griankali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6860
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
|
#56438996 · 18 Jun 2020, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არავის უომია იმდენჯერ, რაც ერეკლემ იომა და არც არავინ ისე კარგად არ იცის ყველაფერი მაშინდელი ომისა (და მისთვის საჭირო რესურსების), როგორც ერეკლემ... და დღეს, ორი საუკუნის შემდეგ ვერაფრით იგებს ხალხი ასეთმა მეომარმა მეფემ, რატომ მიიღო ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ: უნდა ვიცოდეთ, რომ ერეკლეს საერთოდ არ ეშინოდა არც ირანისა და არც ოსმალეთის! საქართველო, სამწუხაროდ, მწარედ დამარცხდა ლეკებთან. ომებში გამობრძმედილმა ერეკლემ ყიზილბაშებთან ლოკალურ ომებში გამარჯვებათა ტალღაზე მყოფი ჯარებითაც კი რამდენჯერმე სცადა ლეკების ალაგმვა, ჭარ-ბელაქანშიც შევიდა, მაგრამ ლეკებთან ყველა გენერალურ ბრძოლაში დავმარცხდით. და მალე უკვე არათუ აღმოსავლეთი, დასავლეთი საქართველოს ნაწილიც კი იძულებული იყო ლეკებისთვის ხარკი ეხადა (დასავლეთში იმ დროისთვის იმდენჯერ და იმდენ ხანს გამოიყენეს ქართველმა თავადებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ლეკთა რაზმები, სანამ ყველას და ყველაფრის გზა-კვალი კარგად არ დაასწავლეს... ქართველი ერი მოექცა დაუსრულებელი და ამიტომ გარდაუვალი ეკონომიკური მოხრჩობისა და სრული ეთნიკური გადაგვარების გამოუვალ სიტუაციაში - მართალია, ირანი და ოსმალეთი არ წყვეტდნენ იმ დროს ვარსკვლავებს , მაგრამ შესაფერის დროს ელოდნენ და საქართველოს გამუდმებული აოხრებისთვის ლეკებს განუწყვეტლივ უხდიდნენ ფულს. ლეკებიც იმდენად გაძლიერდნენ და გამრავლდნენ, რომ ლოკალურ პატარ-პატარ კონფლიქტებში ირანს სულ კუდით ქვა ასროლინეს, შემდეგ კი რუსი ოფიცრობაც ძალიან ხშირად საშინლად მარცხდებოდა მათთან ომში... და ვენაცვალე გრიგოლ ორბელიანსა და იმ დროის ქართველ სამხედრო თავად-აზნაურობას, რომელიც სწორედ ლეკების ოხტში სრულად ამოვიდა... რასაკვირველია, ჩვენი დაუძინებელი მტერია რუსეთის სახელმწიფოც და რუსი ხალხის დიდი ნაწილიც, მაგრამ ლეკებიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. * * * ბოდიში დიდი პოსტისთვის
ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტი ახალგაზრდა გრიგოლ ორბელიანის დღიურიდან, სადაც ის 1831 წელს ჭარმაგ ქართველ გენერალ ივანე აფხაზს საქართველოს შესახებ ესაუბრება, დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მასში გაცემულია პასუხები ალბათ ყველასთვის ძალიან საინტერესო რამდენიმე კითხვაზე. ენა და სტილი დაცულია. სხვათა შორის, გრიგოლ ორბელიანის საუბრის მონაკვეთი ივანე აფხაზთან საქართველოს მომავლის შესახებ ჟანდარმერიაში მთლიანად თარგმნეს...
1831 წელს გრიგოლ ორბელიანი ახალგაზრდა გულანთებული პატრიოტი გახლდათ და 1832 წლის აჯანყებაშიც მიიღო მონაწილეობა. გენერალი ივანე აფხაზი (1785-1831) კი იყო უაღრესად წარმატებული სამხედრო და ნიჭიერი ადმინისტრატორი, რომელიც თავზარს სცემდა მთელ ჩრდილოეთ კავკასიას. გენერალი გახდა 1827 წელს, შემდეგ იყო ყარაბაღის, ნუხის, შირვანის მმართველი, 1830 წლიდან - ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსი, ვლადიკავკაზის კომენდანტი. 1831 წელს აქედან პასკევიჩის თხოვნით გაიწვიეს პოლონეთში, სადაც ეს უკანასკნელი აჯანყების ჩაქრობას ვერ ახერხებდა. ივანე გარდაიცვალა გზაში, სავარაუდოდ ქოლერით... ივანე აფხაზი არის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ანტონ აფხაზის ძმა, მამამისი ნიკოლოზი ერეკლეს დროის ცნობილი მხატვარი იყო, დედა სოფიო გურამიშვილი - მეფე გიორგი XII-ის ნათლული.
ნაწყვეტები გრიგოლ ორბელიანის დღიურიდან - მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის:
- 1831 წელსა, 9-სა ივნისსა, დღესა სამშაბათსა განთიადმან მპოვა უკვე ტანჩაცმულ. მთელსა ღამეს მტანჯავდა მოუსვენრობა: ათასნი ფიქრნი არყევდენ გონებასა ჩემსა და განაშორებდნენ ძილსა – აჰა მოვიდა დღე იგი განყრისა ჩვენისა, ვუბნობდი ხშირად გულსა შინა ჩემსა და ვემზადებოდი წასასვლელად შორს. . .
- 19-სა ივნისს. შევისვენეთ ვლადიკავკაზს, აქა არს შტაბ-კვარტირა ვლადიკავკაზის ღარნიზონის პოლკისა, ქალაქსა ამას ემსაზღვრებიან თაგაურნი და სხვანი მთის ხალხნი, ჩაჩანი და ყაბართო პატარა და დიდი. ძალიან შიში იყო უფრო უწინ მთის ხალხისაგან, ასე რომ ახლაც საქონელს, ორს ანუ სამს ვერსზედ უჯაროთ ვერ უშვებენ საძოვრად; მაგრამ კნიაზ აფხაზოვმან, რომელიც ახლა არის მუნ კომენდანტათ, ძალიან შეაძრწუნა მთის ხალხნი. ჯარით შევიდა თაგაურის ხეობაში, სადაცა ორჯელ დამარცხდნენ რუსნი, დაამარცხა თაგაურნი, დასწვა მათი სოფლები, გამოართვა პირველთა გვართა მზევლად შვილები, შეიპყრა პირველნი ხალხის ამშლელნი და ავაზაკნი, რიცხვით სამოცამდის. რომელნიცა ავაზაკობდენ საქართველოს გზაზედ და კვალად წაართვა ბაჟი თაგაურთა, რომელნიცა იღებდენ ჩვენთა ვაჭართაგან, რუსეთით მიმავალთა. კნიაზმა დამპატიჟა სადილათ, და დღე ესე განვატარე ფრიად მხიარულებით. საღამოზედ წავედით სინარდის თამაშობის საყურებლად, სადაცა მოუვიდა კნიაზს ამბავი, რომ ხიდები რუსეთის გზაზედ წაუხდენია წყალსა; ამისთვის ჩვენცა დავრჩით კვალად ვლადიკავკაზსვე 20-სა ივნისსა. - 5-სა ივლისსა - მოვედით სტავროპოლს, სადაცა გამოგვიცხადეს ამ თვის თექვსმეტამდის დარჩენა. - 11-სა – საღამოზედ შევედით კაპიტან ფრიდრიკსთან. ფრიდრიკსის ცოლმან წამაკითხა თავისი ალბომი, რომელსაცა შინა განკვირვებით ვიხილე ქართული ლექსებიც, დაწერილი ანტონ ყარაშვილის მიერ: ბულბული მწუხარია, ვარდი შემომწყრალია, ნარგიზს გზავნის წამლისთვის, თუმცა თვით მკურნალია. მათარგმნინეს რუსულად და ბევრი ვიცინეთ ამ ლექსებზედ. ვახშმათაც აქ დაგვპატიჟეს. - 12-სა დამნიშნეს კამანდით სოფელში დასადგომელად დუბოვკას, სადაც ვიყავ 13, 14, 15, 16, 17-სა. მარტოობამ ძალიან შემაწუხა და ამისთვის მოველ ისევ სტავროპოლს, სადაცა გამოგვიცხადეს, რომ რადგანაც პეტერბურღის გზაზედ ძლიერი ხოლერა გაჩენილა, ამისთვის, ვიდრე სრულიად არ გაწყდება ეს სნეულება, აქ უნდა დარჩეთო. ძალიან მეწყინა ეს ანბავი, მით უფრო უმეტეს, რომელ რომელ სტავროპოლშიაცა იყო ხოლერა, თუმცა არა ძლიერი.
3-სა აგვისტოს. მოვიდა ღენერალი კნიაზ ივან ნიკოლაიჩი აფხაზოვი, დანიშნული ღრაფ პასკევიჩთან არმიაში პირისპირ პოლშელთა, ფრიად გვიამა ურთიერთისა ხილვა. შემდგომად სხვადასხვა უბნობათა პოლშის ბრძოლისთვის, ვიწყეთ საქართველოზე! – ახ! ვითარ ძლიერად და მართლიად აღსწერა აწინდელი მდგომარეობა საქართველოისა, რომელიცა უყვარს ვითარცა ჭეშმარიტსა ძესა მამულისასა. ვითარ მწუხარებითა უბნობდა ქართველებზე, რომელთაცა აღხოცეს თვის შორის კეთილშობილური სიამაყე და სიყვარული მამულისადმი და არიან მონებასა ქვეშე, დამდაბლებულნი სულითა.
უბნობა ჩვენი
კნიაზი: ღმერთო, ნუ მიიყვან რუსთა ესრეთსა განწირულებასა შინა, რომელ იძულებულ იყვნენ დატევებად საქართველოისა, რომელიცა მყისვე შეიქმნების მსხვერპლად უწესეობისა, შინაგანისა განხეთქილებისა და ზედადასხმისა დაუძინებელთა მტერთაგან.
მე: საქართველო, შემდგომად რუსთაგან დატევებისა, ვგონებ იყოს ესრეთ ძლიერ, რომელ შეიძლოს დაცვა მტერთაგან სამზღვრისა თვისისა. ოცდაათს წელიწადს საქართველოს თუ არ მომატებია ხალხი ვგონებ არცა დაჰკლებოდეს.
კნიაზი: არა ძალუძს ამისთვის, რომელ პოლიტიკებრი მდგომარეობა მესამზღვრეთა სახელმწიფოთა აზიასა შინა ფრიად შეიცვალა. ვის უხილავს ყიზილბაშისა და ოსმალოს ესრეთი გაწყობილი ჯარი და ესრეთი თოფხანა. საქართველო, იქნების რა დატევებულ რუსთაგან, ვითარ წინააღუდგების მათ. ერეკლე იყო ჭკვიანი და მხნე მეფე: ხედვიდენ მას მხნეობის მაგალითად თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა უყვარდათ მამული, სარწმუნოება, მეფე და იბრძოდნენ ვითარცა ლომნი, - მაშინ, ოდესცა ყიზილბაშთა, ბუნებითად მხდალთა, არა ჰქონდათ არცა წესი ჯარში და არცა მხნეობა სპასალართა; მაშინ, ვამბობ, ქართველთა შეეძლოთ ბრძოლა პირისპირ მათთა. ხოლო აწ გამოიცვალა დრო და შეიცვალნენ იგინიცა, გააწყეს მათ რეღული და ჩვენ ვეღარ ძალგვიძს, რომ გაწყობილს ჯარს ვებრძოლოთ ისევ იმ ღონისძიებით, ვითარცა იბრძოდნენ მეფეების დროსა. რეღულსა უნდა ებრძოლო რეღულითვე. ნუ გგონია, რომ ჩვენის გლეხების თოფი იყოს სახმარ ომში, რომელსაცა სამჯერ ვერ ესვრის საათში, მაშინ ოდესცა მინუტში უნდა ოთხჯერ მაინც უნდა ესროლოს; ერთის სიტყვით, საქართველო ურეღულოთ ვერცა ერთსა თვესა გაუძლებს მტერთა. და, გარდა ამისსა, ოცდაათმან წელიწადმან ფრიად შეჰსცვალა. არღა მდგომარეობს ჩვენ შორის იგი მხნეობის სული, რომლითაცა იქნებოდნენ უწინ.
