Urindanger
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6585
წევრი No.: 185060
რეგისტრ.: 20-April 14
|
#47457648 · 3 Apr 2016, 18:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
UMTS 1. კითხვა: რას წარმოადგენს იეჰოველების სწავლება? პასუხი: იეჰოველთა სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვალებლობა, რომელიც ამჟამად, ჩვენს დროში არსებობს. მწვალებლობა, ანუ ერესი – ცრუ სწავლებაა, დამახინჯებული სწავლება ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც სახარებაშია განცხადებული და საეკლესიო გადმოცემაში დაცული. თავის დასაბამს ეკლესია წმინდა მოციქულთაგან – ქრისტეს მოწაფეთაგან იღებს. მისი სწავლება თითქოსდა ერთი მდინარის უწყვეტი ნაკადია, მწვალებელთა სექტებს კი არა აქვთ არც მემკვიდრეობითობა და არც ტრადიცია. ისინი სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და წარმოადგენდნენ დამახინჯებულ შეხედულებებს ქრისტიანობაზე ამპარტავნებით შეპყრობილი ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფებისა, რომლებიც მოსწყვეტოდნენ ქრისტეს ეკლესიას და თავიანთი ცრუ შეხედულებანი დაეპირისპირებინათ მისი ჭეშმარიტი სწავლებისათვის. 2. კითხვა: საიდან იღებს დასაბამს მწვალებლობა? პასუხი: მწვალებლობა დასაბამს იღებს ადამიანის გონების ამპარტავნებიდან, ეშმაკისმიერი ცდუნებიდან, რომელიც შთააგონებს ცოდვილი ადამიანის გონებასა და გულს თავის ცრუ სწავლებას, შინაარსით მრავალსახოვანსა და წინააღმდეგობრივს, მაგრამ ამავე დროს ერთი მიზნის მქონეს – შეარყიოს და მოსპოს ეკლესიის სწავლება, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს "სუეტსა და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისას" (1 ტიმ. 3, 15). იეჰოველების სიძულვილი ქრისტეს ეკლესიისადმი იმდენად მძვინვარე და შეურაცხმყოფელი ხასიათისაა, რომ ყურადღებით თუ ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რა სული მოქმედებს მათში. მათმიერი გმობა ქრისტეს ეკლესიის მიმართ აღსავსეა ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა – "სატანა", "ბაბილონის მეძავი" და ა.შ., რის უფლებასაც თავს ურწმუნო ადამიანიც არ მისცემდა. 3. კითხვა: როდის და საიდან აღმოცენდა იეჰოველების სექტა? პასუხი: იეჰოველების სექტა აღმოცენდა ამერიკაში, პროტესტანტულ წრეში. თავის დროზე (XI ს.) მართლმადიდებლობას კათოლიციზმი გამოეყო, კათოლიციზმს – პროტესტანტობა (XVI ს.), პროტესტანტობა კი სექტებად ქუცმაცდებოდა; აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სექტიდან გამოვიდა იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი, რომელიც პროფესიით კომერსანტი იყო. ამიტომაც იეჰოველობამ გააგრძელა მთელი წყება განხეთქილებათა, განდგომილებათა და მწვალებლობათა. 4. კითხვა: როდის წარმოიშვა ეს მწვალებლობა? პასუხი: XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ასაკის მხრივ იგი ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა სექტაა, უფრო ახალი, ვიდრე ბაპტიზმი, მოლოკანობა, ადვენტიზმი თუ პროტესტანტული სამყაროს სხვა ნამსხვრევებია. 5. კითხვა: ჰქონდა თუ არა რასელს შეძენილი რაიმე საღვთისმეტყველო განათლება? პასუხი: რასელს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება. ის მხოლოდ ვაჭრობასა და ბიზნესს მისდევდა, და დიდ ქონებასაც მოუყარა თავი. 6. კითხვა: რით დაიწყო ეს მწვალებლობა? პასუხი: იეჰოველების მწვალებლობაც იმითვე დაიწყო, რითაც თითქმის ყველა სხვა მწვალებლობა იწყებოდა – თვითნებური, უსწორო, თავისუფალი განმარტებით საღმრთო წერილისა, ბიბლიისა. რასელმა ჩამოაყალიბა წრე, რომელიც ასე იწოდებოდა – "ბიბლიის მკვლევარნი". ეს სახელწოდება მან შემდეგში შთამბეჭდავი გახადა და თავის წრეს "ბიბლიის სერიოზული მკვლევარნი" უწოდა. რასელის მემკვიდრეთა ხელში ამ მწვალებლურმა სექტამ საბოლოოდ მიიღო დღევანდელი სახელწოდება – "იეჰოვას მოწმეები". 7. კითხვა: რას ნიშნავს თვით სიტყვა "იეჰოვა"? პასუხი: ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად, "ელოჰიმ", "საბაოთ", "ადონაი", და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი ასეთი სახელია "იეჰოვა", რაც ებრაულად "მყოფს", "არსებულს" ნიშნავს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იეჰოველები უარყოფენ ღმერთის დანარჩენ სახელწოდებებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განსაკუთრებით – იეჰოველებისათვის. წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი მოსე ამბობს: "...უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს მისი" (გამოსვლათა 34, 14). წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა" (ფსალმ. 68, 31), – ებრაულ ტექსტში იგი გადმოცემულია სიტყვით "ელოჰიმ", ბერძნულში – "თეოს", ქართულში – "ღმერთი", რუსულში – "ბოგ". ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "უფალი საბაოთ – სახელი მისი" (ეს. 48, 2). ამოს წინასწარმეტყველიც ასევე იტყვის: "...იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელ (საბაოთ) სახელი მისი" (ამოს. 5, 27). როგორც ვხედავთ, იეჰოველები არღვევენ და უარყოფენ საღმრთო პირდაპირ მოწმობას, მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.
12. კითხვა: რა ბოროტება მოაქვს იეჰოველობას ადამიანებისათვის? პასუხი: ყოველგვარი სულიერი სიცრუე უკვე თავისთავად არის დიდი ბოროტება. როგორც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი სულ უფრო მოშორდება მიზანს, ასევე ცრუსწავლებას დამონებული ადამიანიც სულ უფრო განეშორება ღმერთს. იეჰოველობა მახვილივით არის მიმართული ქრისტიანობის გულისაკენ. ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი იმედი და სასოება იმაში მდგომარეობს, რომ იესო ქრისტე – ღმერთია, რომელმაც ადამიანური სხეული მიიღო, განკაცდა, რათა გამოესყიდა, ეხსნა კაცობრიობა. ხოლო იეჰოველები ასწავლიან, რომ ჩვენი მხსნელი – იესო ქრისტე ღმერთი კი არ არის, არამედ უმაღლესი ანგელოზია. კვალად ისინი განარჩევენ დიდ ღმერთსა და მცირე ღმერთს. მაგრამ განა შესაძლებელია ღმერთი მცირეც იყოს?! – იგი ხომ დაუსრულებელი და მარადიული სულია! იეჰოველები სიტყვიერ ხრიკებს მიმართავენ, რომელთა მიზანიც ერთია: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის თანასწორი და ერთარსი თავისი ღვთაებრივი მამისა, და ამიტომ, თითქოს მისი ჯვარცმა არ ყოფილა სრულყოფილი მსხვერპლი, გაღებული კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად. ქრისტიანის სახელს ქართველი ხალხი 16 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა, და აი, ახლა, იეჰოველებს სურთ სხვა სახელით შეცვალონ იგი! მაგრამ "იეჰოვას" სახელს ხომ ებრაელებიც (იუდეველებიც) იყენებენ, როცა "იაჰვე"-ს მოუხმობენ, ასევე მუსლიმებიც, როცა "ალაჰ"-ს გაიძახიან! მხოლოდ ქრისტიანის სახელი მოწმობს იმას, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვწამს როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენი მხსნელი. იეჰოველები უარყოფენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ თვით ქრისტე გვიმოწმებს მის არსებობასა და აუცილებლობას: "...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16, 18). ხოლო იეჰოველებს არათუ მიაჩნიათ, რომ ეკლესია უკვე დამარცხებულია ჯოჯოხეთის მიერ, არამედ "ბაბილონის მეძავადაც" აცხადებენ მას! ამგვარი გმობა, აქამდე არნახული და წარმოუდგენელი, მხოლოდ ცოფიანის, ბოროტად ეშმაკეულის საქციელია. იეჰოველები უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის უმთავრეს დოგმატს – ყოვლადწმიდა სამებას და საღმრთო პირთა – მამის, ძის და სულიწმიდის თანასწორობასა და ერთარსობას. ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა არა საკუთრივი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, არამედ როგორც მხოლოდ მართალი და კეთილმსახური ადამიანი; რომ ღირსებით იგი ანგელოზთა თანასწორია. სულიწმიდა კი იეჰოველებს მიაჩნიათ მხოლოდ გამოსხივებად იეჰოვასი, სინათლისა თუ რადიაციის მსგავს რაიმედ... საქართველოში ძველთაგანვე განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, – ივერია ხომ მისი წილხვედრი ქვეყანაა. ცნობები ამის შესახებ სხვა ხალხების მატიანეებშიც გვხვდება. ამ თაყვანისცემით იყო განმსჭვალული ქართველთა არამარტო სარწმუნოებრივი ცხოვრება, არამედ – საოჯახო-საეროც. უძველესი დროიდანვე ზეციური დედოფლის სადიდებლად სწევდნენ სასმისს ყოველი პურობის დასრულებისას და მისმიერი დალოცვით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. იეჰოველებს კი ამ სიწმინდეზეც – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც – მარადის ქალწულ მარიამზეც აღუმართავთ ხელი! ისინი ცრუდ ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე იშვა სულიწმიდისაგან, ღვთისმშობელს, თითქოს, სხვა შვილებიც ეყოლა იოსებ დამწინდველისაგან. თვით იესო ქრისტე ბრძანებს, რომ უქორწინებლობა უმჯობესი ხვედრია ადამიანისათვის, და "რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ!"-ო (მათე 19, 12). ასევე პავლე მოციქულიც წერს: თუკი არ დააქორწინებ შენს ასულს, უმჯობესად იქმო (1 კორ. 7, 38). ხოლო თუკი იეჰოველების ცრუსწავლებას დავუჯერებთ, დედა ღვთისა, რომლისაგანაც კაცობრივი სხეული მიიღო იესო ქრისტემ და რომლის რძითაც იგი აღიზრდებოდა, ზნეობრივი თვალსაზრისით ქრისტეს ბევრ მიმდევარზე დაბლა მდგომი ყოფილა! აი, სადამდე მიდიან იეჰოველები თავიანთ გმობაში! განა შეეძლო სულიწმიდისაგან თავისი პირმშოს სასწაულებრივი ჩასახვისა და უბიწოდ შობის შემდეგ ქალწულ მარიამს მამაკაცისაგანაც ჩაესახა სხვა შვილები?! – ამის გაფიქრებაც ხომ საშინელი მკრეხელობაა! და თუკი იეჰოველების მტკიცებისაებრ, ღვთისმშობელს შვილები ჰყავდა იოსებ დამწინდველისაგან, მაშინ მისი სული ვნებით ყოფილა მოწყლული და ამ ვნებას იგი უსათუოდ გადასცემდა თავის ძესაც; და განა შეიძლება კაცობრიობის მხსნელი იყოს ის, რომელიც თავის შობითვე არასრულყოფილია?! – აი რისი ჩაგონება სურთ ადამიანებისათვის იეჰოველ მწვალებლებს! სინამდვილეში კი ისინი, ვისაც სახარებაში იესოს ძმანი ეწოდებათ, იოსებ დამწინდველის შვილები არიან მისი პირველი ქორწინებიდან. იუდეველი ხალხისა და ასევე ბევრი სხვა ძველი ხალხის კანონებით, ასეთი ნათესაობა სისხლისმიერ და-ძმობას უთანაბრდებოდა. იეჰოველები ხატმებრძოლებიც არიან – უარყოფენ წმიდა ხატებს, მათს თაყვანისცემას, და ამტკიცებენ, ხატები კერპებიაო. მაგრამ როგორც ვიცით, ქერუბიმთა გამოსახულებანი – ეს პირველი ხატები – სჯულის კიდობნის თავზე ჰქონდათ გამოსახული ძველ იუდეველებს, და ისინი ძველი აღთქმის კრეტსაბმელზეც იყო ამოქარგული „წმიდათა წმიდაში“ – საკურთხეველში. იმისთვის, რომ გვერდი აუქციონ თავისთვის ამ უსიამო ფაქტს – ბიბლიის მოწმობას სჯულის კარავსა და იერუსალიმის ტაძარში არსებული წმიდა გამოსახულებების შესახებ, იეჰოველები ამბობენ, რომ თითქოს ეს მხოლოდ ნახატები იყო ხალხისთვის, აწინდელი მათი ილუსტრირებული წიგნების მსგავსი. მაგრამ „წმიდათა წმიდაში“ – ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველში შესვლა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, და ისიც – წელიწადში ერთხელ, რათა იქ მთელი ერისთვის აღევლინა ლოცვა-ვედრება და სამსხვერპლო სისხლი ეპკურებინა! ამიტომაც იეჰოველების ეს ახსნა-განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს. კვალად, იეჰოველები უარყოფენ გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომასაც და ამბობენ, რომ ღმერთი, რომელსაც დამახსოვრებული ჰყავს თითოეული ადამიანი, მეორედ შეჰქმნის მათ. ისინი უარყოფენ თვით სულსაც და სულის უკვდავებასაც, ისევე, როგორც მატერიალისტები და ათეისტები. და ეს მაშინ, როცა სახარების იგავში გლახაკ ლაზარესა და მოულოდნელად მომკვდარ უკეთურ მდიდარზე, ქრისტე თვით გვეუბნება სიკვდილზე, როგორც სულისა და სხეულის გაყრაზე შემდგომი არამატერიალური არსებობით სულისა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს გონი, მახსოვრობა, გრძნობები და სიყვარულიც თავისი ახლობლებისადმი (იხ. ლუკა 16, 19-31). იოანეს გამოცხადებაში აღწერილია გარდაცვლილ მოწამეთა