რუსეთის "შავი ორშაბათი"სადამდე გააიაფებს ისედაც იაფ ნავთობს ირანისათვის სანქციების მოხსნის ისტორიული გადაწყვეტილება
ეკატერინე ბასილაია
(18.01.2016)
ისტორიული შეთანხმება მიღწეულია - ირანი ევროპის ბაზარზე ბრუნდება. 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სულ მალე, თეირანი ევროპაში ნავთობის გატანას დაიწყებს და ნავთობის ბაზარზე "შავი დღეების" მოლოდინია. პროგნოზები კეთდება, რომ ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის 29 დოლარამდე ჩამოქცეულ ფასებს კიდევ უფრო გაუფასურება ელის და ის შესაძლოა გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს - 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.
ექსპერტების მტკიცებით, ევროპულ ბაზარზე ირანული ნავთობის ყველაზე მეტად რუსეთს ეშინია, რადგან ამ სიტუაციაში ნედლეულზე ფასის დაცემას ის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიჰყავს. კრიზისში მყოფი რუსეთი კი მსოფლიოსათვის საშიშად მიიჩნევა.
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ნავთობის ფასის ვარდნის გამო რუსეთს დიდი პრობლემები აქვს და ეს არც ჩვენთვის და არც მთელი სამყაროსთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან, როდესაც იმპერიალიზმისკენ მიდრეკილ ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას ყოველთვის აგრესიული ქმედებებით ცდილობენ.
გია ხუხაშვილი: "იგივე რუსეთ-თურქეთის ჰიბრიდული ომის ჭრილში რომ შევხედოთ, ჰიბრიდული ომის ძირითადი მიმართულება გახლავთ ინტერესთა კვეთის არეალებში გააქტიურება. რუსეთსა და თურქეთს კი ასეთი ინტერესთა კვეთა საქართველოში და აზერბაიჯანში აქვთ. თუ ეს ესკალაცია გაგრძელდა, მაშინ ორივე მხრიდან ჩვენ გარკეული რისკები გველოდება, ამიტომაც ამ მიმართულებიც ძალიან დიდი ყურადღება გვამართებს".
ხუხაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ნავთობის ფასის მკვეთრად ვარდნა ჩვენთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეიძლება არასახარბიელო აღმოჩნდეს და შესაძლოა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და ამის გამო ფასების მატებაც მივიღოთ.
"ნავთობი ეკონომიკის საბაზისო ელემენტია და როდესაც მისი ფასი მცირდება, ეს გარკვეულწილად მომხმარებლისთვის კარგიცაა, რადგან ზოგადად ფასების კლებას იწვევს. თუმცა, რადგანაც საქართველო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნის ეკონომიკებზეა მიბმული, ფასების ვარდნა მომხმარებლისთვის კი კარგია, მაგრამ ინფლაციურ დაწოლას მნიშვნელოვნად ზრდის და საბოლოო ჯამში ნავთობის ფასის ვარდნისაგან მიღებული სიკეთე ინფლაციისაგან მომდინარე ნეგატივით იფარება," - აღნიშნავს ხუხაშვილი.
ფინანსური ამბების სააგენტო "ბლუმერგი" ირანის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანი ნავთობის ბაზარზე "შავი ორშაბათის" მოწყობას გეგმავს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაკჩის თქმით, კვირას გამოქვეყნდა ირანისა და ექვსი შუამავალი ქვეყნის განცხადება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანი სრულყოფილად ასრულებს აღებულ ვალდებულებას ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე, შესამაბისად, დასკვნის შემდეგ ისტორიული მომენტიც დადგება და თეირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნება.
ამის შემდეგ, ირანის უფლება აქვს ევროპაში ნავთობის ექსპორტი განაახლოს.
თეირანს დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები 2011 წელს დაუწესა, მაშინ დასავლეთმა ამგვარი ხერხით გადაწყვიტა ისლამური რესპუბლიკა აიძელებინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი ეთქვა. 2012 წლის იანვარიდან აკრძალა ირანული ნავთობის გატანა ევროპაში.
ირანი ისტორიულად ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო მსოფლიო ბაზარზე. მისთვის სანქციების მოხსნა კი კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს ნავთობის ფასებზე.
ევროპელი ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპულ ბაზარზე ირანული ნავთობის შესვლის ყველაზე მეტად რუსეთს ეშინია, რადგან ამ სიტუაციაში ნედლეულზე ფასის დაცემას ის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიჰყავს.
ირანის ბაზარზე შესვლის პირსპექტივით შეშფოთებული რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია ევროპაში დღეში დაახლოებით 2,5 მილიონი ბარელი შეიტანოს.
თავად ირანში ამ საკითხზე მკაფიოდ არ საუბრობენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრი აცხადებს იმას, რომ სანქციების მოხსნისთანავე დღეში 500 ათასი ბარელის მიწოდება შეუძლიათ, ხოლო ცოტა მოგვიანებით, მოცულობის გაზრდა შესაძლებელი იქნება. რომელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან, ეს უკვე მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
თუმცა, ამავე დროს, ისრაელის კვლევითი ფირმა "უინდვარდს" აქვს ინფორმაცია, რომ ირანის ნავთობის მინისტრი შესაძლოა სიმართლეს არ ამბობდეს და ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც სანქციების მოხსნაზე დაიწყო მოლაპარაკება, თეირანმა გაზარდა ნავთობის მოპოვება. მათივე ცნობით, ნედლი ნავთობი ირანის ერთ-ერთ სანაპიროზე 28 სუპერტანკერში შესანახად იგზავნება, სადაც 51 მილიონი ბარელი უკვე დაგროვებულია და როგორც კი სანქციები მოიხსნება, მზად არიან ნავთობის დიდი მოცულობა შეიტანონ ევროპაში და ბაზარზე ფასი კიდევ უფრო დაბლა დასცენ.
ოპეკის ცნობით, მსოფლიოში უკვე არსებობს ძლიერ ჭარბი ნავთობი, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროებას დღეში 1,4 მილიონი ბარელით აღემატება. საბოლოოდ, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ეკონომიკას კარგი არაფერი ელოდება.
რუსეთში ბიუჯეტის ნახევრაზე მეტი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შესულ თანხით ივსება, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტი ნავთობის 50-დოლარიან ფასზეა დაგეგმილი. ფასის 20-დოლარამდე დაცემა ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას უკიდურესად მძიმე სიტუაციაში აყენებს.
რუბლის გააუფასურება, გაძვირებული ფასები და გაღარიბებული მოსახლეობა - ეს პრობლემები რუსეთში უკვე არსებობს და ამას ქვეყნის უმაღლესი პირებიც ვერ მალავენ. პენსიონერები პროტესტითაც გამოდიან. რა შეიძლება მოიმოქმედოს სოციალური გამოწვევების პირას მყოფმა რუსეთმა?
გია ხუხაშვილის თქმით, სამწუხაროდ ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით.
გია ხუხაშვილი: "ბაზარზე ირანის შემოსვლით ფასები რა თქმა უნდა კიდევ დაეცემა, რადგან მოხმარება მცირეა, მოწოდება კი - დიდი. გლობალურ ეკონომიკაში ეკონომიკური ვარდნაა. ძალიან დაძაბული პერიოდი გველის და შესაძლოა ეს ეკონომიკური პრობლემები სამხედრო რისკების ზრდის პირდაპირი საფუძველი გახდეს.
"ეკონომიკური პრობლემები აქვს რუსეთს და ასევე აზერბაიჯანშიც საკმაოდ რთული ვითარებაა ამ კუთხით. ეს ორი ქვეყანა ჩვენი უმსხვილესი ეკონომიკური პარტნორები არიან. აქიდან გამომდინარე, ლარზე დაწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა ჩევნთანაც ამ მხრივ არასახარბიელო პროცესი განვითარდეს, ლარის დევალვაცია გაგრძელდეს და არა მხოლოდ დევალვაცია, შესაძლოა უახლოესი თვეების განმავლობაში ინფლაციამ პიკს მიაღწიოს.
"ასე რომ, ერთის მხრივ ჩვენ შეიძლება გვიხაროდეს, რომ რუსეთს პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ემოციური პოზიტივის გარდა საკმაოდ სერიოზულ შინაარსობრივ რისკებს შეიცავს. როგორც წესი, იმპერიალიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნები როდესაც ხალხს პურს ვერ აძლევენ, სანახაობაზე გადადიან. სანახაობა კი ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც არ არის მშვიდად, გარე აგრესიას გაააქტიურებს".
ხუხაშვილისვე თქმით, 20 დოლარი 1 ბარელზე - ეს რუსეთისათვის ნავთობის მოპოვების თვითღირებულებაა და თუ ფასები აქამდე დაეცა, ის მოპოვებას შეაჩერებს. იგივე შეიძლება მოხდეს ძირითად მწარმოებელ ქვეყნებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ოპეკმა გააკეთა განცხადება, რომ ის 20 დოლარის შემთხვევაშიც არ შეამცირებს მოპოვებას.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ნავთობის ფასი რა თქმა უნდა დაეცემა, მაგრამ სანამდე წავა ეს ვარდნა და რა იქნება მომავალში, ძნელად პროგნოზირებადია. თუკი პოლიტიკური რისკები გაჩნდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში საომარი მოქმედებები დაიწყო, გამორიცხული არ არის ფასმა ზრდაც დაიწყოს.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ თეირანისათვის ასე სწრაფი ტემპით სანქციების მოხსნის მიზეზი ძირითადად რუსეთია და აშშ-ს გეგმაა, რომ ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყნის ვერაგული ქმედებებისთვის მთავარი მასაზრდოებელი არ უნდა იყოს.
ცისკარიშვილს მოლოდინი აქვს, რომ ირანისათვის სანქციების მოხსნა ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო გახდება და სანქციებმოხსნილი ირანი საქართველოსთან თანამშრომლობის დიდ ინტერესს გამოიჩენს.
"გაზპრომის" ირგვლივ მიმდინარე ისტერიის ფონზე უპირველესად უნდა დავაზუსტოთ შესაძლებლობები, სურვილები და რეალობა იმისა, თუ რა კონკრეტული სიკეთეების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ირანისათვის სანქციების მოხსნას. იმედი მაქვს, ამაზე საქართველოში უკვე ნაფიქრია.
"საქართველოს საელჩო ირანში საკმაოდ წარმატებულია და მასაც შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას სერიოზული დახმარება გაუწიოს. ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ირანის შემოსვლით უფრო მარტივი იქნება," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგის თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა და ბაზარზე შემოსვლა სიკეთის მომტანი უნდა იყოს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, როგორც უფრო სანდო პარტნიორთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
თუმცა, იქვე ცისკარიშვილი აცხადებს იმასაც, რომ სიკეთის მოლოდინთან ერთად ხიფათიც არსებობს და ეს ხიფათი რუსეთიდანაა.
"ბუნებრივი რესურსების გაიაფება რუსეთისათვის ტკივილიანი პროცესია და რა თქმა უნდა, ხიფათს წარმოადგენს რუსეთის გაღარიბება. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას არ გაუჭირდებოდა იმ მოვლენების პროგნოზირება, რასაც ახლა ვადევნებთ თვალყურს და შესაძლოა სწორედ ამიტომაც დაიწყეს წინსწრებით საომარი აქტიურობა სირიაში.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ არეალით შემოიფარგლება რუსეთი საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის და უმჯობესია დაჭრილ დათვს მაქსიმალურად განვერიდოთ, ვიდრე გავაღიზიანოთ. მხოლოდ ჩვენი გონიერებითა და პროფესიონალიზმით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ისე, რომ ჩვენივე გაუწონასწორებელი ნაბიჯების მსხვერპლნი არ გავხდეთ.
"თუკი გონების პაწაწინა რესურსი შერჩენია კრემლის ხელისუფლებას, მიხვდება, რომ რაიმე სამხედრო წნეხი საქართველოს ან უკრაინის მიმართ მათთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება", - დასძენს ცისკარიშვილი.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...8&id_artc=27726