სასწრაფოდ: "თსუ-ში შედიან ძველი ბიჭები, ნეო-ნაცისტები ნიღბიანი და დუბინკიანი ტიპები"
თსუ-ს სტუდენტების ერთ-ერთი მხარდამჭერი თორნიკე ჭუმბურიძე უნივერსიტეტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ შენობის ყველა შესასვლელს დაცვა და პოლიცია აკონტროლებს, რომელიც სტუდენტებს და მათ მომხრეებს არ უშვებს და შედიან "გაურკვეველი წარმომავლობის ძველი ბიჭები, ნეო-ნაცისტები, ნიღბიანი და დუბინკიანი ტიპები".
"თსუ-ში სიტუაცია არის ასეთი :
პირველი შეხლა-შემოხლის შემდეგ, როცა თვითმმართველობას უკან დავახევინეთ, დაცვამ ჩაკეტა ყველა გასასვლელი და თქვა, რომ აღარავის შეუშვებდა შიგნით. სტუდენტური მოძრაობა ამას დათანხმდა და ნაწილი გარეთ დავრჩით აქციის გასაგრძელებლად.
ამის შემდგომ, მთელი დღე დავსდევდით პოლიციას და დაცვას (დაცვის ნაწილს, უფრო სწორად. ბევრი მათგანი პატიოსნად იცავდა უნივერსიტეტს და გვეხმარებოდა და დიდი მადლობა მათ ამისთვის) , და სანამ ჩვენი ხელით არ მიგვყავდა თვითებთან, რომლებიც ფანჯრებიდან იპარებოდნენ, არაფერს აკეთებდნენ. პირველი კორპუსის სხვადასხვა შემოსასვლელებიდანაც ცდილობდა დაცვის ზოგიერთი თანამშრომელი შეეპარებინა, მაგრამ ჩვენ რომ მივედით კამერებით, აღარ ქნეს.
ახლა უნივერსიტეტის ყველა შესასვლელს დაცვა და პოლიცია აკონტროლებს. სტუდენტებს და მათ მომხრეებს არ გვიშვებენ, სამაგიეროდ უკანა კარებებიდან უნივერსიტეტში შედიან სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობები, გაურკვეველი წარმომავლობის ძველი ბიჭები, ნეო-ნაცისტები, ნიღბიანი და დუბინკიანი ტიპები.
აუდიტორია #115 უმძიმეს მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, ახლა პოლიციასთან დაპირისპირება მათთვის მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავს, მეორე მხრივ კი, როდემდე შეძლებს, ან მოუნდება თუ არა უნივერსიტეტის დერეფნებში გამაგრებულ პოლიციის კორდონს შეაჩეროს თვითები და მათი მომხრე სხვა კრიმინალები, არავინ იცის.
ხვალ, 11 საათზე სტუდენტების მხარდამჭერი აქციაა თსუ-ს პირველ კორპუსთან. იქ არ მისვლა ნიშნავს, რომ ამ ხროვის პირისპირ მარტოებს ვტოვებთ სტუდენტებს", - წერს თორნიკე ჭუმბურიძე.