ნუ, თქვენს ანალიტიკურ სიმაღლეებთან რას მოვა, მაგრამ მაინც, სცადეთ და წაიკითხეთ, რუსებს აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ იქნებ ნაკლები ბოდვა დაიწეროს ამ ფორუმზე მაინც
09:16 24-11-2015
სწორედ ახლა მართებს ჩვენს ხელისუფლებას უკიდურესი სიფხიზლე და მოქნილობა საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ საერთაშორისო არენაზე პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება. დასავლეთი მზად არის, რუსეთთან ერთად აწარმოოს ბრძოლა რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ., მაგრამ რა ფორმით და რა ფორმატში, ჯერ უცნობია. ვითარების ამგვარად შემოტრიალება რუს ექსპერტებსაც უკვირთ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან. ვაშინგტონმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სირიის სახმელეთო ოპერაციაში აშშ-ის ჯარისკაცები მონაწილეობას არ მიიღებენ. პარალელურად ანკარამ უკვე განაცხადა, რომ იწყებს სახმელეთო ოპერაციას სირიაში. 20 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთის სათათბიროს ქვედა და ზედა პალატების ერთობლივი სხდომა. ვარაუდობდნენ, რომ სხდომა პრეზიდენტ პუტინს სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების უფლებას მისცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ. რუსეთი აქტიურად განაგრძობს "ისლამური სახელმწიფოს" ჰაერიდან დაბომბვას. რუსი ექსპერტების აზრით, პუტინი იმ შემთხვევაში მიიღებს სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას, თუ დასავლეთისგან ექნება გარანტიები არა მარტო რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმების შესახებ (ამაზე უკვე ღიად საუბრობს დუმის თავმჯდომარე ნარიშკინი), არამედ იმაზე, თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი მასთან მსოფლიოს გავლენის ზონებად დაყოფაზე საუბრს დაიწყებენ. თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპისა და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს და, დღეისათვის ჩამოყალიბებული რეალიების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
- როგორც ჩანს, თანამედროვე ისტორიის ახალ ფაზაში შევედით. მთავარი ნიშანი ამ ფაზისა ალბათ იქნება იმ ილუზიების მსხვრევა, რომლებზეც ევრო-ამერიკული თავდაჯერება აიგებოდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის მრავალმა გავლენიანმა პირმა მიიჩნია, რომ ისტორიის დასასრული დადგა და ამ დასასრულს მთლიანად ევრო-ამერიკული ლიბერალური პარადიგმები განსაზღვრავდნენ. ხდებოდა უგულებელყოფა იმისა, რომ დედამიწის ზურგზე რჩებოდა სულ მცირე სამი ძლიერი პოლიტიკური სხეულის მქონე კულტურა - ისლამური, სლავურ-მართლმადიდებელი და კონფუციანური, რომლებისთვისაც ისტორია არ დასრულებულა, ხოლო დასავლურ პარადიგმებს თავად მის წინააღმდეგვე მიმართულ იარაღად აქცევდნენ. ლიბერალური შტურმი არ აღმოჩნდა ის, რითაც ამ კულტურების შეჩერება იქნებოდა შესაძლებელი. იგი ან კატეგორიულად არის მიუღებელი ამ კულტურებისათვის ან კიდევ დასავლეთს აიძულებენ, თავად დაიცვას ლიბერალური შტურმის დოქტრინები და ამით ცდილობენ მის დასუსტებას. თავად ლიბერალიზმის იდეამაც, დასავლეთის მრავალი მოღვაწის თვითკმაყოფილი ზერელობით, პოლიტკორექტულობის დოქტრინათა სახე მიიღო, უმალ, მახინჯი ორეული რომ არის ლიბერალური აზრისა, ვიდრე ლიბერალიზმი თავისი კლასიკური სახით.
ასეა თუ ისე, პროცესი დაიწყო. რასაც ახლა ვუცქერთ ამ პროცესებზე პირველი რეაქციებია. უახლოეს ხანებში ალბათ აშკარა გახდება, რომ დასავლეთი ცდილობს, რუსეთი გამოიყენოს, როგორც სამხედრო ძალა ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ და ამით ისლამისტ რადიკალთა აგრესიის ობიექტად თავად იგი აქციოს. რუსეთისათვის კი ეს ვითარება იმის შანსი იყო, რომ გლობალურ პროცესებში სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს. ჩვენს გამოცდილებაში მსგავს სცენართა ორი შესაძლო განვითარებაა: ერთი მხრივ, ეს არის ავღანური სცენარი, როდესაც სახმელეთო ოპერაცია, საბოლოოდ, უდიდესი იმპერიის აღსასრულად იქცა; ხოლო, მეორე მხრივ, გვახსოვს, მეორე მსოფლიო ომმა და დასავლეთის მცდელობამ რუსეთის გამოყენებისა ეს უკანასკნელი როგორ აქცია უმსხვილეს გლობალურ მოთამაშედ.
ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ რუსეთი ვეღარ შეჩერდება. პუტინმა ისეთი ჯინი ამოუშვა ბოთლიდან, რომელსაც, თუ ასპარეზი არ მისცა, თავად მას მოუღებს ბოლოს. თუ ვინმე თვალს ადევნებს, იცის, თუ როგორ გასავალშია დღევანდელ რუსეთში დუგინის წყალობით გავრცელებული მისტიკური გეოპოლიტიკური წარმოდგენები, რომელთა თანახმადაც სწორედ დამასკოში უნდა გათამაშდეს მართლმადიდებელთა და შიიტთა იდუმალი ერთობის იდეა. მეთორმეტე იმამი მაჰდი სწორედ იესომ უნდა უზრუნველყოს სასწაულებრივი ხმლით დასავლეთიდან მოსული ბოროტების ლიდერის, დადჯალის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არ გახლავთ ვიღაცის ბოდვა. ეს ის "თეორიებია", რომლებსად, ანტისუნიტურ დოქტრინებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი დუგინი რეგულარულად აქვეყნებს ინტერნეტში. ამას ემატება საიდანღაც გაჩენილი თეორიები რუსების არიული წარმომავლობის შესახებ და ასე შემდეგ. ყოველი ახალი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აშენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რუსული სამყაროს გავრცელებად ცხადდება და ამას, უმალ, დერჟავის ძლევამოსილი სვლის მაგალითად განიხილავენ, ვიდრე ქრისტიანობის გავრცელებისა. მოკლედ, პუტინმა დღევანდელ რუსეთში ისეთი ირაციონალური ბორგვა აღძრა, რომლის შეჩერებაც თავად მას უკვე აღარ შეუძლია და თავადაც ნეოიმპერიული რიტორიკის ტყვეობაშია.
ყველა შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასავლეთი შეეცდება, პროცესი რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებად ჩამოყალიბდეს. მისი მხარდაჭერა რუსეთისადმი იქნება იმ ხარისხისა, ამ უკანასკნელს რამდენიმე საბედისწერო ნაბიჯის გადადგმისაკენ რომ უბიძგებს. უკრაინის მოვლენათა გამო შთაბეჭდილება არ განელებულა და თუ რამდენიმე გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, არავის დავიწყებია, რომ ეს ქვეყანა თავად წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის საფრთხეს. ალბათ უნდა ველოდეთ, რომ ჩვენგან სულ ახლოს გაჭიანურებული კონფლიქტის კერა გვექნება. დასავლეთი შეეცდება, რომ რუსეთმა ვერ მოიპოვოს გადამწყვეტი და სწრაფი გამარჯვება, თუმცა კი იმდენად შეეცდება მის დახმარებას, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტორი მინიმუმამდე დავიდეს. რუსეთი, თავის მხრივ, შეეცდება, რომ ვითარება ყოფილ საბჭოთა სივრცეზე გავლენის აღსადგენად გამოიყენოს. ჩვენთვის ეს, ცხადია, ძალზე სახიფათო სიტუაციაა. ასეთი ისტორიული კატაკლიზმების დროს მცირე ერების ბედი იოლად ავიწყდებათ ხოლმე. სწორედ ახლა მართებს ჩვენს ხელისუფლებას უკიდურესი სიფხიზლე და მოქნილობა.
ჩვენთვის სახიფათოდ აქ ისიც მეჩვენება, რომ საიდანღაც ჩნდება ინფორმაცია მავანი ქართველი მუსლიმის მუქარათა შესახებ. ამას ემატება ქართველი პუტინისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აჭარაში, თურმე მოსალოდნელია 2000 მუსლიმი ექსტრემისტის გააქტიურება და რომ საქართველო უკვე იქცა ტერორიზმის ტრანზიტის ადგილად. ყველაფერი ეს ძალზე ჰგავს ნიადაგის მომზადებას საიმისოდ, ერთ დღესაც გაკეთდეს განცხადება, რომ ქართული სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ვითარებას და სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა გარდუვალად გულისხმობს ჩვენი სატრანზიტო გზების გაკონტროლებას. გავიხსენოთ პანკისის ისტორია. ამდენად, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გადაჭარბებული ჭორები ან ერთეული მოვლენების უვნებელი გაბერვა. დასავლეთს დღეს არა ჰყავს ისეთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი. ევროპული იდენტობის იდეა ისეთ "უნივერსალურ" მნიშვნელზე იქნა დაყვანილი, თავად იდენტობის იდეას რომ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, დღევანდელ მსოფლმხედველობრივ სივრცეში ამგვარი ლიდერისა თუ ლიდერების გაჩენის "ადგილიც" არ ჩანს. დარწმნუნებული ვარ, პარიზის ტერორისტული აქტი ვითარებას შეცვლის და მულტიკულტურალიზმის იდეას კვლავ ევროპული იდენტობის თვალსაზრისი ჩაანაცვლებს. ამ ვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალტიისპირელებისა და პოლონელების პოზიცია. სწორედ ისინი ახერხებენ, სწორედ რომ ევროპული ღირებულებები და ევროპული იდენტობა გაახსენონ პოსტმოდერნულ იდეოლოგიურ თამაშებში გართულ იმ პერსონებს, ტრადიციული კულტურებისა და იდენტობების დეკონსტრუქციაში რომ ხედავენ ისტორიის დასასრულისა და საყოველთაო ჰარმონიის დადგომის შანსს.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ევროპაში შეძლო თავის სასარგებლოდ ვითარების შემობრუნება, ევროკავშირის ქვეყნებში განხეთქილების შეტანა. საფრანგეთსაც რომ თავი დავანებოთ, სადაც ტერორისტების გააქტიურების გამო შიში მძვინვარებს, რიგ ევროპულ ქვეყნებში როგორც მემარჯვენეებში, ისე რადიკალებში, რუსეთის მიმართ სიმპატიებმა საგრძობლად იმატა. რუს ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამაში აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული ევროპაში მოქმედ რუსულ სპეცსამსახურებს. მათივე განმარტებით, რუსეთს "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ხელმძღვანელობაში თავისი აგენტურა ჰყავს, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან 60-70-იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობენ. და მათი საშუალებით მოხერხდა სირიიდან ევროპაში მიგრანტების რაოდენობის გაზრდა, რამაც ევროპის საიმიგრაციო სამსახურების ლამის კოლაპსი გამოიწვია. ფაქტია, რომ ევროპა ლტოლვილთა ნაკადით გამოწვეულ გამოწვევას ვერ პასუხობს. იმავე ექსპერთა ვარაუდით, საფრანგეთი შემთხვევით არ იქნა შერჩეული, ვინაიდან მუსლიმანური, კერძოდ არაბული ქვეყნებიდან ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს. თუ ყველაფერ ამას დავამატებთ პრემიერ-მინისტრ მედვედევის მიერ თავის ტვიტერზე გამოთქმულ მოსაზრებას - "ტერაქტები იმის გამო ხდება, რომ დასვლეთს რუსეთთან თანამშრომლობა არ სურს", ბევრი რამ ცხადზე უცხადესი იქნება. თქვენი შეფასებით, მართლაც შეძლო თუ არა რუსეთმა ევროპის პოლიტიკურ სისტემაში სერიოზული რყევების ინსპირაცია და გარკვეული შედეგის მიღწევა? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირში, რომელთანაც ინტეგრაციას საქართველო კარგა ხანია ცდილობს, დეზინტეგრაციულმა პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს?
- როგორც რუსული აერობუსის ჩამოგდების შემთხვევაში, ისე პარიზის ტერაქტის დროს თავი იჩინა რამდენიმე საეჭვო გარემოებამ, რომლებსაც საერთაშორისო მასმედიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული სპეცსამსახურების როლზე მიმანიშნებლად აღიქვამს. წერენ, რომ აერობუსის ასაფეთქებლად გამოყენებული იქნა იმავე ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა, როგორიც იმ ცნობილი ტერორისტული აფეთქებების დროს რუსეთის ქალაქებში, ჩეჩნეთის მეორე ომი რომ მოჰყვა. ამ ეტაპზე ამ ფაქტებისა და შესაბამისი არგუმენტების გავლენა სუსტია. დასავლეთ ევროპის რიგითი ადამიანები მომხდარის გამო მძიმე ემოციურ შოკში იმყოფებიან. "ისლამურ სახელმწიფოსთან" შედარებით რუსეთი მათთვის უმცირესი ბოროტებაა. ბევრი მზად არის, მასთან ითანამშრომლონ კიდეც, ოღონდ კი ევროპის ქალაქებში მოსალოდნელი ტერაქტების გამო შიში გაქრეს. თანაც, აფეთქების შემდეგ სწორედ პუტინი დაპირდა მათ შურისგებას და ცხადია, მის მიმართ დადებითი განწყობა გაძლიერდებოდა. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ დასავლეთის განწყობებში რაიმე რადიკალური ცვლილებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება. დღევანდელი ფონი გადაივლის და თანდათან გამჟღავნდება ის, რასაც დღეს ევროპელი საშუალო ყოველდღიური მოქალაქე თვალს არიდებს.
