საინტერესო სტატიააა.
თავდაცვის სამინისტროს ბრალი ყოფილა და დელტას რას ერჩიან?
რატომ არ მუშაობს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
http://ick.ge/articles/27860-i.html თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თამარ კაციტაძის განცხადებით, ძოძუაშვილის გათავისუფლება კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უმოქმედობას უკავშირდება. „დელტას“ უკვე ყოფილი დირექტორი სამინისტროს ბრალდებებს უარყოფს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კი გამოარკვია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას ფუნქციონირებისათვის საჭირო რაკეტები არ აქვს, რომლის წარმოებაც თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ დააფინანსა.
15 მაისს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში ვენახები თითქმის 100%–ით გაანადგურა. რამდენიმე ათეულმა მევენახემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ მათ მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტი აქვთ აღებული. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ კრედიტების გადავადებაში დახმარება გაუწიონ.
იმავე დღეს, სეტყვამ საგარეჯოს რაიონში ხუთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი ოთხი სოფელი დააზარალა.
11 მაისს სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვანთასა და ბუშეტში.
კახეთში დაზარალებული მევენახეები განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამ დრომდე არ მუშაობს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომლის შექმნაზეც გასულ წელს თითქმის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
„რისთვის ხარჯავენ მილიონებს, თუ ამ ზარალს თავიდან ვერ ავიცილებთ“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ძველ ანაგაში მცხოვრებმა ვანო ღვედაშვილმა.
„წავიკითხე, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 25 მაისის შემდეგ ამოქმედდებაო. 25-ის შემდეგ აღარაფერი დარჩება და ვიღას რად უნდა სეტყვის საწინააღმდეგო?!“,- ამბობს შოველი ბეგიაშვილი.
სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა სააგენტოებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამ დრომდე თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობით არ მუშაობს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე 2014–2015 წლებში ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრს სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მართვის ცენტრი თბილისშია ბაზირებული, ხოლო კახეთში 86 საცეცხლე წერტილია განთავსებული. 2015 წელს „დელტა“ ღრუბლების დასამუშავებლად ბულგარეთიდან და მაკედონიიდან შეძენილ რაკეტებს იყენებდა, 2016 წელს კი „დელტამ“ რაკეტების წარმოება თავად დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, „დელტას“ ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროს მიმართა და რაკეტების საწარმოებლად საჭირო დაფინანსება მოითხოვა, იმ მიზნით, რომ 15 აპრილისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი სრულ სამუშაო მზადყოფნაში ყოფილიყო. არაერთი მიმართვის შემდეგ, „დელტამ“ თავდაცვის სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა სამი თვის შემდეგ, მარტში მიიღო, რის გამოც რაკეტების წარმოება დაგვიანდა და „დელტა“ გაზაფხულს, როცა სეტყვა ყველაზე ხშირია, მოუმზადებელი შეხვდა.
გადამოწმებული ინფორმაციით, „დელტას“ გასულ წელს ბულგარეთსა და მაკედონიაში შეძენილი რაკეტებიდან დაახლოებით 150 ცალი ერთეული ჰქონდა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 15 მაისს, სიღნაღის, საგარეჯოს და გურჯაანის რაიონებში ერთდროულად მოსული ძლიერი სეტყვისას გაისროლეს 4–5 საცეცხლე წერტილიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ 12 მაისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თავდაცვის სამინისტროდან ოფიციალურად მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია: 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ რა ოდენობის თანხა იქნა მოთხოვნილი თავდაცვის სამინისტროსგან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ფუნქციონირების მიზნით (გთხოვთ კონკრეტულად მიუთითოთ მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წერილის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი); რა ოდენობის თანხა იქნა გადარიცხული სამინისტროს ბიუჯეტიდან აღნიშნულ პერიოდში. (გთხოვთ, ყველა ცალკეულ შემთხვევაში მიუთითოთ თანხის გადარიცხვის თარიღი და სამართლებრივი საფუძველი).
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ ამ დრომდე არ მოგვაწოდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ამ ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო და არც სამდღიან და მითუფრო ათდღიან ვადას არ საჭიროებს.
16 მაისს, თავდაცვის სმაინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.
18 მაისს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გუშინვე, სააგენტო „20:30“–მა უჩა ძოძუაშვილის ინტერვიუ გაავრცელა.
„მე როდესაც მივიღებ ბრძანებას, მაშინ მეცოდინება ამის შესახებ. ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ვერ იქნება დამყარებული რეალურ ფაქტებზე. შესაბამისად, ჩემთვის აბსურდია. ანუ, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ „დელტას“ ვერანაირი ბრალეულობა ვერ დადგება ნებისმიერი იმ მიმართულებით, რაც ჟღერდება. გამორიცხულია ასეთი რამ, რადგან ბრალეულობა ნიშნავს რომ რაღაც არ გაკეთდა. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფერს. სისტემა არის დაყენებული კახეთში, სისტემის ყველა კომპონენტი არის გამართული. რაც შეეხება იმას თუ როგორ ვიმუშავეთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან მაქსიმალური გავაკეთეთ. მე თინა ხიდაშელს არ ვეჩხუბები“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა. ამ ეტაპზე „დელტაში“ სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
თავდაცვის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ კაციტაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში დაადასტურა, რომ უჩა ძოძუაშვილი გათავისუფლებულია „დელტას“ დირექტორის თანამდებობიდან. კაციტაძე იმასაც ადასტურებს, რომ ძოძუაშვილის გათავისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უმოქმედობას უკავშირდება.
- თამარ, რამ განაპირობა თავდაცვის სამინისტროს მიერ, „დელტასთვის“, რაკეტების საწარმოებლად აუცილებელი თანხის გადარიცხვა მოთხოვნიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ?
- თანხის გადარიცხვის დაგვიანება თავდაცვის სამინისტროს მიზეზით არ მომხდარა.
- აბა ვისის მიზეზით მოხდა?
- გენერალურ ინსპექციას მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია. როგორც კი დაასრულებს და დასკვნას დადებს, მაშინვე გავავრცელებთ განცხადებას.
- თუ ჯერ მოკვლევა არ დასრულებულა, „დელტას“ დირექტორი რის საფუძველზე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან?
- ალბათ ჰქონდა მინისტრს ამის საფუძველი“.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ დელტაში“ განუცხადეს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მაქსიმუმ ერთ კვირაში ამუშავდება.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის სამეფომ ცოტა ხნის წინ „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები შეისყიდა. საუდის არაბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჯავშანმანქანების საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია.
ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმება „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შეძენას გულისხმობს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია.
მიმდინარე წლის მარტში თავდაცვის სმაინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ქართული ჯარი „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვება.