საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
21:15 16-09-2015
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა.
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო. სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა
გიგი უგულავას კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავდა. გარდა 9 თვიანი ვადისა, გიგი უგულავას სარჩელი სხვადასხვა პრობლემურ საკითხს ეხება.
"ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს მომზადდა:
"მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ პირისთვის რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, ვადა შესაძლოა განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.
მოსარჩელე, ასევე, პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც წარმოადგენს არასაკმარისად მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისთვის.
მოსარჩელე გიორგი უგულავა, ასევე, თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას და პროცესის მიმდინარეობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე და 205-ე მუხლები, რომელიც პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ წინაპირობად ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენას ადგენენ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყოველთვისარ უნდა წარმოადგენდეს პატიმრობის გამოყენების საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით რიგი დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 30 აპრილს შევიდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...akmayofila.html