რატომ აფსუა და არა აფხაზი?გეოგრაფიულ სახელწოდებათა დიდი სტაბილურობის შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი ნიკოლოზ ივანეს ძე ნადეჟდინი (1804-1856 წწ.) მიუთითებდა. მისი სიტყვით, “ტოპონიმიკა ეს “მიწის” ენაა, ხოლო მიწა წიგნია, რომელშიც კაცობრიობის ისტორია გეოგრაფიული ნომენკლატურითაა ჩაწერილი”. “მიწის ენა” ეხმარება ისტორიკოსს მრავალი საკითხის (ხალხთა მიგრაციების, დასახლებათა წარმოქმნა და სხვ.) გარკვევაში.
გეოგრაფიულ სახელებს ასევე “მიწის ენას” უწოდებდა პროფ. ი. ფილევიჩიც. რუსეთის ძველი ისტორიის გადმოცემისას იგი მოითხოვდა განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით მოკიდებოდნენ ძველ გეოგრაფიულ სახელებს. “მიწის ენა”, _ წერდა იგი, _ ზოგჯერ უფრო მეტს გვეუბნებოდა, ვიდრე თვით ხალხი თავისი ისტორიის შესახებ… “მიწის ენა” არ ექვემდებარება ფალსიფიკაციას, მასში ვერაფერს გააყალბებ, ვერაფერს შეთხზავ1.
დავუშვათ, რომ უძველეს დროშივე “აფხაზები” თავის თავს “აფსუებს” უწოდებდნენ, თავის მხარეს კი აფსნის, როგორც ეს ახლაა. მაშინ რატომ გავრცელდებოდა ანტიკურ სამყაროში სახელწოდება აფხაზი _ აბაზგი და არა აფსუა _ აფსნი?2
თანამედროვე აფხაზი აფსუებისა და სადაურობის გარკვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამოჩენილი რომაელი მწერლის, მეცნიერისა და სახელმწიფო მოხელის პლინიუსის (უფროსის 24-79 წწ.) თხზულებაში (“ბუნების ისტორია” 37 წიგნად) დაცულ ცნობებს აბსოების (ABZOE) შესახებ. ჩვენთვის ცნობილი პლინიუსი პირველი ავტორია, რომელიც აბსოებს და მათ ადგილსამყოფელს აფიქსირებს კასპიის ზღვის ჩრდილოდასავლეთ სანაპიროზე მდ. ვოლგის შესართავთან _ მარჯვენა მხარეზე (აწინდელი ასტრახანის მიმდებარე ტერიტორიაზე)3.
ენათმეცნიერმა თ. გვანცელაძემ მიაკვლია რუკას, რომელიც 1561 წელსაა შედგენილი იტალიელი კარტოგრაფი ჯაკოპო გასტალდის მიერ, ამ რუკით დადგინდა, რომ XVI საუკუნეში აფსუები ცხოვრობდნენ მდ. ყუბანის შუა წელში, რომელთა ქვეყანას კარტოგრაფი “ABSVAS PEG”ს უწოდებს, აქვე მდ. ყუბანის მარცხენა შენაკადთან, ამავე კარტოგრაფს მონიშნული აქვს დაბაქალაქი “ACUA” (ქალაქ სოხუმის ამჟამინდელი აფსუური სახელწოდება). საყურადღებოა ისიც, რომ აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი ამ რუკაზე აღნიშნულია, როგორც სამეგრელოს ოლქი (რეგიონი), ხოლო ამჟამინდელ აფხაზეთს საერთოდ არა აქვს სახელი.
როგორც ჩანს, სხვა მონაცემებთან ერთად, ეს რუკაც ცხადყოფს, რომ აფსუების ძირითადი მასა, XVI საუკუნეში ჯერ კიდევ, ყუბანისპირეთში ცხოვრობდა და შემდეგ გადმოადგილდნენ ისინი ყუბანის სათავეებში და იქიდან აფხაზეთში ჩამოსახლდნენ3.
მნიშვნელოვანია, რომ სოხუმი (ცხუმი), რომელიც თავადვე იყო თავისივე სახელწოდების საერისთავოს ცენტრი, და, მხოლოდ XVIII საუკუნის მიწურულს იქცა აფხაზების (აფსუების), შარვაშიძეობა მიღებული მთავრების რეზიდენციად4.
აფსუათა “აფხაზებად” სახელდება ერთეული შემთხვევა არ არის. მსგავსი მოვლენა ხშირია მსოფლიო ისტორიაში. მაგალითად, არაბები ეგვიპტეში დასახლების შედეგად დღეს ეგვიპტელებად იწოდებიან, სლავები მაკედონიაში _ მაკედონელებად, ევროპელები _ ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები, პროტუგალიელები და სხვ. ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში დასახლების შედეგად დღეს იწოდებიან: ამერიკელებად, მექსიკელებად, ბრაზილიელებად, ურუგვაელებად. აქ მნიშვნელობა არა აქვს ამ ქვეყნების სახელწოდებანი ძველია თუ გვიანი ხანის; მთავარია ადრე თუ გვიან აქ მოსულდასახლებული ხალხები ამ ქვეყნების სახელწოდებას რომ უწოდებენ თავიანთ თავს5.
