laci
თავისუფლება SPLIYVI-ს

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29495
წევრი No.: 90488
რეგისტრ.: 4-May 09
|
#45715512 · 18 Sep 2015, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას წარმოადგენს ტონგა
ტონგაში რაგბი ნაციონალურ სპორტის სახეობადაა მიჩნეული და”მსოფლიო რაგბიმ” ასეთი დამოკიდებულება იმით დაუფასა, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნად მიიჩნია და დაფინანსებაც შესაბამისი დაუნიშნა. კუნძულებზე რაგბი ინგლისელმა მეზღვაურებმა და მისიონერებმა შეიტანეს, თუმცა, თავიდან მარტო ჩასულები თამაშობდნენ, ადგილობრივებმა კი, ბურთაობა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და საკუთარი რაგბის კავშირი 1923 წელს დაარსეს.
ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1924 წელს, მეზობელ ფიჯისთან გამართა და 9:6 იმარჯვა, განმეორებითში 3:14 დამარცხდა, მესამე მატჩი კი, რაგბისათვის უჩვეულო ანგარიშით, ფრედ 0:0 დასრულდა.
1924 წლიდან 1938 წლამდე, ტონგა და ფიჯი ერთმანეთთან მუდმივად, წელიწადში სამ შეხვედრას ატარებდნენ. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ამ ქვეყნებს შორის მუდამ მძიმე მატჩები იმართებოდა და ამტკიცებენ, რომ ტონგასა და ფიჯის შორის ცოტა ხნის წინანდელმა ომმა, რაგბის მოედანზე გადაინაცვლა. 1938 წლიდან მოყოლებული 1954 წლამდე ტონგას ნაკრებს აღარ უთამაშია, მერე კი, ფიჯის გარდა სამოასთანაც დაიწყო თამაში.
ტონგა ახალი ზელანდიის ნაკრებს 1969 წელს ეთამაშა, შემდეგი ტესტი კი, ოთხი წლის შემდეგღა გამართა და ავსტრალიასთან სიდნეიში 12:30 დამარცხდა. მომავალ წელს ტონგამ უელსში მოაწყო ტურნე და 7:26 დამარცხდა. მთლიანობაში, ბრიტანეთში ტონგამ უელსის რეგიონის ნაკრებებთან კიდევ 8 შეხვედრა გამართა და აქედან მხოლოდ ერთში იმარჯვა - აღმოსავლეთ უელსის ნაკრები 18:13 დაამარცხა, მერე კი შოტლანდიის ნაკრებსაც გაიჯიბრა და იქაც მარცხი იწვნია - 8:44. მიუხედავად ამ ტურნესი, 1986 წლამდე ტონგა ევროპისთვის ნაკლებად ცნობილ გუნდად რჩებოდა, მერე კი, უელსმა ტონგაში, ფიჯიში და სამოაში ტურნე თავად მოაწყო და წყნარი ოკენის რაგბი ევროპისთვისაც ცნობადი გახდა.
უელსი ტონგას შეხვედრა იმით გამოირჩა, რომ შეხვედრაში დიდი, დაუნდობელი ჩხუბი ატყდა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც უელსელ ფლანგელ მარკ ბრაუნს ერთბაშად სამი ტონგელი ეუხეშა, ამან ევროპელები გააღიზიანა და მოედანზე გუნდური ჩხუბი გაჩაღდა. შემდგომში, მწერალმა რობერტ ჯონსმა ეს ჩხუბი საკუთარ წიგნში ასე დაახასიათა - “ეს იყო ყველაზე ცუდი ჩხუბი, რომელიც რაგბის თამაშებისას მინახავს”. ტონგას ნაკრები უელსის ნაკრების მორაგბე ჯონათან დავისმა ასე დაახასიათა - “ტონგა ყველაზე ბინძური გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”.
ტონგა “მსოფლიო რაგბის” გარდა, წყნარი ოკეანის რაგბის კავშირშიცაა გაწევრიანებული. მართალია ამ ქვეყანაში რაგბი ცხოვრების წესია, მაგრამ საერთო ჯამში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რიცხვი არც ისე დიდია - 6891 (მოსახლეობა 104 ათასია) და მათი უმრავლესობა ახალგაზრდებზე მოდის. რაგბი პოპულარულია სკოლებში, კოლეჯებში და სტუდენტებში. სწორედ ტონგას კოლეჯებში დაიწყეს თამაში ახალ ზელანდიელმა, ავსტრალიელმა და იაპონელმა მორაგბეებმა ჯონა ლომუმ, ტოუტაი კეფუმ, ფინაუ მაკამ, ჩარლზ რიჩელმანმა, ჯორჯ სმიტმა და სხვებმა. უნდა ითქვას, რომ ტონგას ნაკრების მორაგბეები, უცხოურ კლუბებში თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში იმდენ ფულს აგზავნიან, რომ ეს მაჩვენებელი მეორე ადგილზეა შაქრის ექსპორტის შემდეგ.
1987 წელს ტონგა ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასზე მიიწვიეს და იქ საუკეთესო შედეგი იმ უელსის ნაკრებთან ჰქონდა, რომელთანაც ერთი წლით ადრე საკუთარ ქვეყანაში გუნდური ჩხუბი გამართა. ერთი წლის წინანდელი შეხვედრა ევროპელებს კარგად ახსოვდათ და შებოჭილმა გუნდმა, საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოამჟღავნა. გარდა ამისა, უელსს რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც დააკლდა, მაგრამ მიუხედავად ცუდი თამაშისა უელსმა 29:16 მაინც იმარჯვა. ტონგა დანარჩენ ორი შეხვედრაშიც დამარცხდა - ირლანდიასთან 9:32, კანადასთან კი 4:37 (მაშინ ლელო 4 ქულად ფასობდა).
ტონგამ 1991 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, თუმცა 1995 წლის მსოფლიოს თასზე ფიჯის ჯობნით გავიდა და იქ თავისი პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. თავიდან ტონგა საფრანგეთთან 10:38, ხოლო შოტლანდიასთან 5:41 დამარცხდა და ბოლო შეხვედრაში კოტ დივუარს 29:11 სძლია. კოტ დივუართან გამართული მატჩი ტრაგედიით აღინიშნა - კოტ დივუარელი მორაგბე მარკ ბრიტო ისე დაშავდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდის სკამს მიეჯაჭვა.
ტონგამ 1999 წლის მსოფლიოს თასზეც ერთი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც იტალიის ნაკრები დაამარცხა (28:25, დამარცხდა ახალ ზელანდიასთან 9:45 და ინგლისთან 10:101), მაგრამ ამავე წელს უფრო მნიშვნელოვან წარმატებას საკუთარ დედაქალაქ ნუკუალოფაში გამართულ ტესტზე მიაღწია - საფრანგეთი 20:16 დაამარცხა. ამ წარმატებების ფონზე მოულოდნელი გამოდგა 2000 წელს ახალ ზელანდიასთან გამართული შეხვედრა, ტონგამ 15 ლელო გაუშვა და 0:102 დამარცხდა, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიფორმა.
ტონგას 2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ძლიერ გაუჭირდა, ფიჯისგან და სამოასგან ორ-ორი მარცხი იწვნია, ჯგუფში მესამე საფეხურზე ჩარჩა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ ჯერ ახალი გვინეა დაამარცხა 47:14 და 84:12, მერე კი სამხრეთ კორეას შეხვდა და პირწმინდად დაჩაგრა - გასვლაზე 75:0, შინ კი 119:0 გაანადგურა და საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. სამაგიეროდ მსოფლიოს თასზე ვეღარ ივარგა, მართალია ძველ მეტოქე უელსს ეომა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 20:27, დანარჩენი თამაშებში კი, პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა - ახალ ზელანდიასთან 7:91, იტალიასთან 12:36 და კანადასთან 7:24.
2007 წელს ტონგა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიჯისთან და სამოასთან ორ-ორჯერ დამარცხდა, მაგრამ იქ რეპეშაჟის გავლით მაინც მოხვდა და სამოაზე ჯავრი იყარა. პირველ შეხვედრაში ტონგელებმა აშშ 25:15 დაამარცხეს, მერე კი, სამოას 19:15 სძლიეს. ამ მოგებამ კუნძულელებს ფრთები შეასხა და ისინი მეოთხედფინალის საგზურისთვის სამხრეთ აფრიკას ეკვეთნენ, მაგრამ ძალები აღარ ეყოთ და ხუთი ქულით - 25:30 დამარცხდნენ, მერე კი, ინგლისსაც ეომნენ, მაგრამ 20:36 წააგეს. შედეგად, ტონგამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური ოთხი წლით ადრე დაიბევა.
გასულ მსოფლიო თასზე ტონგელებმა სენსაცია გამოაცხეს, მაგრამ არასტაბილური გუნდი რომაა, ვერც ამჯერად გადალახა ჯგუფური ეტაპი. ახალ ზელანდიასთან გახსნით მატჩში 10:41 მარცხის შემდეგ, მათ კანადასთან 20:25 წააგეს. შემდეგ მატჩში “ზღვის არწივებმა” იაპონიას 31:18 სძლიას, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სენსაცია გამოაცხეს და მომავალ ფინალისტ საფრანგეთს 19:14 სძლიეს! ამით მათ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს და ინგლისში თამაშის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეს, ახლა კი, ტრადიციის დარღვევაზე და ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობენ.
2006 წლიდან ტონგას ნაკრები წყნარი ოკეანის თასზეც რეგულარულად თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერცერთხელ მიაღწია (2011 წელს დაიკავა მე-2 ადგილი, მას შემდეგ ოთხჯერ კი, მესამე იყო), ისევე, როგორც ევროპული ტურნეების დროს. გამონაკლისი 2012 წელიწადია, როდესაც აბერდინში შოტლანდია 21:15 დაამარცხა.
ეს გუნდი, ისევე, როგორც ოკეანეთის სხვა წარმომადგენლები, ყველა შეხვედრის წინ საბრძოლო ცეკვა Sipi Tau-ს ასრულებს, რომელიც Kailao-ს სახეცვლილი ვარიანტია. ტონგას ნაკრებს ზედმეტსახელად IKALE TAHE ეწოდება, რაც ქართულად “ზღვის არწივებს” ნიშნავს და მისი ფორმის ფერი წითელი და თეთრია. ტონგამ ბოლო დროს რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ამან მსოფლიო რეიტინგში მისი მნიშვნელოვანი წინსვლა განაპირობა. ის 75,69 სარეიტინგო ქულით მე-11 ადგილს იკავებს. მთლიანობაში, ნაკრების ანგარიშზე 245 შეხვედრაში 91 მოგება, 6 ფრე და 148 მარცხია. ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 41 შეხვედრა ელისი ვინიპოლას აქვს ჩატარებული, საუკეთესო მექულე (317) პიერ ჰოლაა, ხოლო საუკეთესო მელელოვე ჯოშ ტაუმალოლო (14).
|