თანამედროვე ლაზეთის მატერიალურ კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობის შესახებ თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო არაა მხოლოდ ქარხნები, სავაჭრო ცენტრები, ბეტონის ავტობანები, კეთილმოწყობილი ურბანული ინფრასტრუქტურა და ძლიერი ეკონომიკა, არამედ სახელმწიფო არის ისიც, რაც ამ სახელმწიფოს მკვიდრთ შეუქმნიათ ისტორიულად და რამაც დიდწილად საფუძელი დაუდო ამ სახელმწიფოს არსებობას, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიულ-კულტურულ პროფილს წარმოადგენს და გამოარჩევს სხვათაგან. ცივილიზებულს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ უახლეს ისტორიას ახსოვს სახელმწიფოები თუ პოლიტიკური რეჟიმები, რომელთა კისერზეც კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლის განადგურებაა. კმარა გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა კავშირი, რომლის არსებობა რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა ნგრევითა თუ ხელყოფით დაიწყო და რუსეთი, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რომელიც იგივეს აგრძელებს ოკუპირებულ აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. ასევე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მიწასთან გაასწორა ისტორიული ნინევია, ან თალიბანი, რომელმაც ავღანეთში ბამიანის უძველესი ბუდას ქანდაკება ააფეთქა. საბჭოთა კავშირს, ისლამურ სახელმწიფოს და თალიბანს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მიმართულებით საერთო იდეოლოგიური ღერძი ჰქონდათ – ისინი დეკლარირებულად ებრძოდნენ ამ „ქვებს“: ბოლშევიკები ათეიზმის, როგორც სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საბაბით, ისლამისტები რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფუძელზე.
თუმცა, როგორ შეიძლება შევაფასოთ იმ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელსაც ერთის მხრივ კულტურული მემკვიდრეობა მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, ხოლო მეორეს მხრივ მისი გულგრილობით თუ ხშირად პირდაპირი ჩარევით სპობს წინა თუ ადრექრისტიანული ხანის უნიკალურ არქიტექტურულ კომპლექსს? რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები პრიორიტეტულ კატეგორიებად აქვს დაყოფილი და ამ მიდგომით განაჩენი აქვს გამოტანილი მისთვის ნაკლებად პრიორიტეტული ძეგლისთვის? ამ სახელმწიფოს, ჩემდა სამწუხაროდ, თურქეთი ეწოდება, ხოლო მის ამ პოლიტიკას ორმაგი სტანდარტები.
მოდი, ახლა ფეხდაფეხ მივყვეთ და ვეცადოთ ავხსნათ თუ რატომ, როგორ და რა მიმართულებით მოქმედებს თურქეთი ორმაგი სტანდარტებით. ამ სახელმწიფოში ტურისტული ინდუსტრია ჰყვავის, ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ტურიზმი ავსებს და სახელმწიფოსაც შესაბამისად ესმის, რომ უნდა მოუაროს კულტურის იმ ძეგლებს, რომლის სანახავადაც ჩამოდის მავანი ტურისტი და ხარჯავს ფულს. ერთის მხრივ ფინანსური ინტერესი განაპირობებს ამ ძეგლებზე ზრუნვას, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლაც. რომ არა ეს უკანასკნელი, ბევრად უარესი მდგომარეობა იქნებოდა ამ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის კუთხით. ოსმალური კულტურის ძეგლებს რაც შეეხება, ცხადია აქ ფინანსური დაინტერესება მეორეხარისხოვანია – ოსმალური კულტურა თურქეთის, თურქი ხალხის ეროვნულ სახეს წარმოადგენს და მისი მოფრთხილება ნაციონალური მნიშვნელობის საკითხია, რაც სავსებით ბუნებრივია.
