მხოლოდ მოქნილ დიპლომატიას და ჩვენი პარტნიორების მტკიცე პოზიციას შეუძლია აგვაცილოს რუსების მიერ გორი-თბილისის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა
11:56 26-08-2015
მხოლოდ მოქნილ დიპლომატიას და ჩვენი პარტნიორების მტკიცე პოზიციას შეუძლია აგვაცილოს რუსების მიერ გორი-თბილისის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივით პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნა. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას? იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების შტოებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, კონსტრუქციული თანამშრომლობა ვერ ხერხდება, ღონისძიებაზე ერთად დგომით რისი დემონსტრირება სურდათ ხელისუფლების უმაღლეს პირებს?
- პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მიწვევის მიუხედავად, არ დაესწრო ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, მონაწილეობა მიიღო მარგველაშვილზე თითქოსდა გაბუტულმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომლის ინიციატივით კვლავ აქტუალური გახდა თემა, თუ ვის უფრო ეკუთვნის კონსტიტუციით გაერო-ს გენასამბლეის სესიაზე დასწრება.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველი მორიგი სესიის წინ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მორიგმა კინკლაობამ კონსტიტუციის მიხედვით თუ ვინ უნდა წარადგინოს იქ ჩვენი სახელმწიფო, უკვე ტრაგიკომიკური ხასიათი მიიღო. საზოგადოებას ამაზე საკმაოდ ნეგატიური რეაქცია აქვს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პრეზიდენტიც და პრემიერიც შეეცადნენ რაღაცნაირად განემუხტათ ეს ნეგატივი. ღარიბაშვილი რომ ღონისძიებას არ დასწრებოდა, ეს უკვე კონფლიქტის ღია დემონსტრირება იქნებოდა, რაც ქვეყნის იმიჯს და პოლიტიკურ სტაბილურობას ნამდვილად არ წაადგებოდა. მაგრამ, ღონისძიებაზე კონსტიტუციის შესახებ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება.
თქვენთან ამასწინანდელ ინტერვიუში კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ ქვეყანა "კონსტიტუციურ გაუგებრობაშია" მოხვედრილი. პრეზიდენტისა და პრემიერის ფუნქციების გაურკვევლობა ამ გაუგებრობის სწორედ ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ჩვენ ეხლა ვუსინჯავთ კბილს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციობის არსებულ მოდელსო. გამოდის, რომ არსებული კონსტიტუცია ტესტურ რეჟიმში მუშაობს. ბუნებრივია, ეს ნეგატიურად აისახება სახელმწიფოს ფუნქციიონირებაზე.
ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის პროცესში შუა გზაზე შევჩერდით და შედეგად მივიღეთ მმართველობის ე.წ. "შერეული მოდელი" ბოლომდე გაუმართავი მექანიზმებით. ეს არის ის არასახარბიელო რეალობა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ასე რომ, ჩვენი კონსტიტუციის პრობლემა მარტო ის არ არის, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არ ვრცელდება. ვერ გავიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოპტიმისტურ შეფასებას, რომ ოცი წლის განმავლობაში კონსტიტუციის განვითარების კუთხით წინსვლა გვაქვს. მე მგონი საქმე პირიქით უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ კონსტიტუციაზე ძალადობის არაერთ შემთხვევას.
- 26-27 აგვისტოს საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზა გაიხსნება. ამ ღონისძიებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კატეგორიული განცხადებით სასწავლო ცენტრი ნატო-ს ბაზა არაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, თუნდაც ნატო-ს სასწავლო ცენტრის საქართველოში გახსნა რიგითი მოვლენა არ უნდა იყოს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში ნატო-ს საწრთვნელი ცენტრის დაგეგმილ გახსნას?
- ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის გახსნა არის გაძლიერებული თანამშრომლობის იმ პაკეტის მატერიალიზაცია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ნატო-ს უელსის სამიტზე მიიღო. ამ პაკეტის შინაარსი და დანიშნულება თავის დროზე ძალიან ზუსტად გამოხატა ნატო-ს სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაიმ - "მეტი ნატო საქართველოში - მეტი საქართველო ნატო-ში." ცენტრის დაარსება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად იქნება ნატო-ს პერსონალი და თუ ამის საჭიროება წარმოიქმნა, ამ სასწავლო-შეფასების ცენტრს შეიძლება სხვა, უფრო ფართო ფუნქციებიც დაეკისროს.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსები ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის საპასუხოდ ცენტალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. ივლისის ბოლოს რუსებმა აფხაზეთში 500 ჯარისკაცის შემადგენლობით სარკინიგზო ჯარები შეყვანეს. საერთაშორისო არენაზე რუსეთის მდგომარეობის კონტექსტისა და ასევე თავად რუსეთში არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსებმა თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტონ და რას უნდა მოასწავებდეს ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთზე 33-კილომეტრიან ზოლზე დაწყებული სარკინიგზო სამუშაოები, რომელიც, რუსული მხარისვე მტკიცებით, დეკემბერში უნდა დასრულდეს?
- სარკინიგზო გზის აფხაზურ მონაკვეთზე რუსეთის მიერ დაწყებული სამუშაოები უპირველეს ყოვლისა ადასტურებს რუსეთის მიერ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესს გაიყვანოს სარკინიგზო ხაზი საქართველოს გავლით სომხეთამდე. დაწყებული სამუშაოები ეს არის ერთგვარი სიგნალი ოფიციალური თბილისისადმი.
ჩემი ვარაუდით, რუსეთი ამ თემაზე ნიადაგს მოსინჯავს საქართველოს ხელისუფლებასთან - ან აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ან კულუარული დიპლომატიის სხვა არხებით. რაც შეეხება, რუსების მიერ ცენტრალური მაგისტრალის შესაძლო გადაკეტვას, რუსეთის პოლიტელიტაში დღეს არსებული განწყობის ფონზე ასეთი სცენარი დასაშვებია. მაგისტრალის გადაკეტვა უკვე ღია აგრესიის გამოვლინება იქნება და რუსეთი ამას ვერ გაამართლებს ე.წ. "საზღვრის" დემარკაციის პროცესით. მხოლოდ მოქნილ დიპლომატიას და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიციას შეუძლია აგვაცილოს თავიდან რუსების მიერ გორი-თბილისის საავტომობილო გზის გადაკეტვის შესაძლებლობა. თუმცა, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან ღია კონფრონტაციაში ისინი ვერ შევლენ.
- ცალკე საუბრის თემაა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ამერიკაში გაკეთებული განცხადებები, ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე "არსებითი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ." ვარშავის სამიტამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ნატო-სთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველოს, სავარაუდოდ, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს?
- პრინციპში, თქვენი მედიაჰოლდინგის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საკმაოდ გავლენიანმა თავმჯდომარემ, ელმარ ბროკმა გასცა პასუხი ამ კითხვას და მე ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ დასავლეთი საქართველოსთვის აკეთებს იმას, რის შესაძლებლობასაც არსებული სიტუაცია აძლევს. მე დავაზუსტებდი, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუნქტურა აძლევს.
ბროკიც და არაერთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას. იგივე შეიძლება ითქვას ობამას ადმინისტრაციაზეც, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრაგმატიზმსა და იდეალიზმს შორის ბალანსირებს - ანუ არც ტრადიციული ფასეულობები ეთმობა და ვერც რეალ-პოლიტიკაზე ამბობს უარს.
რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ევროპისათვის მძიმე გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ამას გარდა, თავად საქართველოში არსებული მდგომარეობაც არ უწყობს ხელს ნატო-ს გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით. შესაბამისად, რა ტონალობაშიც არ უნდა ესაუბრონ ნატო-ს და ევროკავშირს საქართველოს წარმომადგენლები, ნატო გადაწყვეტილებას ვარშავის სამიტზე ჩვენთვის მაპ-ს მინიჭება-არმინიჭების თაობაზე, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამიტომაც, ჩემი აზრით, კითხვა უნდა დაისვას არა ისე, რომ მოგვცემენ თუ არა მაპ-ს ვარშავის სამიტზე? არამედ ისე, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის მაპ-ის მოცემა ნატოს-თვის სარგებელის მომტანია თუ პრობლემების? თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტამდე პოლიტიკური კონიუნქტურა საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალოს.
- აქტუალური თემა გახლავთ მოახლოებული ახალი სასწავლო წლის წინ გალში ქართული სახელმძღვანელოების მასიურად განადგურების დაწყება. ამ თემაზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. თქვენი აზრით, რა შეიძლება დაუპირისპიროს ოფიციალურმა თბილისმა სოხუმისა და მოსკოვის ერთობლივ პოლიტიკას, რომლის მიზანი გალის რაიონის ქართული მოსახლეობის გარუსებაა?
- ოფიციალურ თბილისს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთში რაიმე კონტრზომები განახორციელოს. თუმცა შესაძლებელია გარკვეული ძალისხმევა, მაგალითად, გალში სამოქალაქო ჯგუფების გააქტიურება და საკითხის წამოწევა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების აქტიური მიქცევა პრობლემაზე. ეს ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზული დარღვევაა და აფხაზეთის ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა აგრძნობინონ, რომ ასეთი პოლიტიკით ისინი ზიანს უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე სარგებელს.
- ზაფხულიც მიილია, თუმცა ცხელ ზაფხულში საშინაო პოლიტიკაში არაერთი მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. თქვენი დაკვირვებით, ზაფხულის ჩათვლით საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკას რა თავისებურებები ჰქონდა და ამ პერიოდში რა მოხდა ისეთი, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც ამ პროცესების დინამიკა?
- რამე განსაკუთრებული მოვლენა საშინაო პოლიტიკაში ამ პერიოდში არ მომხდარა. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის ლარის დევალვაცია და მისი თანმდევი შედეგები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზეც.
შესუსტდა ხელისუფლების პოზიციები, იმის მიუხედავად პასუხისმგებლობის თუ რა წილი მიუძღვის მას ლარის გაუფასურებაში. 12 პოლიტიკური პარტიის მიერ შუალედური არჩევნების ბოიკოტი არასრულყოფილი საარჩევნო კოდექსის გამო, პირველი გამაფრთხილებელი გასროლა იყო ხელისუფლების მისამართით. პოლიტიკური პარტიები თანდათან შედიან წინასაარჩევნო რეჟიმში და საარჩევნო კოდექსი იქნება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საბოლოოდ დააფიქსირა მისი გამიჯვნა "ქართული ოცნებისგან," სამთავრობო ცვლილებების შედეგად, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ დარჩა და ერთგვარად აღდგა ურთიერთაგაწონასწორების ბალანსი მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პორტფელი "რესპუბლიკელებს" გადაეცათ.
- შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე ფაქტი თუ უკვე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის განწყობების თვალსაზრისით, ხელისუფლებასა თუ რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ მხარეს საზოგადოების თვალში დამატებითი ქულები და დამატებითი დივიდენდები ერთმნიშვნელოვნად შესძინა?
- ახლახან გამოქვეყნდა პარტიების ფინანსური მონიტორინგის ბოლო ანგარიში და იქიდანაც ჩანს, თუ რომელმა პარტიამ აკრიფა სხვებთან შედარებით მეტი ქულა და დივიდენდი, მათ შორის ფულადი. მოგეხსენებათ, რომ უპერსპექტივო პარტიებში ფულს არავინ ჩადებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერობა ამ კუთხით საკმაოდ მრავლისმთქმელია. ასევე ნიშანდობლივია დაფინანსების მოცულობით პირველ სამეულში "პატრიოტთა ალიანსის" გამოჩენა, რაც პარტიის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს. "ნაცმოძრაობა" ჯერჯერობით ინარჩუნებს დაკავებულ ნიშას, რაც მისთვის უკვე მიღწევაა.
- აშკარაა, რომ ელექტროენერგიაზე გადასახადის მომატება და ლარის კურსის ზრდა საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებზე უარყოფითად აისახება. ფაქტია, რომ პოლიტიკურ განწყობებზე ასევე უარყოფითად მოქმედებს 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაზარალებულებების, ასევე ყვარელში სეტყვისა და რაჭაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისად ეფექტური მოქმედება. ამ მიმართულებით ხელისუფლების საქმიანობით აღფრთოვანებული ხალხი მედიას, ყოველ შემთხვევაში ჯერ, თითო ოროლა გამონაკლისის გარდა, არ უნახავს. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ საკითხებზე ეფექტურად წარმართოს საქმიანობა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მისთვის ყველა თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა...
- საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია იყო და არის კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სუსტი წერტილი. ამას თავის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. როგორც ჩანს, ხელისუფლების იმ წრეებში, სადაც რეალურად მიიღება გადაწყვეტილებები, თვლიან, რომ ამ კუთხით არსებული მიდგომების შეცვლა საჭირო არ არის. თუმცა, არჩევნების მოახლოება, ვფიქრობ, აიძულებს მათ თავიანთ საკომუნიკაციო პოლიტიკას გადახედონ.
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...adzlebloba.htmlათინათიშენ დიალოგს და დამანდრაჟებას შორის სხვაობას ვერ ხედავ ?
This post has been edited by Free_World on 28 Aug 2015, 14:56