დაგვიანებული პოსტი ევროპულ ამბებზე ანუ ჰელოუ, დოლი
Posted on April 21, 2016 by 4demna
viber image
დოლი — ქართული დასარტყმელი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატია, სახელწოდებით „დოლი“
საკრავი და თანაც დასარტყმელი ჩვენთან ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე.
ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა დასარტყმელები საკრავებს (ან პირიქით, საკრავები დასარტყმელებს, რა მნიშვნელობა აქვს) უპირისპირდებოდნენ, ყველას გვახსოვს, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოფრინდა ერთი კაცი, კერძოდ, იგორ ივანოვი, და ისე გაუწმინდა გზა „პროდასავლელ რევოლუციონერებს“, ვითარცა კერლინგის დამხმარე მოთამაშემ ყინულზე გასრიალებულ იმ რაღაცას, სახელი რომ არავინ არასდროს იცის.
მერე მოვიდა ახალი ხელისუფლება და ანტირუსულ-პროდასავლური იდეოლოგიის სახელით იმდენი გვირტყა ხელებიცა და ჯოხებიც გვერდებსა და თავ-პირში, რუსის ბარაბანს (ქართულად დოლს) რომ არ მოხვედრია.
მართლაც რა მამაძაღლი რამეა დიდი პოლიტიკა – თუ მტრის სახელმწიფოში შენი მოყვანილი ხელისუფლება გყავს, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ხელისუფლებამ საშინელებები აკეთოს შენი სხვა მტრის სახელით.
სახელმწიფო იშლება, შენი საქმე კეთდება და ხალხის უბედურება შენს მტერს დაბრალდება – 2×2=4.
მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, დიდ პოლიტიკაში გარანტიები არ არსებობს, მით უმეტეს, როცა საქმე საქართველოს ეხება.
რაც სხვა სახელმწიფოში იდეალურად მუშაობს, ჩვენთან კრახით მთავრდება – სხვები თუ ისეთ ხელისუფლებას, როგორიც გვყავდა, დაამხობდნენ, ჩვენ ავდექით და უბრალოდ გადავირჩიეთ.
აღმოჩნდა, რომ არამარტო გადარჩენა, გადარჩევაც გადასარევად გვცოდნია.
მერე მსოფლიო პოლიტიკაც გადასხვაფერდა, ფერადი რევოლუციების ტალღა შეცვალა სირიის სამოქალაქო ომმა, უკრაინის კონფლიქტებმა და ამასობაში, განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.
სავარაუდოდ, სწორედ ვილნიუსში დაკრული „შალახოს“ დოლის ხმამ გამოაფხიზლა ჩრდილოელი მეზობელი და ისეთი აგრესიული (და უშედეგო) პროპაგანდა დაიწყო საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ისტორიას რომ არ ახსოვს.
ხან ევროპა გარყვნილიაო – ნანახი გვაქვს უკვე და ამიტომ არ დავიჯერეთ.
ხან დასავლეთი პირსისხლიანიაო – ვნახეთ, ვინ იყო პირსისხლიანი, 2008 წლის აგვისტოში.
ხან რუსეთი ერთმორწმუნეაო – გეგონება, ევროპამ შეგვითეთრა კირით ათასწლოვანი ფრესკები და ევროპამ გაზიდა თავისთან ქართული საეკლესიო საგანძური.
ხან ევროპა მართლმადიდებლობას ებრძვისო – პატრიარქმა განაცხადა თავად: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ევროკავშირის წევრიო.
და როცა მიხვდნენ, რომ ეს „დამპლური თამაშები“ შედეგს აღარ გამოიღებდა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ბოლო კოზირების გამოღება სახელოდან და ამიტომაც, მაშინ, როცა ყველაზე ახლოს ვართ მიზანთან და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა უნდა დაიწყოს, გამოჩნდა დოლი.
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი, ჯოზეფ დოლი, რომელმაც განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის რეალიზებამ უნდა გადაიწიოს იმ დრომდე, სანამ არ ჩაივლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
ამის თქმა იყო და ისეთი შეხმატკბილებული გნიასი შექმნეს აქაურმა დასარტყმელებმა და საკრავებმა, ჭიბონებმა, ზურნა-დუდუკებმა და სალამურებმა, რომ ცხადად გამოჩნდა, ვინ იყო ამ ორკესტრის დირიჟორი.
ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოს ევროპასთან სიახლოვე, და, მით უმეტეს, უვიზო მიმოსვლა არ აწყობს და არ უნდა, ეს პუტინის რუსეთია.
და ამ იდეას ემხრობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური ძალის იმიჯით სარგებლობდა დღემდე.
აშკარაა, რომ დოლი, რომელიც მხოლოდ გვარადაა დოლი, ქართული დასარტყმელი საკრავივით მარცხენა იღლიის ქვეშ ჰყავს ამოდებული, ან ჩამოკიდებული ჰყავს რომელიღაც ძალას (საინტერესოა, რომელს? ☺ ) და ისე აცეკვებს თავის დაკრულზე, როგორც მოეპრიანება.
აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას, რომ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი (რომელიც 3 კვირის წინ საქართველოში ჩამოვიდა და ციხეში ყოფილი მთავარი მედოლეები მოინახულა) ვიზალიბერალიზაციის გადავადებას ითხოვს და პირდაპირ უნისონში მოდის პრორუსულ განწყობასა და პროპაგანდასთან?
ასეა თუ ისე – ლუსტრაცია შედგა და რაკი ანტიქართული ძალა ამხელა რისკზე მიდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზანთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე გვგონია და რომ იმ ძალას მართლა ძალიან უჭირს.
დოლის კი ძალიანაც ნუ გავუბრაზდებით – საკრავია მაინც და მისი ხმა იმას აძლევს ცეკვის რიტმს, ვინც ფულს იხდის და, შესაბამისად, მუსიკას უკვეთავს.
დროებით.
P.S. ეს პოსტი დაწერილი მქონდა უკვე, როცა რუსთავი-2-ზე სამსაათიანი „კურიერი“ ჩავრთე
ვიცოდი, რომ დღეს პრემიერი კვირიკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.
მთლიანად 3 საათინი კურიერი მაქსიმუმ 40 წუთი გრძელდება ხოლმე და იცით, რამდენ წუთში გაუშვა ყოფილმა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია პრემიერის გამოსვლა?
დიახ სწორად მიხვდი, ნახევარი საათის შემდეგ…
როგორც ჩანს, „დიდი ძმის“ სამოქმედო გეგმაში „პროდასავლურობის ფლაგმან“ მაუწყებელსაც საკმაო როლი უკავია.
სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ, რომ მედიასაშუალებას, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მერიის წინ მიმდინარე მოვაჭრეების აქცია უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე მთავრობის მეთაურის გამოსვლა საერთაშორისო არენაზე?
აბა, ახლა დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, 2012 წლის არჩევნები ისევ ნაცმოძრაობას რომ მოეგო და დღეს იმ ტრიბუნასთან კვირიკაშვილის მაგივრად სააკაშვილი მდგარიყო, რამდენ სპეცგამოშვებას მიუძღვნიდა და რომელ სიუჟეტად გაუშვებდა ამ ამბავს „კურიერი“?
https://bloggerdemna.wordpress.com/2016/04/...83%9D%E1%83%9E/