ვინ არის ფეთჰულა გიულენი, რომელსაც თუქრეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ?
ჯემნიუსი - JAMnews Georgian·Saturday, July 16, 2016
16 ივლისს თავის მიმართვაში, ერდოღანი აცხადებდა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ფეთჰულა გიულენის მიერ იყო მართული.
“თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც იაფფასიანი აჯანყებებს გაჰყვება და არც ის სახელმწიფო, რომლის მართვა პენსილვანიიდან შეიძლება” - განაცხადა ერდოღანმა, როდესაც სახელმწიფო ტელევიზიას FaceTime-ით პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
სწორედ პენსილვანიაში ცხოვრობს ფეთჰულა გიულენი - ერდოღანის მთავარი მტერი, თურქეთში ერდოღანის შემდეგ მეორე გავლენიან ადამიანი.
ვინ არის გიულენი?
გიულენი დაიბადა 1941 წელს ქურთულ ოჯახში, ქალაქ ერზრუმთან.
გიულენი მწერალი და ყოფილი იმამია. 12 წლის იყო პირველად რომ იქადაგა. 1982 წელს მისი პირველი ისლამური სკოლა გაიხსნა.
1999 წლიდან პენსილვანიაში (აშშ) ცხოვრობს.
დაფუძნებული აქვს სკოლებისა და უნივერსიტეტების ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით (1000-ზე მეტი სკოლა მსოფლიოს 160 ქვეყანაში).
2008 წელს Prospect-მა და Foreign Policy-მ ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად დაასახელეს. ჟურნალმა Time-მა ის “მსოფლიოს 100 გავლენიანი ადამიანის” სიაში შეიყვანა.
გიულენი და ერდოღანი ერთ დროს მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. 1999 წელს მათი ურთიერთობა გაფუჭდა. გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა.
მას შემდეგ ერდოღანმა გიულენზე და მის მომხრეებზე ნადირობა დაიწყო.
გიულენი სათავეში უდგას მოძრაობა “ჰიზმეტს”, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მას და მის იდეებს ჰყავს მომხრეები მათ შორის თურქეთის სამამართალდამცავ სტრუქტურებში, არმიაში და სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ერთ-ერთი გამოსვლისას ერდოღანმა მათ “სახელმწიფო სახელმწიფოში” უწოდა.
2000 წელს გიულენის წინააღმდეგ თურქეთში საქმეც აღძრეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოგვიანებით დახურეს.
ბოლო ორი წელია განსაკუთრებით გამწვავდა ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება. ერდოღანი მუდმივად იმეორებდა, რომ გიულენს და მის ორგანიზაციას “ჰიზმეტს” ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურთ.
გიულენსვე ბრალდებოდა 2013 წელს ერდოღანის ხელისუფლებაში კორუფციული სკანდალის გამოაშკარავება. 2014 წელს თურქეთის სასამართლომ გიულის დაპატიმრების ორდერი გასცა. თურქული მხარე ინტერპოლს გიულნის “წითელი ცირკულარით” ძებნას სთხოვდა, თუმცა ინტერპოლმა არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა.
2016 წლის მარტში ერდოღანმა გიულენს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ რეგიონში ვითარების გამწვავებაში დასდო ბრალი.
2016 წლის აპრილში თურქულმა პოლიციამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 90 ადამიანი დააკავა. მაისში იზმირში იგივე ბრალდებით კიდევ 29 ადამიანი დააპატიმრეს. ორივე შემთხვევაში ერდოღანი აცხადებდა, რომ გიულენი თურქეთში “პარალელური სახელმწიფოს” შექმნას ცდილობს”.
აქვს თუ არა ქვეყნის მართვის ამბიცია გიულენს, ძნელი სათქმელია. მას ღიად არასოდეს უთქვამს, რომ მზადაა ხელისუფლებაში მოვიდეს. პირიქით, ამ კითხვას ის ყოველთვის ურაყოფითს პასუხს სცემს.
თურქი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერდოღანს გიულენი “განტევების ვაცად” გამოყავს და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს მუდმივად მას უკავშირებს.
გიულენს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ჯანმრთელობის მუდმივი პრობლემები. ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ და თითქმის არ ურთერთობს ჟურნალისტებთან.
გიულენი რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდის და ისლამისა და რელიგიის პოლიტიზების წინააღმდეგია. ის ქადაგებს ტრადიციულ თურქულ ისლამს და მას განიხილავს როგორც თანაგრძნობისა და სოციალური თანადგომის რელიგიას.
გიულენი სხვა კონფესიებთან და განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან დიალოგის მომხრეა.
ის აქტიურადაა ჩართული დისკუსიებში თურქეთის მომავალთან და თანამედროვე სამყაროში ისლამის როლთან დაკავშირებით. გამოსავალს გიულენი განათლებასა და პიროვნების განვითარებაში ხედავს.
გიულენი მიიჩნევს, რომ ქიმიის, მათემატიკის და ფიზიკის შესწავლა არის “უფლის სადიდებელი საქმე”.
თურქეთში “გიულენის სკოლები” საუკეთესოდ ითვლება. აქ თანამედროვე, ძვირადღირებული აპარატურაა, თანაბარი მიდგომა ორივე სქესის მიმართ, ინგლისურს პირველი კლასიდან სწავლობენ.
გიულენი მიიჩნევს, რომ ისლამი და დემოკრატია თავსებადია.
გიულენი ქალების და კაცების თანასწორობის მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ “დასავლური ყაიდის ფემინიზმი, რომელიც სავსეა მამაკაცების მიმართ სიძულვილით, განწირულია მარცხისთვის ისევე, როგორც ყველა სხვა რადიკალური მიმდინარეობა”.
https://www.facebook.com/notes/%E1%83%AF%E1...757022951240933