მართალია, თანამედროვე თურქული სახელმწიფო აღიარებს სეკულარიზმს და მულტიკულტურალიზმს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთის რესპუბლიკამ, რომელიც 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოცხადდა, ტოტალური გათურქების პოლიტიკა დაისახა ეროვნული პოლიტიკის მთავარ ღერძად და ამაში ის ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იყო, ვიდრე ოსმალეთის იმპერია. მაგალითისთვის, კმარა კანონი გვარების შესახებ, რომელმაც თურქეთის ეთნიკურად არათურქ მილიონობით მოქალაქეს იძულების წესით გვარი თურქულ ყაიდაზე შეაცვლევინა. კმარა, თუნდაც ტოპონიმთა იძულებითი გათურქულების გახსენება, რომლის შედეგად ათიათასობით ქართული, სომხური, ქურთული, ლაზური, ბერძნული, არამეული, არაბული ტოპონიმი დავიწყებას მიეცა და მათ ნაცვლად მივიღეთ კონვეირული წესით გამოგონილი თურქულენოვანი ტოპონიმები. ერთი სიტყვით, ახალმა თურქულმა სახელმწიფომ დააიგნორა და უმეტეს შემთხვევაში თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს წაართვა მეხსიერება იმ კულტურულ წარსულზე, რომელიც ანატოლიაში თურქული ტომების გამოჩენამდე არსებობდა. ასე მივიღეთ ქვეყანა, რომლის მოქალაქეთათვის აღარც ბიზანტია არსებობდა, აღარც კოლხეთი, აღარც ურარტუ, აღარც ხათუსა და აღარც ფრიგია, არამედ ისტორია იწყებოდა ოსმან I გაზისგან, ოსმალეთის იმპერიის დამაარსებლისგან. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს დღემდე ასეა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბორღოლას ეკლესიის ნანგრევები. არქაბი. 2007 წელი © გივი გ. ქარჩავა, გიორგი კალანდიაამის მაგალითად შემიძლია გითხრათ წლების განმავლობაში ლაზებთან ურთიერთობისას დაგროვებული ინფორმაცია, როდესაც მათგან საოცარ ამბებს ვისმენ მათ წარმოშობაზე. მთავარი ლეგენდა, რომელიც ლაზებს „უყვართ“, გახლავთ მათი მიგრაციის ამბავი სამეგრელოდან და აჭარიდან. მაგალითად, ორიოდე კვირის წინ ლაზეთში ყოფნისას ერთმა საშუალო ასაკის მამაკაცმა მითხრა, ჩვენ აქ მას მერე გავჩნდით, რაც სულთან სელიმმა ტრაპიზონი აიღო და ბრძანა სამეგრელოდან ხალხი ჩამოესახლებინათო (სულ რაღაც 556 წლის წინანდელ ამბავს ჰყვება). ვკითხე, სანამ ბატონი სელიმი ბრძანებდა თქვენს აქ ჩამოსახლებას, მანამდე ამ მიდამოებში ვინ სახლობდა-მეთქი. არავინო. ასე მიპასუხა. მაშ ეს ამდენი ციხეები, ეკლესიები და ხიდები ვინ ააგო-მეთქი. ჯენევიზებმაო. ჯენევიზები გენუელებს ეწოდებათ თურქულად და ლაზეთის ტერიტორიაზე აგებული ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მათ მარჯვენას მიეწერება. ნუ გგონიათ, რომ ეს ურბანული ლეგენდაა მხოლოდ – პირიქით, მაგალითად რიზეს ციხეზე ასვლისას, მის კარიბჭესთან გამოკრულ აბრაზე სიტყვასიტყვით წერია, რომ ციხე შუა საკუკუნეებში გენუელების მიერაა აშენებული. და, ასე მიეწერებათ ყველაფერი გენუელებს, რაც ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზეა აშენებული – შეგიძლიათ ამაში თვითონ დარწმუნდეთ, თუკი რომელიმე ადგილობრივ მკვიდრს რომელიმე ისტორიული ძეგლის წარმომავლობაზე კითხვას დაუსვამთ. ანუ, სახელმწიფო იდეოლოგიურ მანქანას აწყობს გენუელების აშენებული იყოს, ან თუნდაც ვიკინგების, ოღონდაც ლაზების არ იყოს, ოღონდაც ლაზმა ხალხმა არ იფიქროს, რომ ეს მათი წინაპრების აშენებულია. არადა, გენუის რესპუბლიკას მართლა ჰქონდა სავაჭრო კოლონიები სტამბოლში, სამსუნში, სინოპსა და ყირიმში, არსებობს მათი აშენებული ისტორიული ძეგლებიც და სულაც არაა გამორიცხული, რიზეს ციხეც მათი აგებული იყოს და ბევრი სხვა ძეგლიც, თუმცა ამას ხომ კვლევა სჭირდება? ამას ხომ არქეოლოგიური გათხრები და არქეფაქტების შესწავლა სჭირდება? ვინმეს ოდესმე უკვლევია ლაზეთის არქიტექტურული კომპლექსი? რათქმაუნდა, არა. და ამაშია სწორედ უბედურება, რომ თურქული სახელმწიფო, მიუხედავად დეკლარირებული ღიაობისა და მულტიკულტურალიზმის პოლიტიკისა, ვერ ჰგუობს და უცხოობს იმ კულტურულ ელემენტებს, რომელიც ოსმალეთის და ოსმალური კულტურის ანატოლიის ტერიტორიაზე აღზევებამდე არსებობდა, ვერ ჰგუობს და მაქსიმალურად ცდილობს, სადაც ხელი მიუწვდება, გულგრილობით თუ პირდაპირი ჩარევით, წაშალოს ყველა „არათურქული“ კვალი თურქეთის ტერიტორიაზე. ამ დამოკიდებულებას პირისპირ ვეჯახებით ლაზეთში, როგორც მინიმუმ.
