მცირეოდენ შესწორებებს შევიტან, თუ არ მიწყენთ -
ქისტები, ისევე, როგორც ჩეჩნები, იჩქერიელები, ღალღაები და სხვა, ვაინახთა საზოგადოება იყო, შედგებოდა სხვადასხვა თემისგან და ესაზღვრებოდა ხევსურეთსა და თუშეთს.
მათი ნაწილი, განსაკუთრებით მითხოელები და მაისტელები გადმოსახლდნენ პანკისში, თუშთა აქტიური ხელშეწყობით, მათთან მონაწილეობით.
აი, როგორაა იოანე ბლარამბერგის მიერ აღწერილი მიჩქიზების (ვაინახთა საერთო სახელი თურქულად) შემადგენლობა საზოგადოებათა მიხედვით:
1. Кистинцы
2. Галгаевцы
3. Галашевцы ингуши
4. Назранцы
5. Карабулахи
6. Акинцы
7. Цоринцы
8. Собственно чеченцы
9. Качкаликцы
10. Ауховцы
11. Ичкеринцы
12. Чабуртлийцы
13. Пшехойцы
14. Шубузцы
ეს საზოგადოებები თავის მხრივ თემებად (თეიფები) იყოფოდნენ და თემები გვარებად (გარ, ნახურად).
ტერმინი ჩეჩენი მოგვიანებით გავრცელდა მათ ნაწილზე, დაახლოებით ისევე, როგორც ტერმინი - ქართველი და მოიცვა სხვა საზოგადოებებიც.
რაც შეეხება თუშებს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენგან წოვათა თემის რაიმე ნიშნით გამოყოფა უხეში შეცდომაა.
აქ ისტორიის არცოდნის საკითხი აშკარად თვალში საცემია.
ასევე შეცდომაა თუშთა ან მათი მთელი თემის ინგუშეთიდან მიგრანტებად გასაღება. ერთი, რომ უტყუარი მტკიცებულებები წივათის თემის უნგუშეთიდან მიგრაციის თაობაზე არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ დაუდასტურებელი, თუმცა, სავარაუდო გადმოცემები ჯარიახის თემიდან ინგუშთა ნაწილის მიგრაციის შესახებ, რაც ვოკლოვას კვლევებსა და ჩანაწერებში გვხვდება.
არაა გამორიცხული, სხვადასხვა დროს თუშეთში იმიგრაციული პროცესების შედეგად სხვადასხვა ხალხიც მოსულიყო, მაგალითად, ფხოველთა მასობრივი მიგრაცია უშუალოდ დოკუმენტური წყაროებიდანვე დასტურდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუშეთში და მათ შორის წოვათაში თუშები არ ცხოვრობდნენ. წოვათის აკლდამები ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებით თარიღდება.
ისიც შეცდომაა, თითქოს ტერმინი "ბაცავ" მხოლოდ წოვათის თემის თუშს აღნიშნავდა. ასე თუშებს მეზობელი ვაინახები უწოდებდნენ (ბაცოი), ამასთან თავად თუშურ ენაზე ეს სიტყვა ზოგადად თუშს აღნიშნავდა და არა მხოლოდ ერთი თემის მკვიდრს.
ამას ადასტურებს ივანე ცისკარიშვილის ნარკვევევი - "ჩანაწერები თუშეთზე".
ისიც საგულისხმოა, რომ თუშურ (ბაცბურ) ენაზე თავის დროზე პირიქითის მოსახლეობაც საუბრობდა, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია, ეს კი თავის მხრივ უფრო ამყარებს ჩვენს მიერ მოყვანილ მოსაზრებას თუშთა თემის ერთიანობის შესახებ.
ისიც საგულისხმოა, რომ ანტიკურ და შუა საუკუნეთა წყაროებში თუშები მოიხსენიება იქამდე, სანამ ინგუშებს ან სხვა მეზობელ ვაინახებს ახსენებდნენ. ტერმინები - "თუში, ბაც-ი, ტუსკი" და ასე შემდეგ მოიხსენიება ძურძუკების (ჩეჩენ-ინგუშთა წინაპრების) პარალელურად.
თუშური ენის ადრევე, ძურძუკთა დაშლამდე გაყოფას საერთო ნახური ძირიდან ადასტურებს ლინგვისტური კვლევებიც, რომელიც ამ მოვლენას მიახლოებით 2400 წლის წინანდელი პერიოდით ათარიღებს.
ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვევა საურმაგის მიერ ძურძუკთა ნაწილის სამხრეთ კავკასიაში გადმოსახლებას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შემდგომში იბერიის სხვა თემებთან ასიმილირდა და დღეს ქართველ მთიელთა გენეტიკის, განსაკუთრებით ფხოველ-მთიულთა და წანართა ჩამომავლების დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ენათა დანაწევრება შესაძლოა ამ პროცესებითაც ყოფილიყო პროვოცირებული, თუმცა დანამდვილებით რამის თქმა იმ მასალით, რაც ამჟამად მოგვეპოვება, შეუძლებელია.
სავარაუდოა, რომ ძველ-ნახური ენა, რომლის პირდაპირი მემკვიდრეც უნდა იყოს თუშური, ადრე წოვათისა და პირიქითის თემების გარდა როგორც მთელ თუშეთში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებშიც ყოფილიყო გავრცელებული, რაც დასტურდება ქართულ ენაში დაცული ნახიზმებითა და შემორჩენილი ტოპონიმიკით.
სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ძურძუკთა მასიურ გადმოსახლებას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა ადგილობრივ ვთარებაზე და მნიშვნელოვანი სუბსტრატი არ დაეტოვებინა, მითუმეტეს, რომ იბერიის ძურძუკეთის მთავარი ქალაქი ჭართალი გახლდათ, რომელიც სავარადოდ წინა ფშავში არსებულ ჭართალს უნდა ემთხვეოდეს.
ამ აზრს იზიარებდნენ არნოლდ ჩიქობავა და აკაკი შანიძე.
აღნიშნული ფაქტების ანალიზი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თუშები საქართველოს ენობრივი და კულტურული გავლენის ქვეშ ადრევე მოქცეული პროტო-ნახური სუბ-ეთნოსია, რომლის გენეზისში მონაწილეობდა ფხოვიდან მიგრირებული და მეზობელი დიდოეთის გენოფონდი.
აღსანიშნავია, რომ ქართების, კახებისა და სხვა თემების მიგრაციებს მნიშვნელოვანი მასშტაბები არ ქონია და არსებითი გავლენა თუშთა ჩამოყალიბებაზე ვერ უნდა მოეხდინა.
ამიტომ, იმ გენეტიკური ტესტირების მასალის საფუძველზე, რაც ამჟამად მოგვეპოვება, ჩანს, რომ გამოკვლეულ თუშთა დიდ უმრავლესობას აქვს J2ab1 გენეტიკური მარკერი, რაც საერთოა როგორც ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის, ისე ჩეჩენ-ინგუშეთის მოსახლეობის დიდ ნაწილთან.
ასე, რომ:
1. უხეში შეცდომაა თუშებისგან წოვათის თემის ცალკე სუბ-ჯგუფად გამოყოფა;
2. უხეში შეცდომაა თუშეთის მოსახლეობის წმინდა სისხლის ქართველებად ან ვაინახებად ან ბუდგუზონიელებად გამოცხადება;
3. უხეში შეცდომაა თუშური (ბაცბური) ენის მხოლოდ წოვათის თემთან დაკავშირება.
თუშები არიან ქთონური ნახური წარმოშობის ხალხის და მიგრირებული მეზობლების შერევის შედეგად ჩამოყალიებებული სუბ-ეთნოსი, რომელმაც საკუთარ თავს ტერმინი - ქართველი დაახლოებით მეოცე საუკუნეში დავუძახეთ. ყველა ეროვნება თვითიდენტიფიკაციის ნაყოფია. მას ძირითადად გენეტიკა და კულტურა განაპირობებს.
ტერმინი "ქართველი" სულ რაღაც მეათე საუკუნის მოვლენაა მხოლოდ და თავიდან მხოლოდ ქართებს აღნიშნავდა. მერე, სწორედ იმიტომ, რომ ამ სუბეთნოსმა მოახერხა ყველა სხვა ადგილობრივი ტომის საკუთარი ჰეგემონიის ქვეშ გაერთიანება და მათი სრული ან ნაწილობრივი ასიმილაცია, ყველაზე გაავრცელა საკუთარი სატომო სახელი. ასე მოაღწია ჩვენამდეც ამ სახელმა აგერ ახლა, სადღაც მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე.
მანამდე ქართული მემატიანეც კი არ მოგვიხსენიებს ქართველის ცნების ქვეშ. ერეკლეს დადგენილებაშიც კი ქართველთა, თუშთა და ანწუხელთა შორის სისხლის სყიდვის შესახებ ცალკე ეთნოსად ვწერივართ.
