რუსთავი 2 ივანიშვილს პირობებზე უარს ეუბნება და საპასუხო შეთავაზებას უგზავნის
16:13 2016-06-04
რუსთავი 2 ექსპრემიერის შეთავაზებას პასუხობს, ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
რუსთავი 2ის პასუხი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებაზე:
რუსთავი 2 ვერ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალური ფორმატის შემუშავებას შემდეგი მიზეზების გამო:
1. ჩვენ გვაქვს თოქშოუს მყარი საეთერო დრო - სამშაბათი, 22.00 საათი, გარდა გადაუდებელი ექსტრემალური სიტუაციებისა (13 ივნისის სტიქია, რუსთავი 2ის სასამართლო საქმე), როგორადაც ამ შემთხვევას არ განვიხილავთ. შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ვერც ერთ სხვა ვარიანტს (შემოთავაზებული იყო ოთხშაბათი);
2. ჩვენ არ ვიღებთ რესპოდენტებისგან ულტიმატუმებს, კითხვების თემატიკა რა საკიტხებით იქნება შემოფარგლული (შემოთავაზებული იყო ივანიშვილის წერილი და გაურკვეველი სიცრუის ტირაჟირება ჩვენს ეთერში);
3. ჩვენ არ განვიხილავთ თოქშოუს ფორმატს სხვა (თუნდაც ჩვენივე სარედაქციო ფასეულობების გამზიარებელ მეგობრულ არხთან) ერთად მრავალი ჟურნალისტის მონაწილეობით (შემოთავაზებული იყო ტელეკომპანია ტაბულასთან ერთად შერეული ფორმატი);
4. ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლებლად ინტერვიუს სხვა ლოკაციაზე, გარდა რ2ის შენობისა (შემოთავაზებული იყო ნეიტრალური ტერიტორია). ჩვენი თოქშოუ არჩევანი ყოველთვის ტარდება ჩვენსავე ტერიტორიაზე, გარდ იმ გამონაკლისისა, როცა რესპოდენტი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. თვით ამ ქვეყნის ყველაზე დასაცავი ფიგურის - საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებს თუ ვაკმაყოფილებთ (და გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი), გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ შექმნილა და ივანიშვილის ინტერვიუ ჩაიწერა სწორედ საზამუს შენობაში, და არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე;
5. ჩვენ სრულიად გამოვრიცხავთ მესამე პირის - ე.წ. მოდერატორის მონაწილეობას ჩვენს თოქშოუში. ამგვარი პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს, თუ საკითხი არ ეხება წინასაარჩევნო დებატებს, სადაც დებატების მკაცრი წესების და დროის ლიმიტების სამართავად იყენებენ მოდერატორებს;
შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2 უარს აცხადებს შემოთავაზებულ ფორმატზე და საპასუხოდ სთავაზობს ბატონ ივანიშვილს შემდეგს:
1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა არჩევანში, ნებისმიერ სამშბათს, 22 საათზე, რ2ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.
2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;
3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;
4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რუსთავი 2ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი - გიორგი გაბუნია;
5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში
ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების საჭიროება და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა.
პატივისცემით,
ტელეკომპანია რუსთავი 2ის სახელით,
გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია
http://www.newposts.ge/?l=G&id=110290-რ