LaSKeN არააა
nigo რაც დაგიწერა ეგაა
ის ქაღალდის ტყვიააა, და წიგნი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა ვიდრემ სერიალი
აი ეგ უნდა წაიკითხო , ერთი თავის სათაურიც კი მახსოვს "ფეხი დამიცდა, ნუდლს "
* * *
აჰა ერთი თავი ვიპოვე
როდის შეხვდნენ ერთმანეთს გარბაჩოვი და რეიგანი რეიკიავიკში?
მგონი, გაზაფხული იყო. 1986 წლის გაზაფხული უნდა ყოფილიყო ნამდვილად. რეიგანი სახლის პარმაღზე იდგა და გაცინებული ელოდა გარბაჩოვს, რომელიც შლაპაში გამოცხადდა.
ეს დღე იმიტომ მახსოვს, რომ ეს ამბავი საგანგებო ახალ ამბებში უჩვენეს და ეგრევე, ამ ახალი ამბების შემდეგ, კინოს ჩავუჯექით. ვიღაცას მოეტანა კასეტები ჩემს მეგობართან, ჩვენ კი დილიდანვე მივაცდინეთ ლექციები და ვიდეოს საცქერლად გავემართეთ, ვინაიდან ფილმი გრძელი იყო. უგრძესი.
ფილმი იყო, კაგდატა ვ ამერიკე და, მე თუ მკითხავთ, მისი ცქერა დაგვიანებულიც კი იყო, იმიტომ, რომ ბევრს ჰქონდა ნანახი და გაუთავებლად ამაზე ლაპარაკობდნენ. ექვს საათს გრძელდებაო, დე ნირო თამაშობსო და მთელი ამბავი.
ხოდა, სანამ ვიდეოს ჩავრთავდით და ჩამოვსხდებოდით პაპიროსებით, დილიდანვე და გემრიელად, მანამდე ვნახეთ ეს რეიგანი და გარბაჩოვი ტელევიზორში. მოკლედ, ფილმი ისტორიულ დღეს ვნახე, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბოლომდე არ მინახავს, რაღაც მიზეზით წამოვედი იქიდან. წასასვლელი ვიყავი სადღაც, თუ რა იყო, არ მახსოვს.
ყოველ შემთხვევაში, კაიხანს ვუყურებდით. მეგონა, რომ არასდროს დამთავრდებოდა და ახლაც არ ვიცი რამსიგრძეა, მით უმეტეს, რომ ეს დედამიწაზე არავინ იცის. სადღაც-სადღაც რომ გადავაწყდები, მაინც ვერ ვუყურებ ხოლმე ისე, რომ ოციოდ წუთზე მეტი გამოვიდეს გადაბმულად.
განგსტერული ფილმები ნანახი მქონდა, ნათლიაც და კიდევ სხვებიც. ერთი სერიალივით რაღაცა იყო, განგსტერსკიე ხრონიკი ნიუ იორკა, ბაგზი სიგელზე, მეიერ ლანსკიზე და ვიღაცებზე და ისიც, კიდევ, დიახ, ლიცო სა შრამამ, რომელიც სრულიად არ მიზიდავდა. ყველაზე უფრო ეს ნათლია მომწონდა, თანაც, ის ადგილები, სადაც ძველი ნიუ იორკის ამბებია მოთხრობილი. მანამდე ნათლია სამიზდატში მქონდა წაკითხული და ასე თუ ისე ვიცოდი, რა იყო და როგორ. ამერიგო ბონასერა სულ რამდენიმე კვარტალში ცხოვრობდა თავისი დამკრძალავი ბიუროდან.. აი, ეს წინადადებაც კი მახსოვს.
ჰოდა, ამ ერთხელ ამერიკაშიც ის 20-იანი წლები არ იყო, კოტონ კლაბით რომ შემიყვარდა? მაგრამ ეჰ, როგორღაც ვერ ჩავუმუღამდი ამ ფილმს. კი ვუყურე, მაგრამ, ჰა... ვითომ არც მიყურებია, ვერაფერზე ვიფიქრე. ხუმრობები ძალინ უხამსი იყო და შიგ არანაირი ხალისი არ იგრძნობოდა.
ალბათ, ეგრეც უნდა ყოფილიყო, იმ ბიჭებისგან სხვას რას უნდა მოელოდეს კაცი. მაგრამ მაშინ ამას ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ ყველა მათზე ლაპარაკობდა და მეც, უკვე შემეძლო, რომ რაღაცა მეთქვა ამ ფილმის შესახებ. ანუ, მრგვალი ბეჭედი დამერტყა, რომ ნანახი მაქვს.
ჰოოოოოოო, მუსიკა, საუნდტრეკი, როგორც ახლა იტყვიან, ლამის მთავარ რომანტიკად იყო ქცეული. ის მთავარი მელოდია, თორემ იქ მუსიკა ბევრნაირია. ახლაც, ზოგიერთს, იმ განცდის ერთგულს, მობილურებში აღმოვუჩენ იმ საუნდტრეკს.
მაგრამ, ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ბიჭების გულჩვილობის ამბავი გამოვლინდა. ბიჭები ხომ ჩვეულებრივ არ ავლენენ ხოლმე გულჩვილობას. მარტო ძალიან გამორჩეულები ავლენენ. მაშინ ასე იყო და ახლა აღარ ვიცი. მაგრამ ამ კაგდატა ვ ამერიკემ რაღაცნაირი ლეგალური გულჩვილობის საშულება მისცა ყველას, იმიტომ, რომ ქუჩური გულჩვილობა იყო, რაღაცნაირად ბლაგვი.
იქ არის უცნობილესი ეპიზოდი, როცა უბნის მთავარგანგსტერი ამ ჯერ კიდევ პატარა ბიჭების ბანდას გადაეკიდება, რადგან გრძნობს, რომ ისინი მალე აღარ დაემორჩილებიან და ჩააჩოჩებენ. ბიჭების ბანდამ კი უკვე ფული იშოვა, ბუტლეგერებს შეუამხანაგდა და ძვირფასი ტანსაცმელიც იყიდა, თანაც, სადგურის სეიფში ფული შეინახა და მთელი ამბავი. ჰოდა, ეგრე კოხტად გამოწყობილებს წინ ეს ტიპი, სახელად ბაგზი, დაუხვდებათ და სროლას უპირებს.
ესენი ყველანი გარბიან და ბაგზის ტყვია, რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე პატარა, ყველაზე საყვარელ, ყველაზე კომიკურ, მაგრამ ნამდვილად და ჭეშმარიტად დიდი მომავლის მქონე დომინიკს მიწვდება.
დომინიკი შესაფრისკენ გარბის და სწორედ ამ დროს მოხვდება ტყვია, ისე, რომ ფორხილით მიაღწევს იქამდე, სადაც ნუდლსი იმალება (ცოტა მანიაკურად ვყვები, მგონი) და მის ხელებში დალევს სულს სიტყვებით:
ფეხი დამიცდა, ნუდლს.
ეს სცენა იყო მთავარი გულჩვილობის მიზეზი, თუმცა, სხვა, უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი, სახალისო გულჩვილობანიც აღინიშნებოდა საუბრებში. მაგალითად, როცა, ბოზანდარა გოგო პეგი ნამცხვარს მოითხოვს სექსის სანაცვლოდ და პეტსი გოლდბერგს ეს ჭაპანწყვეტით ნაყიდი ნამცხვარი მის ლოდინში შემოეჭმევა. ასე იტყოდნენ, ჯერ ბავშვია, ქალს ტკბილეულობა ურჩევნიაო და ჩაიღიმებდნენ.
ხოლო დომინიკის მკვლელობა დისკუსიის საგანიც იყო. მით უმეტეს, რომ კინოში ნათქვამი ფრაზების სადისკუსიოდ გამოტანის ტრადიცია ადრიდანვე არსებობდა.
დავა იყო სიტყვებზე: ფეხი დამიცდა, ნუდლს.
ერთნი ამბობდნენ, რომ ბიჭი იმდენად პატარა და უბიწო იყო, რომ ვერც კი მიხვდა, ტყვია რომ მოხვდა და ეგონა, ფეხი დაუცდაო.
მაშინ ჯერ ბევრმა არავინ იცოდა, რას გრძნობ, ტყვია რომ მოგხვდება, მაგრამ ვიღაცები ამბობდნენ, ეგრეა, ვერ გრძნობო.
ამათი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, პატარა კი იყო, მაგრამ ისეთი ნასტირნი, დუხიანი და უტეხი, რომ ტყვია რომ მოხვდა, მშვენივრადაც იგრძნო და არ აღიარაო.
მოკლედ, ცოტათი იმას ჰგავდა, გულივერის ამბებში რომაა, კვერცხი ბოლოდან ჩავტეხოთ თუ თავიდანო.
მაგარი ბიჭების მიერ ფილმის გმირთა ქცევების გარჩევა, თურმე, ძველთაგანვე არსებობდა. საქმე კრიმინალურ ამბებს ეხებოდა, თორემ, ამარკორდში რომ ტეო ყვირის ხიდან, ის კი არავის გაურჩევია.
ამის მთავარი შემთხვევები სამოციან წლებში იყო, როდესაც ხალხმა „შესანიშნავი შვიდეული“ ნახა.
სადღაც წავიკითხე, რომ საბჭოთა კინოგაქირავების ისტორიაში ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რომელიც ოთხ წელიწადს იყო ეკრანებზე და კიდევ მეტსაც იქნებოდა, უცაბედი, ამოუცნობი ბრძანებით რომ არ მოეხსნათ ეკრანებიდანო.
ჰოდა, ერთმა იმ დროის კაცმა მიამბო, ამ ფილმზე ხალხი ფუჭდებოდაო. ანუ, ქუჩის ამბავში კამათები იბადებოდა, ვინ არის მართალი, კალვერა თუ კრისიო. ავტორიტეტების სიტყვით, მართალი კალვერა იყო. არ ვიცი, იმიტომ, რომ გასაწეწი უნდა გაიწეწოს, არ ვიცი, დატყვევებულ შვიდეულს რომ გაუშვებს, იმიტომ, ისინი კი ყოვლად ვერაგულად უკან დაბრუნდებიან. ამბობდნენ, ქურდებმა თქვესო, კალვერა მართალიაო. ჰოდა, იმას წინ ვინღა დაუდგებოდა.
მოკლედ, კაგდატა ვ ამერიკესაც ასეთი რამ ემუქრებოდა.
ემუქრებოდა კი არა, უკვე სჭირდა, გარშემო უკვე მისი ექსპერტები არსებობდნენ: ბიჭები, რომლებმაც ფილმის ყოველი მოსახვევი იცოდნენ და ყოველ საქციელს ჩვენებური ქუჩის კანონებით აფასებდნენ.
სიმართლე რომ ითქვას, მათი მოსმენა მეორედ აღარც იყო საჭირო. ერთს რომ მოისმენდი, უკვე იცოდი, სხვა ასეთივე ექსპერტი რას იტყოდა. მოგეხსენებათ, როგორც ყოველი კანონი, ეს კანონიც არ უშვებს გადახრას რომელიმე მხარეს და არანაირი ლიბერალიზმი აქ არ გავიდოდა.
ყველაზე დიდი ლიბერალიზმი ის იყო, რომ გეთქვა, ესენი მაინც ბანდიტები არიან, არავის ინდობენ და არ შეიძლება, რომ კარგი ადამიანები იყვნენო, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად გამიგონია მაშინ. ვინც იწუნებდა ამ კინოს, მხოლოდ ერთი სტანდარტული ფრაზით, რავი, მე კრიოსნი აწეცი მირჩევნიაო.
მაგრამ, ნათლია ვერ გახდა ამ გაქანების ფილმი ბიჭებში. ვერანაირად.
კი, მამა-შვილ კორლეონეების ფრაზები აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე, მაგრამ არა იმ ძალით, როგორც, ფეხი დამიცდა, ნუდლს.
მგონი, სრულიად გასაგები მიზეზის გამო.
გინდა მაფია დაუძახე, გინდა რაიმე სხვა, იქ ოჯახის ამბავი იყო მოთხრობილი. მაფიოზური ოჯახია და თანაც ფილმიც ისეთია, რომ სულაც არ ჩანს, როგორ მოიპოვებენ კორლეონეები ფულს. რაღაცა, შექსპირის ტონალობის საოჯახო ამბებია. მგონი, ეგრე აქვს გადაღებული იმ ჩვენს კოპოლას.
კაგდატა ვ ამერიკე კი სწორედ საბიჭო ფილმია. რის ოჯახი, რა ოჯახი, დავმეგობრდით და შევუბერეთ. ბანდა ვართ. ბანდასა და ოჯახს შუა დიდი განსხვავებაა. ოჯახი მარწუხები და წესებია, ბანდა კი თავისუფლება და ქუჩა.
ამბობენ ხოლმე, რომ ეს ფილმი სახელმძღვანელო გამოდგა.
რაღაცნაირი, გაუცნობიერებელი სახელმძღვანელო. ერთი აწ გარდაცვლილი ბანდიტი პატარაობისას სრულიად გულწრფელად მეუბნებოდა, რომ სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის ტონი მონტანა, თუ მონტანო, ლიცო სა შრამამ. ძაან მაგარიაო, ისეთი ხალისით ამბობდა, ყველაფერს აკეთებსო, მაგარია და მაგარიაო.
არა მარტო მაგარიაო, ხო ვითომ ბრაზიანია, მაგრამ სინამდვილეში ჯიგარიაო, ბავშვებიან მანქანას ხო არ ააფეთქებსო.
საერთოდ, ეს ბავშვის საკითხი განგსტერულ ფილმებში დიდი ვერაგი საკითხია: მაგით გამოსდებენ ხოლმე კაუჭს მაყურებელს, აგე, ბავშვიო და ბავშვის მდგომარეობის მიხედვით დავატყობთ, სინამდვილეში როგორი კაცი ყოფილა ეს ბანდიტიო.
რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. მხოლოდ ხერხია. ვისაც ორი სტრიქონი მაინც დაუწერია, იმან იცის ამ კაუჭების და ანკესების ამბავი. ამას წინათ, ტელევიზორში მარკესი ყვებოდა თავისი ფანდების შესახებ და დიდად ჭკუისსასწავლებელი რამ იყო.
მაგალითად, როგორ წერდა „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკას“. პირველი წინადადება ისეთი დავწერეო, რომ კაცი თვალს ვერ მოწყვეტდა საკითხავსო: იმ დღეს, როცა სანტიაგო ნასარი უნდა მოეკლათ, მან ექვს საათზე გაიღვიძაო. ამით მკითხველი უკვე დავითრიეო, მაგრამ ამ წინადადებას რომ დაწერ, მკითხველი აუცილებლად წიგნის ბოლო გვერდების ფურცვლას დაიწყებს, რათა გაიგოს ეს ბიჭი როგორ მოკლესო. ოღონდაც, წიგნის ბოლოში ჩაჭყეტვას, ის მხოლოდ პირველი თავის ბოლოსკენ გადაწყვეტსო, ჰოდა, სწორედ იქ დავახვედრე ისეთი ფრაზა, რომელიც ამას გადააფიქრებინებსო. ჩემი მთავარი ამოცანაო, მარკესმა სწორედ ასე თქვა, ის არისო, რომ როდესაც კაცი ჩემს წიგნს კითხულობს, მისთვის ერთადერთი სამყარო არსებობდეს, ჩემი წიგნის სამყაროო.
ეჰ, ზოგჯერ რა გულუბრყვილო ჰგონიათ შემოქმედი ვინმეები.
სერჯიო ლეონე კი ზუსტად ამის ოსტატი იყო. თუმცა, მგონი, ამერიკაში ვერც აჩვენა ფილმის ისეთი ვერსია, როგორიც უნდოდა. ისეთი ფილმი გამოდგა, წარამარა რომ აგრძელებდნენ და ამოკლებდნენ. მას ამ ფილმის გადაღება ლამის ოც წელიწადს უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. სადღაც წავიკითხე, კანის ფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენების შემდეგ დარბაზმა თხუთმეტწუთიანი ოვაცია მოუწყოო, სრული ანშლაგებით მიდიოდა ევროპული ვერსიაც და ამერიკულიცო.
მაგრამ ეს ყოველივე ჩვენ არა გვეხება და არც გვეხებოდა.
ჩვენ ეს ფილმი ვიდეოზე ვნახეთ და როდის-როდის აჩვენა ცენტრალურმა ტელევიზიამ, რომელსაც კიდევ სხვა ვარიანტი ჰქონია, რომელიც მანამდე არსებული ვარიანტებისგან განსხვავდებოდა. ტელევიზორში, მგონი, არც არავის უნახავს, ვისაც ნახვა უნდოდა, უკვე ათ-ათჯერ ჰქონდა ნანახი.
არ მგონია, რომ სორბონის უნივერსიტეტის წინ მდგომ სტუდენტებს, ან, უბრალოდ, უსაქმურ ბიჭებს, რომლებსაც იქ დგომა უყვართ (არ ვიცი, ასეთები თუ არსებობენ), ბევრი ელაპარაკოთ ამ ფილმზე. არც პრაღის უნივერსიტეტის და არც, მგონი, ჯორჯთაუნისა. ამიტომ, იქ რომ ანშლაგით მიდიოდა, მიდიოდა და მორჩა, სხვაც ბევრი რამ მიდიოდა ანშლაგით და კიდევ წავა, მაგრამ, აქ, ჩვენთან, რაღაც მოხდა.
ეს ფილმი რაღაცას, მიძინებულს, თუ ხანგრძლივ ძილ-ღვიძილში მყოფს დაუკავშირდა, რაღაცას დაემთხვა და ეს დამთხვევა ტკივილიანი გამოდგა.
ზოგიერთის ცხოვრება გასაოცრად ემგვანებოდა ამ კინოს. ზოგიერთის არ ჰგავდა, მაგრამ ცდილობდნენ, დამგვანებოდა.