წრე შეიკრა: 1. ლაზებს, ათეულობით წლებია ტვინს ურეცხავენ და ეუბნებიან, რომ ისინი ამ მიწაზე მოსულები არიან; 2. შესაბამისად, ხორციელდება პროპაგანდა, რომ ამ მიწაზე აშენებული ყველა ისტორიული ძეგლი ან ბერძნებს ეკუთვნით ან გენუელებს; 3. სკოლაში ლაზებს (როგორც თურქეთში მცხოვრებ სხვა დანარჩენ ეთნოსებს) არ ასწავლიან მათ ეროვნულ ისტორიას. ოსმალეთის იმპერიამდელ ანატოლიის ისტორიას მცირე ნაწილი აქვს დათმობილი და ყურადღება გამახვილებულია ძირითადად ისეთ ცივილიზაციებზე, რომლებიც აღარ არსებობენ. 4. ხელოვნურად, იძულებითი წესით, კანონის საფუძველზე მოხდა ეთნიკური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლების: გვარებისა და ტოპონიმიკის აკრძალვა და თურქულ ყაიდაზე გადაყვანა. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები უმთავრესია. სწორედ ამ პუნქტების ერთობლიობამ შეაძლებინა მავანს სისრულეში მოეყვანა საშინელი და გულდასაწყვეტი გეგმა: მასებში პროტესტის მუხტის მინიმუმამდე დაყვანა და უმეტეს შემთხვევაში ჩაკვლა. ეს ყველაფერი კი ქმნის ასიმილიაციის და ისტორიული წარსულის ნგრევის ნოყიერ ნიადაგს. კერძოდ, ამ ყველაფერთან ერთად ლაზეთის ყველა სოფელში დაგიდასტურებენ მოარულ ჭორს იმის შესახებ, რომ საფლავების, ეკლესიების და ციხესიმაგრეების საძირკველში უამრავი განძია დაფლული, რადგან ქრისტიანები სწორედ ასე იქცეოდნენ. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ჭორს არაოფიციალურად, ჩუმად, ყურდაყურ ავრცელებდა ის ძალა, რომელსაც ლაზეთის წიაღში აღმართული უამრავი ძველი ეკლესიის თუ ნაეკლესიარის არსებობა არ აწყობდა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ხალხმა, რომელსაც ათეულობით წლები ტვინი ურეცხეს და საკუთარ ისტორიულ წარსულთან გააუცხოვეს, საკუთარი ხელით დათხარა და დაანგრია მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები. ამ ფაქტსაც ბევრგან დაგისატურებენ ლაზეთში: ოქროს მაძიებლების მიერ გადათხრილი არაერთი საფლავი ან საძირკველგამოთხრილი და დანგრეული არაერთი ეკლესია შეგვიძლია დავასახელოთ ლაზეთის სოფლებში. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის: სულ რაღაც ოროდე წლის წინ სოფელ საპუში (ათინას რაიონი), ზღვის სანაპიროსთან ახლოს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნარჩენები, ერთგან თაღოვანი კარიბჭით. ადგილობრივების მონაყოლიდან ვიგებთ, რომ ადამიანებმა, ვისაც ეკუთვნოდათ ის ფართობი, რომელზეც მონასტრის ნარჩენები იყო განლაგებული, მოიყვანეს ბულდოზერი და მიწასთან გაასწორეს ნარჩენები იმ თვალსაზრისით, რომ ეს ტერიტორია ათინას ახალ საცხოვრებელ რაიონთან ახლოსაა, ზღვის სანაპიროა და სარფიანად შეიძლება გაიყიდოს მომავალში საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად. შესაბამისად, 2017 წლის 7 თებევრლის მდგომარეობით, ამ ადგილას ახლა მხოლოდ დამტვრეული ქვების გროვაა დარჩენილი, ერთად შექუჩებული, რომლისთვისაც ზემოდან ძეძვი და ჩალა მიუყრიათ. ასე, მორჩა და გათავდა საპუს ისტორიაც აგერ ოცდამეერთე საუკუნეში და მის დამანგრეველთათვის ხელი არავის შეუშლია, როცა ეს ყველაფერი დღისით, მზისით ყველას თვალწინ ხდებოდა. პროტესტიც არ გასჩენია არავის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საპუს ეკლესიის ნარჩენები. 07.02.2017 © გივი გ. ქარჩავა დანგრეული და მიწასთან გასწორებული ძეგლების სია გრძელია. მე შემიძლია გავიხსენო სოფ. კუწუმში, ზღვის სანაპიროსთან გავლისას 2007 წელს ნანახი ძველისძველი კედლის ფრაგმენტი, რომელიც 2009 წელს აღარ დამხვდა უკვე. როგორც გავიგე, ადგილობრივებმა დაშალეს და ყორის გასამაგრებლად გამოიყენეს.