თუშების ქართიზაცია და სრული ასიმილაცია ჯერაც არაა ბოლომდე დასრულებული პროცესი და ნუ გაგაკვირვებთ ეს.
ამას აქვს თავისი ისტორიული, ეთნოგრაფიული, გენეტიკური და კულტურული საფუძვლები.
შედარებისთვის, კოლხები რომ კიმერიელებს არ გაენადგურებინათ და დაესუსტებინათ, მათ გაეერთიანებინათ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერი და ტომი, ეგებ ასეთივე წარმატებით გვემტკიცებინა, რომ ჭანები ვართ ან ეგრები, ან სულაც კოლხები.
ამიტომაა თქვენს მიერ მისახრჩობად განწირული და გამოლანძღული თქვენივე თანატომელი მართალი.
მოკლედ, ისტორია არაა ემოციის საქმე.
ჩვენ რომ ქართველები ვართ, ჩვენი არჩევანია და არა ობიექტური, თავისთავადი ჭეშმარიტება.
სწორედ ქართების მიერ სხვა სუბეთნოსთა თუ ეთნოსთა ასიმილაციის შედეგია, რომ საქართველოში დღემდე ცხოვრობენ ალბანელთა, გარგართა, ჰერთა, რანთა, კახთა, კოლხთა, ურარტუელთა, დვალთა, წანართა, ძურძუკთა და სხვათა და სხვათა შთამომავლები და ყველა მათგანს დღეს ერთი ტომის - ქართის, ქართველის სახელი აერთიანებთ.
ეს ცნება თანდათან გავრცელდა ქართების გარდა სხვა ხალხებზეც და მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის ქართველის თანამედროვე გაგება მოიცვა.
ამ ცნების გარეთ დარჩნენ თურქეთის მიერ მიტაცებული კოლხები - ლაზები, რაკიღა ისინი ისტორიულად ქართების ტომს არ ეკუთვნოდნენ, ხოლო თავად ქართების ჰეგემონია მათ ვერ მისწვდათ.
ასე, რომ ყველაფერს აქვს თავის საზღაური.
მოკლედ, ჩემი თუ არ გჯერათ და სქელტანიანი ნაშრომების კითხვაც გეზარებათ, მეფეთა ტიტულატურა მაინც გაიხსენეთ - მეფე აფხაზთა (კოლხეთი) ქართველთა, კახთა და ჰერთა, შირვანშა და შაჰინშა და ასე შემდეგ.
ჰო, გაგიკვირდებათ და ადრე კახებსაც არ ერქვათ ქართები ანუ ქართველები.
სხვა ტომი იყო და იმიტომ.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმეზე ნაკლები ქართველები ვართ ან ნაკლები ღვაწლი გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვასა და მშენებლობაში.
მეტიც - ვიყოთ ამ ერის შვილები ჩვენი არჩევანია და ეს უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული ინერციით მიღებული წოდება.
ამ ფონზე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო მეტი ხარისხის ასიმილაცია ჩვენს კულტურას ემუქრება და ჩვენი განსხვავებულობა თუ თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთ. ვისწავლოთ ჩვენი თუშური ენაც და კილოც, არ მოვწყდეთ მთას და ჯვარხატთა წესებს.
გადასარჩენი და აღსადგენია ჩვენი ბაცბური ენა და მოსაფრთხილებელია ძველქართული ენის ფხოური კილოს თუშური კავიც, რომელშიც ძველ-ნახური, ბაცბური სუბსტრატი ძალიან მკაფიოდ შეინიშნება.
ესეც ნახეთ ჩემს გვერდზე:
https://www.facebook.com/notes/koba-bakhtur...184564061578340მანდაა ბმულები ბლარამბერგთან, ცისკარიშვილთა, ჭრელაშვილთან და სხვა დამატებითი ინფორმაცია.
მჯიღების გულში ბაგუნით და აშლილი ბალანით არ იწერება სწორი ისტორია.
სწორი გააზრებაა საჭირო, ვისი გორის ვართ.
ჰო, კიდევ,
არნოლდ ჩიქობავას ნაშრომებს თუ გაეცნობით და მის თეორიას ქართულ ენაში ნახური სუბსტრატის, ძველ-ნახური ენის კავკასიაში გავრცელებისა და საერთო-კავკასიურ თუ ქართულ კულტურაში ჩვენი ხალხის როლის შესახებ, ცუდი არ იქნება.