M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#47807424 · 14 May 2016, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დემურ გიორხელიძე: ქართული ბანკები ჭარბი რესურსით საკუთარ არაპროფილურ ბიზნესებს აფინანსებენ 13:18 13.05.2016
ინტერვიუ ეკონომისტ დემურ გიორხელიძესთან – როგორც ერთერთ გადაცემაში განაცხადეთ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ვიზიტისას დარწმუნდით იმაში, რომ ლარის კურსს ადგენს არა ვალუტაზე არსებული მოთხოვნა და მიწოდება, არამედ ორი–სამი ქართული ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციები. „კომერსანტმა“ არაერთხელ გააშუქა ბანკების როლი ეკონომიკის განვითარებაში და ამიტომ დაგვაინტერესა თქვენმა განცხადებამ: რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ლარის კურსი ორი–სამი ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზეა დამოკიდებული?
– ეს ძალიან მარტივად ხდება: დღეს ვაჭრობა ბლუმბერგზე მიმდინარეობს და რამდენი ოპერაციაც განხორციელდება, თითოეული კურსი შეიკრიბება და გაიყოფა რაოდენობაზე. ანუ გამოდის საშუალო არითმეტიკული. ამ დროს კი ეროვნულმა ბანკმა რეალურად არ იცის როგორია ვალუტაზე მოთხოვნა. მან არ იცის არც ბანკებისგან წინასწარ ამის შესახებ და არც იმის შესახებ, როგორია მოთხოვნა გადამცვლელ პუნქტებში. ამიტომ, როდესაც ლარის კურსის განსაზღვრაში ასეთი გამაოგნებელი დეფექტია, კურსი, ბუნებრივია, მოწყვეტილია ეკონომიკურ ფუნქციას და გადაქცეულია სპეკულაციის იარაღად, რადგან ორ–სამ ბანკს, რომლებიც ბლუმბერგზე ვაჭრობს, შეუძლია შესანიშნავად გაითამაშოს აწევა–დაწევის თანმიმდევრობა და ამაზე სერიოზული თანხები აკეთოს.
– თქვენი აზრით, ამ პრაქტიკის ნაცვლად, ლარის კურსის დადგენის რა მექანიზმი უნდა არსებობდეს?
– სისტემა უნდა იყოს მარტივი: ჯერ ერთი ქვეყანაში უნდა არსებობდეს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლის ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში განსაზღვრავს ეროვნული ბანკისთვის პარამეტრებს – ფულის მოცულობის, მონეტიზაციის კოეფიციენტის თაობაზე და ა.შ. და ეს ყველაფერი დამორჩილებული უნდა იყოს მთავარ მიზანს – სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ლარის კურსი და ინფლაცია თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ პარამეტრებს, ისინი დაქვემდებარებული პარამეტრები არიან და ეკონომიკური ზრდის კვალობაზე უნდა რეგულირდებოდეს ისე, რომ მაგალითად ინფლაციის მაჩვენებელი ზრდის მაჩვენებელზე მეტი არ იყოს. ფულის დეფიციტი არ იყოს ქვეყანაში და ა.შ. როგორ შეიძლება ჩვენ დღეს ვლაპარაკობდეთ რაიმე სერიოზულ საკითხზე, როდესაც მონეტიზაციის კოეფიციენტი „ემ ორი“ აგრეგატის მიხედვით შეადგენს 20%–ს ანუ ეკონომიკას ემსახურება 5–ჯერ ნაკლები ფული ვიდრე მისი მოცულობაა. ასეთი ტენდენცია მსოფლიოში არსად არაა –რამხელაცაა ეკონომიკა, იმდენი ფული უნდა ემსახურებოდეს მას. ამიტომაცაა მცირე და საშუალო, ანუ არალობირებული ბიზნესისთვის ფული ხელმიუწვდომელი და ამ ვითარებაში როგორ უნდა მოახერხოს ვიღაცა ჯადოქარმა, რომ ეს ეკონომიკა გაიზარდოს? ეკონომიკაში ფულის მასა უნდა იზრდებოდეს არა ხელოვნურად, არამედ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების კვალობაზე, მაგრამ დღეს ქვეყანაში საწყისი ფულის პრობლემაა, ბანკები კი არანორმალურ მოთხოვნებს აყენებენ, თანაც ესაა ძალიან მახინჯი სისტემა. საბანკო სისტემა რომ ჯანსაღი იყოს, არ იარსებებდა კერძო გამსესხებლების ინსტიტუტი და არც ონლაინ სესხების კომპანიები. ამიტომაა ჩვენი ეკონომიკა ძალიან სუსტი და მთავარია ის, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა კარგ მაკროეკონომიკურ კომპლექსურ პოლიტიკას ვერ გვთავაზობენ.
– თქვენ ახსენეთ ორი–სამი ბანკი. თქვენი აზრით, პრობლემა სისტემურია თუ ის უშუალოდ ამ ბანკებშია?
– წესები რომ იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და ბანკს მხოლოდ აგენტის ფუნქცია ჰქონდეს, ჩვენ მშვიდად ვიქნებოდით და გვეცოდინებოდა, რომ ბანკი მოქმედებს საკუთარი კლიენტების დავალების შესაბამისად. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს ასეა თუ არა. ჩვენ არ ვიცით, როგორია ბანკებში დღევანდელი მოთხოვნა. ასეთი ინფორმაცია არ არის, რაც უდიდეს შეცდომად მიმაჩნია.
– ასეთი სისტემა რა საფრთხეს უქმნის ლარის კურსს – თეორიულად, არის თუ არა მასში რისკები, რომ ამ ორმა–სამმა ბანკმა მოახდინოს ისეთი მანიპულაციები, რაც ლარის კურსზე მკვეთრად აისახება?
– ეს არა მარტო თეორიული, არამედ სრულიად პრაქტიკული საფრთხეა.ლარის კურსის გაუთავებელი თამაშები სწორედ ამ სპეკულაციური შეტევების შედეგი იყო, რომელსაც ეროვნული ბანკი უბრალოდ ვერ არეგულირებდა ან არ არეგულირებდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უბრალოდ არ არეგულირებდა. ასეთ ვითარებაში ლარის კურსი დგინდება ხელოვნურად და დღევანდელი კურსი არ შეესაბამება რეალობას. ლარის კურსი იზოლირებულია და ზიანის მომტანია ქვეყნის უმთავრესი ამოცანის – სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. მე მაქვს პრეტენზია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკასთან. ბანკებმა კი უბრალოდ ხელში ჩაიგდეს ეს მექანიზმი და 2015 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოიგეს იმ დროს, როდესაც ეკონომიკას სული ძვრება და განადგურების პირასაა მისული.
– თავად ბანკების წარმომადგენლები ამ მოგებას საკუთარი პროფესიონალიზმით ხსნიან.
– წარმატებული საქმიანობა წარუმატებელ ქვეყანაში, წარმატებული საქმიანობა 16 მილიარდიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არის ზღაპარი. რომ არა ხელისუფლება, საქართველოს კომერციული ბანკები ვერანაირ საქმიანობას ამ გზით ვერ წარმართავდნენ. დიდი პრობლემაა ის, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში არ არის გამიჯნული საინვესტიციო საქმიანობა და კლასიკური საბანკო საქმიანობა. ეს კანონის ძალით უნდა გაიმიჯნოს და ბანკებმა, რომლებიც კლასიკურ საბანკო საქმიანობაზე იქნებიან ორიენტირებულნი, სესხების გაცემით იშოვონ ფული, ხოლო საინვესტიციო ბანკებმა რაც სურთ ის აკეთონ. სწორედ ასეთი სიმახინჯე კანონმდებლობაში და პოლიტიკაში აძლევს ბანკებს ე.წ. წარმატებული საქმიანობის საშუალებას. ისინი სულაც არ არიან წარმატებულნი და საკმარისია კონკურენტულ გარემოში მოექცნენ, რომ ჩვენი კომერციული ბანკების ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები დიდი კრახის წინაშე დადგებიან.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული საბანკო სისტემა მახინჯია და მცირე ბიზნესისთვის მისი რესურსები მიუწვდომელია. თუმცა მეორეს მხრივ, ბანკებს ჭარბი რესურსი აქვთ. ამის მიუხედავად, ისმის კრიტიკა ბანკების მიმართ, რომ ისინი ეკონომიკას არასათანადოდ აკრედიტებენ და ძირითადად ვაჭრობის დაფინანსებაზე არიან ორიენტირებულნი. გამოსავალს რაში ხედავთ?
– სიმახინჯის ერთერთი საფუძველია ის, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება ქონდათ წლების განმავლობაში. ისინი ფლობენ ბიზნესებს მედიცინაში, დაზღვევაში, მშენებლობაში, ტურიზმში, სარესტორნო ბიზნესში და ა.შ. და არ არიან დაინტერესებულნი კონკურენტების დაფინანსებით. ესაა არა მათი, არამედ ჩვენი ხელისუფლებების ბრალი, რომლებმაც ასეთი სიმახინჯე შექმნეს. შესაბამისად, ამ ჭარბი რესურსით ისინი საკუთარ ფირმებს აფინანსებენ. მე ამას ყველაფერს ბანკებს არ ვაბრალებ – რა ბანკების ბრალია, რომ ქვეყანაში არცერთი ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტი არ არსებობს? არ არსებობს ინსტიტუციონალური ინვესტორები, ვენჩურული კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და ა.შ. კანონმდებლობამ ყველაფერი ბანკებზე „ჩამოკიდა.“ საბანკო სისტემის სიმახინჯის გამოვლენაა ბანკებში არსებული რიგები: გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც 72%, რომელსაც ხელფასი არ გააჩნია, ბანკებშია ატუზული. ბანკებში რიგები წარმოუდგენელია და ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.
– თქვენ არაპროფილური აქტივები ახსენეთ, თუმცა სებ–ის ყოფილი ხელმძღვანელობის პირობებში მათ ასეთი აქტივების ფლობა აეკრძალათ. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ისინი აგრძელებენ ამ აქტივების ფლობას. რატომ არ აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ამ აკრძალვამ რეალურად იმუშაოს?
– მე ძალიან მოურიდებლად ვაკრიტიკებ მთავრობის კონსულტაციებს ბიზნესთან, ეს არის კომკავშირული გადმონაშთი. ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, როგორ უნდა წარმართონ მაკროეკონომიკური პოლიტიკა იმისთვის, რომ ბიზნესი კარგად ვითარდებოდეს. ამისთვის ბიზნესთან ურთიერთობა არ არის საჭირო. ბიზნესი საერთოდ ჩამოცილებული უნდა იყოს სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღებისგან. – იმის თქმა გსურთ, რომ ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა მათი ხელისუფლებასთან დაახლოებული ურთიერთობის შედეგია?
– ეს არის ხელისუფლებისა და პრივილეგირებული ბიზნესის შერწყმის შედეგი, რაც კარგს არაფერს უქადის არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც ზოგადად საქართველოს. ესაა ჩამოყალიბებული ოლიგარქიული სახელმწიფო, სადაც სიღარიბე დომინირებს, სამუშაო ადგილები არაა და ამ პოლიტიკით ვერც შეიქმნება. არადა 100 ათასობით სამუშაო ადგილია შესაქმნელი, რათა უმუშევრობა ცივილიზებულ დონემდე იქნას დაყვანილი. ჯერჯერობით ეს არ ხდება და ვერც მოხდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკა. ავტორ(ებ)ი : კომერსანტი
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|