სულები, რომლებიც ლოცულობენ უფლის საყდრის წინაშე (6, 9-11). საღმრთო წერილის ყველა ამ მოწმობას იეჰოველები არად აგდებენ და უარყოფენ. მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემაში დაცულია მოწმობანი სულის უკვდავების შესახებ, გარდაცვლილთა ურთიერთობაზე ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში იეჰოველები იმეორებენ სადუკეველთა – იმ უღმერთო იუდეველთა – სწავლებას, რომელთაც განეკუთვნებოდნენ ქრისტეს ჯვარმცმელი მღვდელმთავარნი – ანნა და კაიაფა. იეჰოველები უარყოფენ მღვდლობასაც, თუმცა კი ცნობილია, რომ თვით უფლის წმიდა მოციქულნი ასხამდნენ ხელს და აკურთხევდნენ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს ახალი აღთქმის ეკლესიისათვის (იხ. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ტიტესა და ტიმოთესადმი). წმიდა მოციქულთა – იოანესა და პავლეს მოწაფე ეგნატე ღმერთშემოსილი და პეტრეს მოწაფე კლიმენტი რომაელი მოუწოდებენ მორწმუნე ერს, პატივი მიაგეთ ღვთისმსახურთ და ყოველივეში დაემორჩილეთო. ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა ქრისტიანი ერების ლიტურგიათა უძველესი ტექსტების ხელნაწერები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ საზოგადო ღვთისმსახურებას ყოველთვის აღასრულებდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები. იეჰოველები უარყოფენ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსაც. მაგალითად, სანთლებისა და კანდელების დანთებას. და ეს მაშინ, როცა ცეცხლი აქ თაყვანისცემის საგანი კი არ არის, არამედ მხოლოდ სიმბოლოა. აკი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიტყვით ხოლმე – სულის ცეცხლიო, გულის მგზნებარებაო, გონების სინათლეო და ა. შ. სანთლის ცეცხლი, ნათელი – ლოცვითი სურვილია იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლეც სიყვარულით იწვოდეს და კეთილი საქმეებით ანათებდეს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, რათა ღვთაებრივი მადლი სანთლისა თუ კანდელის ნათელივით გვინათებდეს ცხოვრების გზაზე. იოანეს გამოცხადებაში მოხსენიებული შვიდი ანთებული ლამპრის ქვეშ (4, 5) იგულისხმება შვიდი ანგელოზი, ანუ ქვეყნიური ეკლესია, ეს სახეა ზეციური ეკლესიისა. იეჰოველებს სძაგთ ჯვარი. და იმისთვის, რომ მისი ხსოვნაც კი მოესპოთ, ისინი "თალმუდს" დაესესხნენ ცნობას მასზედ, თითქოს იესო ქრისტე ბოძს მიამსჭვალეს, და არა – ჯვარს! თავის შვილებს ჯვარით ლოცავდა ყოველი ქრისტიანი დედა: ჯვრებით აცისკროვნებდნენ ჩვენი მამა-პაპების საფლავებს; ჯვრებს აღმართავდა ხალხი მაღალ მთებსა და მიუდგომელ კლდეებზე, რითაც ღმერთს მიუძღვანებდა თავის მიწა-წყალს, ახლა კი ამას შეცდომად და უგუნურთა ჩვეულებად აცხადებენ იეჰოველი მწვალებლები. ჯვრის გამოსახულებები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო; მაგალითად, სწორედ ჯვრის გამოსახულება გააკეთებინა მოსემ, როცა აღმართულ ბოძზე სპილენძის გველი მიაკვრევინა და ხალხს უთხრა, გველი რომ დაგგესლავთ, რწმენით შეხედეთ ამ გამოსახულებას – ჯვარს! – და ღმერთი სიკვდილისაგან დაგიხსნითო, და ამის შემდეგ, მართლაც, ყველა დაგესლილი ცოცხალი რჩებოდა; ჯვრის გამოსახულება იყო ის სისხლიანი ნიშანიც, რომელიც ეგვიპტეში დასვეს ებრაელებმა თავიანთი სახლების კარებებზე, რათა უფლის ანგელოზს მათი ყრმანი არ მოეკლა. და კიდევ სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომელნიც ჯვარის სიწმიდესა და საღმრთო დანიშნულებას ადასტურებენ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში. მაჰმადიანები ნებას არ აძლევდნენ ქრისტიანებს ჯვრები აღემართათ ეკლესიების გუმბათებზე. უღმერთონი გულიდან აგლეჯდნენ ჯვრებს ბავშვებს; საბჭოთა არმიაში აკრძალული იყო ჯვრების ტარება, ადამიანს შეეძლო სამსახური და ლუკმა-პურიც დაეკარგა, თუკი მას ჯვარს აღმოუჩენდნენ. ახლა კი იეჰოველებს სურთ ადამიანთა გულიდან ამოგლიჯონ ჯვარი და სასაცილოდ აიგდონ, წაბილწონ იგი!.. ჯვარი უფლისა ის ძალაა, რომლითაც იესო ქრისტემ ჯოჯოხეთს სძლია; ამიტომაც სატანას – ბოროტ სულს – სძულს ჯვარი, ძრწის მის წინაშე და ყველა მანქანებითა და მზაკვარებით ებრძვის მას თავისი მსახურების – იეჰოველი მწვალებლების მეშვეობით. 1 15. კითხვა: როგორ მოქმედებენ იეჰოველები? პასუხი: იეჰოველები ყოველთვის ძალზე დაჟინებით და ენერგიულად მოქმედებენ. ყოველ მათგანს გეგმა აქვს შემუშავებული, კვირაში რამდენი საათი დაუთმოს ქადაგებებსა და საუბრებს, რამდენი – თავიანთი წიგნებისა და ჟურნალების გავრცელებას. ყოველი წევრი ვალდებულია რამდენიმე ადამიანი მაინც მიიყვანოს სექტაში. ამიტომაც იეჰოველები ხშირად ქუჩაშიც აჩერებენ ადამიანებს და ესაუბრებიან; ასევე სამსახურშიც, ტრანსპორტშიც და ბაზარშიც ელაპარაკებიან ყველას თავიანთი სექტის შესახებ და ცდილობენ მათს "მოქცევას", – სექტაში ჩათრევას. შინაც გეწვევითო, – სთავაზობენ ისინი ადამიანებს, რათა თავიანთი პოზიციებიდან განუმარტონ ბიბლია. მოურიდებლად მიადგებიან ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებს, ძალით აჩეჩებენ თავიანთ ლიტერატურას. ყოველივე ეს ძალდატანებაა, "კართა მტვრევაა", და იმას, ვინც თუნდაც სულ მცირე ინტერესს გამოხატავს მათი ცრუსწავლებისადმი, იეჰოველები უკვე არ ჰკარგავენ მხედველობის არედან. უმთავრესი საზრუნავი იეჰოველებისა არის ბიბლიის შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება, სემინარების მოწყობა, ასევე ახალ მქადაგებელთა მომზადება. რა თქმა უნდა, ბიბლიის ახსნა-განმარტება ხდება იეჰოველობის პოზიციებიდან, ბრუკლინის ცენტრიდან გამოგზავნილი გეგმების მიხედვით. 16. კითხვა: რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქმედითად აღუდგეს წინ იეჰოველთა სწავლებას? პასუხი: ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ცოდნის გაღრმავება და განვრცობა; სახარებისა და საეკლესიო წიგნების შესწავლა სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით; ცხოვრების ქრისტიანული წესისა და რიტმის დამკვიდრება ყოველ ოჯახში, რაც გულისხმობს დილისა და საღამოს ლოცვების აღსრულაბას, კვირაობით ღვთისმსახურებაზე დასწრებას, მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებში, უმთავრესად – სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლოებებში. ადამიანთა ქრისტიანული განათლება უნდა დავიწყოთ ყველაზე მარტივი ცნებების მიწოდებით, მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გარკვევით. უმთავრესი კი ის არის, რომ ყოველ სოფელში, დაბასა თუ უბანში აღდგეს, აშენდეს თუ ამოქმედდეს ეკლესიები, სამლოცველოები. ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ძალა შესწევს ნებისმიერი ადამიანის სულიერი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, ყოველი ადამიანის სულიერი წყურვილი დაარწყულოს, როგორც დიდი, წყალუხვი მდინარე დაარწყულებს ყველას, ვინც კი მის ნაპირთან მიდის.
თარგმნა ვასილ ბურკაძემ
|