ვიზალიბერალიზაცია: მოლოდინები და ჰაერში ჩამოკიდებული ვადები…საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადება გავრცელდა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში, კერძოდ იმაზე, თუ როდის დაწესდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში. ჯანელიძის განცხადებით, არ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის თარიღთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებზე საუბარი, რადგანაც არავინ იცის რა დრო დასჭირდება სხვადასხვა პროცედურების გავლას.
დღევანდელი გადასახედიდან სავსებით ლოგიკური განცხადებაა, თუმცა ურიგო არ იქნება, აქვე, გავიხსენოთ იმედისმომცემი მოლოდინები, ცალკეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური დაპირებები:
“ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს, ჩვენს მოქალაქეებს, შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ“ – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 22 მაისი 2015 წელი;
“2015 წლის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2016 წლის დასაწყისში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ” – საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი). 23 დეკემბერი 2014 წელი;
“ყველაფერი კარგად იქნება და წელს საქართველოს ექნება უვიზო რეჟიმი. მე ვნახე რამდენიმე ინფორმაცია კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით და ეს არის ტყუილი. არავითარი რიცხვები არ არსებობს, ამიტომ ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი. 2 მაისი 2016 წელი;
“საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან შეძლებენ” – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი. 1 აპრილი, 2014 წელი;
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად წავა და ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ 22 ქვეყანაში, რომ უვიზოდ იმგზავრონ” -საქართველოს პარლამენტის წევრი (უმრავლესობის წევრი), ელისო ჩაფიძე. 10 მარტი 2016 წელი;
“ჩვენი დაბადების მოწმობები და პასპორტები არის ის დოკუმენტები, რომლითაც ჩვენ გვეძლევა უფლება, სულ რამდენიმე თვეში, ვიმოგზაუროთ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში” – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. 19 დეკემბერი 2015 წელი.
მოლოდინები და ჰაერში ჩამოკიდებული ვადები…