შემიძლია დავასახელო არტაშენის ჯიბისტასის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომლის ერთ კედელს ბოსელი იყო 2007 წელს მოშენებული. ადგილზე გადასაღებად მისულებს კი პოლიცია დაგვასიეს, სავარაუდოდ ბოსლის მეპატრონემ დარეკა.
შემიძლია დავასახელო არქაბის ბორღოლას ეკლესია, რომელიც მაღლა მთაზე დგას, ნანგრევებიღა დარჩენილა. 2007 წელს და 2010 წელს ეკლესის ერთ კედელზე ფრესკის ფრაგმენტი იქნა დაფიქსირებული ჩემ მიერ. ეს ეკლესიაც აბსოლუტურად უყურადღებოდაა მიტოვებული და დანგრევისგან და მოსწორებისგან სავსებით არაფერი იცავს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბორღოლას ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი ფრესკის ფრაგმენტი. 2007 წელი © გივი გ. ქარჩავა, გიორგი კალანდია შემიძლია დავასახელო პერონითის წმინდა ილიას მონასტერი, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს კარგ მდგომარეობაში ყოფილა, დღეს კი ეკალბარდებითაა დაფარული და დანგრევითაც იმიტომ არ ანგრევს არავინ, რომ სავარგულ მიწებთან ახლოს არაა.
შემიძლია დავასახელო თორდოვათის ციხე, რომელიც 1960 წლამდე შეეწირა გზის და გვირაბის მშენებლობას. ახლა ამ ციხისგან არაფერია დარჩენილი.
შემიძლია დავასახელო კიზ-კულე, ათინაში, ზღვის სანაპიროსთან კონცხე აშენებული კოშკი, რომლის რესტავრაცია ამ რამდენიმე წლის წინ მოხდა, ცხადია ყოველგვარი შესწავლის და გამოკვლევის გარეშე შეაბათქაშეს და „განაახლეს“.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თორდუვათის ციხე. 1952 წელი © www.facebook.com/atinurepeშემიძლია იგივე ვთქვა სარფის ეკლესიაზე, მაკრიალის უნიკალურ ტაძარზე, რომელსაც სანაოსნო შუქურის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. ეს ძეგლები კერძო პირთა საკუთრებაშია და მათ სახელმწიფო არ იცავს.
შემიძლია დავასახელო სოფელ ზელეღის ორი ეკლესია, რომელთაგანც არცერთი არ დგას დღეს.
შემიძლია დავასახელო აზლაღას ორი ეკლესია, რომელთაგანც არცერთი აღარაა დღეს.
შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ტოპონიმ ოხვამე-ს უკან (და ასეთი 40-ზე მეტია) ნაგულისხმევია სალოცავი ან ადგილი, სადაც იდგა სალოცავი და რომელთა უმეტესობა ბოლო 100-150 წლის პერიოდში დაინგრა.
უსამართლობა იქნება არ ვახსენო ის რამდენი ისტორიული ძეგლი, რომელზეც თურქეთის სახელმწიფომ იკისრა მოვლა-პატრონობის ვალდებულება. ესენია ზილ-კალე, კიზ-კულე, კალე-ი-ბალა, ისინას ჯიხა და ღულივათის ჯიხა. აღშანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ახლახან მიამატეს ისტორიული ძეგლების ნუსხას: ისინას ციხე მას შემდეგ, რაც „ჩვენებურები“-ს ტელეექსპედიციის ეგიდით ავედით, მოვინახულეთ და დოკუმენტურ ფილმში ვაჩვენეთ; ხოლო, მეორე, ღულივათის ჯიხა, მოვინახულეთ 2010 წელს. მაშინ ის მიუდგომელი იყო და სოფლის მაცხოვრებლებმა ჯეროვნად არც კი იცოდნენ სად მდებარეობდა, სხვადასხვა ადგილს მიუთითებდნენ. რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად შევძელით ეკალბარდებში ჩაფლული ციხესიმაგრის ფრაგმენტების ფირზე აღბეჭდვა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელება. ამის შემდეგ, ღულივათი გაწმინდეს, გაასუფთავეს და დღესდღეობით რიზეს მხარის და ათინას რაიონის ღირსშესანიშნაობათა ნუსხაშიცაა შეტანილი. შესაძლოა, დამთხვევა იყო ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებს დავაბრალოთ ადგილობრივი ხელისუფლების სასიკეთოდ გამოცოცხლება, თუმცა გვინდა, რომ გვჯეროდეს ამის.
