Nirvana11იწყებ მშვიდობით
მშვიდობის სადღეგრძელო
ქალბატონებო და ბატონებო! საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: ,,ცხოვრება ის დღეები კი არ არის, რომლებიც მიდიან უბრალოდ, არამედ ის დღეებია, რომლებიც გვამახსოვრდება, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენი არსებობის ყანობილზე.” ქართული სუფრა, ბატონებო, თავისი შინაარსით საოცრად ტევადია, მრავალფეროვანია და, რაც მთავარია, შემეცნებითი ხასიათის მქონე. ტყუილად როდი უწოდებენ მას უცხოელები ,,აკადემიას.” თავის დროზე ის მართლაც აკმაყოფილებდა ყველა ამ მოთხოვნას. საქართველოს ისტორიაში, როგორც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ისეთი ეტაპი, რომ მშვიდობა სანატრელი არ გამხდარიყო. ასე იყო დასაბამიდან და, საუბედუროდ, ასე გრძელდება დღესაც. აი, ასეთი იყო ქართველთა სავალი გზები, აი, ასეთი იყო ქართველთა ბედისწერის უხმო ძახილი ამ გზებზე. არ გაუბოროტებია და სიცოცხლის ხალისი არ წაურთმევია. და იდგა, ლომივით იდგა, საუკუნეთა არმურში ჯავშანგაუხდელი ქართველი კაცი. იბრძოდა - მშვიდობისთვის იბრძოდა. ლოცულობდა - მშვიდობისთვის ლოცულობდა. ეფერებოდა მიწას და ვაზს. მშვიდობა ვუსურვოთ მშვიდობას დანატრებულ ქართველ კაცს! მსოფლიოსაც გადავაწვდინოთ ჩვენი ხმა. ვუსურვოთ, ბოროტისა და კეთილის მარადიულ ჭიდილში, ერთხელ და სამუდამოდ გაგვთენებოდეს ისეთი დღე, რომ ჩვენს თავზე გვეთქვას ჩვენივე ბუმბერაზი წინაპრების გენიალური სიტყვები: ,,ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.” მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო!
სიძე-პატარძლის სადღეგრძელო
ბატონებო! ცხადია ყველა დამეთანხმებით, რომ არცერთ ჩვენგანს დღეს ამ ოჯახში შემთხვევით არ შემოგვივლია. თითოეული ჩვენგანი მოვედით იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ოჯახის შექმნა აღვნიშნოთ ასეთ განსაკუთრებულ და სადღესასწაულო ვითარებაში. აი, ამ ტრადიციული ქართული სასმისით მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო. საქართველოში ამობენ: ყოველი საქმე დედამიწაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი ზეცაში. არ გეგონოთ, რომ თქვენი შეუღლება მხოლოდ თქვენი პარადი ინიციატივის შედეგი იყო. ეს საქმე თავდაპირველად ზეცაში გადაწყდა, თქვენი დამსახურება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ზეცაში გადაწყვეტილს დედამიწაზე აღსრულებას ხელი არ შეუშალეთ და დისონანსი არ შეიტანეთ კოსმიურ ჰარმონიაში. გისურვებთ მუდამ ერთგული დარჩენილიყოთ ამ გადაწყვეტილების. თქვენ–კი გისურვებთ ცხოვრებაცა და არსებობაც ერთი გქონდეთ და ეს ერთობა ყოფილიყოს, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ,,ისეთივე სამარათჟამო და დაუსრულებელი, როგორც ცას მოწყვეტილი ცთომილის ეტლი უსასრულობის მარადჟამეულ სრბოლვაში.” ოჯახის შექმნის უმთავრესი პირობა დიდი სიყვარულია. ამიტომაც გისურვებთ თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით კი ბოლო საფეხურზე, როცა ერთმანეთის პირისპირ დადგებით, უკვე ღრმად მოხუცები და წლებით მხრებდამძიმებულნი, გქონდეთ უნარი და სურვილი, ერთმანეთს მიმართოთ კვლავ დღევანდელი შემართებით:
,,შენამდე ასი ზღვა გადმოვლახე,
რამდენჯერ ფიქრს დარდი შევაწყვილე
შენს იქით, ქვა ქვაზეც ნუ ყოფილა უშენოდ?
სიცოცხლეც შევარცხვინე.’’
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ს ა დ ღ ე გ რ ძ ე ლ ო
მოგეხსენებათ ,,ვისრამიანის” კატეგორიული ფრაზა ასეთია: ,,ვინცა მიჯნური არ არის, არცა კაცი არს.” დამეთანხმებით მეტისმეტად მკაცრი განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებაში სიმართლე უფრო მეტია, ვიდრე სიმკაცრე. ყველას კარგათ გასხსოვთ გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი - ,,ნატვრის ხე”, რომელსაც წითელ ზოლად გასდევს მრავლისმთქმელი ფრაზა: - ,,სიკვდილი ხომ საშინელებაა და საშინელება, მაგრამ სიცოცხლე უსიყვარულოდ სიკვდილზე საშინელია.” ვის არ გვახსოვს ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი სიტყვები: ,,თუ კი ამ ქვეყნად ღმერთს ადამიანისათვის რაიმე ნიჭი მიუცია, ეს უპირველესად სიყვარულის ნიჭია და ცოდვაა ის კაცი, რომელიც სიყვარულის გრძნობის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.” გრიგოლ ორბელიანი ხომ პირდაპირ წერდა: ,,უსიყვარულოდ, უსიხარულიდ რა სანატრელს არს სიმრავლე დღეთა.” აკაკი წერეთელი კი კიდევ უფრო მკაცრად აღნიშნავდა: ,,თუ არ ღვთის რისხვა, სხვა რაა სიცოცხლე უსიყვარულოდ.” დამეთანხმებით, ყველა აზრი ერთიმეორეზე ძლიერი, ურყევი და უტყუარი ჭეშმარიტებაა. მეც ამ სასმისით მინდა შემოგთავაზოთ სწორედ სიყვარულის ულამაზესი გრძნობის, ამ ურყევი და უტყუარი ჭეშმარიტების დიდებული სადღეგრძელო. თუმცა შეუძლებელია ბოლომდე ჩაწვდე კაცი ამ გრძნობის შინაარსს. სიყვარული მართლაც ის უნატიფესი გრძნობაა, რომელსაც არ ეკარება განსჯის ცნობისმოყვარე საცეცები, რადგან სიყვარული ადამიანის თრთოლვა და ელვარებაა. და მისი ბოლომდე გამოთქმა მოკვდავთა ენას არ ძალუძს, მაგრამ სადამდეც მისი გამოთქმა შეიძლება, მკაფიოდ ჩანს, რომ სიყვარული და მხოლოდ სიყვარულია ყოველგვარი სიკეთის საწყისი და გარეშე სიყვარულისა ყველაფერი არამია ამ ქვეყანაზე. ამიტომაც არის ემპედოკლეს კოსმოგონიაში სიყვარული სამყაროს მამოძრავებელ ძალად მიჩნეული, ამიტომაც წერდა, თავის დროზე, ლუდვიკ ფოიერვახი: ,,სიყვარული თვთით ღმერთია და სიყვარულს იქეთ ღმერთი არ არისო.” ბატონებო! სიყვარული დიახაც, რომ მრავალნაირი ფორმით გამოვლინდება ამ ქვეყანაზე, თუმცა ძნელია მისი კლასიფიცირება და რაიმე განსაზღვრული მწყობრით დალაგება, მაგრამ ახლა ამ დიდებული გრძნობის სადღეგრძელოს სიყვარულის სწორედ იმ ფორმით წარვმოთქვამ, რომელიც ამ სიტყვის გაგონებასთან ერთად გულში გაუვლებს ადამიანს, თავისებურად რომ შეაკრთობს, თავისებურად რომ ააფორიაქებს, მოსვენებას რომ დაუკარგავს, გონება-განწყობას რომ შეუცვლის და სერენადებად რომ აამღერებს, თუ აატირებს.
,,ათოვს ხეებს და ხეების ლანდებს,
ვისმენ ფანტელის შრიალს და შიშინს,
ნეტავი თოვლის ფიფქივით გაჰქრეს
თოვლის ფიფქივით გაჰქრეს ეს შიში.
თოვლივით თეთრი გახურავს რიდე,
მეც ვდგევარ თოვლში და გიცდი აქვე.
ოჰ! ნეტავ, თოვლის ფიფქად მაქცია,
რომ შენს ბაგეზე დავდნე და გავქრე.”
დანარჩენი აქ
http://tekila555.blogspot.com/2008/12/blog-post.html
ან ძაან დებილები ვართ ნაცები ან რაღაც ისეთი გვაქ ჩაფიქრებული, უცებ რო ვერ ჩაწვდები.(c) benjamen glonti