მე: რეღულის გაწყობა ადვილად მოხდება საქართველოში; ამიტომ რომ, იქნებიან რა თვით დამცველნი თვისისა სამზღვრისანი, თვალით დაინახავენ რეღულის სარგებლობასა; თვით მეფე ერეკლემაც იცოდა უმჯობესობა რეღულისა და გააჩინა მორიგის ჯარი, და მაშინ, არცა ერთი ტყვე არ დაკარგულა - ამას ადვილად მოახდენენ მაშინ იგინი, ვინცა დარჩებიან ერის მმართველებად და ვაჟკაცობაში ქართველნი ნაქებნი არიან და უყვარსთ მამულიცა. ესე დამტკიცდების მით, რომე საქართველო, ესრეთი მცირედი სამეფო, ვერ დაიცავდა ვერცა სამზღვარსა თვისსა და ენასაცა და ვერცა სარწმუნოებასა, თუ არ განსხვავებულით ვაჟკაცობითა და სიყვარულითა მეფეთა და მამულისადმი. ისტორია წარმოგვიდგენს მრავალჯერ საქართველოს გაოხრებულს და კვალად აღდგინებულს არარაისგან. ესრეთთა საკვირველებათა აწარმოვებს მხოლოდ მხნეობა და სიყვარული მამულისა და სარწმუნოებისადმი. – გარდა ამისსა, აწ თვით ყიზილბაში და ოსმალოცა ხედვე შეცდომილებათა თვისთა, რომელ საქართველომ, მათგან შევიწროებულმან, დაუმეზობლა ესდენ საშინელი მათთვის მეზობელი რუსეთი და არღა მოინდომებენ, რომელ საქართველომ კვლავცა მოსთხოვოს მფარველობა რომელსამე ძლიერსა სახელმწიფოსა ევროპასა შინა. ყიზილბაშნი ჰსწყევდენ აღა-მაჰმად ხანს თფილისი წახდენისათვის, რაიცა იყო მიზეზი რუსთა გადმოსვლისა.
კნიაზი: მართალ არს, რომე ქართველნი არიან მხნენი; გარნა რეღულის გაწყობა აგრე ადვილი ნუ გგონია, ამიტომ, რომ რეღულის დაწყობის დროს, ჯერ-არს პირველად შევიდნენ სამსახურში სალდათად, სამაგალითოდ სხვათათვის, პირველნი თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა აქვსთ პატივი და ხმა მემამულეთა შორის თვისთა; ჯერ-არს მათდა, რათა შეჰსწირონ მსხვერპლად სიმდიდრე და თვით სიცოცხლეცა, ვისაც ვითარ ძალუძს, საზოგადოობისა ბედნიერებისთვის, და არა მიხედოს საკუთარსა თვისსა სარგებლობასა; ამით ოდენ ჩაიყრება მტკიცედ საფუძველი რეღულისა. – აბა, ჩემო გრიგოლ! დამისახელე გინა ერთი კაცი, რომელმანცა დასდვას ნაწილი სიმდიდრისა თვისისა საზოგადოობისა სარგებლობისთვის. ესრეთი მსხვერპლი არს სათნოება, რომელსაცა ჰგრძნობს მხოლოდ გონებითა და გულითა განათლებული კაცი. Uმეცარი და უმსწავლელი ვერა მიხვდების ამა ამაღლებულსა გრძნობასა, რომელსაცა აწარმოებს მხოლოდ სიყვარული მამულისადმი. თქვენ, ახალგაზრდანო! თქვენ უნდა ეცადნეთ ყოვლის ღონიძიებით მამულისთვის მამულისთვის. პირველად უნდა ისწავლოთ, გონება განანათლოთ, და მაშინ დაინახავთ და გამართავთ ნაკლულოვანებათა. და ამა მიზეზით ვამბობ, რომელ ღმერთმან ნუ ინებოს საქართველოს დატევება რუსთაგან ას წლამდის; მაშინ აღარა მეშინის, ამისთვის, რომელ საქართველოს ეყოლება მას დროსა მრავალნი მსწავლულნი კაცნი, საზოგადოობა შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა, და ყოველი კეთილი, ახალი სასარგებლო დაწყობილება ადვილად აღსრულდების; ახლა ვინ იკისრებს და ან ვინ გაუგონებს. – აწინდელი ჩვენი საზოგადოება არს მკვდარ მამულისათვის. ჰსცხოვრობენ უსაგნოდ, დეეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა; ყოველი ფიქრობს საკუთარისა თვისისა სარგებლობისთვის, რომლისა მისაღებელად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა და არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან. ანგაარება არს მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაცა გვეკარგება პატიოსნება; გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა; არა, ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა.
