თავისუფალი აღზრდის ხელოვნება
ვალდორფის პედაგოგიკაზე, ბაღსა და სკოლაზე იმდენი ურთიერთგამომრიცხავი და განსხვავებული შეხედულება არსებობს, რომ ძალაუნებურად იწვევს ინტერესს –მართლა ასეთი იდეალური/დასაძრახია როგორც ამბობენ, თუ ეს უბრალოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი და საყვარელი თვისება – გაზვიადებაა?
სტატიის მიზანი არ გახლავთ ანტროფოსოფიის და რუდოლფ შტაინერის ნაშრომების მიმოხილვა და კრიტიკა. მხოლოდ ის პრინციპები და მიდგომა მინდა გაგაცნოთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, კერძოდ ვალდორფის თავისუფალ ბაღებში რომ ხორციელდება.
ასე უკეთ წარმოჩნდება ის განსხვავებაც, რაც ზოგ შემთვვევაში ფრთხილ და უარეს შემთვვევებში, აგრესიულ დამოკიდებულებას იწვევს ალტერნატიული მეთოდისადმი, ან – ინტერესს და აღფრთოვანებას.(ძირითადად იმათგან, ვისაც არაყურმოკვრით, ან “გადმოცემით”სმენია, არამედ თავად ჰქონია შეხება ბაღთან.)
1. რატომ “ვალდორფი”
ვალდორფის პედაგოგიკა 90 წელზე მეტია არსებობს. პირველი სკოლა და ბაღი 1919 წელს გაიხსნა სიგარეტის ფაბრიკის შეძლებული მფლობელის, ემილ მოლტის ფინანსური მხარდაჭერით. სახელწოდება – ვალდორფიც სწორედ ამ პირველ სკოლას უკავშირდება – ემილ მოლტის ფაბრიკაში იწარმოებოდა სიგარეტები სახელწოდებით “ვალდორფ-ასტორია”.
ამჟამად სახელი “ვალდორფი” მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყაში აერთიანებს და აღნიშნავს ერთიან სასწავლო მეთოდს, რომელსაც განათლების ალტერნატიულ, ტრადიციულისგან განსხვავებულ საშუალებად მიიჩნევენ.
მეთოდიკის თეორეტიკოსი და შემქმნელი წარმოშობით ავსტრიელი მეცნიერი, და ფილოსოფოსი – რუდოლფ შტაინერია. მისი სწავლება – ანთროპოსოფია განიმარტება როგორც მეცნიერება ადამიანის შესახებ. თუმცა, ანთროპოსოფიულ სწავლებას ქრისტიანობა განიხილავს, როგორც გარკვეულ რელიგიურ გაერთიანებას და არ სცნობს მას. თავად შტაინერი არასდროს იყენებდა განსაზღვრებას - რელიგია, არჩევდა ტერმინს – მეცნიერება.
რეალურად, ანთროპოსოფია არც არის დენომინაცია, ან სექტა.(ამ სიტყვას ჩვენში, როგორც ეპითეტს, ისე იყენებენ ვალდორფის სკოლასთან მიმარტებით). ეს უფრო მცდელობაა ხილული და უხილავი სამყაროს მეცნიერული შესწავლის, მცდელობა მეცნიერული მეთოდოლოგიებისთვის რელიგიის დაქვემდებარების. ამის დასტური ისიცაა, რომ ანთროპოსოფია ქმნის რამდენიმე ახალ და ალტერნატიულ მიმართულებას ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა პედაგოგიკა (ვალდორფის პედაგოგიკა), მედიცინა (ანთროპოსოფიული მედიცინა და ფარმაკოლოგია), სოფლის მეურნეობა (ბიოდინამიური მიწათმოქმედება) ხელოვნების სხვადასხვა დარგში – ფერწერა, არქიტექტურა, სცენიური და სამკურნალო მოქმედებები - ევრითმია და ხელოვნების თერაპია. ამგვარად, ადამიანი განიხილება, როგორც ჰარმონიული არსება, რომელსაც თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარეული ბიოლოგიური, სოციალური და სულიერი მიმართებები.
ანთროპოსოფიური სწვალებისა და კონკრეტულად, ვალდორფის პედაგოგიკისთის მთავარი ღირებულება ადამიანია.
2. “თავისუფალი” ბაღი??
“თავისუფალი აღზრდის ხელოვნება” ასე მოიხსენებენ მეორენაირად აღზრდის ამ მეთოდს.
“სიცოცხლის პირველ წლებში ადამიანს არ აქვს არანაირი სხვა ვალდებულება – გარდა ფიზიკური ზრდისა. ამ პერიოდში იგი იძენს ისეთ უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა ორ ფეხზე მყარად დგომა (ამართულობა), აზროვნება, მეტყველება. ამ დროს მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, ფიზიკურ სიჯანსაღეს. ინტელექტუალური, უფრო ზუსტად კი, ინფორმაციული გადატვირტვა პირდაპირ დაღს სვამს მის სამომავლო ჯანმრთელობაზე“ (რეგინა ხეკკი – ვალდორფის ცენტრის ხელმძღვანელი).
ამ მოსაზრების თანახმად, ვალდორფის ბაღში ბავშვი არ ეუფლება არც ერთ საგანს, (კერძო და სახელმწიფო ბაღებში, განსაკუთრებით, “სასკოლო”ასაკობრივ ჯგუფებში, სულ სხვა ვითარებაა, იქ პირიქით, მიმდინარეობს ლამის საგნობრივი სწავლება. ბავშვები შეისწავლიან უცხო ენას(ზოგჯერ ორსაც), მათემატიკას, ხელოვნებას და ა.შ).
არ ხდება მისი მეხსირების დატვირთვა სხვადასხვა ტექსტით (მექანიკურად გაზეპირებული ლექსები, ანბანი, რიცხვები, ხშირად – შეკრება გამოკლებაც 10-ის ან 20-ის ფარგლებში, აფორიზმები, სრულიად არასაჭირო და არაარსებითი ინფორმაცია, რისი მიზანიც ძირითადად მშობლის აღტაცება და აღფრთოვანებაა. რეალურად კი, ნამდვილად არაფრის მომცემია ამ ასაკის ბავშვისთვის მსოფლიოს საოცრებებზე გაზუთხული საუბარი, უცნაური და უჩვეულო ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ხსენება და “იცით თუ არა რომ” ტიპის ცნობები).
ბაღში აღმზრდელი პატივს სცემს თითოეული ბავშვის პიროვნულ ღირსებას და თავისუფლებას – მარტივი მაგალითი – ბავშვები მასწავლებელს დილაობით ხელის ჩამორთმევით ესალმებიან და იწყებენ “საკუთარი ტერიტორიის” ათვისებას – თავისუფალ თამაშს. საკუთარი წესებით, იმ სათამაშოებიტ, რომელთა გამოყენებაც თავად სურთ. ამ ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით გამორჩეულ სცენას დაუპირისპირეთ ჩვეული სცენა – მითითებების და განკარგულებების გამცემი აღზრდელი – ბავშვებო, ახლა თქვენ ითამაშებთ დამალობანას ან დაჭერობანას’ ან “ხელს ნუ კიდებთ სათამაშოებს, ასე ხომ ირევა/ფუჭდება/ზიანდება …”.
თამაშს ვალდორფის ბაღში ზოგადად, ენიჭება განსაკუთრებული და შემეცნებითი ფუნქცია. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღში ჯგუფი დაკომპლექტებულია განსხვავებული ასაკის ბავშვებით, რაც აძლევს მათ საშუალებას “მოირგონ” სხვადასხვა როლი – იგი ხან უფროსია, რომელმაც უნდა დაუთმოს, ასწავლოს უმცროსს, ხანაც უმცროსი, რომელიც უნდა დააკვირდეს, როგორ და რა გზით გამოსდის უკეთ ესა თუ ის აქტივობა უფროსს. მასწავლებელი თამაშში ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქმნება კონფლიქტური და გადაუჭრელი სიტუაცია. მისი ასეთი პოზიცია, ასევე ბაღის ინვენტარი და პროექტირება საშუალებას აძლევს ბავშვს გამოავლინოს საკუთარი თავისუფალი ნება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე, დაგეგმოს და ისიამოვნოს თამაშით.
