ვახუშტის ხიდთან 600 ნერგი და ფილარმონიასთან 6 ზრდასრული ხე დაირგო
08 ნოემბერი 15:09
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ ფოთლოვანი და წიწვოვანი 600 ნერგი, ხოლო მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან ნეკერჩხლისა და ჭადრის 6 ზრდასრული ხე-მცენარე დაირგო.
ურბანული გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო სულხანიშვილმა მიიღეს.
"ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გამწვანების ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე აქცენტი აღებულია ქალაქის ისეთ ადგილებზე, სადაც ცარიელი სივრცეებია. რაიონული გამგეობების ჩართულობით, ხეები ასევე დაირგვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეზოებში. გარდა ამისა, გამწვანდება თბილისის შემოგარენში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ინტენსიურად ვიმუშავებთ დეკემბრის შუა რიცხვებამდე და, ქალაქის მასშტაბით, 313 000 ხეს დავრგავთ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, ქალაქის ყველა რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის შემოგარენის მასშტაბური განაშენიანების პარალელურად, ხორციელდება ურბანული გამწვანების სამუშაოები დედაქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე. აღნიშნული ნერგები კონტრაქტორმა კომპანიამ ორწლიანი მოვლა-პატრონობის პირობით დარგო. სეზონური გამწვანების ფარგლებში, ქალაქში, ამ დროისათვის, უკვე დარგულია 120 ათასზე მეტი ნერგი.
საშემოდგომო რგვები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე სულ 313 000 ხე-მცენარე დაირგვება.