Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#48795740 · 13 Sep 2016, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საფრანგეთი ქართული ცის "გადახურვას" იწყებს
"მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი - ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები საქართველოს მიერ საფრანგეთისგან საჰაერო უსაფრთხოების სისტემების შეძენას და დასძენენ, რომ მათი მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ცა ბევრად უფრო დაცული იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება არც სისტემების ტიპი, არც რაოდენობა და არც მათი საქართველოში ჩამოტანის თარიღი, სპეციალისტებს უჭირთ, საკითხზე ზუსტი შეფასებები გააკეთონ და იძულებულნი არიან, ქართულ-ფრანგულ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ. განცხადება იმაზე, რომ სისტემები საქართველოში მალე იქნება, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა. აქვე დასძინა, რომ საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერიც ეყოლება. მან შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დეტალებიც განმარტა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით საფრანგეთი ქართული ცის "გადახურვას" იწყებს/ MIჩA VL საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი საქართველოს დასაცავად.
"როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია და თანამშრომლობა ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდება. "ცისა და საჰაერო დაცვა ქვეყნის სუვერენობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. როცა საუბარი ეხება დახმარებას, გეტყვით, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს არსებითი პაკეტი, რაც ნიშნავს საჰაერო უსაფრთხოების სისტემების ადაპტირებას საქართველოსთვის. ამ საკითხში, საფრანგეთის როლი არის თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვის საკითხებში", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა. მინისტრის თქმით, საფრანგეთი მალე შესთავაზებს საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველომ თავისი საჰაერო სუვერენობისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონა შეძლოს. მისივე განმარტებით, საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება, რომ ამ ყველაფერს თვალყური ადევნოს. მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ფრანგულ მხარესთან ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო და თინა ხიდაშელის მინისტრობისასაც გაგრძელდა. შედეგად, ხელშეკრულება დაიდო ცნობილ ფრანგულ კომპანიებთან, რომლებიც ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას ეხებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მათი მიზანი საქართველოს საჰარეო სივრცის გაკონტროლებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულად რის შესყიდვაზეა საუბარი, ჯერ ოფიციალურად არ თქმულა, თუმცა, ქართულ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალადაშვილი აცხადებს, რომ მობილური რადიოლოკაციური სადგურები იგულისხმება, რომლებიც სატვირთო ავტომობილზეა დამონტაჟებული და ასევე მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე. ამბობს, რომ კულუარული ინფორმაციით, ეს კომპლექსი MIჩA VL მოდიფიკაციის საზენიტო სარაკეტო კომპლექსს იგულისხმებს. მისივე თქმით, ჯერ არც რაოდენობა ხმაურდება, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს არ იქნება იმ რაოდენობის, რამდენიც საქართველოს უნდა და სჭირდება. ამბობს, რომ ყველაფერი უდიდეს ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი გაღებაც ჩვენს ბიუჯეტს არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, სპეცალისტის აზრით, კარგია, რომ იწყება პროცესი, რასაც თანამედროვე, დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანა და ქართული ცის დაცვა ჰქვია. როგორც ალადაშვილი განმარტავს, ეს სისტემები არსად დამინტაჟდება და მათი უპირატესობაც სწორედ ამაშია. "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის მართვადი რაკეტები შეიარაღებაში უკვე შემოდის. ეს იმას ნიშნვს, რომ მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავი აფიქსირებს, თუ რომელი ლოკატორი ასხივებს მას და მისი მიმართულებით მართვად რაკეტას უშვებს", - წერს სტატიის ავტორი.