3. ინტელექტი თუ ინფორმაციული ტვირთი?
ვფიქრობ, აუცილებელია უფრო დეტალურად განვიხილოთ ზემოთგამოთქმული ერთი მოსაზრება – ბავშვის ადრეულ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის აბსოლუტურად უსარგებლოა გარკვეული სახის ინფორმაცია, რისი მიღებაც არ შეიძლება ჩაითვალოს შემეცნებად. ვალდორფის პედაგოგიკის თანახმად, ეს, უფრო დატვირთვაა (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.) თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატარა ბაღში არაფერს სწავლობს და მთელს დღეს თამაშსა და სეირნობაში ატარებს. ”ორი საკვანძო სიტყვით შეიძლება ბავშვის დამოკიდებულების აღწერა გარესამყაროსადმი – ბაძვა და მაგალითი” ამბობს შტაინერი.
ბავშვისთვის რთულია მოსმენა და გააზრება აბსტრაქტული, განყენებული ინფორმაციის. ამიტომ ვალდორფის ბაღებში აზრები და იდეები ჩანაცვლებულია ქმედებებითა და საქციელით – აღმზრდელი მუდმივად დაკავებულია რაიმე საქმით – და შრომის შედეგებს ბავშვები თავადვე ხედავენ. (იქმნება ახალი სათამაშო მათთვის, იქსოვება ფერადი ნაჭერი., თოჯინა, მზადდება საკვები..) ბავშვები თვითონვე არიან ჩართული ბაღის ყოველდღიურ საქმიანობასი, იღებენ მონაწილეობას პურის ცხობაში, სადღესასწაულოდ ამზადებენ უამრავ აქსესუარს, თავად ქმნიან სათამაშოებს. ვერავინ იტყვის, რომ ამ პროცესს თან არ ახლავს სწავლა და სიახლის შეცნობა – ოღონდ მიწოდების ფორმა განსხვავებულია – ბავშვი პასიური მსმენელი, ან მზამზარეული ინვენტერის მომხმარებელი კი არ არის, არამედ შემქმნელი, ავტორი.
საინტერესოდ მეჩვენება ერთი ფსიქოლოგიური დაკვირვებაც, როგორც ამ მოსაზრების თვალსაჩინო ილუსტრაცია – სასკოლო ასაკის ბავშვებს ეძლევათ დავალება – დახატონ კაცუნა ისე, როგორც თავად სურთ და წარმოუდგენიათ. ტესტირების შედეგი – ინტელექტუალურად დატვირთული ბავშვი ხატავს კაცუნას არაპროპორციულად დიდი თავით – ფაქტობრივად, ეს არის ბავშვის წარმოდგენა საკუთარ თავზე, არაჰარმონიული განვითარების მაჩვენებელი ერთგვარი პროექცია.
ამ შეხედულების საპირისპიროდ, მშობლების დიდი ნაწილი სწორად მიიჩნევს ტრადიციულ მიდგომას და ურჩევნია, ბავშვი ადრევე დაეუფლოს გარკვეული სახის ცოდნას სხვადასხვა სფეროში. ტრადიციული პედაგოგიკაც სწორედ ამ თვალსაზრისის გამტარებელია. ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დამამთავრებელ ჯგუფებში აქტიურად ისწავლება სხვადასხვა სასკოლო საგანი და მომავალმა პირველკლასელმა იცის კითხვაც, წერაც, ანგარიშიც. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ არ უნდა დაიკარგოს ის ძვირფასი პერიოდი, როდესაც შესაძლებელია დიდი როდენობის ინფორმაციის მიღება და ბავშვის მეხსიერების გამოყენება საამისოდ.
განსხვავებებზე ყურადღების გამახვილებას დაგპირდით.
