"საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადების საფუძველზე, პირის დაკავების უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა"იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, სულხან წულაძის საქმე შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გახდეს სისხლის სამართლებრივ საქმეებში, გამოხატვის სტანდარტის დასადგენად.
იურისტის თქმით, საქართველოში საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადების საფუძველზე, პირის დაკავების ფაქტი უპრეცედენტოა.
ლევან ალაფიშვილის განმარტებით, თავდასხმას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და მოტივი, რომელიც სსკ 326-ე მუხლშია მითითებული.
ეს გახლავთ: პოლიტიკური მოტივი, ხოლო მიზანი უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების გართულება, დაზიანება.
"ასე რომ, რაღაც ინფორმაციის განთავსება საჯარო სივრცეში, არ არის საკმარისი ამ მუხლის ქმედების საბოლოოდ შესაფასებლად. გამოძიებას, სწორედ ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა“, - აღნიშნა ალაფიშვილმა „პირWელთან“ საუბრისას.
ალაფიშვილის თქმით, სასამართლომ წულაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სსკ 326-ე მუხლის სიმძიმის გათვალისწინებით მიიღო.
"სავარაუდოდ, ეს ჩათვალა იმის გათვალისწიონებით, რომ თვითონ, მუხლის სანქცია არის 7 დან 12 წლამდე, გარდა ამისა, გამოძიება ახალი დაწყებულია და შესაძლოა, მას მართლაც დასჭირდეს რაიმე ისეთი ქმედება, რომ თავისულებაში ამ პირის ყოფნამ ხელი შეუშალოს. ამავე დროს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების დროს, კიდევ 2 საკითხი წყდება: ე.წ. მტკიცებულებათა შეგროვებაში და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის ალბათობა, ამავე დროს - მიმალვის ალბათობაც. ამ 3 სტანდარტის კვალობაზე და მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მუხლი არ არის რიგითი კატეგორიის, რომელსაც შეიძლება, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაზიანება მოჰყვეს, სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიების პერიოდში, ამ პირის თავისუფლებაზე ყოფნა არ იქნებოდა მიზანშეწონილი“,- აღნიშნა ალაფიშვილმა.
იურისტის თქმით, დაკავებული პირის განცხადება თუ ხუმრობა, ჯდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს.
"გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას, კანონი უპირობოდ არ იცავს გამოხატვას, თუ რეალურ, აშკარა განცხადებებზეა საუბარი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. იქ დაცვის სტანდარტი არ არის აბსოლუტური, ამიტომ, ეს გამოწვევა იქნება ჩვენი საგამოძიებო ორგანოებისთვის“,- აღნიშნა ალაფიშვილმა.
http://pia.ge/show_news.php?id=65321&lang=geo