http://ghn.ge/com/news/view/150492„ეს შენ გეხება, მე - არა!“
საქართველო, თბილისი - 19:50 03.20.2016
ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბევრად პროგრესული და გონიერია, ვიდრე ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პროგრესს სკამებზე „ამხედრებამდე“ ავლენს და მერე, აბსოლუტურად რეგრესულ ძალად ყალიბდება.
კამპანია „ეს შენ გეხებამ“ აქტუალური კითხვები წამოჭრა და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე დადგა, თუმცა ამ კამპანიით „აღტკინებული“ პოლიტიკოსები, რატომღაც სახელმწიფოსთვის აქტუალურ კითხვებს არ სვამენ და მათი პოზა აშკარად მიუთითებს, რომ „ეს“ მათ არ ეხებათ.
საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა პოლიტიკოსმა - ზოგმა სისტემის კუთვნილებით, ზოგმა ჩირგვებში ყოფნით, ზოგმა კონფორმიზმის გამო - სხვადასხვა პერიოდში, ხმაც კი არ ამოიღო საზოგადოების დასაცვად და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში საკუთარ მდგომარეობას იყენებდა და იყენებს საზოგადოების დასაჩაგრად და მის სამართავად, მასზე გავლენის მოსაპოვებლად.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანალიზი და ვიდეოკადრებით გამოწვეულმა რეაქციამ საზოგადოების ყურადღება უფრო მორალურ კონტექსტებს მიაპყრო, ვიდრე სახლმწიფო უშიშროების თვალსაზრისით არსებულ პრობლემას. თუნდაც იმას, რომ ასე „მოგულავე“ და ხელიდან ხელში გადაცემული კადრები, სულაც არ არის გამორიცხული რომ ცალკეული, ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ხელშიც იყოს და მას სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იყენებდნენ. ანუ იყენებდნენ პერსონების წინააღმდეგ, რომელთაც დღეს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი თანამდებობები აქვთ, ან გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე. ამ არგუმენტს ისიც აძლიერებს, რომ სწორედ ამ მიმართებით თითქმის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აქტიურობს, ხოლო ხელისუფლება და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ღიად ამბობენ - „ეს ჩვენ არ გვეხება!“.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებამ, ძალიან ბევრი კითხვა დაბადა, როგორც ყოფილი, ასევე დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ამ კითხვებში - თითქმის არ ისმის ასეთი, სრულიად ლეგიტიმური კითხვა: იქნებ უკვე დამთავრდა ყველაფერი და ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფი ცალკეული პერსონები უკვე დაშანტაჟებულნი და გადაბირებულებიც არიან? იქნებ უკვე მოეწყო კონკრეტული პერსონებისთვის მათი ჩანაწერების (ზედმეტად ნუ მორალისტობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი კადრებიც იქნება უხვად) პრივატული ჩვენებები და გარიგებებიც შედგა?
შემხვედრი კითხვა - „მაშინ რატომ დასჭირდათ ასე გასაჯაროება?“ - გასაგებია.
ამ კითხვის სრულიად ლოგიკური პასუხია: რათა კონტროლიდან არ გაექცეთ და მუდმივად „მუშკაზე“ ჰყავდეთ. ეს ხომ ორი კურდღლის დაჭერაა. ერთი - არასასურველი პოლიტიკური ველის გაწმენდა და პოლიტიკური დაქსაქსულობის შენარჩუნება, საზოგადოების იდეოლოგიური დამუშავება - პირადი ცხოვრება პირადი ცხოვრებაა და მხარს გიჭერ, მაგრამ თუ ამორალური ხარ - გადი პოლიტიკური ველიდან. მეორე - უკვე გადაბირებულ-დაშანტაჟებულების გაფრთხილება: თუ ჭკვიანად არ იქნებით და არ შეასრულებთ დირექტივებს, თქვენც ეს დღე გელით.
