ბელა ალანია: რა უფლებით უნდა შემომივარდეს ვინმე სახლში, რატომ ბედავენ ამდენს?!რამდენიმე დღის წინ, ბაზალეთში, შალვა ნათელაშვილის სახლთან მისულ შალვა რამიშვილს და რამდენიმე ოპერატორს ადგილობრივებთან ინციდენტი მოუხდათ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მეუღლის, ბელა ალანიას თქმით, რამიშვილი მათ დაკეტილ სახლში შეიჭრა და კონფლიქტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და როგორც ითქვა, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმავე დღეს რამიშვილმა ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ნათელაშვილის მეუღლემ, პოლიციასთან მას სილის გარტყმა დააბრალა.
რა მოხდა სინამდვილეში? „ფოსტალიონი“ ბელა ალანიას დაუკავშირდა და სიტუაციის გარკვევა მასთან სცადა.
ბელა ალანია:
_ იმ დღეს სახლის კარი გასაღებით დავკეტე, ეზოს ჭიშკარს კი ალუმინის მავთული გადავახვიე და წავედი ბაღში, რომელიც არის ჩვენი სახლიდან 50 მეტრში. ორი სტუმარი ქალბატონი მყავდა და ერთად ხილის დაკრეფვას ვაპირებდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ სახლში კამერებით შეიარაღებული უცნობი ადამიანები შეიჭრნენ და რაღაცას იღებდნენ. დაკრეფილი ხილი იქვე დავტოვეთ და გამოვიქეცით. სახლში რომ მოვედი ჭიშკარი ღია დამხვდა, შენობის კარი კი ნაწვალები და მორყეული იყო. სახლიდან მოშორებით დავინახეთ რამიშვილი, ორ ოპერატორთან ერთად, რომელთაც ხელში კამერები ეჭირათ. მათ გარს ეხვივნენ სოფლის მოხუცებული ქალბატონები, რომლებიც რამიშვილს ეკამათებოდნენ. თავდაპირველად ამ სიტუაციაში ჩართვას მოვერიდე და კარგა ხანს არ გავსულვარ მათთან, მაგრამ იქ მყოფი რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მითხრა, რამიშვილი ცინიკურად გვექცევა, დაგვცინის, გვიწვევს და უნდა კონფლიქტში ჩაგვითრიოსო. ჩემთან იყო მეზობლის გოგონა და მას ვთხოვე ყავა მოეხარშა, ვაპირებდი შალვა რამიშვილი თავის ოპერატორებთან ერთად სახლში შემომეპატიჟებინა. როგორც ამიხსნეს, მათთან ერთად იყო კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მანქანიდან არ გადმოდიოდა. პოლიცია უკვე გამოძახებული იყო და მათი ავტომანქანებიც იქვე იდგნენ.
ბაღში ნამყოფს ტანსაცმელიც არ გამომიცვლია ისე გავედი მათთან. ერთ-ერთ ოპერატორს ვუთხარი, როგორ არ გრცხვენიათ, წინასწარ დაგერეკათ, ფეისბუქზე მაინც მოგეწერათ, ერთადერთი პოლიტიკოსის ცოლი ვარ, რომელიც ყველას პასუხობს და ყველა შეტყობინებას კითხულობს, შევთანხმებულიყავით და ისე მოსულიყავით. როგორ შეიძლება კერძო საკუთრებაში ასე შეჭრა, ვინ გადაგიხადათ, რა ხდება, ასე როგორ შეიძლება მეთქი. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, ამ ბიჭმა ჩემი მისამართით ყვირილი დაიწყო. იმდენად არაადექვატური იყო მისი ეს საქციელი, ვიფიქრე, რომ კამერაში დასაფიქსირებლად აკეთებდა ამას, რათა ისე გამოეყვანა, თითქოს აქეთ ერჩოდნენ მათ.
_ კამერები ჩართული ჰქონდათ და ამ საუბარსაც იღებდნენ?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ხან იღებდნენ, ხან კი თიშავდნენ კამერებს. მერე მოსახლეობამ გვითხრა, მგონი, თქვენს სახლი შემოჭრის დროს კამერები მანქანაში ჰქონდათ დატოვებული, როდესაც ნახეს, რომ სახლში არავინ იყო, მერე დაბრუნდნენ კამერების ასაღებად, მაგრამ უკვე ჩვენც მოვედითო.
_ რამიშვილიმა თქვა, რომ თქვენ მას დააბრალეთ ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციაში უჩივლეთ. ეს სიმართლეა?
_ მე ვიდექი ერთ-ერთი ოპერატორის უკან. უცებ რომელიღაც წინ მდგომი უხეშად მოტრიალდა და ხელი გაიქნია, რომელიც სახეზე, ყბასთან ახლოს მომხვდა. საერთოდაც მომეჩვენა, რომ ეს ახალგაზრდა ან ნასვამი იყო, ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ამას ხომ არ ვიტყოდი ხმამაღლა პოლიციასთან?! ისეთი ნაზი კანი მაქვს, ხელი მაგრად რომ ჩამომართვას ადამიანმა, ისიც მეტყობა. სახის ამ ადგილზე უცებ ჩამექცა სისხლი. გვერდით მდგომმა ქალბატონმა მითხრა, ვაიმე ბელა, რატომ გაქვს ასე სახეო? მოვტრიალდი და რამიშვილს ვითხარი, ამ ყველაფერისთვის შენ პასუხს აუცილებლად აგებ მეთქი და წამოვედი სახლის მიმართულებით. ამ დროს კარებში შემომეფეთა ნათია, ყავის ჭიქებით სავსე ლანგარი ეკავა ხელში. მიუხედავად ყველაფერისა, ვუთხარი, გაუტანე ეს ყავა ჩვენგან მეთქი. როგორც კი დაინახეს, რომ ყავაზე ვეპატიჟებოდით და ოჯახში ვიწვევდით, გაბრუნდნენ და წავიდნენ, რადგან რამიშვილს ნორმალურ ინტერვიუსა და საუბარზე გათვლა არ ჰქონია, მას პროვოკაციის მოწყობა და შემდეგ ამის გადაღება სურდა.
მე მესმის, რომ ეს ადამიანი არის შოუმენი და მძაფრ სიუჟეტებს დაეძებს, თავადაც ქმნის მათ, მაგრამ ისე ცინიკურად იქცეოდა და აღიზიანებდა ხალხს, რომ შემდეგ მათი დაწყნარება მე მიხდებოდა. ვთხოვდი, გეხვეწებით, ნუ აყვებით პროვოკაციას მეთქი. ერთადერთი კითხვა მქონდა, რა უფლებით შემოიჭრა უნებართვოდ პირად საკუთრებაში? ჩვენ მას ასევე ვკითხეთ, ვისი სახელით ახდენდა გადაღებას? მათ არ გააჩნდათ არანაირი საბუთი, ბეიჯი ან ამოსაცნობი ლოგო ვიდეო კამერებზე. ამბობდა, მე ვარ ფიზიკური პირი შალვა რამიშვილიო. რატომ უნდა ვენდო ფიზიკურ პირებს და შემოვუშვა სახლში, მით უფრო მაშინ, როდესაც მამაკაცები არ იყვნენ და მხოლოდ ქალები ვიყავით შინ?
პოლიციამაც დააფიქსირა, რომ სახლში არ გვაქვს სიგნალიზაცია და ვიდეო კამერები, რომლებსასაც ამჯერად აუცილებლად დავამობტაჟებთ. ვერ ვხვდები, რა უფლებით უნდა შემომივარდეს ვინმე სახლში, რატომ ბედავენ ამდენს, რატომ აქვთ ასეთი დიდი გული და ვისგან არიან ეს ადამიანები წახალისებულ-გაქეზებულები? ლამის ყოველ მესამე დღეს, ნაირნაირი გასტროლიორი გვივარდება სახლში და ბრიფინგს ატარებს. რატომ გახდა ჩვენი სოფლის სახლის თემა ასეთი პოპულარული, როდესაც მილიარდერების ხელისუფლება გვყავს და ოფშორულ ზონებშია გატანილი მილიარდები? ხალხს მართლა სასახლეები აქვს აშენებული და რა გახდა 1995 წელს გაკეთებული სახლი?! მაშინ მთელი პარლამენტი იყო იქ მოსული და ყველამ კარგად იცის, რომ ეს სახლ-კარი გვქონდა. ამხელა პერიოდის შემდეგ, ნუთუ არ გვაქვს უფლება, რომ თუნუქის დახვრეტილი სახურავი მაინც გამოგვეცვალა მამაპაპისეულ ფუძეზე?! გახსენდებათ შემთხვევა, რომ დაგერეკოთ, გეთხოვოთ ინტერვიუ და უარი მიგეღოთ ჩვენგან? თქვენ ხომ იყავით და გადაიღეთ მთელი ჩვენი სახლი, შიგნიდანაც და გარედანაც. გაგიგიათ, სადმე, რომელიმე ქვეყანაში ასე ექცეოდნენ ოპოზიციას, ასე აწიოკებდნენ? 2007 წელს სპეცრაზმი მომივარდა ამ სახლში და მას მერე რიგრიგობით დადიან გასტროლიორები.
რამიშვილი წავიდა და სტატუსი დაწერა, თურმე, სოფლელები შეიარაღებულები მოცვივდნენ ცელებითა და ფიწლებით და ასე დახვდნენ. რატომ აყენებს შეურაცხყოფას სოფლის მოსახლეობას, სად ნახა აგრესიული გლეხები ბაზალეთში? ხალხი ითმენს შიმშილს, სიცივეს, უმუშევრობას… დაიღალნენ თითქოს თავისუფალი, მაგრამ ხელისუფლებასთან შეკრული ვითომ ჟურნალისტებით და ვითომ ობიექტური გადაცემების ყურებით. ამ ხალხს ახსოვს, როგორ აშენდა ჩვენი სახლი. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთი აგური არ ჰქონდეს დადებული მისი მშენებლობის დროს. ამ სახლში მოესვლება სოფლის ყველა მაცხოვრებელს, რადგან ის ამ ხალხის შემოქმედებაა, სახურავიც კი უფასოდ გადაგვიხურეს, რადგან ორჯერ ავიღეთ ბანკის კრედიტი. ამოიღონ დოკუკმენტები და ნახავენ, რომ სიმართლეს ვამბობ.
_ სასწრაფო რატომ გამოიძახეს?
_ პოლიციამ, რომელიც ხალხმა გამოიძახა, თავად ნახა შემონგრეული ჭიშკარი და სახლის ნაწვალები კარები. ისიც დაინახეს სახე დალურჯებული რომ მქონდა და ცხადია, ისინი ვალდებულები იყვნენ, სასწრაფო გამოეძახებინათ. არ მითქვამს, რომ ეს სისხლჩაქცევა რამიშვილისგან მივიღე, მაგრამ იმ სიტუაციის შედეგი იყო, რაც მან მოაწყო.
_ შალვა რამიშვილმა იმ დღესვე, სოციალური ქსელით რამაზ ნათელაშვილზე გაავრცელა სიუჟეტი. როგორც ვიცი, ესეც არ არის სინამდვილე. გვითხარით, მართლა მღვდელია ეს ადამიანი?
_ რამაზი არის ამ სოფლის მკვიდრი, უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც თავისი შრომით ირჩენს თავს. ამ ამბის მერე მითხრა, ბედნიერი ვარ, რომ ასე არასდროს დავცემულვარ. ფულის გამო ნებისმიერ საქციელზე დათანხმებას, მირჩევნია, ხახვი დავთესო და ის ვაჭამო ჩემს შვილებს, ბინძური ფულით ნაყიდი ხიზილალის ნაცვლადო. ის საოცარი იუმორის ნიჭით არის დაჯილდოვებული. რამიშვილი მას დასცინოდა, რამაზმა კი ეს დაცინვა ხუმრობაში გადაუტანა და თავადაც აყვა. რამაზმა ჰკითხა, ვინ გამოგგზავნა შალვა ნათელაშვილის ოჯახშიო, რაზეც რამიშვილმა უპასუხა: – მე ბარაკ ობამამ გამომგზავნა, მაგრამ შენ თვითონ ვინ ხარო. ამაზე რამაზი ეხუმრა, _ მე მღვდელი ვარ, ის მღვდელი, შენისთანებს წირვა რომ უნდა გამოვუყვანოსო. ახლა კი მთელი აპარატურა რამიშილის ხელშია, დაამონტაჟებენ და რასაც უნდა იმას გამოაქვეყნებენ. მათი მოგონილია ფოტოშოპი, კარდების მიჭრა-მოჭრა, შეერთება და დამონტაჟება. მაგრამ იმას მაინც ვერავის დააჯერებს, რომ მე ვინმეს მიმართ აგრესიული ვარ, ან ვინმე გამილანძღავს. იმისათვის, რომ მდგომარეობიდან როგორმე გამოვეყვანე, რაც დავალებული ჰქონდა, 17 წლის ბავშვმა ყვირილი დამიწყო. ვუყურებდი მას და გული მეთუთქებოდა, როგორ გვიღუპავენ ახალგაზრდებს, როგორ აჩვევენ ფულის გამო მათ ასეთ საქმეებს. ფაქტი ერთია, ოჯახში შემომეჭრნენ უცნობი ადამიანები და არ ვიცი, მოსასმენები დამიყენეს, თუ რა გააკეთეს, რადგან რამიშვილი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელია და არა ჟურნალისტი. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ შეანგრია ბიძინა ივანიშვილის ღობე და არ შეიჭრა მის სახლში? მისცემს ეს მილიარდერი ვინმეს მასთან ასე მოქცევის უფლებას?
ერთხელ მისი სახლისგან მოშორებით იპოთეკარების აქცია ჩატარდა და სასწრაფოდ 200 პოლიციის ავტომანქანა მივარდა იქ. ჩვენთან კი ამას წინათაც მოვარდა კიდევ ერთი „დელეგაცია“. ჩემი ქალიშვილი სახლში მარტო იყო და საშინლად შეშინებული დაგვხვდა. ყველაფერი ჩვენთან უნდა გაუვიდეთ?!… ასე შეიძლება ცხოვრობდეს პოლიტიკოსის ოჯახი?! შალვა ნათელაშვილს ამას რომ უბედავენ, წარმოიდგინეთ რა დღეში აგდებენ უბრალო ადამიანებს.
_ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა?
_ რა თქმა უნდა აღძრა. რადგან შეტყობინება სოფლიდან იყო მისული, გადაამოწმონ, ვინ დარეკა პოლიციაში. ხალხი დაიღალა ამდენი ავანტურისტებით. როდესაც მოსახლეობამ წაიკითხა, რომ შალვა რამიშვილი ცულებითა და ფიწლებით შეიარაღებას სდებდა მათ ბრალად, გაგიჟდნენ და შუაღამეს მოვიდნენ ჩვენთან, ეს რა გვაკადრაო? რა სინდისით უნდა შეხედოს რამიშვილმა ამ ხალხს თვალებში? მათთვის მაინც ეკითხა, როგორ აშენებდა ნათელაშვილი ამ სახლს, რამდენი შრომა აქვს ჩადებული შიგნით და მოუყვებოდნენ ყველაფერს დაწვრილებით. სად იყო სააკაშვილი ან ივანიშვილი, ეს სახლი აქ რომ იდგა? კოშკი ადგას სახლსო, გაიძახიან _ ეს არ არის კოშკი, იქ არის მოწყობილი პატარა სამლოცველო, სადაც ოჯახის წევრები და სტუმრები ვლოცულობთ, ნუთუ ეს არის საოცარი და გასაკვირი…
ჩემთვის ხალხის სიყვარული და ნდობაა ყველაზე დიდი რამ, რაც მაბადია. კარდაკარ დავდივარ და ვერ წარმოიდგენთ რახელა სიყვარულსა და სითბოს ვიღებ ხალხისგან. ეტყობა, ეს ყველაფერი მავანს ძალიან აღიზიანებს და ცდილობს, ასე ავანტირუსტულად გაგვიკეთოს შავი პიარი.
http://www.postalioni.com/2016/09/qqq%E1%8...83%A3%E1%83%9C/სახლში შეუვარდა რამიშვილი თურმე.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo