დღეს ვესაუბრე მაღალი რანგის ბანკირს (რატომღაც ნაციონალების მომხრეს, რომელსაც დღემდე არა აქვს ახსნა, რა ენაცება) და რახან მეგობარია, წინასწარ შევახსენე, რომ ცხადია, მას აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლობლებთანაც კი არ უნდა წამოსცდეს, მითუმეტეს, მისი ახლობელი თუ პრეკურსორ-ისტრიბიწელია-მეთქი...
მე: - რამდენად რეალურია ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სია ოფშორების შესახებ?
ის: - აბსოლიტურად რეალურია, ოღონდ მანდ მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი, რადგანაც უმრავლესობა იურისტები არიან, რომელთაც ზოგს რამოდენიმე ფირმა აქვთ საკუთარ სახელზე გახსნილი რეალურ პირთა დასაფარად...
მე: - რამდენად ნორმალურია, რომ ტიპები საკუთარ ქვეყანაში არ იხდიან გადასახადებს, თუმცა სულ მუდამ იმის ცდაში არიან, რომ ერის მამებად აღიქმებოდნენ? არ თვლი, რომ ეს უზნეობაა?
ის - ... (უბრალოდ დაიწყო კისრის ვარჯიში, ანუ თავის წრიული ტრიალი)...
მე: - ეგ თავის ტრიალი რას ნიშნავს? იმას ხომ არა, რომ თავი გინდოდა დაგექნია თანხმობის ნიშნად, მაგრამ მერე კოლეგიალურობის გამო გადაწყვიტე უარყოფის ნიშნად გვერდზე გაგექნია და რომ მიხვდი, რომ ვერ დაასაბუთებდი უარს, ჩემი დაბნევის მიზნით რაღაც მასონურ დვიჟენიებში გადაიყვანე?
ის: იცინის - დაახლოებით მასეა...
მე: კარგი, სანამ მასონურ ვარჯიშებს ატარებ, კიდევ გკითხავ - საქართველოში არსებობს რაიმე ისეთი კომპანია, რომელიც აქციებს საფონდო ბირჟაზე ჰყიდის?
ის: წარმოება არა, მაგრამ საქართველოს ბანკისა და თიბისის წილების მცირე რაოდენობა საფონდო ბირჟაზე გასხვისდა...
მე: - მე მაინტერესებს, რატომ არ გადიან ქართული კონპანიები საფონდო ბირჟაზე?
ის: - ქართულ კომპანიებს სჭირთ დიდი სულელური ახირება, რომ არ სურთ ვინმე წილში ჩაისვან, ხოლო როცა რეფინანსირება სჭირდებათ, ბანკისაგან იღებენ კრედიტს და მერე ვალებში ყველაფერს ჰკარგავენ... თუკი აქციებს ხალხზე გაჰყიდიდნენ, წარუმატებლობის შემთხვევაში არავის დააზარალებდნენ და არც ვალები არ დაედებოდათ, რადგანაც აქციის მფლობელი ადრე თუ გვიან, როცა კვლავ გაიმართება წარმოება, მაინც მიიღებს დივიდენდს, ხოლო ბანკის შემთხვევაში ვალი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს...
მე: - უცხოური ინვესტიციებიდან რამდენად დიდია წილი ოფშორებიდან შემოსულისა?
ის: - გარდა ბიპისა და რამოდენიმე ისეთი კომპანიისა, რომლებიც გლობალური სტრატეგიის ფარგლებში შემოდიან, ყველა დანარჩენი ინვესტიცია სინამდვილეში აქედან ოფშორებში გატანილი ფულიდან ბრუნდება და ის იდება არა იმდენად წარმოებაში, არამედ ადგილი აქვს მის გათეთრებას და რესურსებზე წვდომის დაკანონებას...
მე: - მგონი, ქადაგიძის წასვლა დადებითად აისახა ლარის კურსზე, არა? ახლა ადრინდელივით არ დამიწყო, ეკონომიკა ვითარდებაო - ეკონომიკა ჩვენ რომ არ გაგავაჩნია, მაგდენი კი მესმის!
ის: (ნაცზე ცუდის თქმა არ უნდა) - დოლარის კურსმა დაიწია...
მე: - კი მაგრამ, ლარი ხომ დოლარის კურსზეა მიბმული და როცა დოლარის კურსი მაღალი იყო, ლარი რაღატომ ეცემოდა?
ის: (თვალებს აფერისტულად აკვარკვარებს) - ტურისტული სეზონი დაიწყო და ამან გამოიწვია ლარის გამყარება...
მე: - აბა ტურისტები?
ის: - შარდენზე გაიარე და ნახავ, რომ უცხოელებითაა გადატენილი...
მე: - ერთ ქუჩაზე რამოდენიმე რესტორნის დატვირთვა ასე მოქმედებს ვალუტის კურსზე?
ის: - აკი თავად თქვი, რომ ეკონომიკა არ გაგვაჩნიაო? ჰოდა, მცირეოდენი აქტივობაც კი დადებითად აისახება კურსზე... (იცინის)
მე: - ანუ, უნდა ვაწარმოოთ (რა თქმა უნდა, ჩემი ელექტრო-გიტარების წარმოება ვიგულისხმე) და კურსი უკეთ გაყარდება, არა?
ის: - რა თქმა უნდა! ხვალ ღვინოს ამოვიტან და დავლიოთ!
მოკლედ: მე ვაწარმოებ, ბანკირი კურს მიხედავს, ხოლო ოფშორების კლიენტთა დედებს ხანდახან მოდერაციამაც აგინონ - ეს ქვეყანა ხომ ყველასია? ცოტა მაგათაც იღვაწონ!