კიდევ ერთი და თვალშისაცემი განსხვავება ვალდორფის თავისუფალი ბაღისა სხვა ბაღებისგან გახლავთ ის, რომ დღის განმავლობაში ბავშვი იღებს მინიმალური რაოდენობის შეფასებას. ბავშვი, რომელიც აკეთებს ამა თუ იმ საქმეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ მიიღოს შექება, ან კიდევ უფრო უარესი, არ მიიღოს შენიშვნა, თრგუნავს საკუთარ ნებას. მას შეუძლია და აქვს უფლება არ მიიღოს მონაწილეობა არც ერთ იმ აქტივობაში, რასაც დღის განმავლობასი სთავაზობენ. დაკვირვებისა და “გასინჯვის” შემდეგ, ანუ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი ერთვება საქმიანობაში.
ბაღის ყოველდღიური ცხოვრება ეფუძნება გარკვეულ რიტმს – უცვლელს და წინასწარ შედგენილს. არის დღის რიტმი(ერთგვარი რეჟიმი - პირობთად, პასიური და აქტიური კონდენცია, რასაც ბაღში “ ჩასუნთქვა – ამოსუნთქვის რიტმს” უწოდებენ), კვირის რიტმი(თითოეული დღე დატვირთულია გარკვეული და მხოლოდ იმ დღისთვის შესაბამისი აქტივობებით) და წლის(სეზონური ზეიმები).
ბაღში არ ტარდება ზეიმები და დღესასწაულები ამ სიტყვის ჩვენთის ჩვეული გაგებით. (ვგულისხმობ ახალი წლისთვის მზადებას ჯერ კიდევ შემოდგომზე და მერე, სახალწლო ზიემზე ერთ-ორ წუთიანი გამოსვლას მაყურებლის წინაშე.)
ვალდორფის ბაღში ზეიმი ჰქვია იმ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც ბავშვები იმოსებიან განსაკუთრებული სამოსით (როგორც წესი, საკმარისია რაიმე დეტაილს დამატება ტანსაცმელზე – ან რაინდის სამკლავურის და მოსასხამის, ან მზარეულის ქუდის, ან ჯადოქრის ჯოხი – ნებისმიერი რამ, რის გაკეთებაშიც სასურველია, თავად ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა) და სხვადასხვა პირობით “ზონაში” ერთვებიან ხვადასხვა საქმიანობაში – მაგალითად ხის ოსტატების კუთხეში შეიძლება ნახოთ მზარეული, ჩოხოსანი და მეკობრე, რომლებიც მონდომებით ეხმარებიან ოსტატს. ხაბაზის კუთხეში – ფქვილში ამოსვრილი პეპი, რაინდი ან თაგუნა. აღინიშნება ყველა ტრადიციული დღესასწაულიც – აღდგომა, შობა, ახალი წელი. აქვთ ასევე ერთი განსაკუთრებული დღე – ლამპრობა – ბავშვები საკუთარი ხელით შექმნილი ლამპრებით გადიან ბუნების წიაღში და ეს მართლაც დაუვიწყარი და საინტერესო სანახაობაა, გაცილებით ბევრი დადებითი ემოციის მომტანი მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, ვიდრე წინასწარმომზადებული და ნაწვალები “სპექტაკლი”.
ვალდორფის პედაგოგიკისა და აღზრდის მეთოდების მოწინააღმდეგეები ხშირად ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ ანთროპოსოფიის შემქმნელის სახელთან დაკავშირებული სკოლა და ბაღი იმ იდეების და რელიგიური შეხედულებების დამნერგავი და გამავრცელებელია, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოქტრინებს. ამგვარი განცხადებები როგორც წესი, არაარგუმენტირებულია.
ამ “ბრალდებას” თავად შტაინერიც ეპასუხება თავის ლექციათა კურსში “ სწავლების მეთოდიკა და აღზრდის სასიცოცხლო პირობები”. იგი წერს “ ჩვენი თვითმიზანი სრულებითაც არ არის აღსაზრდელებს თავს მოვახვიოთ საკუთარი იდეები და მსოფლხედვა. ჩვენი განათლება არ ემსახურება რაიმე დოგმის დანერგვას”.
ეს იგულისხმება სწორედ “თავისუფალ” აღზრდაში და ადამიანის პიროვნების პატივისცემაში – თავისუფალი ნება – და თავისუფალი არჩევანი (აღზრდის მეთოდისა მათ შორის)– ამის საშუალება კი დღეს, საბედნიეროდ, მრავლადაა.
http://azrebi.ge/index.php?pid=1095