აფხაზები აფსუებად პირველად რუსმა გენერალმა, როზენმა მოიხსენია. ორი სხვდასხვა წარმომავლობის ხალხის ასეთი გაიგივება, ცხადაია, რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა. შემდგომ კი, კომუნისტური წნეხის ქვეშ მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედეს6.
გასაკვირია აფსუა ისტორიკოსებისა და, საერთოდ, აფსუა ინტელიგენციის თავგადაკლული მისწრაფება იქითკენ, როგორმე მოატყუონ, გააბოროტონ, გააღიზიანონ და ძმათა მოსაკლავად მახვილი ააღებინონ უბრალო, გაუცნობიერებელ პატიოსან თვისტომთ. უმალავენ რა ნამდვილ ისტორიულ ვითარებას, უაპელაციოდ უმტკიცებენ ხალხს, რომ ტერიტორია, რომელზეც ამჯერად სახლობენ აფსუები, დასაბამიდანვე მათი მიწა იყო (თუმცა ამ მიწას არავინ ედავება), ხოლო იმ ეჭვს, თუ რატომ ლაპარაკობენ ადიღეურად, უფანტავენ ყოვლად მტკნარი სიცრუით: თითქოს ორი საუკუნის წინ აფსუათა ნაწილი აფხაზეთიდან ადიღეს მხარეში “ასახლებულა”, ადგილობრივი მცხოვრებნი გაუადიღელებიათ ანუ გაუაფსუებიათ და თავის ენაზე, რჯულზე, ადათწესზე მოუქცევიათ. ე. ი. აფსუები ადიღედან ჩამოსულები კი არ არიან, როგორც ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ, პირიქით, თურმე მათი შტო ასულა ადიღეში7.
თვითონ აბაზების მტკიცებით, რაც აკადემიკოსმა ს. ჯანაშიამ დაადასტურა ჯერ კიდევ 1929 წლის მაისში, აბაზა და აფსუა ერთი და იგივეა, უფრო ზუსტად, აფსუა ერთი აბაზურ ტომთაგანია, რომელთა საერთო სახელია აბაზა8.
XVIII საუკუნის გერმანელი მოგზაური ქრისტიანრუდოლფ ელიხი, იგივე იაკობ რაინეგსი 1778-1781 წლებში იმყოფებოდა ერეკლე მეორეს კარზე. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მეტად ღირებულია მისი ცნობები აფსუააფხაზების შესახებ. რაინეგსი აღნიშნავს, რომ “აფხაზები” თავის ქვეყანას აბაზას უწოდებენ3. “ჩერქეზები და სხვა მეზობლები მას უწოდებენ ავაზს და აუაზს. ხალხი კი, რომელიც ყუბანზე აბაზეხის სახელითაა ცნობილი თავის თავს თვლის აფხაზებისაგან დიდი ხნის წინ გამოყოფილ ახალშენად და მათ ქვეყანას უწოდებს დიდ აბაზას, თავის საკუთარ საცხოვრებელს კი მცირე აბაზას”10.
შაფსუღებში ყოფნისას ს. ჯანაშიამ ყურადღება მიაქცია “აფხაზებთან” მათ მსგავსებას ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიშნების მიხედვით. სოფელ აფიფსიფის დათვალიერების შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს მკვლევარი ასე გადმოგვცემს: “დაუსვენებლივ გავემართეთ სოფლის ყრილობაზე აქ ნანახი ტიპები პირწავარდნილი აფხაზებია. მე მეგონა, რომ ზოგიერთს ჩემს სოფლელს ვხედავმეთქი. უმრავლესობას წვერი მოპარსული აქვს, მოხუცები კი ატარებენო, მითხრეს. პრონონსი მთლად აფხაზური. თავს ახურავთ ბოხოხი (დაბალი) ან ჰაჯის თავსაბურავი რამდენსამე”11.
ს. ჯანაშია მსგავსებას ხედავს შაფსუღურსა და აფხაზურ სოფელს შორისაც. მისი დაკვირვებით შაფსუღური სოფელი, როგორც დასახლების ერთეული, მისი ძირითადი ატრიბუტებით (ორღობეებით, სამეურნეო ნააგებობებით, ჭებით…) ისეთივეა, როგორც, აფხაზური სოფელი12.