"სამწუხაროდ, ჩვენ წინააღმდეგ ეს უკვე ორჯერ იქნა გამოყენებული. პირველად 2007 წელს, როცა ამ კლასის საბჭოთა წარმოების რაკეტა წითელუბანთან ჩამოვარდა. მაშინ ქართველმა მეზენიტეებმა ამ რადიოლოკატორის გამორთვა მოასწრეს, რაკეტამ სამიზნე დაკარგა და ჩამოვარდა. მეორედ კი უშუალოდ ომის დროს - 2008 წლის აგვისტოში თბილისის ზღვის თავზე მართვადი რაკეტის გამოყენებით რადიოლოკატორის აფეთქება მოახერხეს. ორივე შემთხვევაში საუბარი ისეთ რადიოლოკაციის სადგურებზე იყო, რომლებიც ძირითადად ადგილზეა დამონტაჟებული და მისი დემონტაჟი და გადატანა საკმაოდ რთულია. ახლა კი, რასაც შევიძენთ, მობილურია - რადიოლოკატორი და საზენიტო კომპლექსი სატვირთო მანქანის ძარაზეა დამონტაჟებული და მათ დისლოკაციის ადგილის შეცვლა ძალიან სწრაფად შეუძლიათ. ისე რომ, მოწინააღმდეგეს მათი აღმოჩენა და მით უმეტეს დაზიანება ძალიან გაუჭირდეს", - ამბობს ალადაშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რას გააკეთებს საქართველოში ფრანგი საჰაერო არმიის ოფიცერი და ვინ იქნება იგი, სპეციალისტი ამბობს, რომ შეიძლება საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელი იყოს, რომელიც ერთგვარ კურირებას გაუწევს თუ როგორ გამოიყენებენ ფრანგული მხარის მიერ მომზადებული ქართველი მეზენიტეები და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები იმ თანამედროვე საშუალებებს, რომელიც უკვე ნაყიდია და რომლის ჩამოტანაც საფრანგეთიდან საქართველოში უახლოეს პერიოდში იგეგმება", - განაგრძობს გამოცემა.
"რეზონანსი" შეეცადა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოეძიებინა MIჩA VL მოდიფიკაციის საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე. მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ მისი ტექნიკური მახასიათებლებია სროლის მანძილი 10 ან 20 კმ; სროლის მაქსიმალური სიმაღლე - 9 კმ. "მიკას" თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული, ხოლო ერთ ბატარეაში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის, ანუ თითქმის ერთდროულად 16 საზენიტო რაკეტის გაშვება იქნება შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ობიექტებს კარგად დაიცავს და ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებაც შეუძლია, თუმცა მცირე დაფარვა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ პატარა ნაწილს გააკონტროლებს. საკითხთან დაკავშირებული დეტალების ამ დრომდე გასაიდუმლოებას პარადოქსს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ამბობს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია. მისი თქმით, ირაკლი ალასანიას დროს სხვა სისტემაზე იყო საუბარი, ხიდაშელის დროს - სხვაზე და საბოლოოდ არავინ იცის, თუ რომელი ვიყიდეთ", - განაგრძობს ავტორი.
"თითქოს ორი პროდასავლური მინისტრი გვყავდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მაინც საბჭოთა მენტალიტეტია. სადაც "კაბელების საქმეს" გრიფით საიდუმლო დაედო, აღარ მიკვირს, რომ ეს ამბავიც ასე გასაიდუმლოებულია. ისიც კი არაა ცნობილი, თუ როდის იქნება სისტემები საქართველოში. სხვათა შორის, ფრანგული მხარისგან უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება აღნიშნულ საკითხზე, ვიდრე ქართულისაგან. როგორც ჩანს, ქართული მხარე რუსეთისაგან ცდილობს ამის დამალვას, მაგრამ ამის მცდელობა სირაქლემას პოზაში ჩადგომას ნიშნავს", - ამბობს მაისაია. კითხვაზე - თუ რამდენად დაეხმარება სისტემები ქართულ შეიარაღებას და რამდენად დაცული იქნება ამით საქართველოს ცა, მაისაია ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო და მათმა არარსებობამ ქვეყანა მოკლე ვადაში რუსეთთან დამარცხებამდე მიიყვანა. ასე რომ, მისი აზრით, სიახლე უდავოდ მნიშვნელოვანი და დადებითია", - დასძენს გამოცემა.
|