რით დააშანტაჟა და რა გარიგება შედგა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის შორის?
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მურმან დუმბაძემ ლეონიდ ჩერნოვეცკისთან ურთიერთობა გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კიევის ყოფილმა მერმა, ამჟამად ქობულეთში მცხოვრებმა ჩერნოვეცკიმ ჯერ კიდევ შარშან დააფუძნა პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და პირველი, ვისაც თავისთან დაუძახა, გახლდათ მურმან დუმბაძე. მილიონერი ლეონიდ ჩერნოვეცკი აქამდე გვიანონსებდა, რომ ის შეკრებდა ძლიერ გუნდს, მოიზიდავდა ახალ, გაურყვნელ სახეებს და უმრავლესობით მოვიდოდა ხელისუფლებაში, თუმცა ამ დღეებში სიტუაცია შეიცვალა, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკი ივანიშვილს შეხვდა, მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია: „არანაირი განმარტება არ მიმიღია და არც ის ვიცი, რაზე მოილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილთან. რადგან მან პარტიის მშენებლობა და ჩემთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა, რაღაც დასკვნის გაკეთება ძნელი საქმე არ არის“.
რასაკვირველია, დასკვნების გაკეთება იოლია, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩერნოვეცკიმ საარჩევნო კამპანია რადიკალურად შეცვალა და ახლა უკვე ფიქრობს, რომ ამ არჩევნებზე მარტო გამოვა. დუმბაძის თქმით, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ არის მხოლოდ შირმა, ის მაჟორიტარად კენჭისყრას ქობულეთის რაიონში აპირებს: „მეჩვენება, რომ ეს ორი მდიდარი კაცი ერთმანეთს ეთამაშება. ეს თამაში არც ერთ მათგანს არ მოუტანს სასურველ შედეგს. ლეონიდ ჩერნოვეცკი შეეცდება, ქობულეთში რაღაც შედეგი დადოს. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისთვის მისაცემი ხმა არ აქვს“.
როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ჩერნოვეცკი ივანიშვილს აქამდე პირადად არ იცნობდა, არასოდეს შეხვედრია, მაგრამ რაღაც მომენტში მათი გზები გადაიკვეთა: „ამ შეხვედრისას ბიძინამ ჩერნოვეცკის აეროპორტის საბაჟოზე დაკავება შეახსენა. ამბობენ, რომ აეროპორტის საბაჟოზე დააკავეს საეჭვო ტვირთი, სავარაუდოდ, ნარკოტიკები, რომელიც ჩერნოვეცკის უკავშირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ეს საქმე გასაიდუმლოვდა. მაქვს ინფორმაცია, რომ კიევის ყოფილმა მერმა დიდი ჯარიმა გადაიხადა. ბიძინას გაუფრთხილებია, შენს ქცევას დავაკვირდები, თუ დაიმსახურებ, შეიძლება ქობულეთი დაგითმოო“.
არ ვამტკიცებთ, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, თუმცა იგივე წყაროს ინფორმაციით (ეს ფაქტი შემდეგ საინფორმაციო საშუალებებითაც გავრცელდა), ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩერნოვეცკი შეშინდა და სულის მოსათქმელად საქართველო დატოვა. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი პერსონა შანტაჟს არექვემდებარება: „მე უკვე დიდი ხანია, არავის შევხვედრივარ. ჩემი შანტაჟი საქართველოში შეუძლებელია. მე არ მაქვს არც ბიზნესი და არც ისეთ საკითხებში ვარ ჩაბმული, რომლის გამოც დამოკიდებული ვიქნები მთავრობაზე ან სპეცსამსახურებზე! და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში შეიძლება მოხდეს. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი ბუნებით მე შანტაჟს არ ვექვემდებარები. ახლა მე რვა დღით ევროპაში ვიმყოფები ჩემს მეუღლესთან ერთად: ზურგს ვმკურნალობ, რათა პარლამენტში მოსვლის შემდეგ ასეთი საკითხები აღარ მაწუხებდეს და არ მომიხდეს რომელიმე პლენარული სხდომის გამოტოვება“.
მართალია, ჩერნოვეცკი ივანიშვილთან შეხვედრასაც უარყოფს და ე.წ. გარიგებასაც, მაგრამ სახეზეა სამი ფაქტი: პირველი - მას მურმან დუმბაძე გაეცალა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაცაზე გაურიგდა; მეორე - ჩერნოვეცკიმ, ფაქტობრივად, შეწყვიტა პარტიული საქმიანობა და ახლა ფიქრობს, რომ იბრძოლებს მხოლოდ მაჟორიტარობისთვის; მესამე - ის მართლაც იყო წასული საქართველოდან, რასაც ხსნის მხოლოდ ზურგის ტკივილით. არადა, პირველი ორი ფაქტი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. გარდა ამისა, თავად მურმან დუმბაძეც ადასტურებს „ალიასთან“, რომ ის მართლაც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის შემდეგ თვითონაც ესაუბრა ამ საკითხზე ჩერნოვეცკის:
_ რას ჰქვია, არ შეხვედრია? ფაქტია ისიც, რომ ჩერნოვეცკიმ თავისი პარტიული მოღვაწეობა შეზღუდა და აპირებს, ქობულეთში იყაროს კენჭი. მე დადასტურებით ვამბობ, რომ შეხვდა და იყო რაღაც გარიგება, ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არ მქონდეს ფაქტები. ჩერნოვეცკი ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მხვდება მე და მეუბნება, პარტიული საქმიანობა უნდა შევზღუდოო. ჩემთან საუბარში ჩერნოვეცკიმ დაადასტურა, რომ აქამდე ივანიშვილს არ იცნობდა პირადად.
- როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა გარიგება შედგა მათ შორის?
- მე ვიცი ის, რა შედეგიც ჩანს, შემცირდა მისი პოლიტიკური არეალი. გამოგიტყდებით, ჩერნოვეცკი კი არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის მხოლოდ პასპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ის მე ვერაფერს მაძლევდა და ეს არც მაინტერესებდა, თანამშრომლობაზე მაინც დავთანხმდი. მე პოლიტიკაში ფული არასოდეს მიკეთებია, მაგრამ ამ ადამიანს შეეძლო პოლიტიკის ფინანსურად უზრუნველყოფა და ეს იყო მნიშვნელოვანი. ვგულისხმობ ოფისებისა თუ სხვა ღონისძიებების დაფინანსებას, რაც სჭირდება საარჩევნო მარათონს. გარდა ამისა, აქვს პოლიტიკური გამოცდილება, საკმაოდ ჩახედულია საპარლამენტო საქმიანობაში და საინტერესო პროექტებიც წარმოადგინა. მოკლედ, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოხდა ის, რაც უკვე გითხარით.
- არ გითხრათ ჩერნოვეცკიმ, რაზე ისაუბრა ივანიშვილთან?
- არა, მე თავად გამომაქვს დასკვნები, ივანიშვილს არც ის მოეწონებოდა, რომ ჩერნოვეცკის ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა და მოსთხოვდა, ეს ურთიერთობა შეეწყვიტა. არც მიკვირს, ჩერნოვეცკი არ არის ქართველი, არ იცის ჩვენი ფსიქოლოგია და შესაბამისად, ის ვერ გააკეთებს იმას, რაც გააკეთა უკრაინაში. იქ კი გახდა ორჯერ ჯიუტად კიევის მერი, მაგრამ აქ ვერ გაიტანს თავის სიჯიუტეს ისევე, როგორც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი თავისას ვერ გაიტანს საფრანგეთში. ვაღიარებ, ამ ადამიანმა გააკეთა დიდი საქმე, სააკაშვილის „მახინის“ მოშორება არ იყო იოლი, მაგრამ იგივეს ვერ განახორციელებს საფრანგეთში, აქ ხელი შევუწყვეთ ჩვენ, ხალხმა.
- ბატონო მურმან, რამე ხომ არ გსმენიათ, ხომ არ გაგიგონიათ, რა მოხდა ბათუმის აეროპორტის საბაჟოზე, რა საეჭვო ტვირთი დააკავეს, რომელიც შემდეგ ჩერნოვეცკის დაუკავშირეს?
- ასეთი რამ გამიგონია, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, რადგან ხელთ არ მაქვს დოკუმენტები. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ შესაბამისი დოკუმენტაციაც უნდა არსებობდეს. მე ამის შესახებ მისთვის შეკითხვა არასოდეს დამისვამს, თვითონაც არაფერი უთქვამს, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს. როგორც თქვენ გაქვთ ინფორმაცია, მეც ასევე მაქვს ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ოფიციალურად ვერ ვადასტურებ.
- როდესაც ჩერნოვეცკის შეხვდით, გითხრათ, აღარ მჭირდები, კარგად იყავიო?
- არა, ასეთი რამ არ უთქვამს... მითხრა, ჩემი აქტიურობა იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ ქობულეთით, სადაც ამჟამად ვცხოვრობო. შეიძლება ფორმალურად პარტიაც დააკომპლექტოს, სახელები და გვარებიც ჩაწეროს, მაგრამ ის არ იბრძოლებს ქვეყნის მასშტაბით.
„ალია“ შეეცადა, ლეონიდ ჩერნოვეცკისგან ან მისი პრესსამსახურიდან მაინც მიეღო კომენტარი, რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და ჩერნოვეცკი, რა მოხდა საბაჟოზე, რაც ჩერნოვეცკის უკავშირდება და ა.შ. ეს შეკითხვებიც გადავუგზავნეთ სალომე წერეთელს, 4 საათზე, დაგვპირდა, რომ დათქმულ დროს (საღამოს 7 საათამდე) პასუხებს მივიღებდით, მაგრამ ბოლო მომენტში უარი განაცხადეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რომ `ალიას~ მიერ გაგზავნილი შეკითხვები ივანიშვილთან შეხვედრის, აეროპორტის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის შესახებ, ლეონიდ ჩერნოვეცკის მაგიდაზე დაუდეს, მაგრამ მან თვითონ არ ისურვა ამ თემაზე პასუხების გაცემა. ასე რომ, ჩვენ პატიოსნად მოვიხადეთ პროფესიული ვალდებულება.
თუკი ბატონი ჩერნოვეცკი დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას მოინდომებს, მის პოზიციასაც დავაფიქსირებთ. „ალიას“ ბათუმის საბაჟოზე მომხდარ შემთხვევასთან და მასთან ჩერნოვეცკის შესაძლო კავშირზე შსს-ს კომენტარიც სურდა, მაგრამ ვინაიდან დასვენების დღე იყო, ეს ვერ მოხერხდა.
http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=23201