მე ბალღობიდან მაქვს შეგრძნება, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ ვარ, მაგრამ არასოდეს არ მიგვრძნია დისკომფორტი;
პირიქითაც, ხანდახან მისწორდება კიდეც; - განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს სურვილებს ის ვიღაცეები ასრულებენ...
ხანდახან მეკაიფებიან ხოლმე - როცა სახლში მარტო ვარ, საკმარისია უნიტაზზე ჩამოვჯდე და მაინცდამაინც მაშინ აუცილებლად ტელეფონი იწყებს რეკვას, არადა მთელი დღეები ისე გადის, რომ არავინ მირეკავს, თუკი ტუალეტში არ ვარ... რა კაიფს პოულობენ, ვერ ვხვდები, მარა ერთი მაგათიც...
ჰო კიდე - რამდენჯერაც მამა ბასილის ეკლესიის გაზეთს ავიღებ ხელში, იმდენი იეღოველები იწყებენ კარებზე კაკუნს...
როცა მობილურზე ანგარიში მითავდება, რამოდენიმე წამში მირეკავს სასურველი აბონენტი...
მევალეებს არ ვეხმიანები და არც დაკვეთას არ ვეძებ ხოლმე, მაგრამ როცა გადასახადის დედლაინია, სწორედ მაშინ შემომდის საჭირო თანხა...
თუ სადმე ვაგვიანებ, ფეხს არ ვუჩქარებ ხოლმე, რადგანაც ღონისძიება ჩემს მისვლამდე არ იწყება რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო...
შემიძლია ნებისმიერ ფათერაკში გავეკვეხო, მაგრამ ყოველთვის მშრალად გამოვდივარ - ეტყობა თავიანთი საყვარელი ტელევარსკვლავი არ ემეტებათ...
როცა რაიმეს ვყიდულობ და ვხვდები, რომ გამყიდველი სიხარბითაა დაავადებული, გადავიფიქრებ ხოლმე ყიდვას და გზას ვაგრძელებ... მერე სრულიად უცხო ადამიანი იგივე პროდუქტს თავისით მთავაზობს და ისე იაფად მაძლევს, რომ ფაქტიურად მჩუქნის ხოლმე...
ასეთ მომენტებში ყოველთვის განვიცდი მადლიერებას იმათ მიმართ, ვინც თვალყურს მადევნებს...
სენსიტიური ტიპები ხშირად მეუბნებიან, რომ ორი ჩრდილი დამყვება, რომელთა სილუეტებსაც ზოგჯერ მკაფიოდ ხედავენ ხოლმე...
ვინ არიან, რა უნდათ? - ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ და არც მაინტერესებს - მგონია, რომ თუ მათზე ვიფიქრებ და მათ ძებნას დავიწყებ, ამითი დავკარგავ მათ...
პუსუ: ვაჰ, რამხელა აბდაუბდა გამომივიდა - ამ საღამოს მანსარდის ჭერს თავი ავარტყი და ცოტა მაყანყალებს - ამას ყველაფერს სერიოზულად ნუ
მიიღებთ - ვერთობი, რომ თავის ყრუ ტკივილი გადავაგორო...