თუ როგორ მთავრდება ძალადობა სილამაზეზე,სიყვარულზე ,
გავიხსენოთ მარიტას ისტორიის მაგალითზე-
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/sask...ta_leonidze.htm...იმ საშინელი დღის შემდეგ გაუკაცრავებული, დამცრობილი მარიტა აღარავის სჩვენებია!
მარიტა მოკვდა სოფლისთვის!
თითქოს სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა…
ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა…
ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც… ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული…
გულგაგმირული გედია გადაიხვეწა ყაზახში, თათრებში, და იქვე მოეღო ბოლო უსაშველო დარდით, თავზე ხელაღებული ვიღაცას შემოჰკვდომია.
სოფელმა იგრძნო თავის ნამხეცარი, ნაპირუტყვალი! აწყენინა თავის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლულოდ პატიოსან ადამიანს!
მარიტა ზეზეურად დადნა და სულო მალე უთქმელი სევდით გადავიდა თეთერის ქვეყანაში!
გაიგო რა მისი ცოდვის მზიდველმა სოფელმა მარიტას სიკვდილი, საშინლად იტკივილა! მთელი სოფელი მოჯარდა მარიტას ეზოში.
მარიტას უხრწნელი სილამაზე --მთვარის საშუბლე, პიტალო ვეწრცხლური სახე, დამარმარებული ყელი, -- სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა!
გაუკაცრავებული - შეურაცხყოფილი.
სოფელმა ზღვიერის ცრემლით დაიტირა თავისი მზეჯავარა. კუბოსთან ყველა წყაროსავით იღვრებოდა.
მხოლოდ გულჯავრიანი ციციკორე ამაყი და გაძაგრული იდგა. ჩაღრუბლული, მძიმე ფიქრებში შესული, განა შემნანე, ხან ყავარჯენს დაებჯინებოდა, თითქოს სასტიკი მზერით ამოწმებდა, მართლა მოკვდა თუ არაო? საოცარი იყო, ციციკორე მარიტას სიცოცხლის ხელყოფელი, სოფლის ამტირებელი, სულაც არ იტანჯებოდა, მას მართალი ეგონა თავი! მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა! მხოლოდ ნორჩი, „გაუხარელი“ ქალი ენანებოდა, როგორც ადამიანს და თვითვე: უკვირდა თავისი ძალა და გავლენა:
--სად დავკარი და სად გავარდაო!
„გამაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნაღველითა“ ვხოვრებამ… ბედმა…--შეეძლო გაემეორებინა მარიტას.
გლოვის კვამლით სოფელი გაშავდა..
სოფელს თავისი თამარ დედოფალი მოუკვდა… ხეებიც კი სტიროდნენ…
სამარის პირად, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, იმ წამს, კუბოსთან მიჯრილმა მარიტას შეურაცხმყოფელმა ხალხმა, ახლა შეშინებულმა, უეცრივ უკან დაიხია, თითქოს ამაზე სხვა რამ უფრო საზარი დაინახა, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს და გათქერეს… რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს. ვერავინ… ვერავინ…
თვით უშიშარმა დოლენჯიმ ბიჯიც ვერ წადგა, რომ მისაყრელი მიწა პეშვით აეღო გასაყრელად.
იდგა ხალხი და გულამომჯდარი ქვითინებდა.
ბოლოს, ისეევ ციციკორემ გამოიყვანა ხალხი ბურანიდან.
ისიც ფეხის ბორძიკით მივიდა კუბოსთან, დაიღუნა, აიღო ერთი მუჭა მიწა და კუბოს მიაყარა…
უცბად ასწვდა ნიჩაბს და წავიდა მიწა ხრიალ-ხრიალით.
ეშველა ხალხს. გულს ეფონა… თორემ ცრემლი დაახრჩობდა!
კლდეთა ამონაყარ მიწაში ჩასვენდა მარიტა.
მიწას არ შერცხვა, მაგრამ ბალახი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით.
უცბათ მზე გაჩაღდა, აბრიალდა, თითქოს მისი ნაწილი მარიტა მასვე შეუერთდაო.
მარიტას სიკვდილმა, როგორც ხალხი იტყოდა, -მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა…
ხალხური ლექსი იტყოდა:მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!
იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო!
საიქიოში ოქროს სკამიმიართვესო,დაღლილსაო.
ღვთისმშობელს ეთქვა თურმე:ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილი ხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!
იესო ქრისტემ კი ხელმანდილი გამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…
მთელი წელიწადი უწვიმარი იყო… ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა!
დაშრა ჭური და საწნახელი!
ამ უბედურებას მარიტას უსამართლო სიკვდილს აბრალებდნენ, რომ სოფელმა უბრალოდ გასწირა მარიტა!
მახსოვს; დიდხანს იყო ამაზე მითქმა -მოთქმა, საუბარი. მერე ვიღას გვეცალა?!
მარიტა უკვე წაფერფლა ცივმა დრომ და გრილმა მიწამ!
ვიღას ახსოვს?
მხოლოდ შემსწრენი და მახსოვარნი დაუჯერებელ ზღაპარ-ამბავით გავიხსენებთ ხოლმე მარიტას სახისა და გულის სილამაზეს, ისიც ჩვენს შორის!…
. . . . . . . . .
ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.
ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულიყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლის ნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.
იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და გათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.
ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა“.
აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.
მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.
ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!
ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
ვინ იცის?!
* * *
წინა პოსტში ცირცე ვახსენე...
ეს ბნელი ვინ არის?!
(post #48455243)ეს,ჩვენი ცირცეა.