აღმოსავლეთ ევროპისათვის სრულიად ცხადია, რომ პუტინი ისლამურ რადიკალიზმს თავის სასარგებლოდ იყენებდა და იყენებს და ისიც კარგად ვიცით, რომ მას არად უღირს თავისი თანამოქალაქეების სიცოცხლე. ჩეჩნეთის მოვლენების ისლამიზაცია და ამით ჩეჩნებისადმი ევროპელთა თანაგრძნობის განელება სწორედ მისი დამსახურებაა.
პუტინი უკვე დიდი ხანია, ცდილობს, ევროპული კონსერვატიზმის ლიდერად იქცეს. კონსერვატიულ წრეებში მას, მართლაც ჰყავს მოკავშირეები. დღევანდელმა სიტუაციამ მათი პოზიციები ერთგვარად გაამყარა. ეს კი თავად რუსეთისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ძლიერის იმიჯს დაცვა უნდა, დაცვას კი - ის რესურსები, რომლებიც რუსეთს არ გააჩნია.
- რუსული პროპაგანდა ყველაფერში, რაც აქამდე მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში ხდებოდა, ვაშინგტონს ადანაშაულებდა და მრავალპოლარული მსოფლიოს არსებობის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციას ნებაყოფილობით თავად აქვს უარი ნათქვამი მსოფლიოს ლიდერობაზე და ცდილობს, ცხელი წერტილებიდან გამოიყვანოს თავისი სამხედროები. მეტიც, ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სურს, ევროპაში შეამციროს თავისი სამხედრო კონტიგენტი და მთელი ძალისხმევა მიმართოს ამ ქვეყნებთან ეკონომიურ სფეროში თანამშრომლობაზე. ამის პარალელურად ამერიკულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა უკრაინის სამხედრო მრეწველობის გიგანტებთან, რომლებიც ადრე რუსულ სამხედრო ქარხნებზე იყვნენ მიბმული და დამოკიდებული. რამოდენიმე დღის წინ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა ცოცხალმა პატრიარქმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა - "მალე გაირკვევა, პარიზზე თავდასხმა არის თუ არა იმ დოზის გამოწვევა, რომელსაც ევროპის ამოძრავება შეუძლია, თუ კი ეს საერთოდ შესაძლებელია და გაითავისებს თუ არა ევროპა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მისი სტრატეგიული მიდგომა მხოლოდ "რბილი ძალის" პოზიციიდან მსოფლიოს ვერ უშველის". ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ევროპას არ აქვს იმის გააზრების უნარი, რომ მსოფლიოში სიტუაციის კარდინალურად შესაცვლელად მხოლოდ "რბილი ძალაა" საკმარისი. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- დღეს რუსეთთან დასავლეთის ქვეყნების თანამშრომლობას უმალ სიტუაციური ხასიათი აქვს. სულ რამდენიმე დღის წინ თურქეთში გამართულ სამიტზე, მიუხედავად "ისლამურ სახელმწიფოსთან" არსებული სიტუაციისა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს დასავლეთი რუსეთს რეალურ მოკავშირედ რომ აღიქვამდეს და ისლამური რადიკალიზმის შიშით ასე იოლად ივიწყებდეს იმ საშიშროებას, რაც "მუხლებიდან წამომდგარი" იმპერიისაგან გრძნობს, სანქციებს უხმაუროდ გააუქმებდნენ. ისიც გავიხსენოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, არ მიიღომ მონაწილეობა არავითარ კოალიციაში რუსეთთან ერთად და ეს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს რაღაცას ავალდებულებს, კორექტივები შეაქვს მათ საერთო სტრატეგიაში.
ამ დროს ჩვენთან ჯერაც ვერ გადაწყვიტეს, სახელმწიფო უშიშროების საკითხები რომელ საბჭოზე უნდა გადაწყდეს - უშიშროებისაზე თუ უსაფრთხოებისაზე და ამ ურთულეს სიტუაციაშიც კი არაადეკვატურ, ხშირად უკვე ტრაგიკომიკურ კინკლაობას ვადევნებთ თვალს.
ამერიკის დღევანდელი ხელმძღვანელი რომ სავალალო იდეოლოგიური ექსპერიმენტის პროდუქტი იყო, ეს ყველამ ვიცოდით. პრეზიდენტს პიროვნულად უნდა განესახიერებინა კაცობრიობის ერთიანობის იდეა. ამგვარი ერთიანობის საწინააღმდეგო რა შეიძლება გვქონდეს, თუმცა ფორმები, რომლითაც იგი შემოგვთავაზეს, თავად ამერიკის პოლიტიკისათვის აღმოჩნდა მძიმე. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ამერიკა, ახალი ლიდერი შესთავაზოს დასავლეთის სამყაროს, თუ ისევ ისტორიის დასასრულის იდეისა და პოლიტკორექტულობის დოქტრინათა ტყვეობაში ჩარჩება.
რაც შეეხება "რბილი ძალის" პოლიტიკას, მას განსხვავებული ფორმები შეიძლება ჰქონდეს - კეთილი ნებისაკენ მოწოდებით დაწყებული და ეკონომიკური ექსპანსიით დამთავრებული. გავიხსენოთ, რომ რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება სწორედ ამგვარი "რბილი ძალის" გამოყენების შედეგია. ევროპაში "რბილი ძალის" დოქტრინის იდეოლოგიზება მოხდა. ამან კი დასავლეთი საკუთარი რიტორიკის მძევლად შეიძლება აქციოს და არ მისცეს ქმედითი ღონისძიებების მიღების საშუალება. სწორედ ეს ზრდის რუსეთის როლს და შანსებს.
რაც შეეხება ევროპის გამოფხიზლებას, ამ ეტაპზე ევროპული პოლიტიკა მაინც ჯერ დაბნეული ჩანს. სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ ეპოქას, როდესაც საბჭოთა კავშირი ჭირვეული თავხედობით ახდენდა ევროპელთა ნების პარალიზებას, სანამ დასავლეთმა არ შვა ლიდერები, რომლებმაც ეს უზარმაზარი იმპერია უსისხლოდ დაანგრიეს. უახლოეს ხანებში ბევრს მოვისმენთ პუტინის გასაგონად და მის სასიამოვნოდ გაკეთებული განცხადებას. თუმცა, აქ მეორე რამეც არის: პოლიტიკას უყვარს პრაგმატულობა, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გასცდე. ნებისმიერ ამ განცხადებას ისმენენ ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილე ჩვენი ბიჭები, დაღუპულთა ოჯახები, ის ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებასა და ხელისუფალთა უმსგავსობას იტანდნენ იმისათვის, რომ როგორმე მათი ქვეყანა რუსული პოლიტიკის ფარგლებიდან გასულიყო, ამას ისმენენ კიევში - მაედანის ამბებისა და რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ დროს დაღუპულთა ოჯახები. უკვე აშკარაა და თანდათან კიდევ უფრო აშკარა გახდება ამგვარი განცხადების გამო უხერხულობა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განწყობილებები და მათი ლიდერების განცხადებები, ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია.
პუტინის პოზიციების გამყარება, ყველაფერ სხვასთან ერთად, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ამორფული პოლიტიკის გამო უკმაყოფილებაც იწვევს. პრობლემა არ გახლავთ მხოლოდ ევროპული "რბილი ძალის" პოლიტიკა. პრობლემა ისიცაა, რომ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი თითქოს საგანგებოდ თმობს ლიდერის პოზიციას მაშინ, როდესაც ეს რელიგიურ რადიკალიზმს და რუსულ იმპერიალიზმს კი არ არბილებს, არამედ, პირიქით, ენერგიას სძენს.
- პრაღაში კარასინ-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ რუსულ მხარესთან ეს საკითხი განიხილება. თუ ეს მართლაც მოხდა, ბევრ ადამიანს გაუადვილდება რუსეთში მცხოვრები ახლობლების მონახულება და მიმოსვლა, მაგრამ როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა დღის წესრიგშია, რას შეიძლება ნიშნავდეს მოსკოვის მიერ ამ საკითხის გააქტიურება მაშინ, როცა გამოკითხვის შედეგებით რუსეთის მოსახლეობის 58% მომხრეა ქვეყანაში გაითიშოს ინტერნეტი? სხვათა შორის, ამ და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივაზე საკმაოდ უცნაურად გაიჟღერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბერნარ კუშნერის მიერ თბილისში გაკეთებულმა განცხადებამ - "თქვენ რა თქმა უნდა, გაქვთ შანსი, მაგრამ ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს... "
- მე მგონი, სიტუაცია სრულიად გამჭირვალეა. ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა შეიძლება აღმოჩნდეს ჩენი საზოგადოების რუსეთთან ფსიქოლოგიური ბმისაგან გათავისუფლების ძალზე ძლიერი იმპულსი, მით უმეტეს, რომ დღეს ახალმა თაობამ ინგლისური უკეთ იცის, ვიდრე რუსული. ესაა ამ მდგომარეობის გამოსწორების დაგვიანებული მცდელობა. რაც შეეხება კუშნერს, ფრანგები ყოველთვის უფრო ლოიალურები იყვნენ რუსული პოლიტიკის მიმართ. თანაც, რუსებმა შეიძლება გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც თავად არ სურთ.
- პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო ცნობილი ოპერის მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე. მან უკანასკნელ დღეებში საკმაოდ ბევრი განცხადებები აკეთა. მათ შორის არ უარყო ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები. თქვენი აზრით, პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის თავის გუნდით გამოჩენა რა კორექტივებს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში?
- ბატონი პაატას ორბიტაში ჩემი ახლობელი ადამიანებიც აღმოჩნდნენ. და მაინც, უნდა ვაღიარო, რომ ეს ამბავი ჯერჯერობით იმ ძველი ისტორიის განმეორებას ჰგავს, როდესაც რომელიმე სფეროში ძალზე წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში მოსინჯავს ხოლმე ძალებს, თითქოს პოლიტიკა თვითგამოხატვის უმაღლესი ფორმა იყოს. გულახდილად ვიტყვი, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბანი და შენი ნებით ჩაერთო პოლიტიკაში.
მეორე მხრივ, ასეთი რამ იმდენად ხშირად მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბატონ პაატას არ უნდა გაუკვირდეს, თუკი მისი გააქტიურების მიმართ განსაკუთრებული იმედები არ იქნება დაკავშირებული. პოლიტიკური წარმატებისათვის მხოლოდ დადებითი ცნობადობა არ კმარა. ერთია ცნობადობა სცენაზე და სხვაა პოლიტიკური ცნობადობა. ოპერის სცენაზე გამოსული ბატონი პაატას მიმართ იმთავითვე დადებითი მოლოდინებია. პოლიტიკურ სცენაზე გამოსულ ადამიანი კი გამადიდებელი შუშის ქვეშ აღმოჩნდება და ის, რაც სრულიად არაარსებითი იყო ოპერის სცენაზე, აქ არსებითი და აქტორის ბედის გადამწყვეტი ხდება.
ქველმოქმედება და პოლიტიკური მოღვაწეობა ერთი და იგივე რომ არ არის, სწორედ ბოლო წლებში დავრწმუნდით. უფრო მეტიც, ჩვენი გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არც უნდა დაუკავშირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ქველმოქმედების იდეა ილახება.
თანაც არსებობს იმის გამოცდილებაც, თავისი პოლიტიკური ფასადის შესაქმნელად როგორ იყენებენ ხოლმე მის მსგავს ადამიანებს კულუარებში მომქმედი პირები. მაგალითების დასახელებაც არ არის საჭირო. არაერთხელ გვინახავს, მომხიბლავი ფასადის მიღმა სრულიად არამომხიბლავი ვნებები და უგვანი ისტორიები როგორ გათამაშებულა.
დაბოლოს: პაატა ბუჭულაძე დაუფარავად გამოხატავს რუსეთის მიმართ თავის სიმპატიებს. როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მიეცეს 2008 წლის ომს, მისი შედეგების ქართული პოლიტიკისათვის გადაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თანაც, ომი ხომ სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა ნებისმიერი ხალხის ცხოვრებაში და ამ თემასთან ასეთი იოლი თამაში არ შეიძლება. შენ ამ დროს მთელი საზოგადოების შელახულ თავმოყვარეობას ეთამაშები.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
მიმაგრებული სურათი