საარჩევნო პროცესი
არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობაში მოხდა ცვლილება, რის მიხედვითაც დაშვებულ იქნა ხმის მიცემა დამატებითი სიის საშუალებით, იმ პირთათვის, ვინც არ მოხვდა საარჩევნო სიებში. ცვლილება დასაბუთებული იყო იმ გარემოებით, რომ საარჩევნო სიები მოკლე დროში მომზადდა და მასში ბევრი მოქალაქე იყო გამოტოვებული. საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ცვლილება, რადგანაც ის ქმნიდა შესაძლებლობას არჩევნების გაყალბებისათვის.[8]
ოპოზიციური კანდიდატები მიხეილ სააკაშვილს ბრალად სდებდნენ კანონის საწინააღმდეგოდ საჯარო ფინანსების გამოყენებას საარჩევნო კამპანიისათვის. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების დაკავშირება საარჩევნო კამპანიასთან, მათ შორის ამ პროგრამების საინფორმაციო ფურცლებზე შემოხაზული "N5" - მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერი.[9] მისივე დასკვნით, ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქება არ იყო ბოლომდე დაბალანსებული. ძირითადი დრო ეთმობოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხოლო ტელეკომპანია "კავკასია" არღვევდა ბალანსს ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ.[10]
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხშირი იყო მათი აქტივისტების და დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები.[11]. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტში პირს, რომელმაც ოფისი მიაქირავა გაჩეჩილაძის შტაბს, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.[9]
არჩევნები ჩატარდა საქართველოს 3512 საარჩევნო უბანზე, მათ შორის საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში 2008 წლის 5 იანვარს. 5 მაღალმთიან სააარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა 2007 წლის 28 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამარჯვებისთვის კანდიდატს უნდა მიეღო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 50%+1 ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნებოდა მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატს შორის.
არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელშიც შედიოდნენ ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები. ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებდნენ ორგანიზაციები: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" (nGnI), ასევე ნაკლებად ცნობილი უკრაინული ორგანიზაცია "საერთო ევროპული საქმე". ეგზიტ-პოლებს აწარმოებდნენ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ინსტიტუტი (GFSIS) 4 ქართულ ტელევიზიასთან თანამშრომლობით.
ხარვეზები დაფიქსირდა არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხმის დათვლის პროცესი უბნების 23%-ში შეფასდა, როგორც "ცუდი ან ძალიან ცუდი", ხოლო 8%-ში ისინი გახდნენ შემაჯამებელი ოქმის შეცვლის მოწმენი. 940 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ხმა მისცეს, არ ემთხვეოდა ბიულეტენების ჯამს. ბათუმის, ლენტეხისა და დმანისის საარჩევნო ოლქებში იყო შემთხვევები, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი არ ემთხვეოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამის ოქმს. 45 საარჩევნო უბანში უჩვეულოდ მაღალი აქტივობა - 500-ზე მეტი ამომრჩევველი - დაფიქსირდა მხოლოდ ბოლო სამი საათის განმავლობაში.[12]
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...E1%83%98_(2008)