პოლიტიკის დედაც ვატირე, "პარუირებზედ" გეტყვით...
პარუირ სევაკი უდიდესი პოეტია, არა მარტო მე-20 საუკუნის, არამედ ყველა დროის უდიდესი პოეტი!...
საკაცობრიო გენიოსი!
მე თუ მკითხავ, მისი სახელი რუსთაველის, ნიზამის, ელიოტის, რემბოს, ბროდსკისა და სხვა ამდაგვარების გვერდით უნდა მოიხსენიებოდეს
(მასაც ისევე როგორც ჩვენს გალაკტიონს "არ გაუმართლა", ისეთ ენებზე წერდნენ, რომ ორიგინალში სულ 2-3 მილიონ კაცს რომ შეეძლო წაკითხვა)...
სხვათა შორის, "ქართველოთუმე" იყო გამოუსწორებელი, მეუღლეც ქართველი ჰყავდა, მენაღარიშვილის ქალი, რომელთან ერთადაც დაიღუპა კიდეც ტრაღიკულად 47 წლის ასაკში...
ვილაპარაკოთ "პარუირებზე", ვილაპარაკოთ, მოვიხიბლოთ, აღვფრთოვანდეთ, ურთიერთგაგება და მეგობრობა განვამტკიცოთ, განა ეს არ სჯობს შუღლსა და ქიშპს?!
ნათარგმნი პოეზია დიდივერაფერიშვილია ხშირად, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს შესანიშნავი თბილისელი პოეტისა და დიდებული ადამიანის გივი შაჰნაზარისეული თარგნები და აგე, ერთ ნიმუშსაც მოვიტან:
"შემოდგომური ვალსი"
პირი შეუკრავთ ერთმანეთთან
გულმავიწყ წვიმას
და მხდალ ქარს ისე, – ქვეყნის სურვილს არც დაუდევენ
და შესდგომიან საქმეს –
გვალპობს…
მოწყენილობა!
ფოთლები ისევ შეთქმულები არიან ახლაც
და უკვე ხეთა, ხეთა მწვანე საწარმოები
აღარ უშვებენ… აღარც ჟანგბადს,
არც ყვითელ შრიალს,
დასწყევლის ღმერთი!..
ყოველ ჩვენგანში – დაფლეთილი მოწყენილობა
ოცნებობს მხოლოდ მეძველმანის გამოჩენაზე;
ნეტავ, მავანის ხრინწიან ხმას ჩვენი ფანჯარა
შემოეგლიჯა და ოთახში შემოსულიყო –
“მოწყენილობას, ვიძენ ძველმან… მოწყენილობას!”
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ მარტოსული
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ ნაღვლიანი –
დაქანცულები ყველაფრისგან, ყოველივესგან –
მიხრა-მოხრაა,
ფიქრია თუ წეს-ჩვეულება!..
ჰაერს ადედებს ჯანღი,
ნისლით ზეცა დაბლდება,
რომ გააწვრილოს მოთმინების ძაფი და როცა
თითისტარიდან… მაღლა ავა… გაწყდეს წივილით.
და ახლა ყველა ცუდ რამეებს თუღა ვიხსენებთ,
ყველა ჩვენგანი პესიმისტად გადაქცეულა,
შეგვზიზღებია ყოველივე, –
ჩვენი თავიც კი!
და ჩვენს ჩახაშმულ სიფათიდან ქირქილი წვეთავს,
როგორც ყოველ ხეს კანტიკუნტი ფოთოლი სცვივა,
ვით ღარს საწვიმარს წვირიანი სდის წვიმის წყალი,
ლავგარდანს – მღვრიე წვეთები და სულს… ჩაჟანგული
მოწყენილობა!
წვეთავს!.. წვეთავს!..
დასწყევლის ღმერთი!
ეს გულმავიწყი წვიმა და ეს მშიშარა ქარი,
თხელი ნაღველი და მსუქანი… მოწყენილობა,
ეს – რაღაც ცუდი და ამ ცუდზე სხვა უკეთური
დაწყვილებულან
და ცეკვავენ, ცეკვავენ ახლა
ქუჩაში,
სახლში
და ჩვენს ვიწრო, ვიწრო ოთახში!
ცეკვავს ამავე ძველ და ახალ ვალსს დედამიწაც
და წელიწადის ოთხივე დროც იგივეს ცეკვავს,
იგივეს ცეკვავს თვით ცხოვრებაც,
აზრიც იგივეს!
ეს რა სიგიჟე დატრიალდა, –
დასწყევლის ღმერთი!..
და რაღა რჩება, რომ ვაკეთოთ?!. (მოწყენილობის
მყიდველი არ ჩანს,
ყველა ჩვენგანს გაყიდვა უნდა!)
მოდი, მეწყვილედ ავირჩიოთ…
მოწყენილობა!
და ჩვენც ვიცეკვოთ,
ჩვენც ვიცეკვოთ –
როგორც გიჟებმა –
გამგიჟებელი ეს ძველი და ახალი ვალსი! –
დავიწროებულ და მწუხარე ჩვენსავე სულში! –
და რაც მოხდება, დაე მოხდეს –
დასწყევლის ღმერთი!..
მიმაგრებული სურათი