კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას რაღაცებზე.
არსებობს რაღაც მოცემულობები, რაც არაა დამოკიდებული იმაზე, ვინმეს მოსწონს თუ არა.
მოცემულობაა ის, რომ არსებობს ქართველური ენები — სამეცნიერო წრეებში ეჭვს არ იწვევს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.
ასევე, სვანურის, ლაზურის და მეგრულის მატარებლები მიიჩნევენ, რომ ესენი არის ენები, ასეთია მათი ლინგვისტური იდენტობა.
როდესაც სვანი საუბრობს სვანურად, ის მიიჩნევს, რომ საუბრობს სვანურად, და არა სხვა ენაზე.
ანუ ის თავის სამეტყველო სისტემას გამოყოფს სხვა სამეტყველო სისტემებისგან.
ასე არიან დანარჩენ ქართველურ ენებზე მოლაპარაკეებიც.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებად მივიჩნევთ თავს.
ვიცით, რომ გუშინ და გუშინ წინ არ წარმოიშვნენ ეს ენები.
ისიც ვიცით, რომ ქართველი ერის ინტეგრაციისთვის ხელი არ შეუშლიათ ამ ენებს.
რუსეთს ჰქონდა სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა, მაგრამ რაც მიიღო და რა რეაქციაც იყო ამ კუთხეებში და ზოგადად ქვეყანაში, კი ვიცით.
მგლის შიშით ფარა არავის დაუხოცია.
ქართველური ენებიდან ქართული გახდა ის ენა, რომლის გარშემოც მოხდა ჩვენი ერის ინტეგრაცია.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ სულაც არ მიქმნის დისკომფორტს ეს ფაქტი.
ამ ენაზე ითარგმნა ბიბლია, ამ ენაზე განვითარდა მწერლობა, ეს იყო სახელმწიფო ენა, ასე ვთქვათ.
ძვირფასი და საყვარელი ენაა ქართული ჩვენთვის.
სამეგრელოდან და სვანეთიდან ქართული ენის გამოდევნაზე ლაპარაკი არის აბსურდი.
ეს განსახილველადაც არ ღირს, უბრალოდ.
არაა საუბარი სვანურის, ან მეგრულის სახელმწიფო ენის რანგში აყვანაზე.
თან, ძალიანაც რომ გვინდოდეს ყველას, მეგრული და სვანური ვერ ჩაანაცვლებს ქართულს.
აქ საუბარია მათი შენარჩუნება-განვითარებისთვის პირობების შექმნაზე.
ასევე, ფაქტია, რომ საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული ენის ქარტიის რატიფიკაციის ვალდებულება. 
მთელ რიგ ქვეყნებში იცავენ რეგიონალურ და უმცირესობათა ენებს, მაგრამ არ იშლებიან.
აქამდე 25-მა ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიკაცია. ესენია:
სომხეთი, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია,
კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, გერმანია,
უნგრეთი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო,
ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი,
სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
ჩვენმა სახელმწიფომ 1999 წელს აიღო ქარტიის რატიფიკაციის ვალდებულება.
ერთ წელიწადში უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ დღემდე თავშეკავების პოლიტიკა მოქმედებს.
მე პირადად არ მიმაჩნია, რომ თვითმიზანი უნდა იყოს ქარტიის რატიფიკაცია.
მთავარია, დავაფასოთ ეს ენები, მათი შენარჩუნება განვითარების სურვილი იყოს, ქართული სახელმწიფო მზად იყოს ნაბიჯების გადასადგმელად და ფორმების დე მეთოდების მოფიქრება-შემუშავება არ გაჭირდება.
ამ ენების სკოლაში სწავლებაზე ლაპარაკობენ ხოლმე ხშირად.
ზოგი მიიჩნევს, რომ სამეგრელოშ და სვანეთში უნდა ისწავლებოდეს მეგრული და სვანური.
ზოგი მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ისწავლებოდეს ქართველური ენები.
მე მიმაჩნია, რომ ენის შენარჩუნების მთავარი მისია ენის მატარებლებმა უნდა იკისრონ და აქედან გამომდინარე, სამეგრელოში და სვანეთში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ენებს.
თუმცა, არაა საუბარი მეგრულენოვან და სვანურენოვან სკოლებზე.
დანარჩენ საქართველოს რაც შეეხება, ქართველური ენების კურსი უნდა ისწავლებოდეს, რომელიც უფრო გაცნობითი ხასიათის უნდა იყოს.
არაა საუბარი სასაუბრო მეგრულის და სვანურის სავალდებულო სწავლებაზე.
ბავშვებს უნდა ასწავლონ ამ ენების გრამატიკის შედარებითი ანალიზი, გარკვეული რაოდენობით სიტყვები და ფრაზები.
ამ შემთხვევაში მოისპობა გაუცხოება და არასწორი შეხედულებები ამ ენების მიმართ, რაც დღეს არაა იშვიათობა, სამწუხაროდ.
ეს არის ქართველის ერის ერთობის კიდევ უფრო განმტკიცების გზა...
This post has been edited by ფორცხოლი on 18 Feb 2016, 15:35
. .