XIX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში აფხაზეთში მყოფი გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი შემდეგნაირად აღწერს აფსუას გარეგნობას: “აფხაზთა სახის წყობა გამოირჩევა ჩერქეზთაგან; მათი ნაკვთები ნაკლებ სწორია; სახის ფერი მოშავოყავისფერი, თმები შავი, ტანი ხმელი, საშუალო სიმაღლის, მაგრამ მოყვანილი. ისინი შეჩვეული არიან სიველურეს, არიან უხეშნი, უნდონი და შურისმაძიებლები. მოსისხლე მტრები არიან მეზობელი მთის ხალხების. არ აქვთ კანონები, არ ეშინიათ თავისი ბატონების და მხოლოდ თავის იარაღს ენდობიან, რომელსაც არასდროს არ იშორებენ. ამავე დროს ისინი, მსგავსად მთის სხვა ხალხებისა, სტუმართმოყვარე და მორწმუნეები არიან. ისინი ჩერქეზებივით იცვამენ”13.
როგორც აკად. გ. ჩიტაია ბრძანებდა “იმას, რაც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა და თაობიდან თაობას გადასცა, ვერავითარი დოკუმენტი ვერ შეედრება. ხალხის მეხსიერება არის ყველაზე სანდო წყარო ისტორიული კანონზომიერების ასახსნელად”14.
გვარსახელების ანალიზს მხარს უჭერს “აფხაზური” ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მონაცემებიც. მაგალითად, აფხაზი ფოლკლორისტის ს. ზუხბას სიტყვით, “…ერთგვარი გადმოცემები, რომლებშიც მოთხრობილია, თუ როგორ გადმოსახლდნენ ოდესღაც ჩრდილოეთ კავკასიიდან ან სოჩის ახლომდებარე მიწებიდან წინაპრები, აქვთ ავიძბებს, ზუხბებს, კვიწინიებს, აშვბებს, ბგანბებს, ანუებს და სხვა გვარის წარმომადგენლებს. სოფელ კვიტოულში გვიან მოსულებად მიიჩნევიან საძბას, ჰაშბას, აგრბას წარმომადგენლები. სოფელ ჯგერდაში გვიან არიან მოსულები ავიძბები და სხვ.”15
საგულისხმოა, რომ აფხაზურ (აფსუურ) ფოლკლორში საქართველოს სხვა კუთხეთა ფოლკლორისაგან განსხვავებით, არავითარი კვალი არ ჩანს თამარ მეფის, სხვა ქართველი მეფეების. არც “აფხაზთა” სამეფოს შემქნელის ლეონ II-ს, ან აფხაზთა სამეფოს რომელიმე მეფეს დაუტოვებია კვალი აფხაზურ ფოლკლორში. აქ სულ სხვა სამყაროა. სულ სხვა ცხოვრებისა და ყოფის რეალიებია, რაც გასაოცარი სულაც არ არის. თვალშისაცემია, რომ აფხაზური ფოლკლორული მასალები გვიანი შუასაკუნეების ისტორიის ანარეკლია მეტწილად (ისტორიულჰეროიკული სიმღერები და თქმულებები), ან შორეული წარსულისა (ნართები, აირგის სიმღერა, აჟვერიფშაა და სხვ.). უფრო სწორად, ისინი, მთის ტომთა პრიმიტიული ყოფისა და რწმენაწარმოდგენების ამსახველია16.
აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი _ ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების ტოპონიმები ყველა ქართულია. დღევანდელი აფხაზეთის არც ერთი ტოპონიმი არ განეკუთვნება აფსუაადიღეურ ენობრივ სამყაროს. ეს კი შემთხვევითი არაა, ეს იმას მოწმობს, რომ დღევანდელი აფსუები გვიან არიან მოსული ქართულკოლხურ ქვეყანაში _ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასე რომ არა, მაშინ ისინი ერთ თავის ტოპონიმს მაინც დატოვებდნენ აფხაზეთში ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეების ხანაში. ამა თუ იმ ტერიტორიის უძველესი ტოპონიმიკა კი, ეს არის არქაულ ეპოქაში აქ მცხოვრები ეთნოსის ენობრივი ანაბეჭდები. ეს კიდევ ერთხელ იმას მოწმობს, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი მკვიდრი _ აბორიგენი მოსახლეობა მხოლოდ ქართულკოლხური ტომები იყო161.
რა ტოპონიმები უნდა შეექმნათ აფსუებს, როცა მათი სალაპარაკო ლექსიკის ძირითადი ბაზა ქართული სიტყვებისაგან შეიქმნა. მაგალითად, ადგილი _ ადგილ, ატამი _ ატამა, კალათა _ აკალათა, ბორბალი _ აბორბალ, ხერხი _ ახიარხ, მიზეზი _ ამიზეზ, კუთხე _ აკუთხვ, სახე _ ასახია, ქერი _ აქიარ, კიბე _ აკიაბ, გემო _ აგიამა და სხვ.17
აფსუა ქართველს აქართუას უწოდებს, ქართველებს _ აქართქუას, საქართველოს _ ქირთილას. როგორც ვხედავთ, აფსუასათვის ჩვენი სამშობლოს სახელწოდება ემთხვევა თვით ქართველების საკუთარ სახელწოდებას _ საქართველო, ქართველი, ქართველები. აი, ამ ქართული სახელწოდებების აფსუური ფორმაა ქირთილა, აქართუა, აქართქუა18.
აფსუას საქართველოსთვის ქირთილა შეეძლო დაერქმია მხოლოდ XV საუკუნიდან, როცა ისინი ჩერქეზთა სხვა ტომებთან ერთად კავკასიის მთებს შეეხიზნენ, ხოლო ნაწილი საქართველოს შემოეხიზნა. ამ დროს აფსუამ მეგრელისაგან ისწავლა ქართველისა და საქართველოს სახელწოდება19. პარალელურად, უშუალოდ ქართული ენიდან აღნიშნულ ძირთა სესხება უნდა მომხდარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა ენამ განიმტკიცა პოზიციები მთელ საქართველოში და გავრცელდა როგორც კულტურისა და ღვთისმსახურების ენა ჩრდილოეთ კავკასიაშიც (შდრ. დიდი რაოდენობით გამოვლენილი ქართული ლექსიკა დაღესტნის ენებში, ნახურში, ოსურში, ყარაჩაულბალყარულში, ჩერქეზულსა და უბიხურში, აგრეთვე ქართული წარწერები ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ რეგიონში გამოვლენილ ეკლესიებზე)20.
“აფხაზურში” აფრა ქართული ენიდანაა ნასესხები, ისე როგორც ქართული ნავის _ ნიშის დამკვიდრება “აფხაზურ” ენაში მოხდა “ანიშის”, “ღუზის” (ხუ, ღუ), “ახუ”, “აღუზის”, “ზღვის” _ “აზღვა” _ სახელწოდებით და ა. შ. რუსული “лодка” და აფხაზური “алодка”, “шхуна” ინგლისურიდანაა რუსულში შესული _ “ашхуна”, “море” _ “аморе” და სხვა მრავალი საზღვაო ტერმინი და თევზების სახელები აფხაზურში უცხოური ენებიდან და განსაკუთრებით კი, ქართულიდანაა შესული, რაც საყოველთაოდაა ცნობილი. და საერთოდ დადგენილია, რომ აფხაზურში ნაოსნობამეთევზეობასთან (და სხვა რიგისაც) დაკავშირებული ტერმინოლოგიის უდიდესი ნაწილი ქართველური ენებიდანაა შესული და აფხაზური ვარიანტები მათგან არის მიღებული21.
აფსუების სალაპარაკო ენაში მრავალი ქართული სიტყვა რომ დამკვიდრდა, არ მალავდა ე. წ. “აფხაზური ლიტერატურის” ფუძემდებელი დ. გულია 1921 წლის 15 იანვარს ე. თაყაიშვილისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში მოყვანილი იყო ქართულაფხაზური შესატყვისები. უფრო სწორად, ქართულიდან აფხაზურში გადასული სიტყვები:
ქართულად აფხაზურად შენიშვნა
კანდელი აკანდელ ბერძნული IX-X სს.
საკმეველი ასაკუმალ უკვე იხმარება
სარკე ასარკია
ჯვარი აჯარ
ქალაქი აქალაქ
მოწაფე ამაწაფა
საფარი ასაფარ
კალამი აკალამ
თავადი ათაუად
ორბი აუარბა
გამდელი აგანდალ
ჭერამი აჭარამ
კაკალი აკაკან
შაქარი აშაქარ ნახსენები აქვს ეფრემ მცირეს XI საუკუნეში
ფარდაგი აფარდაგ სპარსულია. შდრ. “ვეფხისტყაოსანში”.
ბევრი სიტყვა შესულია მეგრულიდან:
ქართული მეგრული აფხაზური
კიტრი კინტირი აკინტრ
მოლაღური მალაღური ამალაღურ
კამეჩი კამბეში აკამბაშ
მხალი ხული ახულ
წებო ჭობი აჭაბ
ობობა ბორბოლი აბარბალა
წკნელი ჭინი აჭან
ისრი (ისლი) ესირი აესარ
მაკრატელი მარკატელ ამაკრატალი
გოგო ძღაბი აძღაბ22
ამ ლექსიკის პატრონის შ. ინალიფას “აღმოჩენით”, შეიარაღებას აფხაზურად თურმე “აბჯარი” ეწოდება. ეს სიტყვა “აფხაზურიდან” საქართველოშიც გავრცელებულა, სადაც შეიარაღების აღსანიშნავად გამოიყენებოდა23.
სულხან-საბას განმარტებით, “აბჯარი” ეს ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამთა ჯაჭვთა”24. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის დავით ჩუბინაშვილის მიხედვით, “აბჯარი” (არაბულად ჭებე) სამხედრო საჭურველი, საომარი იარაღი ან ტანზედ ჩასაცმელი ჯაჭვია”25, რაც არაბების ზეგავლენით შემოვიდა. ან იქნებ აფსუებმა ასწავლეს არაბებს და შემდეგ მათ გააცნეს VII საუკუნეში სხვა ხალხებს?
ისეთი ძველი ისტორიის ხალხს, რომლებიც თურმე აფსუააფხაზებია, XVII-XIX საუკუნეებში აღარც კი სცოდნიათ თავიანთი წარმომავლობა. XVII საუკუნის ავტორი არქანჯელო ლამბერტი აფხაზებს აბაშებთან აიგივებს. მისივე ცნობით თურქები აფხაზებს აბასად მოიხსენიებენ26. XVIII საუკუნის მოგზაური რაინეგსი შემდეგს აღნიშნავს: “თვით აფხაზთა შეხედულებები თავიანთი წარმომავლობის შესახებ სხვადასხვაა. ერთნი თავის წარმომავლობას არმენიელებიდან თვლიან, მეორენი კი ამის საპირისპიროდ ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები ეგვიპტიდან მოსულან. როგორც მათ სურთ ისე იყოს, მაგრამ ორივე ხალხი, როგორც დიდი, ისე მცირე აბაზასი ლაპარაკობს ერთი ენის განსხვავებულ დიალექტზე და აქვთ ერთნაირი ჩვევები. სომხურ ენასთან არავითარი მსგავსება არ აქვთ; ის უფრო ჩერქეზული ენის დიალექტს უნდა წარმოადგენდეს”27.
აიხვალდის მოგზაურობის დროსაც აფსუები თავისთავს “თვლიდნენ ძველი ეგვიპტელების ან უკეთ აბისინიელების შთამომავლად; რადგან თავის თავს უწოდებენ ამენეს; სხვები კი საპირისპიროდ ფიქრობენ, რომ ისინი სომეხთაგან წარმოსდგებიან”28.
1830 წელს ბარონმა აშმა დააფიქსირა ლეგენდა აფხაზების აფრიკული წარმოშობის შესახებ. “თვითონ აფხაზები _ წერდა აში _ არ იზიარებენ წარმოშობის შესახებ გადმოცემას: ზოგიერთები თვლიან, რომ ისინი სომხების შთამომავლები არიან, მეორენი ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები იყვნენ ეგვიპტიდან ან შეიძლება აბისინიიდან. თავად საკუთარ თავს აფხაზები აბსნეს უწოდებენ”29.
XVII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში იმყოფებოდა დომინიკანელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელიც აღნიშნავს, რომ აფხაზების “ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზების… იცვამენ ჩერქეზების მსგავსად”30 (ხაზგასმა ჩემია _ ა. ს.). მიაქციეთ ყურადღება: ეს ხალხი რომ ისტორიული აფხაზები ყოფილიყვნენ და არა იმ ხანებში ჩამოსახლებული, რატომ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი იდენტური ჩერქეზებთან? ხაზგასასმელია, რომ ლუკა აფხაზეთში ჩამოსვლამდე ჩერქეზებში იმყოფებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სათანადოდ გაეცნო მათ ცხოვრებას. მისიონერი შემდეგ განაგრძობს: აფხაზებს “არა აქვთ არავითარი დაწერილი კანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ისინი ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წესჩვეულების შესრულების გარეშე. ბევრი ჯვარი ვნახე ამ ქვეყანაში”31.
რომელ მართლმადიდებლობაზე შეიძლებოდა ლაპარაკი გადამთიელ აფსუა “მოძმეების” მხრიდან, რომელთათვისაც ნამდვილად უცხო იყო აქაური ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია, (XVII ს. 70-იანი წლები) დასავლეთ საქართველოში მყოფი იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის თქმით, ნაცარტუტად აქციეს “მოქვი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე”32.
აკად. გიულდენშტედტის დასკვნით “აბაზური” (აფსუური) და ჩერქეზული ერთი დედაენისაგან არის წარმომდგარი, მაგრამ ისეთ განსხვავებულ დიალექტებად იქცნენ რომ მათ შორის ნათესაობას ადამიანი ყველაფერში ვეღარ იპოვისო. ამავე დროს მას მიაჩნდა, რომ ჩერქეზებს აფხაზებს გარდა არც ერთ სხვა ერთან არავითარი ნათესაობა არ ჰქონდათ. თუმცა აფხაზები და ჩერქეზები ძირითადად ერთსადაიმავე ენას ლაპარაკობენ განსხვავებული დიალექტით33.
ეჭვს არ იწვევს დღევანდელი აფხაზების ანუ აფსუების ენობრივი ნათესაობა ჩრდილოკავკასიელებთან, მათ შორის ჩერქეზებთან. “ენათა ერთობა კი, როგორც წესი, მიუთითებს წინაპართა ერთობაზეც”34. ჩერქეზებთან ნათესაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩერქეზეთში არის სოფელი აფსუა35.
საერთოდ, “თურქები ეთნონიმ “ჩერქეზის” ქვეშ საკუთრივ ჩერქეზებს გარდა, აფხაზებსაც გულისხმობდნენ”36. საინტერესოა, რომ გაზეთი “დროება” 1875 წლის 6-3ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზებს ჩერქეზებად მოიხსენიებს37.
დიდ ინტერესს იწვევს მიცვალებულის კულტი აფსუებში, “ისინი მკვდრებს, ჩრდილო კავკასიის თანამოძმეთა მსგავსად, ხის კენწეროზე კიდებენ”38. ამასთან დაკავშირებით ჯოვანი ჯულიანო და ლუკა აღნიშნავდა: აფხაზები “მიცვალებულს დებენ ხის ფუღუროში, რომელსაც კუბოდ იყენებენ, შემდეგ მიაკრავენ მას ოთხ (დაყენებულ) ბოძზე, იგი თითქმის ჰაერშია ჩამოკიდებული”39.
ლამბერტის მონაცემებით აფხაზები “მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღარავენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვაზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰკიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში საომრად ხმარობდა, მისი საჯდომი ცხენიც უნდა გაუგზავნოთო, ამბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო, ამისათვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდე, სანამ დაღლილობისაგან არ მოკვდება.
თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებია და მალე წაიყვანაო, და თუ დიდხანს არ მოკვდა, ეს იმის ნიშანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო”40.
ასევე, XVII საუკუნის თურქი მოგზაური ევლია ჩელები “აფხაზების” დაკვრძალვის წესის შესახებ წერდა, რომ “აფხაზები მეტად განსხვავებულად მარხავენ თავიანთ ბეგებს. მიცვალებულებს სდებენ ხის ყუთში და მიამაგრებენ მაღალ ხის ტოტებზე. ყუთის თავსახურს მიცვალებულის თავის სწორა აქვს ნახვრეტი, რომ ბეგს შეეძლოს ცის დანახვა, როგორც ამას აფხაზები ამბობენ. ფუტკრები შედიან ყუთში და თაფლს აკეთებენ. დანიშნულ დროს ყუთს ხსნიან, თაფლს იღებენ და ყიდიან. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ აფხაზეთში თაფლის ყიდვის დროს”41.
დაკრძალვის ასეთი წესი აფსუებს XVIII საუკუნეშიც ჰქონიათ. მეცნიერი ბატონიშვილის სიტყვებით, აფხაზები “არა დაჰფვლენ მკვდართა თვისთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსელითა შსთადებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა”42.
ამ საკითხთან დაკავშირებით იოანე ბატონიშვილი “კალმასობაში” აღნიშნავს, რომ “რომელიმე ამათ შორის წარმართნი მკვდარსა დააამარილებდნენ და მაღალს ხეზედ დასდებდნენ და მუნ სიცხისგან გახმებოდნენ მკვდარნი იგი, ვითარცა აწცა არს ჩვეულება აფხაზეთსა შინა”43.
საინტერესოა, რომ ადიღეელები ეთაყვანებოდნენ ტყეებს, ბუჩქებს, ხეებს. ხეებს შორის გამორჩეულად მუხას სცემდნენ თაყვანს, განსაკუთრებით თუ ის მეხნაკრავი იყო. მეხი ღვთაება “შიბლეს” ხილულ გამოხატულებად ითვლებოდა. მეხით დაღუპულს კი განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ. მეხით მოკლულს ფიცარნაგზე ასვენებდნენ და მას მაღალ ხეზე ჰკიდებდნენ. მის გარშემო კი სამი დღის განმავლობაში ლხინი და ცეკვასიმღერა იმართებოდა, სწირავდნენ ხარს, ცხვარს, ხორცის დიდ ნაწილს კი ღარიბებს ურიგებდნენ. ამ წესს ყოველ წელს იმეორებდნენ, სანამ გვამი მთლიანად არ გაიხრწნებოდა. მეხით მოკლული წმინდად მიაჩნდათ44.
თითქმის ანალოგიურია მედიჩის ჩანაწერები ყუბანის აბაზებისა და “აფხაზების” შესახებ. კერძოდ, ავტორი აღნიშნავს: “მეხით მოკლულს თვლიან წამებულად, რომელსაც ღმერთის შვილი დაეცა. 7 დღე და ღამე მხიარულობენ. გარდაცვლილის ცხედარს კიდებენ ხეზე, იმ ადგილას, სადაც მეხი ჩამოვარდა. ხესთან ახლოს ცეკვავენ. 3 დღის განმავლობაში სახლში მხიარულობენ, ამის შემდეგ მიცავალებულს კრძალავენ”45.
როგორც ჩანს ეს ტრადიცია აფსუებში გვიან პერიოდამდე შემორჩა. თედო სახოკიას დაკვირვებით, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აფხაზეთში “დიდი ხანი არ უნდა იყოს, რაც აფხაზებმა თავიანთი მიცვალებულის დასაფლავება დაიწყეს”, ე. ი. რაც გარდაცვლილებს ხეზე აღარ ჰკიდებდნენ46.
ე. წ. “ჰაერზე დასაფლავება” მრავალ ხალხში იყო გავრცელებული და არ არის დაკავშირებული აუცილებლად მაზდეანურ რელიგიასთან. დაკრძალვის ასეთი წესი სხვა ფორმებთან ერთად გვხვდება ავსტრალიის აბორიგენებში47.
მიცვალებულის ხეზე ჩამოკიდება და ან მისი დამარხვა მიწის ზემოთ ასევე გავრცელებული ყოფილა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. XII საუკუნის არაბი ავტორის აბუჰამიდ-ელ-ანდალუზის მონაცემებით, ყუბაჩელების წინაპრები მიცვალებულს მაშინვე დაჭრიდნენ, ძვალსა და რბილს ერთმანეთს დააცილებდნენ, ხორცს ერთად მოაგროვებდნენ და მტაცებელ ფრინველებს აჭმევდნენ, ხოლო დასუფთავებულ ძვლებს ჩადებდნენ ტომრებში, ზედ დააწერდნენ მიცვალებულის სახელსა და გვარს და ჩამოკიდებდნენ ჭირისუფლის სახლში.
სტრაბონის გადმოცემით, კასპები, რომლებიც ძველ დროში დაღესტანში ცხოვრობდნენ და რომლებმაც მისცეს სახელწოდება კასპიის ზღვას, მიცვალებულს გაიტანდნენ სოფლის გარეთ და იქ მიატოვებდნენ, ხოლო შორიდან თვალყურს ადევნებდნენ: თუ მიცვალებულს ფრინველი დაუწყებდა ჭამას, ასეთ მიცვალებულს ბედნიერად ჩათვლიდნენ. თუ მხეცი შეჭამდა _ უფრო ნაკლებ ბედნიერად და თუ მიცვალებულს არც ფრინველი და არც მხეცი მიეკარებოდა, მაშინ მას მეტად უბედურად თვლიდნენ.
ტიბეტში და ბჰუტანში მცხოვრები ბუდისტები, მონღოლები და სხვანი გაიტანდნენ მიცვალებულს მინდვრად და იქ ფრინველებს და მხეცებს აჭმევდნენ. ამავე წესით მიწის ზემოთ მარხავდნენ მიცვალებულს ციმბირის ჩრდილოაღმოსავლეთ კუთხის მცხოვრები ჩუქჩები და მრავალი სხვა მიცვალებულებს ტყეში აფთრებს აჭმევდნენ. უფრო ძველ დროში კი მიცვალებულს თვით ჭირისუფლები ჭამდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ როგორც მიცვალებულის “სული”, აგრეთვე მიცვალებულის კარგი თვისებები მათზე გადმოვიდოდა. ამავე რწმენით ზოგიერთ შემთხვევაში ავსტრალიელი ქალი თავისი მკვდარი შვილის ხორცს თვითონ ჭამდა, ძვლებს ღებავდა და თან ატარებდა.
ფარსებიც მიწის ზემოთ (ჰაერზე) ასაფლავებენ მიცვალებულებს, რომლებისთვის სპეციალურად აშენებენ უთავსახურო, რომაული ცირკის მაგვარ შენობას. ამ უკანასკნელს ეძახიან დაკხმას ანუ “სახლს დადუმებულთათვის” და აკეთებენ საცხოვრებელი ბინების მოშორებით, მეტად მწირ ადგილზე. დაკხმას შიგნითა კედლებზე ისეთნაირად მიამაგრებენ მიცვალებულებს, რომ ფრინველებს თავისუფლად შეეძლოთ მათი ხორცის ჭამა, ხოლო ძვლების წაღება კი არა48
პოლარულ ნაწილში მცხოვრები კელტები საფლავს აგებდნენ მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე. კუბოს აკეთებდნენ მსხვილი კედარის მორებისაგან, რაც ამავე დროს უფრო მეტად სამხრეთულ ტრადიციას წააგავს, ვიდრე ჩრდილოეთისას49.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კელტებში ბავშვს წლამდე (უფრო ზუსტად კბილების ამოსვლამდე) სახელს არ არქმევდნენ. გარდაცვალების შემთხვევაში მიცვალებულს კრძალავენ ხეზე და არა მიწაში50.
როგორც ცნობილია, ჩვ. წ. აღრიცხვამდე III საუკუნის ავტორი აპოლონიოს როდოსელი “არგონავტიკაში” გვაწვდის საინტერესო ცნობებს კოლხების ადათწესებზე. განსაკუთრებით საინტერესოა დაკრძალვასთან დაკავშირებული ცნობა. მისი გადმოცემით კოლხეთში, მიცვალებულ მამაკაცთა გვამებს ნიშნად პატივისა ხეებზე ჰკიდებდნენ გასახმობად, ქალებს კი მიწას აბარებდნენ51. ამასთან დაკავშირებით ნიმფოდორეც მიუთითებს. კერძოდ, “კოლხებს წესად არ ჰქონდათ მამაკაცთა გვამების დაწვა ან დამარხვა; მამაკაცთა გვამებს გამოუქნელ ტყავებში ახვევდნენ და ხეებზე ჰკიდებდნენ, დედაკაცთა გვამებს კი მიწას აბარებდნენ”52.
არგონავტები, როდესაც კირკეონად წოდებულ ველზე შეჩერდნენ, _ აღნიშნავს როდოსელი _
“უხვად იხილეს ძეწნა, ტარიფი _ გაშლილ ველზე და მდინარის პირას.
მაღლა ტოტებზე თოკით მიკრული იყო გვამები მიცვალებულთა.
კოლხებს დღესაც კი თავზარსა სცემთ და ცოდვად მიუჩანთ გვამების დაწვა, არც შავ მიწაში მარხავენ კაცსა, რომ ზედ ყორღანი აღმართონ მერე, _ ჯერ გაახვევენ ახლად დაკლული ხარის მოუქნელ ტყავში გვამსა და მერე ჰკიდებენ მაღლა ხეებზე, მყუდრო ჭალებში, ქალაქგარეთა. მაგრამ ჰაერის კიდეგან მიწაც იღებს თანაბრად იქ თავის წილსა, რადგანაც ქალებს, რომ მოკვდებიან, მიწის წიაღში აძლევენ ბინას.
ასეთი არის იმ ქვეყანაში მიცავალებულთა დაკრძალვის წესი53.
სქოლასტის ჩვენებით, აპოლონიოს როდოსელი ეთნოგრაფიულ ფაქტს კოლხთა პანთეონიდან ნიმფოდორეს თხზულებაში გასცნობია. ნიმფოდორე ალექსანდრიული ხანის მოღვაწე იყო; მიაკუთვნებდნენ თხზულებას “უცხოთა ზნეჩვეულებების შესახებ”. ზუსტი ცნობები ნიმფოდორეზე არ მოიპოვება54.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს: “უეჭველია ეს ცნობა იმას ამტკიცებს, რომ კოლხები მაზდეიანობის მოძღვრების აღმსარებელნი ყოფილან, იმიტომ რომ მხოლოდ ამ სარწმუნოებაშია აკრძალული ადამიანის გვამის მიწაში დასაფლავება. მხოლოდ იქ არის აკრძალული ადამიანის გვამის ცეცხლით დაწვაც იმიტომ, რომ ცეცხლი წმინდა სტიქიონად ითვლებოდა და არარა უწმინდური მას არ უნდა შეჰხებოდა”55.
არქეოლოგიური მონაცემებით დღეისთვის საფუძვლიანად არის შესწავლილი ძველი კოლხური კულტურა, რომლის გათვალისწინებით ძნელია ამტკიცო აღნიშნულ ეპოქაში მაზდეანური რელიგიის არსებობა.
ზოგიერთი ავტორი ამ მოვლენას “აფხაზებისა” და კოლხების სიახლოვით ხსნის56. სამეცნიერო ლიტერატურაში არის შეხედულება, რომ “ხეზე დამარხვის წესი კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ აზრს საქართველოში ხის კულტის არსებობის შესახებ. ქართველებს ხეები ღვთაებად მიაჩნდათ. აფხაზებს ეს რწმენა ბოლო დრომდე ჰქონდათ დაცული და დიდი მოწიწებით სცემდნენ თაყვანს ხეებს57.
გამოდის, რომ ხის თაყვანისცემა მიცვალებულის ხეზე დაკიდებით აიხსნება. მრავალ ხალხში იყო და არის ხის თაყვანისცემა, მაგრამ მიცვალებულის კულტთან არაფერი აქვს საერთო. დღევანდელი აფხაზები (აფსუები) ქართველების ისტორიულ ტრადიციებს არც იცნობენ და არც საერთო აქვთ, რაღა მაინცდამაინც ხეზე მიცვალებულის დაკრძალვის ვითომ კოლხური ტრადიცია გამოჰყოლიათ?
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, აფხაზებმა (აბაზგებმა) ქრისტიანობა VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს დროს მიიღეს. ნუთუ შეიძლება 1100-1300 წელი ქრისტიანი იყოს ერი და არ იცნობდეს ქრისტიანული აღმსარებლობით გათვალისწინებულ მიცვალებულის კულტს?
გაგრძელებან ლინკზე............
https://iberiana.wordpress.com/abkhazia/afsua/ This post has been edited by X2D3T9 on 25 Jun 2016, 00:58