ტრაგიკული განხეთქილება -
http://jam-news.net/Publication/Get/ka-GE/1832 რა მალე იქცა შეუქცევად პროცესად ის, რაც თავიდან წარმოუდგენელი იყო. ერთი წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ბრიტანელები, რომლებსაც ასე უყვართ ევროკავშირის სულელური წესებზე, გაბერილ ბიუჯეტსა და გაქსუებულ ჩინოვნიკებზე წუწუნი, მართლაც ხმას მისცემენ იმ ქვეყნების კლუბიდან გასვლას, რომლებიც ბრიტანეთის ექსპორტის თითქმის ნახევარს ყიდულობენ.
და ამის მიუხედავად, 24 ივნისის ადრიან დილას აშკარა გახდა, რომ ამომრჩევლებმა ეკონომისტების, მოკავშირეებისა და საკუთარი ხელისუფლების გაფრთხილება არად ჩააგდეს და ევროკავშირში გატარებული ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ გადაწყვიტეს, თამამად შეებიჯებინათ გაურკევლობაში.
ფუნტის ოცდაათი წლის წინანდელ ნიშნულამდე დაცემა, უკვე იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, თუ რა მოხდება შემდეგ. მომავლის რწმენა თანდათანობით ქრება და არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანებული სამეფო რეცესიაში ჩაიძიროს.
ნაკლებად დინამიკური ეკონომიკა ნაკლებ სამუშაო ადგილებს, საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და, საბოლოოდ, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
ამას გარდა, ეს შედეგი ისედაც მყიფე მსოფლიო ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად შეარყევს.
შოტლანდიელებს, რომელთა უმრავლესობამაც [ევროკავშირის შემადგენლობაში] დარჩენას მისცა ხმა, ახლა განსაკუთრებით გაუძლიერდებათ გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის სურვილი. 2014 წელს შოტლანდიელებმა თითქმის მოახერხეს ბრიტანული სახელმწიფოს დატოვება.
ლამანშის მეორე მხარეს მცხოვრები ევროპელები - მაგალითად, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლები, ბრიტანულ ნახტომს ერთგვარ სტიმულად აღიქვამენ.
ევროკავშირს მძიმე დარტყმა მიაყენეს და ეს დარტყმა იგემა ორგანიზაციამ, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებდა.
ხანმოკლე პერსპექტივაში, იმისათვის, რათა ამ რეფერენდუმის შედეგებთან გამკლავება შეძლოს, ქვეყანას, რომელიც ასაკობრივი, კლასობრივი და გეოგრაფიული პრინციპით იყოფა, პოლიტიკური გაწაფულობა სჭირდება.
ხანგრძლივ პერსპექტივაში [ამ რეფერენდუმის შედეგებმა] შესაძლოა ტრადიციული პოლიტიკური „ფრონტის ხაზისა“ და ადგილობრივი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების შეცვლაც კი გამოიწვიოს.
ახლა კი წინ მავნებელი გაურკვევლობის ხანგრძლივი პერიოდი გველის.
არ არის ცნობილი, თუ როდის გამოვა (ოფიციალურად) გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის შემადგენლობიდან და რა პირობებით განხორციელდება ეს პროცესი, მაგრამ ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეების სიხარულისა და ამ ორგანიზაციაში დარჩენის მსურველთა საყვედურების ფონზე ორი შეკითხვა ჩნდება - რას ნიშნავს ეს არჩევანი გაერთიანებული სამეფოსა და ევროპისათვის? და რა მოხდება შემდეგ?
ბრიტანელებმა ევროკავშირზე უარის თქმის მრავალი მიზეზი დაასახელეს - ბრიუსელში დემოკრატიის დეფიციტით დაწყებული, და ევროზონის ქვეყნების ეკონომიკით დასრულებული.
მაგრამ ყველაფერი ისე ჩანს, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მიზეზი ადამიანების თავისუფლად გადაადგილება გახდა. რაც უფრო მეტად იზრდებოდა ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების რიცხვი, ამომრჩეველთა უკმაყოფილების მიზეზებს შორის მიგრაციის საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენდა.
შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, საკუთარ ამომრჩევლებს აყვავებულ ეკონომიკასა და მიგრაციაზე კონტროლის დაწესებას პირდებოდნენ.
მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიტანელებმა მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემით მიაღწიონ მსგავს შედეგს. თუკი სურთ, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა და მისი სიკეთეებით ისარგებლონ, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას უნდა შეეგუონ. ამ პრინციპზე უარის თქმა გაერთიანებულ სამეფოს ძვირად დაუჯდება - მას საერთო ბაზრიდან გარიცხავენ. ქვეყანამ მიგრაციის შეკავებასა და კეთილდღეობის მაქსიმიზაციას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
დევიდ კემერონი ის ადამიანი არაა, რომ ეს არჩევანი გააკეთოს. მან რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და წარუმატებელი კამპანიის შედეგად იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ სრულიად არასწორი გათვლებიჰქონდა და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხის განსახილველად დამაჯერებელი ფიგურა ვერ იქნება. ახლა ყველაფერი ახალ პრემიერმინისტრზეა დამოკიდებული
ჩვენი აზრით, მან ნორვეგიულ მოდელზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. ამ სკანდინავიურ ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე სრული წვდომა აქვს, მაგრამ, ამავდროულად, მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების პრინციპს იზიარებს. მიზეზი ისაა, რომ ეს მოდელი ქვეყნის აყავებას შეუწყობს ხელს. და ამის სავარაუდო ფასი - მიგრაცია - სინამდვილეში შეიძლება ძალიან წაადგეს ქვეყანას, როგორც თავად გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეები ამტკიცებენ.
ევროპელ მიგრანტებ პირდაპირ შეაქვთ თანხები ბიუჯეტში და ჯანდაცვისა და განათლების მომსახურებით სარგებლობისათვის გაცილებით მეტს იხდიან. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების გარეშე სკოლებში, საავადმყოფოებსა და ისეთი სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეეურნეობა და მშენებლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი შეიქმნება.
ფრექსიტის თავიდან აცილება
ძალიან რთული იქნება ევროკავშირიდან გასვლის მომხრე ბრიტანელების დარწმუნება იმაში, რომ ტორტის ერთპიროვნული ფლობა და ჭამა გამოსავალი არაა. ახალ პრემიერს ეროვნული ინტერესების ღალატში დასდებენ ბრალს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას სინამდვილეში პირობის დარღვევა მოუწევს - ან მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ან ეკონომიკის შესახებ.
სწორედ ამიტომ უნდა დაადასტურონ ამომრჩევლებმა ყველა გარიგება და უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საერთო არჩევნებზე გაეკეთებინათ, და არა მორიგი რეფერენდუმის დროს. ამ ახალი გარიგების მიღება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლაა მოსალოდნელი. იმიტომ რომ პროცესები გაგრძელდება - ეკონომიკა დაზიანდება და მიგრაცია კი თავისთავად შემცირდება.
ბრექსიტი ევროკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული სერიოზული დარტყმაცაა. ბრიუსელში მოღვაწე მაღალჩინოსნებმა საკუთარ მოქალაქეებთან კავშირი დაკარგეს - და არამხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.
მცირე ხნის წინ Pew Research-ისთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ საფრანგეთში, რომელიც ევროკავშირის დამფუძნებელი წევრი და ამ ორგანიზაციის ცალსახა მომხრეა, გამოკითხულთა მხოლოდ 38 პროცენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირზე ჯერ კიდევ დადებითი აზრისაა. ეს რიცხვი კი 6 პუნქტით მცირეა იმ მაჩვენებელზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა.
ყველა ქვეყანა თავისებურადაა ნაწყენი.
დასუსტებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, იტალიასა და საბერძნეთს, გერმანიის მკაცრი ეკონომიკური ზომები აღელვებთ.
საფრანგეთში ევროკავშირს ულტრალივერალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ (ბრიტანელებიც კი აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია ცდილობს, ბიუროკრატიული მარწუხები გამოიყენოს). აღმოსავლეთი ევროპის ტრადიციული ნაციონალისტები ჩივიან, რომ ევროკავშირი მათ ქვეყნებს კოსმოპოლიტური ღირებულებებს ახვევს თავს - როგორიცაა, მაგალითად, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებები.
თუმცა, ევროკავშირს მაინც მოუწევს ხალხის სიბრაზესთან გამკლავება. გამოსავალი ზრდის სტიმულირებაშია. საერთო ბაზრის ციფრული მომსახურებებითა და კაპიტალის ბაზრებით სრულყოფა სამუშაო ადგილების შექმნასა და აყვავებას შეუწყობდა ხელს.
ევროზონას საფუძვლის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება სჭირდება და ეს პროცესი სრულყოფილი საბანკო გაერთიანების შექმნით უნდა დაიწყოს. ხელისუფლებისა და უფლებამოსილებების აღდგენასთან ( მათ შორის შრომის ბაზრის დარეგულირების საკითხთან მიმართებაში) დაკავშირებული ძველი ფუჭი საუბრების საფუძველზე მოქმედება ეროვნული ხელისუფლებებისთვის იმის დამამტკიცებელ საბუთი იქნება, რომ ევროკავშირი რაიმე სახის ძალაუფლების მიღებას ვეღარ შეძლებს
ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კენჭისყრის შედეგები არ მოგვწონდეს. არსებობს იმის საშიშროება, რომ გაერთიანებული სამეფო უფრო დახურული, იზოლირებული და ნაკლებადდინამიკური გახდეს. ყველასთვის ცუდი იქნებოდა, თუკი გაერთიანებული სამეფო პატარა ინგლისის მასსტაბების გახდება. კიდევ უფრო უარესი კი ის იქნება, რომ ამ ყველაფერმა შედეგად „პატარა ევროპის“ წარმოშობა გამოიწვიოს.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეთა ლიდერები ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირწონედ ოცდამეერთე საუკუნის დინამიკური, კოსმოპოლიტური ეკონომიკის შექმნის პირობას დებენ. ძალიან საეჭვოა, რომ ბრეკსიტი ამის სტიმულირებას შეძლებს, მაგრამ არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, რომ ვცდებოდით.
გამოქვეყნებულია: 24.06.2016
DETAILS
ეკონომისტი, გაერთიანებული სამეფო
24 JUNE 2016 - 07:27