საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით
სოფელ ზემო სხვილისში სპორტულ მოედანს ხუთი კუთხე აქვს. არასტანდარტული ფორმის მოედანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ახალციხის გამგეობამ მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
ზემო სხვილისის სპორტული მოედნის სარეაბლიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე ახალციხის გამგეობამ ტენდერი 2016 წლის 26 აპრილს გამოაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სპორტულ მოედანს ხუთი კუთხე აქვს. მისი არასტანდარტული ფორმის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება მოედნის დანიშნულებაზე საუბრობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპორტული თამაშების, განსაკუთრებით კი ფეხბურთის მატჩის ამ მოედანზე გამართვა შეუძლებელია. მათი აზრით, მოედანი არასწორად დაპროექტებულია და დოკუმენტაციის მომზადებისას ადგილობრივ თვითმმართველობას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა.
ახალციხის გამგეობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ არსებული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ფრაზა "სპორტული მოედნის სარეაბლიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა“ სწორედ მოედნის შეღობვის სამუშაოებს ითვალისწინებს.
"ეს ჩვენ არ დაგვიპროექტებია და ახალს არ ვაშენებთ. უკვე ათეული წლებია ეს მოედანი არსებობს, არ ვიცი რატომ მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. სატენდერო დოკუმენტაცია უკეთ უნდა წაეკითხათ. ჩვენ მხოლოდ არსებული მოედნის შემოღობვას ვახდენთ, რადგან ღობე დაზიანებულია. ეს არ არის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხოლოდ აქა–იქ გრუნტის შესწორება ხდება“, – განმარტავს ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ბესარიონ მიქელაძე.
გამგეობის სპეციალისტი ირწმუნება, რომ მომავალში, როცა მოედნის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება, ხუთი კუთხის პრობლემა მოგვარდება: "მოედნის ფართის გაზრდა შეუძლებელია, იმიტომ, რომ მაშინ მოსახლეობას სახლებამდე მისასვლელ გზას ჩავუკეტავთ. ამიტომ, სტადიონი ცალკე დაიხაზება და შეჭრის ადგილზე სპორტულ ინვენტარს განვათავსებთ“.
მოედნის არასტანდარტული ფორმის შესწორებას გამგეობა მომავალში გეგმავს, მანამდე კი ადგილობრივებს თამაში ისევ ხუთკუთხა მოედანზე მოუწევთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმის სტადიონზე მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების გართობაა შესაძლებელი და იგი ფეხბურთის სათამაშოდ გამოუყენებელია.
„ხუთ კუთხიან მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. კუთხის ხაზი არ იქნება და კუთხური საიდან უნდა გაიტანო?! არც სპორტის სხვა სახეობა ვიცი, რომელიც ასეთ მოედანზე ითამაშება“, – ამბობს ყოფილი ფეხბურთელი პაატა გვირჯიშვილი.
ზემო სხვილისში სპორტული მოედნის შემოღობვის სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ფრიდონ კაპანაძე, 7 334 ლარად ახორციელებს.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
http://sknews.ge/index.php?newsid=9069
This post has been edited by SUPERTV on 14 Jun 2016, 17:28
მიმაგრებული სურათი