სეკულარული თურქები წყალსა და მეწყერს შორის
ბარჩინ ინანჩი
04.08.16
ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა დიდწილად უცნაურია. ევროპაში გარკვეული წრეები იმედოვნებდნენ, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) შეასუსტებდა თურქეთის ჯარს, რომელიც თურქეთ-ევროპის ურთიერთობისთვის დიდ პრობლემად მიაჩნდათ. ამიტომა ევროპას თითქმის არ ამოუღია ხმა 2010 წელს შეიარაღებული ძალების „წმენდის“ საპასუხოდ, როდესაც სამართლებრივი დევნის შედეგად ასობით ოფიცერი ციხეში აღმოჩნდა.
ირონია იმაშია, რომ იგივე წრეები 15 ივლისს რამდენიმე საათის განმავლობაში სანაძლეოებს დებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ჯარი დაასუსტებდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელსაც ახლა მთავარ შფოთისთავად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჯარის სეკულარულმა წრემ კი არა, რელიგიურმა სექტამ წამოიწყო, რომლის წარმომადგენლებმაც შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობების დაკავება მოახერხეს. სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით რომ დასრულებულიყო, გიულენისტები, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთს თურქეთის ერთგულ მოკავშირეობაში დაარწმუნებდნენ. ისინი დაუყოვნებლივ დანიშნავდნენ ელჩს ისრაელში და ევროპას დაპირდებოდნენ, რომ არც ლტოლვილებსა და არც ჯიჰადისტებს ევროპისკენ გზას არ გაუხსნიდნენ და ა.შ.
ისევე, როგორც ეს ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ელ-სისის რეჟიმთან ურთიერთობაში მოხდა, ევროპა ძირითადად თვალს აარიდებდა მათ მიერ დემოკრატიის ისეთი არსებითი ელემენტების შემპარავად მოსპობას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სეკულარიზმი. სწორედ ამის ეშინოდა ერდოღანს. წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალებისადმი ევროპის თავდაპირველი ძალზე გულგრილი რეაქციის შემყურე, იგი თავის ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს.
მაგრამ უცნაურობები ამით არ სრულდება. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობის დასაწყისში თურქული საზოგადოების ზოგიერთ სეკულარულ წრეს სურდა, ჯარს ერდოღანი ჩამოეგდო. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შეიარაღებულ ძალებში არსებულმა გიულენისტებმა მიმართეს, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში სწორედ მათ არარელიგიურ ცხოვრების წესს ამოიღებდნენ მიზანში.
ერდოღანი გიულენისტებს ჯარში სეკულარისტების დასასუსტებლად შეუერთდა, რომლებსაც ის მტრად მიიჩნევდა. საინტერესოა, რომ სწორედ ჯარის სეკულარისტულმა სეგმენტმა გადაარჩინა ერდოღანი იმით, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მხარი არ დაუჭირა და პირიქით - სიცოცხლის ფასად შეებრძოლა კიდეც შეთქმულებს.
მაშ, საით მიჰყავს ამდენ ირონიას თურქული დემოკრატია? ნება მომეცით, თურქული ანდაზის სემიჰ იდიზისეული თარგმანი მოვიშველიო; ისინი, ვისაც თურქეთში ნამდვილი დემოკრატია სურს, ისეთ მდგომარეობაში არიან, როდესაც „ჯოხი ორივე მხრიდან ჭუჭყიანია“ („ჭუჭყი“, რასაკვირველია, რბილად ნათქვამია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც არ უნდა გააკეთონ, მაინც სულს წაიწყმედენ.
ერთის მხრივ, გიულენისტების რიგებში წმენდა აუცილებელია. გასაიდუმლოებულ ორგანიზაციაზე შეტევა ქვეყნის კანონიერად არჩეულ მმართველებს, ანუ ერდოღანსა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ხელმძღვანელობას უნდა მივანდოთ. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, ერდოღანმა ეს თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. საზოგადოების ყველა ფენის ამჟამინდელი წმენდის მასშტაბი ბევრად აღემატება არსებულ მუქარას (საინტერესოა, გიულენისტების გარდა ყველა აღიარებს, რომ ვერ აცნობიერებდა მუქარის სერიოზულობას). მთავრობის მიერ გამოცემული პირველი დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლოში დაცვის მხარის უფლებას, რაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამოა. მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა ოპოზიციასთან კონსულტაციების ჩატარება იმ დადგენილებაზე, რომელიც ჯარის ახალ სტრუქტურას გულისხმობს და შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებაში გადამწყვეტი ცვლილებები შეაქვს.
ეს საგანგაშო ნიშნებია და ერდოღანის მიმართ ეჭვებს ბადებს.
ამასობაში, შიდა საფრთხეებითა და საზღვარგარეთ ნაკლები მხარდაჭერით შესუსტებული ერდოღანი და მთავრობა ოპოზიციასთან შერიგების პირველ ნიშნებს ავლენენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც „აქეთ წყალია და იქით მეწყერი“.
მოდით, ნურაფერს ვიტყვით ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაზე (MHP), რომელიც ძირითადი იდეოლოგიითა და ამომრჩევლებით დიდად არ განსხვავდება სამართლიანობისა და განვითარების პარტიისგან (AKP). სეკულარული რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) მთავრობას მხარს უჭერს, მაგრამ მისი მომხრეები ცენტრალურ ქუჩებში არ ჩანან, სადაც ყოველ ღამე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მოწყობილი „დემოკრატიის ზეიმი“ იმართება. ზოგი მონაწილეებთან შემთხვევით შეხვედრასაც კი უფრთხის, მათ გვერდით არყოფნის გამო შევიწროების შიშით.
ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად იყოს, მეორეს მხრივ, კაცს ეჭვი გაუჩნდება, რომ ამგვარი „ერთიანობა“ ანტიდემოკრატიული ქმედების შესალამაზებლად იქნება გამოყენებული. რამდენად შეიძლება, იმ ოპოზიციის იმედი გვქონდეს, რომელიც აქამდე უუნარო აღმოჩნდა?
საბოლოო ჯამში, გიულენისტების წინააღმდეგ მთავრობის ქმედების კრიტიკა სარისკოა, რადგან ამით იმ საზარელი ორგანიზაციის წისქვილზე დავასხამთ წყალს, გაჩუმება კი მთავრობის არასწორი ქმედების კანონიერად აღიარების ტოლფასია. ამრიგად, ამჟამინდელი გამოწვევა ოქროს შუალედის პოვნაა.
http://www.hurriyetdailynews.com/secular-t...1&NewsCatID=412