თუ დააკვირდები თვითონ სიტყვები გეუბნება, ეს მოკლედ.
ვრცლად აგერ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
- განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის. ეს არის სხვისი საქმის განქიქება, მოყვასის ცოდვის გამო განსჯა, შეურაცხყოფა, მასზე ავი ზრახვა, სხვის მსაჯულად დადგომა, მაშინ, როცა მსაჯული ერთადერთია - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შეიძლება ითქვას, განკითხვა გამორჩეულად, სხვა ცოდვაზე მეტად ეხება ადამიანის ცხონების საკითხს, რადგან განმკითხველს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. "არ განიკითხოთ, რათა არ განიკითხნეთ" - გვასწავლის უფალი. ის კი, ვინც განიკითხავს, უფლისაგან იქნება განკითხული იმავე საზომით - "რომელი განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომელთა საწყაულითა მიუწყოთ, მიგეწყოთ თქვენ".
- უფალი გვეუბნება - მკურნალო, განიკურნე თავი შენიო. სანამ სხვის თვალში ბეწვის ამოღებას გადავწყვეტთ, ჯერ საკუთარიდან დირე, მორი ამოვიღოთ და მერეღა ვიფიქროთ სხვების მხილებაზე. ჩვენ ხშირად თვითონ ვართ ძალიან დიდი ცოდვებით დამძიმებული და სხვისი მცირე შეცდომის მიმართ დიდ სიმკაცრეს ვიჩენთ. პირში მივახლით სიმართლეს, გვგონია, ვამხელთ. მხილება კი სხვა რამეა. პირველ რიგში, იმისთვის, რომ გვქონდეს მხილების უფლება, უნდა გვქონდეს სიყვარული, სურვილი, რომ ადამიანი მართლა გამოსწორდეს. გარდა ამისა, საჭიროა დროის შერჩევა, ზუსტად განსაზღვრა, რა დროს, რა ფორმით უთხრა მოყვასს სამხილებელი. მიზანი ჩვენი არა ადამიანის ცოდვილი მდგომარეობის დაფიქსირება, არამედ მისი ცოდვიდან გამოყვანა უნდა იყოს. თუ ასეთი განწყობა არ გვექნა, "მხილებამ" შეიძლება ამ ადამიანზე უარესად იმოქმედოს, განრისხდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ეკლესიას. ეს კი ჩვენი ბრალი იქნება და უფალი მწარე პასუხს მოგვთხოვს. მეორე მხრივ, შეიძლება მხილებისგან თავის შეკავებაც ცოდვად გვექცეს. თუ ვხედავთ, რომ ადამიანს გამოფხიზლება სჭირდება, ცოდვას დაემონა, უფსკრულისკენ მიდის და ჩვენს მეტი არავინ ჰყავს, ჩვენი ვალია, ვამხილოთ, ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით, გულისტკივილით, სათანადო ფორმით.
- გახსოვთ ალბათ იგავში მთესვარზე ის მარცვალი, რომელიც კეთილ ნიადაგზე დაეცა, მოსცემდა ნაყოფს ოცდაათეულს, სამოცდაათეულს და ასეულს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყველას აქვს საკუთარი ჯვარი. ზოგს - მძიმე, ზოგს - ნაკლებად. განსაკუთრებულად დიდია მღვდლობის ჯვარი. ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. მაგრამ ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე - უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს - ეს ჯვარი მსუბუქდება ღვთის სიყვარულით. მოძღვრის ცხოვრება თვალსაჩინოა. ყოფით ცხოვრებაში მღვდელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მოკვდავი, უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ხალხის დაბრკოლების მიზეზი. გვახსოვდეს, სასულიერო პირიც ჩვეულებრივი ადამიანია, მისდამი მიმტევებელნი უნდა ვიყოთ. მაგრამ არა სასულიერო პირობის გამო (ღვთის წინაშე ყველა ერთია), არამედ იმიტომ, რომ ადამიანები არიან და როგორც სხვების მიმართ, მათდამი მიმტევებლობაც მოგვეთხოვება. მაგრამ თუ მღვდელი ისეთ დიდ ცოდვაშია, რომ საფრთხეს უქმნის როგორც თავის თავს, ასევე სამწყსოს, ის უნდა ამხილონ. ეს ფაქტი არ დარჩება შეუმჩნეველი არც წინამძღვრის, არც ეპისკოპოსის მიერ. თუმცა, თუ ისეთი რამეა, რაც მარტო ჩვენ ვიცით, აუცილებლად უნდა ვუთხრათ ამის შესახებ სიყვარულით და ვთხოვოთ, თავი შეიკავოს. თუ არ ისმინა, მერე წინამძღვართან ვამხილოთ, თუ არც მაშინ ისმინა, ეპისკოპოსს ვაცნობოთ. @ დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი.