დავით ნარმანია ვარშავაში გამართულ შეხვედრას დაესწრო
09:56 18-09-2015
დავით ნარმანია ვარშავაში გამართულ შეხვედრას დაესწრო თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავაში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებზე თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
"იმსჯელეს საქართველოზეც, რომელიც ამჟამად პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება. ღონისძიებაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ მომზადებული გზამკვლევი, რომელშიც ასახულია ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებასა და კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან შეთანხმებულია, მალე დამტკიცდება და საქართველოს გადაეცემა", - აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერის განცხადებით, ანგარიშში სათანადოდ არის შეფასებული საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ამავე დროს დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალქეთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.
"ჩვენ არ ვჩერდებით არჩევნებზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში უმოქმედოდ არ ვართ, არამედ მუდმივად ვატარებთ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და წლების განმავლობაში გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ ნამდვილად ადგილობრივი დემოკრატია ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით კი, საქართველო კონგრესის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და სწორედ ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებისათვის კონგრესი საქართველოში მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისის მერი, დავით ნარმანია იმყოფება აქ და აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, რათა მივაღწიოთ პროგრესს სხვა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით", - განაცხადა ანდრეას კიფერმა.
მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას თბილისის მერთან ერთად რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქის მერი ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-daestsro.html