სასწრაფოდ: ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა
20/05/2016 16:04
დღეს, ბრიუსელში დილის 10 საათიდან დაწყებული ევროკავშირის შინაგანი საქმეების საბჭომ საქართველოს, თურქეთის, კოსოვოსა და უკრაიანისათვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღო.
საბჭომ გადაწყვიტა, რომ 539-ე რეგულაციაში ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილი წინადადება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის თაობაზე, მიღებულ იქნეს.
“სავიზო ლიბერალიზაცია წარმოადგენს დიდ უპირატესობას ევროკავშირისა და მესამე ქვეყნებისათვის, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეჩერების მექანიზმი იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ იყოს ბოროტად გამოყენებული. მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ჩვენ შევთანხმდით დღეს ამ მექანიზმის თაობაზე, რომელიც შეჩერებას სწრაფად მოახდენს. ველი ევროპარლამენტისგან იგივე გადაწყვეტილებას”, განაცხადა ჰოლანდიის მიგრაციის მინისტრმა, კლაას დიჟკოფმა, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით შეჩერების მოქმედების მანამდე არსებული 6 თვიანი ვადა 2 თვემდე შემცირდა, ასევე გაიზარდა შეჩერების საფუძვლების არეალიც.
ახალი წესის მიხედვით, ევროკომისიას ასევე ეძლევა უფლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც არ შეასრულებს რეადმისიით ნაკისრ ვალდებულებებს. კომისიას ასევე ენიჭება უფლება დადასტურებული “უცაბედი და არსებითი” დარღვევების შემთხვევაში მთლიანად შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა დამრღვევ ქვეყანასთან.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეწყვეტის საფუძვლად ასევე დასახელებულია უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე პირების მხრიდან 90 დღიანი რეჟიმის მასიური გადაცილება და მასიური არალეგალური დარჩენა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან.
კომისიის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მოთხოვნებს ემყარება.
ძველი მექანიზმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების 6-დან 9 თვემდე დადგენილ პროცედურას ითვალისწინებდა, რაც ინიციატორი ქვეყნების აზრით, არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდია. ახალი წესით, შეჩერების მაქსიმალურ ვადად 12 თვე არის განსაზღვრული.
* * *
უეჭველი რაინდმა გაგვიჩალიჩა