მე: ამა ერისა სულისა დამდაბლებასა ადვილად აღხოცენ იგინი, ვინცა იქმნებიან, შემდგომად რუსთაგან დატევებისა, ერის მმართველნი, უკეთუ იქმნებიან გონებიან და შორსმხედველ. ძალა იქმნების მათ ხელში, აღაშენებენ და გააწყობენ სასწავლებელთა; სხვათა სახელმწიფოთაგან მოუწოდებენ მსწავლულთა კაცთა და ხელოსანთა, რომელნიცა იქმნებიან პირველნი მთესველნი სწავლათა და ხელოსნობასა საქართველოსა შინა, და შემდგომად რაოდენთამე წელთა ნაყოფი უეჭველად აღმოცენდების, მით უფრო უმეტეს, რომელ ქართველთა აქვსთ ბუნებითი გონება.
კნიაზი: ეგე ყოველი შესაძლო არს, გარნა ჯარისა და სასწავლებელთა შენახვისთვის საჭირო არს ხაზინა. საქართველოს არის ღარიბი სამეფო, და სხვა რომელი სახელმწიფო გვენდობა ჩვენ ვალად. – გარდა ამისსა, საქართველო არს დაგლეჯილ ნაწილ-ნაწილად. ალექსანდრე მეფის შემდეგ, რომელმანცა განუსჯელად განჰყო საქართველო, ქართლი, კახეთი, იმერეთი, საათაბაგო, ღურია – მის დროთ აქამომდე იყვნენ ურთიერთის მტერნი და სისხლი ინთხეოდა მოუწყვეტლივ. აწ ძლივს შეერთდნენ და ამიერითგან უნდა შეერთხორცდნენ და შეადგინონ ერთი მთელი; წებოთი მიკრული არ დადგების დიდ ხანს, თუ მზე არ შეაერთებს და არ შეადურებს მას. ჩვენი მზე არის დრო; დრომან უნდა განგვანათლოს, გვასწაოს ურთიერთთა და მამულისა შეყვარება და შეგვაერთოს ერთითა გულითა, ერთითა ფიქრითა ყოველნინაწილნი ძველისა საქართველოისანი; მაშინ იქმნების, თუმცა არა ფრიად ძლიერ, ვითარცა სხვანი სახელმწიფონი, გარნა შე,ძლებელ დაცვად თვისისა სამზღვრისა. გარეშემოზღულ არს რა საქართველო მტერთაგან, ჯერ-არს, რათა ყოველი ქართველი აღინთოს მამულის სიყვარულითა და თვითოეულმან აღირჩიოს გზა ლეონიდისა. ღმერთი არს მოწამედ, რომელ მთლად ქართველთ არ უყვარსთ ეგოდნად მამული თვისი, რაოდენათაც მე მარტოს, ასე რომ, თუ სიკვდილითა ჩემითა შეიცვლებოდეს საქართველოს მდგომარეობა ესრეთ კეთილად, ვითარცა მსურს მე, წამსვე ამას სიხარულითა გადავვარდებოდი ფანჯრიდამ სასიკვდილოდ. კვალად ვამბობ, რომელ დრომ უნდა აღადგინოს საქართველო.
ჟამსა ამას შემოვიდა პოდპოლკოვნიკი ილინსკი და მოგვიწვია ჩაიზედ, ლაპარაკი შევსყვიტეთ და წავედით მასთან.
- 4-სა აგვისტოს. დილა ადრიან მიველ აფხაზოვთან, რომელიცა იყო მზად წასასვლელად. მივეც წიგნი ჩემს ძმას ზაქარიასთან, რომელიცა ჩავაბარე. გამომესალმა, დამლოცა და მომცა ფოჩტაში წიგნები გასაგზავნად"
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|