იმათთვის, ვისაც ამ ქვეყნის ბედ-იღბალი აღელვებს, პრაღაში ბატონო კარასინის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და შემდგომ ვლადიმერ პუტინის მიერ ამ ადამიანისთვის ცხინვალთან დაკავშირებით დელეგირებულმა უფლებებმა ბევრი რამ გახადა ცხადი. ამიტომაც, ვინ და რატომ გამორიცხავს, რომ ისედაც ნახევრად რუსეთის ორბიტაზე მყოფი „ოცნების“ ჭრელ პოლიტიკურ კონფიგურაციაში დაშანტაჟებულებიც ბლომად იყვნენ და მოსყიდულებიც. როდესაც „ოცნებას“ ვახსენებ, არც იმას გამოვირცხავ, რომ ასეთი შანტაჟის მსხვერპლნი იყვნენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებშიც - ანუ ოპოზიციაშიც. ამიტომაც, ხელისუფლების ფასადური ან მისი ზოგიერთი წევრის თვისობრივი ევროპული განწყობები, შესაძლოა, პოლიტიკურ ნაცარ-ტუტად იქცეს, ამავე გუნდში მყოფი დაშანტაჟებულ-გადაბირებულებისა და „ვერცხლის მოყვარული“ პოლიტიკოსების მეშვეობით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალური მოტივი სხვა არის და ეს ვერსია მეტ-ნაკლებად მცდარია, თუმცა ლოგიკური და ნამდვილად არ არის გამოსარიცხი, კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, რომელთა უმეტესობა მაინც ამჟამინდელ ხელისუფლებას ეხება. ეს პოლიტიკის ძირითადი კანონია: ძალაუფლება გულისხმობს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც! ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დღევანდელმა მთავრობამ უნდა უპასუხოს ყველა ლეგიტიმურ კითხვასა და გონივრულ ეჭვს.
ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმეს უამრავი ასპექტი აქვს: საზოგადოებრივი, ღირებულებითი, სოციო–ფსიქოლოგიური და ასე შედეგ. თუმცა, უმთავრესი მაინც პოლიტიკური საკითხია: ვინ უნდა იტვირთოს უმძიმესი პოლიტიკური (და სამართლებრივი) პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც მოხდა? აშკარაა, რომ ეს საჯარო შანტაჟი “ბნელი აისბერგის” მწვერვალია და თუ მისი ავტორი (ავტორები) უმკაცრესად არ დაისაჯენ, ქართული პოლიტიკრი ლანდშაფტთი საბოლოოდ დამესგავსება სამკვდრო–სასიცოცხლოდ დანაღმულ ველს.
ეს, ჯერ კიდევ, სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს 2012–2013 წლებში ან უფრო გვიან, არ არსებობდნენ ძალები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგაც აწყობდნენ პროვოკაციებს მისი დისკრედიტაციის მიზნით. არც იმას გამოვრიცხავ, ეს იყოს ერთგვარი ულტიმატუმი გადაბირებულ-დაშანტაჟებულთათვის და ქვეყანაში ვითარების აფეთქების პროვოკაციული მცდელობა.
როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საბოლოო შედეგი ბევრად გამანადგურებელი იქნება, თუ ამ „მნიშვნელოვან დეტალებს“ განმარტებები არ დაერთო თან – კომპეტენტურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით.
ეს „საინფორმაციო დივერსია“ არ არის კონკრეტული პირების ან მხოლოდ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და სახელმწიფოს დღეს „ოცნება“ მართავს.
და ბოლოს, ყველაზე აქტუალური კითხვა: რატომ არ სვამენ პოლიტიკოსები სწორ აქცენტებს და არ განიხილავენ მომხდარს სახელმწიფო უშიშროების პრიზმაში? რატომ გაიხადეს მათ ფორმულად „ეს შენ გეხება, მე - არა?“
„ჯი-ეიჩ-ენი“, გოჩა მირცხულავა