ეს არის ის მინიმუმი, რასაც ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო „იცავს“. შეამჩნევდით ალბათ, რომ ჩამონათვალში არაა არცერთი ეკლესია, არადა მაკრიალის ტაძარი, სადაც მიქაელ პანარეტოსის ცნობით 1367 წელს ჯვარი დაუწერიათ ბაგრატ V დიდსა და ტრაპიზონის იმპერატორის იოანე-ალექსი III-ს ასულს, ანას, ბევრად უკეთაა შემონახული, ვიდრე, მაგალითად, ღულივათის ციხე. იგივე შეგვიძლია ვთქვათ არტაშენის ჯიბისტასის ეკლესიაზეც. თუმცა, რაც არ უნდა დეკლარირებული სეკულარიზმის მატარებელი ქვეყანა გახლდეთ თურქეთი, თუნდაც, მინიმუმ, ამ წერილის საფუძველზეც ცხადია, რომ ქრისტიანული ცივილიზაციის კვალი მხოლოდდამხოლოდ დისკომფორტს უქმნის თურქული სახელმწიფოს იდეას, რაც ძალიან სამწუხაროა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჯიბისტასის ეკლესიის ნანგრევები. არტაშენი. 2007 წელი © გივი გ. ქარჩავა, გიორგი კალანდია ის ფაქტი, რომ დემოკრატიული გახსნილობის ეგიდით ლაზურ ენაზე ჟურნალ-გაზეთები და წიგნები იბეჭდება, ხოლო ლაზური არჩევითი საგანი გახდა საჯარო სკოლებში არსებითად ვერ ცვლის სიტუაციას, იმიტომ, რომ ლაზური გამოცემების რამდენიმე ასეული ადამიანის ხელში ტრიალებს სულ და ნახსენებ სკოლებშიც ამ ადამიანებს მიჰყავთ შვილები. ამით, თურქეთმა თითქოსდა მცირედი ხარკი გადაიხადა დასავლეთის წინაშე, თუმცა კარგად უწყის, რომ რამდენიმე ათეული კულტურული აქტივისტის ფაფხური მის პროპაგანდისტულ მანქანას ვერას დააკლებს. ან როგორ უნდა დააკლოს, როცა მასებს მტკიცედ სჯერათ, რომ ამ მიწაზე სულ რაღაც 500 წლის მოსულები არიან, ისტორია არ გააჩნიათ და ცხვირწინ რომ ისტორიულ მემკვიდრეობას უნგრევენ, ამაზე ნერვი არ უტოკდებათ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, სამოქალაქო საზოგადოებამ მეტად უნდა იაქტიუროს, მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს დასავლეთმაც და აიძულონ თურქეთი მოიწვიოს არქიტექტორები ევროპიდან, საქართველოდან და ერთობლივი არქიტექტორული ექსპედიციები ჩატარდეს მთელი ლაზეთის ტერიტორიაზე, შესწავლილ იქნას ძეგლები ჯეროვნად და მათ კონსერვაციაზე თუ რეაბილიტაციაზე ვალდებულება აიღოს თურქეთმა. სხვამხრივ, ეს უძველესი კუთხე და უძველესი ხალხი მართლა განწირულია დასაღუპად და საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ როდესაც აღარცერთი ნარჩენი წარსული ცივილიზაციისა აღარ დარჩება ლაზეთში, ლაზები, კოლხური ცივილიზაციის შემოქმედი ხალხი, სამართლიანად ჩაითვლებიან სულთან სელიმის მირ, ტრაპიზონის აღების შემდეგ აღმოცენებულ ეთნოსად, რომელთაც აღარც ისტორია აქვთ, აღარც ენა, აღარც თვითმყოფადი კულტურა და ძნელი მისახვედრი არაა, რომ ასეთ ეთნოსებს მომავალიც არ აქვთ ხოლმე.
http://bu.com.ge/geo/news/story/348-upatrono-qvebi-
. .