http://marshalpress.ge/?p=15202“დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლით იყო ჩადენილი “- მაია ნიკოლეიშვილი
– ესე იგი, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ექსგუმაციამ გამოძიებას შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცეს, ანუ ექსგუმაციით ის უნდა დადგინდეს, პრემიერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გაზით გაიგუდნენ თუ არა?
– ექსგუმაციის მთავარი მიზანი, ალბათ, უფრო დაზიანებების, განსაკუთრებით, ძვლოვანი ქსოვილის დაზიანების დადგენაა.
რაც შეეხება რბილ ქსოვილებს, სასამართლო მედიცინის წესით და კანონით, რბილი ქსოვილების დაზიანება ვეღარ უნდა ვნახოთ.
– ექსგუმაცია გასცემს შეკითხვაზე პასუხს: ჟვანია მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას შეეწირა?
– მხოლოდ ექსპერტიზით ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. თავზე, მაგარი გარსის ქვეშ, ჟვანიას დაზიანება ჰქონდა და ეს თავის დროზე ჩატარებულ მიკროსკოპულ კვლევაშიც წერია.
– ხომ შეიძლება, ეს დაზიანება დაცემით მიიღო?
– ყველაფერი შეიძლება…
– სასამართლო ექსპერტიზა იმას დაადგენს, ეს დაზიანება ბუნებრივი დაცემის შედეგია თუ, თავში ბლაგვი საგნის, ვთქვათ, საფერფლის ჩარტყმის?
– ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: ბავშვი ამბობდა, მამამ დედას თავში, აი, ამ ადგილას დაარტყაო. გარდაცვლილი მტკვარში იპოვეს, გვამი გახრწნილი კი არა, გახრწნილზე გახრწნილი იყო. ქალა-სარქველზე დაზიანება, მართლაც, არსებობდა, მაგრამ ექსპერტიზით იმის დადგენა, ეს დაზიანება სიცოცხლისდროინდელი იყო თუ არა, ვერ მოხერხდებოდა, რადგან გვამი წყალში შეიძლება, რამეს მიეხეთქა, თუმცა დაზიანება ზუსტად იმ ადგილას იყო, რომელზეც ბავშვი მიუთითებდა…
– მაია, ჟვანიაზე გკითხე…
– თუ ქალა-სარქველზე მოტეხილობა დაგვხვდა, მაშინ გასაგები გახდება, რომ ეს ძალის ზემოქმედების ზონაა.
ეს შემთხვევა კი, ლენინგრადში მქონდა: ქმრის საყვარელმა, რომელმაც გაიგო, რომ ორსულად იყო, ცოლი მოკლა. თავდაპირველად, მკვლელობა ქმარს ბრალდებოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ქმრის საყვარელმა ცოლს თავში ბროლის წახნაგოვანი საფერფლე ჩაარტყა. ასეთი საფერფლე ისეთ კვალს ტოვებს, რომ მახსოვს, თავის ქალიდან ზომებს ვიღებდი და საფერფლეს ვადარებდი. მოკლედ, დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლით იყო ჩადენილი.
– მაშასადამე, სიმართლე, შეიძლება, ჟვანიას შემთხვევაშიც დადგინდეს?
– თუ მოტეხილობა იქნება, რატომაც არა?!
– მაია, რამდენიმე დღის წინ, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას ექსპერიმენტი შესთავაზე, ანუ სწორ კვალს რომ დაადგეთ, ვინმე მოდელირებულად უნდა «მოკლათ»?
– ამას გამოძიება ექსპერიმენტს ეძახის, ჩვენს ენაზე კი, სიტუაციური ექსპერტიზა ჰქვია.
– და ამით რა დადგინდება?
