ადვოკატი: გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის მიერ გასაჯარვებული დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება კომპანიის ერთერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ კომპანიის წილის შესყიდვით, პარტნიორი გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე, რაც წარმოადგენს კონკურენციის შესახებ კანონის და მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევას. იგი გარიგებას უწოდებს თვალთმაქცურს და მართლსაწინააღმდეგოს.
„ამ მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ 30%-იანი წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე.
საყოველთაოდ ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ბატონი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებული ტელეკომპანია „იმედთან“ და მის მართვასთან. შესაბამისად, ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას. მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს „სტუდია მაესტროზე“ კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს, ტელეკომპანია „იმედს“.
ხსენებული კანონის მეთერთმეტე მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება, როგორ ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში, დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას.
ამავე კანონის მეთვრამეტე მუხლის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ჭრილში, ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას - ტელეიმედი ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია მაესტროს საწესდებო კაპიტალის წილს. ამ კუთხით, ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
გარდა ამისა, ზემოთ მითითებული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს იმისთვის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა შპს სტუდია მაესტროს წილები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები უნდა შეფასდეს, როგორც თვალთმაქცური, მართლსაწინააღმდეგო გარიგებები. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და კანონის შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად.
ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ წილების გაყიდვას და ბოლო ეტაპზე, ვცდილობთ, დირექტორის გათავისუფლებისთვის ხელის შეშლას, რადგან ვფიქრობთ, რომ ის, ასე თუ ისე, შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს კონკურენტი ტელევიზიის დომინირებას, დაიცვას სარედაქციო დამოუკიდებლობა და „მაესტროს“ კოლექტივის ინტერესები. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა გაფიცვის სახით. მას ამის უფლებას აძლევს მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი - გაფიცვა არის შრომითი ურთიერთობების შეჩერების კანონიერი ფორმა და გაფიცულ მდგომარეობაში მყოფი პირის გათავისუფლების რეგისტრაცია, ვფიქრობთ, არის დაუშვებელი.
იმედია, გამოქვეყნებული ფაქტები და მტკიცებულებები ხელს შეუწყბს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და სასამართლოს, რომ მიმდინარე პროცედურების დროს, მიღებული იქნას ობიექტური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ადვოკატმა.
http://news.ge/ge/news/story/168894-advoka...imedis-filialad
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo