგნიც, სახელწოდებით „სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“, რამდენიმე დღის წინ კი დაასრულა ამ წიგნის ერთ-ერთი ეპიზოდის სატელევიზიო ვერსია, რომელიც 1993-94 წლებში კრასნოიარსკის ალუმინის საბადოების ხელში ჩასაგდებად გამოცხადებულ ბრძოლასა და ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობას ეხება. გიგა ლიპარტელიანი ამტკიცებს, რომ ამ მკვლელობების უკან რამდენიმე პირთან ერთად ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის სახელიც. რუსეთის სასამართლოში კრიმინალური „ავტორიტეტის“, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის (1994 წელი) საქმის განხილვა 2011 წლის სექტემბერში დასრულდა, იმავე წლის ოქტომბერში კი ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. ლიპარტელიანი ამტკიცებს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. კვანტრიშვილების საქმეზე თავად ბიძინა ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წლების წინათ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ ოთარ კვანტრიშვილს, ისევე, როგორც ქართული წარმოშობის ბევრ სხვა საქმოსანს, საერთოდ არ იცნობდა.
გიგა ლიპარტელიანი, კრიმინალური ექსპერტი:
– ბიძინა ივანიშვილი რომ გახლავთ ძმები კვანტრიშვილების მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთი და თანამონაწილე, ამის შესახებ ჯერ კიდევ 30 აპრილს განვაცხადე და კონკრეტული ფაქტებიც მოვიყვანე. ერთ-ერთ გაზეთში იყო ამის შესახებ ჩემი ინტერვიუ. დავსვი კონკრეტული კითხვა – სად წავიდა ბიძინა ივანიშვილი ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობიდან 5 თვეში? ეს იყო 1994 წელი. ეს არის ძალიან მძიმე თარიღი ივანიშვილის ცხოვრებაში. ოთარ კვანტრიშვილი მოკლეს 1994 წლის 5 აპრილს, ზუსტად სექტემბერში კი ბიძინა ივანიშვილმა დატოვა ბანკ „რუსული კრედიტის“ პრეზიდენტის პოსტი და დროებით გავიდა რუსეთიდან. ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილს პასუხი არ გაუცია. ჩემს წიგნში „სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“, დეტალურადაა მიმოხილული, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კვანტრიშვილების მკვლელობასთან. სულ რამდენიმე დღის წინ კი დავასრულე მუშაობა ამ წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე, რომელიც ეფუძნება დოკუმენტურ მასალებს. სატელევიზიო ვერსიის პირველ ნაწილში საუბარია სწორედ კვანტრიშვილების მკვლელობაზე და ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზე. „ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი“ – ასე ჰქვია სატელევიზიო ვერსიას.
– რით ასაბუთებთ ივანიშვილის კავშირს კვანტრიშვილების მკვლელობასთან?
– მოგახსენებთ, დავიწყოთ 1992 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა ბანკი „რუსული კრედიტი“. მან მოიპოვა გენერალური ლიცენზია, რამაც იმ პერიოდში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაჩნდა კითხვა – როგორ მოახერხა საქართველოდან ჩამოსულმა პიროვნებამ ბანკის გასახსნელად გენერალური ლიცენზიის აღება. დიდი ჟურნალისტური გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ამ ლიცენზიის ერთადერთი გამცემი იყო ლუჟკოვი და მისი კლანი, რომელსაც ოთარ კვანტრიშვილიც წარმოადგენდა. იმ პერიოდში ლუჟკოვის მერიის სამეურნეო სამმართველოს უფროსი გახლდათ ედუარდ სახაროვი, რომელიც ამავდროულად ბიძინას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ანუ გენერალური ლიცენზიის სანაცვლოდ იური ლუჟკოვმა ივანიშვილს პირდაპირ ჩაუსვა საკუთარი კაცი. სახაროვი ფლობდა სააქციო საზოგადოება „პეკინსაც“, სადაც იყო ოთარ კვანტრიშვილის ინტერესებიც. პრაქტიკულად ეს გახლდათ კვანტრიშვილის რეზიდენცია. 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოველი საქმოსნები, კრიმინალური დაჯგუფებები ერთიმეორის მიყოლებით მიილტვოდნენ კრასნოიარსკისკენ. ბუნებრივია, ბიძინაც, კვანტრიშვილიცა და მთელი ლუჟკოვის კლანიც დაინტერესებული იყვნენ კრასნოიარსკის ალუმინის საბადოების ხელში ჩაგდებით. მაგრამ ამ საბადოებს აკონტროლებდა კრიმინალური მაფია – ანატოლი ბიკოვი, ძმები ჩერნიები, რომლებიც იქ მოსკოველებს არაფრით შეუშვებდნენ. მათ პირდაპირ კრემლთან ჰქონდათ კავშირი. მაგრამ კვანტრიშვილი პრინციპული კაცი იყო და რქებით აწვებოდა, რომ როგორმე კრასნოიარსკში შესულიყო. ცხადია, ეს ბიძინასთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მისი ბანკის მილიონები მაშინვე მილიარდებად იქცეოდა და ასეც მოხდა მოგვიანებით. ხდება სასწაული. ივანიშვილი უკავშირდება ვინმე ვასილ ანისიმოვს, რომელიც 1993 წელს ინიშნება ბიძინას ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, ანისიმოვი იმ პერიოდში სახელმწიფო მეტალურგიულ კომისიას ხელმძღვანელობდა. ვერც ივანიშვილი და ვერც ერთი მოსკოველი კრასნოიარსკში პირდაპირ ალუმინის ბიზნესზე დატაკებას ვერ ახერხებდა, ამიტომაც ბიძინამ საკმაოდ ეშმაკური გათვლა გააკეთა, საკუთარ ბანკში შემოიყვანა მეტალურგიული კომისიის ხელმძღვანელი და ამ გზით შეიძინა მეტალურგიული კომბინატი კრასნოიარსკში. მეტალურგიულ კომბინატსა და ალუმინის კომბინატს ერთი ღობე ჰყოფს, პრაქტიკულად ივანიშვილმა ამით სერიოზული განაცხადი გააკეთა ალუმინის ბიზნესის ხელში ჩასაგდებად. ანუ ბიძინასთვის ახლა მთავარი პარტნიორი ანისიმოვი ხდება. ამ ჯგუფმა დაიწყო ფიქრი კვანტრიშვილების ჩამოცილებაზე, რომლებსაც, როგორც გითხარით, ალუმინის ბიზნესში საკუთარი გეგმები ჰქონდათ. „რუსულ კრედიტში“ ანისიმოვის მისვლა დროში ემთხვევა უფროსი კვანტრიშვილის, ამირანის მკვლელობას. კვანტრიშვილები ბიძინასგან ითხოვდნენ პასუხს, ჩვენ დაგეხმარეთ ბანკის გენერალური ლიცენზიის მოპოვებაში, რა საჭიროა ანისიმოვი, როცა ჩვენ აქ ვართო. რეალურად ბიძინას არც ანისიმოვი სჭირდებოდა, მისთვის მთავარი ალუმინის ბიზნესში შესვლა იყო. ამიტომ ცოცხალი კვანტრიშვილები ბიძინასთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ივანიშვილისთვის ნომერ პირველი პრობლემა ხდება ოთარ კვანტრიშვილი. კვანტრიშვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის შს სამმართველოს შეფთან, რუშაელოსთან, რომელსაც ერთხელ ორაზროვნად დაემუქრა კიდეც, – შვილები შენც გყავსო. სხვათა შორის, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში ივანიშვილის ძმა გაიტაცეს, ბიძინამ დახმარებისთვის სწორედ რუშაელოს მიმართა. რუშაელო არის ანისიმოვის უახლოესი მეგობარი. ძმის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის 5 აპრილს კლავენ ოთარ კვანტრიშვილსაც. აბანოდან გამოსულს ესვრიან სამ ტყვიას. პირველ ეტაპზე ოფიციალურ ვერსიად განიხილებოდა ის, რომ კვანტრიშვილების მკვლელობა ალუმინის ბიზნესთან იყო დაკავშირებული და რომ ეს მკვლელობა ჩერნიებმა შეუკვეთეს, თუმცა გამოძიება ამ ვერსიას არ გაჰყოლია. შესაბამისად, კვალი, რომელსაც შეეძლო მკვლელობასთან ივანიშვილის კავშირი გამოეკვეთა, გაქრა. კვანტრიშვილის მკვლელობიდან 6 თვეში იჭერენ ვინმე ალექსანდრე სალონიკს. ის ე.წ. პერესტრელკაში დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს იზოლატორში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. მან მოყვა, რომ კვანტრიშვილი ნამდვილად მისი მოკლულია. სასამართლომდე მიმიყვანეთ და ყველაფერს ვიტყვი დამკვეთების შესახებო. მაგრამ რა მოხდა? დაჭერიდან სამი თვის თავზე, ანუ ჭრილობების შეხორცების შემდეგ სალონიკი ციხიდან გააპარეს. ის 1995 წელს, 22 წლის საყვარელთან ერთად, ათენში მოკლეს.
– თუ არ ვცდები, საბოლოოდ კვანტრიშვილის მკვლელობისთვის სულ სხვა პირი გაასამართლეს?
– დიახ, სალონიკი აღარაა, ანუ საჭიროა პიროვნება, რომელიც კვანტრიშვილის მკვლელობისთვის დაისჯება. ამ მიზნით აკავებენ „ორეხოვოს დაჯგუფების“ წევრებს. 2004 წელს აიყვანეს ისინი და კვანტრიშვილის მკვლელობასთან ერთად კიდევ 30-მდე მკვლელობა მიაწერეს. ამ დაჯგუფების წევრმა კუზმინმა აღიარა, რომ კვანტრიშვილს ნამდვილად მან ესროლა, თუმცა ბუნებრივად გაჩნდა კითხვა შემკვეთის შესახებ. 2008 წელს ჩამოჰყავთ ვინმე სერგეი ბუტორინი, „ოსია“. 2008 წლის 6 სექტემბერს ასამართლებენ კვანტრიშვილის მკვლელობის შეკვეთისთვის და უსჯიან სამუდამო პატიმრობას. 2011 წელს დამთავრდა საბოლოოდ სასამართლო სხდომა, რადგან ბუტორინის დაცვა განაჩენს ასაჩივრებდა და ამტკიცებდა, რომ „ოსია“ ამ საქმესთან არაფერ შუაში იყო. სექტემბერში დაიხურა საქმის განხილვა, ოქტომბერში კი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ესე იგი, 1993 წელს მოკლული კაცის სასამართლო განხილვის დასრულებისთანავე ივანიშვილიმა გამოთქვა ქართული პოლიტიკით დაინტერესების სურვილი. გარდა ამისა, მას მიეცა შესაძლებლობა, სარფიანად გაეყიდა თავისი კაპიტალი პუტინთან დაახლოებულ პირებზე.
– თქვენი ვერსია გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა ვენდოთ მაინცდამაინც ამ ვერსიას? გაჩნდება ეჭვი, რომ თქვენი წიგნიცა და მისი სატელევიზიო ვერსიაც მხოლოდ ივანიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რათა მას არჩევნების წინ შავი პიარი აუგოროთ?
– ჯერ ერთი, ეს ჩემი ვერსია კი არა, კონკრეტული ფაქტებია, რომელთა გაანალიზებით ნათელი ხდება, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კვატრიშვილების მკვლელობასთან. ფაქტია, რომ ის კვანტრიშვილების მკვლელობის შემდეგ შევიდა კრასნოიარსკის ალუმინის ბიზნესში და მილიონები მილიარდებად აქცია. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საბოლოო გარანტია მიიღო, რომ კვანტრიშვილის საქმე დაიხურა და „შემკვეთიცა და შემსრულებელიც“ გისოსებსმიღმა დაიგულა. მან მიიღო პუტინისგან ხელშეუხებლობა იმ პირობით, თუ ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მოუწევდა პასუხისგება. ეს დაემთხვა არჩევნებს, ახლა მათ შეიძლება ნებისმიერი კრიტიკა და ბრალდება შავ პიარსა და წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირონ, მაგრამ ამით სიმართლე არ დაიმალება.
http://ptpress.ge/index.php?year=580&magaz...41#.Vd77tiXtnit * * *
iakhsari