– ეროსის შემთხვევა, სასამართლო ექსპერტიზის თვალსაზრისით, განსაკუთრებულია – სხვა თუ არაფერი, ისეთი «შტანც მარკაა», რომელიც სასამართლო მედიცინის ერთ ატლასში, ან სახელმძღვანელოშიც არაა აღწერილი, ანუ თავის ქალაზე ლულის ანაბეჭდი იმდენად ზუსტია, «ჩეზე 75» რომ ნახო, მაშინვე იტყვი, ჰო, რა თქმა უნდა, ამ იარაღითაა ნასროლიო.
ვიცით, მიბჯენა რა კუთხით და ფორმით მოხდა. ასევე, ვიცით, რომ მანქანის გვერდითა და უკანა მარჯვენა სავარძლებზე სისხლის წვეთები მარაოსებრადაა განლაგებული. სისხლის შხეფებს წაგრძელებული ფორმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა მანძილიდან და რა კუთხით ეცემოდა.
– ამ დეტალებს საქმე მკვლელობისკენ მიჰყავს?
– არ ვიცი… არსებობს ერთი ვარიანტი, რომ მარცხენა სავარძელზე, ანუ ეროსის უკან ვიღაც იჯდა.
– ეს ექსპერიმენტით დადგინდება?
– გამორიცხული არაფერია…
– თუკი მანქანაში, ეროსის გარდა, სხვა ვინმეც იმყოფებოდა, ანაბეჭდები არ დატოვა?
– ანაბეჭდი ძალიან გლუვ ზედაპირზე რჩება, მანქანის სალონი კი, ასეთი არაა, თუმცა იარაღზეც შერეული ანაბეჭდია…
– ანუ, იარაღზე მხოლოდ ეროსის ანაბეჭდი არაა?
– ამას ვერ გეტყვი…
– რატომ?
– ამაზე ვერ ვილაპარაკებ…
– ესე იგი, არსებობს საეჭვო დეტალები…
– ვანო, ხომ გითხარი, რომ ამაზე ვერ ვილაპარაკებ…
– მანქანის უკანა მარცხენა სავარძელზე სისხლის შხეფები არ აღმოჩნდა?
– ორი პატარა შხეფია, თუმცა ჯერ არ ვიცი, ვის ეკუთვნის… მოკლედ, ამ ექსპერიმენტით დავინახავთ, ეროსი საკუთარი ხელით მოკვდა თუ სხვისი… ჩემი აზრით, ეს ექსპერიმენტი ძალიან მარტივი და, ამასთან, სარწმუნოა.
– …მაია, თავის დროზე გვამებით რატომ დაინტერესდი?
– პირველ კურსზე გავთხოვდი, ვიპრანჭებოდი კიდეც, მაგრამ ქირურგობა მინდოდა, სანკტ-პეტერბურგში რომ ჩავედი, მუშაობა სასწრაფოზე დავიწყე, ექსპერტებთან ურთიერთობა ხშირად მიწევდა. ეს ხალხი საოცრად კონტაქტური იყო და შემომთავაზეს, ხომ არ გინდა, თავი სასამართლო ექსპერტიზაში მოსინჯოო.
– როცა გაიგეს, რომ გვამებმა გაგიტაცა, შინ რა გითხრეს?
– არაფერი, რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო…
– გვამები გესიზმრება?
– ისე არა, მხოლოდ საქმესთან კავშირში, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზუსტად ის დაზიანება მინახავს, რაც სიზმარს მოუცია…
– მუშაობისას არ გაქვს განცდა, რომ გვამს შეიძლება, რამე ატკინო?
– ყოველთვის ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს… ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ქირურგიაა… სხვათა შორის, ხანდახან ის შეგრძნებაც მაქვს, რომ მისი სულიც იქვე, სადღაცაა… ჩემი პროფესია ხომ სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზეა აღმოცენებული და ნაძალადევი სიკვდილით დაღუპულს, მკვლელის მიერ ნატკენს, სულ ბოლოს, სასამართლო მედიკოსის ხელი ეხება…
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი
წყარო: “ქართული სიტყვა”
This post has been edited by qutaiseli teroristi on 22 Feb 2016, 16:40