ეს ის დრო იყო, როცა პერესტროიკა დაიწყო. თავისუფლება კი ეგეთი რამე ჩანს, რომ პროცენტები არა აქვს, მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით, როცა შემოპარვას ლამობს. შემოპარვა იმას არ გამოუდის, ჩაავლებენ ხელს და შემოათრევენ. ის ლომებისთვის და მოსკიტებისთვის ერთნაირია და მარტო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სტუდენტებისთვის არასდროს არსებობს, არამედ ქუჩის ბიჭებისთვისაც.
ჰოდა, სადაც არაფორმალური გაერთიანებები ჩნდებოდა, იქ ბანდებიც იქმნებოდა. სხვანაირი ბანდები. ის კი არა, საბჭოთა დროს რომ ყაჩაღები იყვნენ, ძირითადად, პროვინციებიდან. ნამდვილი ქალაქური ბანდები, ზუსტად ისეთი, ამ ტკბილ კრიმინალურ საგაში რომ იყო. ამათ შექმნაში სერჯიო ლეონეს ფილმს ნამდვილად არ მიუძღვის წვლილი. ისინი ყველგან იქმნებოდა, მთელს საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, ჩვენთან ამ ფილმის მხატვრულობის რამდენიმე ელემენტი მიიღო. მითოსს დაეყრდნო, ასე რომ ვთქვათ, და კიდევ უამრავი რაღაც.
იმ პერესტროიკის დროს, ჟურნალი აგანიოკი იყო მაგარი რამე და იქ წავიკითხე ერთი სტატია, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა. ვეფხვი გადმოხტაო, ასე ერქვა და ოციანი წლების განთქმული რუსი განგსტერების ლიონკა პანტელეევის და ვიწკა კულწიაპის ამბები იყო აღწერილი. ეს ის დრო იყო, როცა რამკიანი ქურდები ჯერ არ არსებობდნენ.
ჰოდა, იქ ბოლოსკენ ეწერა, ახლაო, რუსეთის დიდმა განგსტერულმა ვეფხვმა უკვე კამარა შეკრა და საცაა მოგვახტებაო.
მაშინ გამიკვირდა, რის ვეფხვი, რა ვეფხვი-მეთქი. სრულიად ვერ ვგრძნობდი ამ ამბავს ჩვენს ტერიტორიაზე, ეტყობა, რუსეთში ხდება რაღაც-მეთქი. თურმე, საქმეში ხარ?
იმპერიის კოლორიტული პროვინციის პირობაზე, უფრო მცირედ და ნელა, მაგრამ აქაც ხდება.
მაშინ ყველაფერი იწყებოდა და ესეც დაიწყო.
ოღონდ, ჩვენ მაინც არტისტული ხალხი ვართ და სპორტულპიჟამოიანი, დაკუნთული, თავგადაპარსული რეკეტირები ჩვენს მხარეში არ გაჩენილან.
მთელი რუსეთი კი გაივსო ამ ჯეილებით.
ჩვენთან ყოველი რეკეტირი გმირი, ხასიათი, რაღაც განუმეორებლობა და...…მოკლედ, ნაწარმოების გმირი უნდა ყოფილიყო. ჩვენ სხვანაირად არ ვიცით და არც შეგვიძლია. სხვანაირად, უბრალოდ, საინტერესო არ არის. თუ არ გამოჩნდი, საინტერესო არ არის.
ჯერ კიდევ არისტოტელემ თქვა, რომ ეგო, მთელი ეგ შემოქმედების ამბებიო, არის ამბები, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყოო. ხოლო ისტორია კი ის არის, რაც მოხდაო.
ჰოდა, ასე: მოვახდინოთ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და არა ის, რაც მოხდა.
ამხელა ზანდუკში გარკვევა არ გინდა?
იქ აწყვია არა მხოლოდ თოფ-იარაღი, არამედ ათასი სხვა რამ.
ასე განსაჯეთ, შიგ ძველებური, უცხოური სიგარეტის სუნიც დგას. სოხუმის მალბოროსი კი არა. ისეთი მალბოროსი, რომელსაც აწერია, მოიხმარება მხოლოდ ამერიკის შიგნით.
და ვიღაცამ ჩამოიტანა.
იყო ასეთი დრო, ვინმე იტყოდა: მე მაქ მოწეული, აწერია აუთსაიდ კი არა, ინსაიდ... ვაფშე სხვანაირია.
სხვანაირია?
ამერიკაში კი მართლა ყველაფერი სხვანაირია.
* * *
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █