კორუფციული ბრალდებები თედო კობახიძის მისამართით - საკრებულოში შესაძლოა შიდა მოკვლევა დაიწყოს
დღეს, 12:07
თედო კობახიძის მისამართით გუშინ გახმაურებულ კორუფციულ ბრალდებებზე თბილისის საკრებულოში შესაძლოა შიდა მოკვლევა დაიწყოს. კობახიძე იურიდიული კომისიის ხელმძღვანელია და ასევე პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ძმაა. ის ყოფილმა თანამშრომელმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე თედო კობახიძეს დაუკავშირდა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მას თედო კობახიძესთან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა და კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მისი და მისი დის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი.
საკრებულოს უმრავლესობა შიდა მოკვლევას არ გამორიცხავს. თუმცა, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლის, რიმა ბერაძის თქმით, ამ ფაქტის დაჯერება მისთვის წარმოუდგენელია.
http://rustavi2.com/ka/news/49231 * * *
"ვეუბნებოდი, რომ მეგობრობით არ შეიძლება დაკომპლექტდეს საკრებულო" - ზაზა ვაეკუა თედო კობახიძეზე
დღეს, 15:50
თედო კობახიძის საქმესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის გარდა, სხვა ფრაქციის წევრებიც საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ გაჩნდა კითხვები, მათ შორის იმაზე თუ როგორ იწყებენ სამსახურს საკრებულოში, ხელშეკრულებით გაფორმებული თანამშრომლები.
“უნდა გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს და მერე კანონის მიხედვით გაკეთდეს ყველაფერი. ასეთი ბრალდება რომ არის მის მიმართ გავიგე და იმედია დადგინდება რეალობა“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრმა დავით ზურაბიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის ზაზა ვეკუას თქმით, თედო კობახიძეს პრობლემა აქვს იმ ადამაინებთან, ვინც თავად შეარჩია.
“საუბარია ადამიანებზე, რომელიც ბატონმა თედომ თვითონ შეარჩია, თვითონ მოიყვანა და სწორედ მათთან აქვს პრობლემა. პირადად მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი კოლეგა შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს. მაგრამ, ფაქტი ერთია, კადრები იყო მათი და სწორედ მათი პრობლემაა. არა ერთხელ ვეუბნებოდი, ახლობლობით, მეგობრობით არ შეიძლება დაკომპლექტდეს საკრებულო თუ ესა და ის სამსახური“ - აღნიშნა ვეკუამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გუშინ გახმაურებულ კორუფციულ ბრალდებებს თედო კობახიძის მისამართით. ის ყოფილმა თანამშრომელმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
http://rustavi2.com/ka/news/49261